ვისი ჩვენება სურს ნიკა ქავთარაძეს "ტროლების ქარხნის დირექტორის" როლით? - გზაპრესი

ვისი ჩვენება სურს ნიკა ქავთარაძეს "ტროლების ქარხნის დირექტორის" როლით?

ალბათ ამიტომაც, ნიკა ქავთარაძის ახალი ამპლუა ტელემაყურებლებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ: იუმორისტი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ სეზონში ტროლების ქარხნის დირექტორის როლით გამოჩნდა...

- ირაკლი საღინაძემ, რომელიც სერიალის პროდიუსერი და ჩემი მეგობარია, მომწერა, - "სატესტო" გმირზე ვფიქრობთ და გვინდა, მონაწილეობა მიიღოო. რა თქმა უნდა, გამიხარდა, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შემოთავაზება რომ მივიღე. კასტინგი ეკა მჟავანაძესთან გავიარე. შემდეგ პროდიუსერმა, მენეჯერმა ნახეს. ყველას მოეწონა და როლზე ამიყვანეს. ეს გზა გავიარე სერიალში მოხვედრამდე. დანარჩენს რაც შეეხება, პროდიუსერებს და უფრო მეტად, ალბათ, ქეთის (სცენარისტს) ჩემი გმირი უკვე წარმოდგენილი ჰყავდათ. რამდენიმე სერია უკვე დაწერილი იყო. ჩემი პერსონაჟის შექმნაში გიორგი ლიფონავა აქტიურად მონაწილეობდა - ძალიან მეხმარებოდა, რომ გმირი ისეთი გამოსულიყო, როგორიც არის. ახლა ამ პროცესში უკვე სხვა რეჟისორი - პაატა მეიშვილია ჩართული.

- როგორ ფიქრობთ, ტროლების ქარხნის დირექტორის როლისთვის სწორედ თქვენ რატომ შეგარჩიეს?

- ვფიქრობ, ისეთ ადამიანს ეძებდნენ, რომელიც თვითონ წარმოიდგენს იმ საფრთხეს, რაც ტროლებია ქვეყნისთვის. ეტყობა, ასეთი ტიპი უნდოდათ. რეალურ ცხოვრებაში, ტროლების მეც მეშინია. ალბათ, სიტუაცია ისე წარმომიდგენია, როგორიც სერიალშია, მაგრამ მაინც რეჟისორის, სცენარისტის დამსახურებაა, რომ ასეთ პერსონაჟს "მაკეთებინებენ". ვცდილობ, ჩემი როლი სათანადოდ შევასრულო, რაც საკმაოდ რთულია. თავისთავად, ამ პროცესს ნერვიულობა ახლავს, მაგრამ იმავდროულად, წარმოუდგენლად სასიამოვნოა.

- ბევრი დუბლის გადაღება გჭირდებათ?

- კი, არის სცენები, როცა ბევრი დუბლია საჭირო, უამრავი მიზეზით, მათ შორის - ჩემი მიზეზითაც. ამიტომ არის შანსი, რომ საბოლოოდ, ეპიზოდი კარგი გამოვიდეს - რეჟისორმა და თავისთავად, მემონტაჟემ საუკეთესო ვერსია აარჩიონ. 1-2 დუბლში ამის გაკეთება წარმოუდგენელია.

- რეალურად, როგორ წარმოგიდგენიათ ტროლების სამუშაო გარემო?

- ალბათ ისეთი, როგორიც სერიალშია. შეიძლება, "ჩემი ცოლის დაქალებში" ეს ცოტათი გროტესკული იყოს, მაგრამ არა მგონია, ტროლებს ფეშენებელური ოფისები და "გუგლის" თანამშრომლების პირობები ჰქონდეთ. ვფიქრობ, მათ ოფისებში ისეთი მინიმალისტური სამყაროა შექმნილი, როგორიც სერიალშია წარმოჩენილი - კომპიუტერთან სხედან და აჩხაკუნებენ.

- როლის შესასრულებლად ვინმე რეალური პიროვნების ან პიროვნებების თვისებები, მიმიკები გაქვთ "აღებული"? თქვენს პერსონაჟს ვიღაცებს ამსგავსებენ...

- მინდა მაყურებლებმა ამ უარყოფით გმირში ის ადამიანი დაინახონ, ვინც მათთვის უარყოფითი გმირია. მგონია, სამყაროში უარყოფითი ტიპები არსებობენ, ვინც კეთილის სახელით, ცუდ საქმეს ემსახურებიან. ასეთი ადამიანები საქართველოშიც ბევრნი ყოფილან და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც; ლიტერატურული და კინოს პერსონაჟებიც არიან... ჩემს პერსონაჟს ასეთი ტიპების დამახასიათებელი რაღაც თვისება უნდა ჰქონდეს, რადგან ყველა მათგანი თავისებურად ამაზრზენია. ჩემი გმირიც ამაზრზენია თავისი საქმიანობით.

- რეალურ ცხოვრებაში, ძალიან კარგი გასამრჯელოს ფასად, ტროლების ქარხნის დირექტორობას დასთანხმდებოდით?

- გამორიცხულია, არ არსებობს!.. ჩემთვის ბევრი ფული პრინციპებზე უარის თქმის საბაბი და მიზეზი არასოდეს ყოფილა. ჩემთვის ცხოვრებაში მუღამი და პრინციპი არსებობს. ის ფულზე არ იყიდება.

- გახსოვთ, სოციალურ ქსელში როდის დარეგისტრირდით? ამ ხნის განმავლობაში, ტროლების მსხვერპლი გამხდარხართ?

- მგონი, 2009 წლიდან დავრეგისტრირდი. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავისუფლებასთან დაკავშირებულ აზრებს გამოხატავს, ტროლები მაშინ აქტიურდებიან. მათი ფუნქცია ეს არის. პირველ რიგში, ისინი თავისუფლების მტრები არიან. შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე საჯარო პიროვნებას თავისუფლების მხარეს დგომა უწევს, ტროლების მსხვერპლი ხდება. მეც არაერთხელ გავმხდარვარ. ჩემი ცხოვრების პარალელურად, ასეთი შემოტევებიც არის.

GzaPress

- თუმცა ერთგვარი ტენდენციაა, რომ როცა ადამიანებს კომენტარები არ მოსწონთ, მათ ავტორობას ტროლებს აბრალებენ. ტროლების ამოცნობა შეგიძლიათ? - იოლი ამოსაცნობია. "ფეისბუკზე" მინიმუმ, ადამიანის "პროფილზე" რომ გადახვიდე, ჩვეულებრივი, გონებამახვილი პიროვნება მიხვდება, ნამდვილია ის თუ ტროლი. თან, ყალბი "ექაუნთის" მფლობელს ძალიან ცოტა "მეგობარი" ჰყავს. შესაბამისად, ჩემი პერსონაჟის თითო თანამშრომელს 7, 10 ან 15 "ექაუნთი" აქვს. ისინი ყველას მართავენ და მათი კომენტარებით ილუზიურ აზრს ქმნიან.

- მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი როგორი პარტნიორია? მის გმირზე რას ფიქრობთ?

- თავად გიორგი არაჩვეულებრივი მსახიობია. ჩემთვის ფავორიტ ქართველ მსახიობებს შორის არის. კარგი პარტნიორია. ცოტნე ცოტაშვილს რაც შეეხება, ის არის ნიჭიერი ვირიშვილი მაიმუნი. გიორგი ნიჭიერია, მაგრამ ვირიშვილი მაიმუნი - არა (იცინის).

- როგორ ფიქრობთ, რიგითი ტროლის მიღმა როგორი ადამიანი იმალება? ცოტნემ ბევრ სფეროში მოსინჯა ძალა: პარლამენტარიც იყო, სასულიერო პირიც გახლდათ...

- ძალიან პრინციპული ადამიანი ისიც არ არის. სავარაუდოდ, მისი პრინციპი წარმატებაზე, გავლენასა და ფულზე დგას. ცოტნე რიგითი კი არა, განსაკუთრებული ტროლია: მას ნახევარი ქვეყანა რეალურად არაერთხელ ჰყავს "დატროლილი", ახლა კი ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა... ტროლის მიღმა მყოფ რეალურ ადამიანს რაც შეეხება, ჩვეულებრივი იდეის მქონეა. ჰგონია, რომ რასაც ემსახურება, მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხულია, შემოქმედებითი ადამიანი ამას აკეთებდეს... აზრზე არ ვარ, ტროლები რეალურ ცხოვრებაში როგორები არიან. იცით ვინმე, ვინც ტროლად მუშაობს? არა, ხომ? მთავარია, იმ საქმეში აღმოვაჩინოთ, რასაც აკეთებენ და ხელი შევუშალოთ, თორემ შეიძლება, რეალურ ცხოვრებაში, მაგალითად, ტროტუარზე წესრიგის დაცვით გადაადგილდებიან.

- მოკლედ, "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა საინტერესოა, არა?

- აუ, წარმოუდგენლად, სიგიჟემდე საინტერესოა!.. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა. კიდევ ერთხელ "ხაზს ვუსვამ", რომ ყველანაირად ვცდილობ, ეს უნიკალური შანსი კარგად გამოვიყენო.

- საჯარო კომენტარებს ვკითხულობ და ვიცი, რომ სამსახიობო ნიჭს გიქებენ. ახლობლები ნამუშევარს როგორ გიფასებენ?

- მოსწონთ. ჯერჯერობით, ეთერში რამდენიმე სერია გავიდა. "შენიშვნების რეჟიმი" არ ჩართულა. შეიძლება, სუბიექტურები არიან, მაგრამ მათი აზრი ჩვეულებრივი მაყურებლების აზრს ემთხვევა. მაყურებელთა დადებითი შეფასებები სასიამოვნოა. რასაც ვაკეთებ, ტელევიზიაში ეს "რაღაცის კეთება" კი არ არის, კინოს "კეთებაა", რაც მართლა საპასუხისმგებლო საქმეა. ძალიან ვნერვიულობ. ყოველი სცენის წინ ვფიქრობ, რა როგორ გამოვა. საბოლოოდ, ეტყობა კარგად იმიტომ გამომდის, რომ ძალიან ვცდილობ...

ეთო ყორღანაშვილი