"ნათია ჭამაში "უგემრიელესი" პარტნიორია" - გზაპრესი

"ნათია ჭამაში "უგემრიელესი" პარტნიორია"

ერთი წელიც არაა, რაც მომღერალი ნათია დუმბაძე და რეპერი მასტერი დამეგობრდნენ. მათ უკვე მეორე დუეტი ჩაწერეს და ვიდეოკლიპიც გადაიღეს. ფიქრობენ, რომ ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, მეგობრები გამოგვეცადა: მათ ცალ-ცალკე, ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით. მასტერი ფიქრობს, რომ მათი პასუხები ერთმანეთს 60%-ით დაემთხვევა, ნათია კი - 70-80%-ით...

- პირველად მისი არსებობის შესახებ როდის, როგორ შეიტყვე? მან როდის, როგორ შეიტყო შენი არსებობის შესახებ?

ნათია:

- მისი არსებობის შესახებ დაახლოებით, 10 წლის წინ შევიტყვე. მგონი ინტერნეტში მასტერის კლიპი ვნახე. ვფიქრობ, ჩემი არსებობის შესახებ მანაც 8-10 წლის წინ შეიტყო. ბოლოს და ბოლოს, "ჯეოსტარს" მაინც ნახავდა.

მასტერი:

- ალბათ, ჩემზე 8-9 წლის წინ, ინტერნეტიდან შეიტყო. ყოველ შემთხვევაში, ახლა რომ არ გაუგია, ნამდვილად ვიცი, რადგან ჩემი სიმღერები კარგად იცის. მე მისი არსებობის შესახებ პირველად პროექტიდან - "ერთი ერთში" შევიტყვე. "ჯეოსტარიდან" კარგად არ მახსოვს.

- თქვენი რომელი დუეტი უფრო მეტად მოსწონს მას - "არ უყურო დროს" თუ "ნეკი ნეკისა"?

ნათია:

- ალბათ, მას "არ უყურო დროს" უფრო მეტად უყვარს, რადგან ამ დუეტმა დიდი წარმატება მოგვიტანა. მე ორივე კლიპი ერთნაირად მიყვარს.

მასტერი:

- მგონი, ნათიას ორივე ძალიან მოსწონს. მეეჭვება, ერთი დაესახელებინა. მე "არ უყურო დროს" უფრო მიყვარს, თუმცა შეიძლება, "ნეკი ნეკისა" გაცილებით უფრო მაგარი სიმღერაა.

- რა იცი მისი პირადი ცხოვრების შესახებ? მან რა იცის შენი პირადი ცხოვრების შესახებ?

ნათია:

- ოჰ, ყველაფერი ზეპირად ვიცი (იცინის)! ამჟამად, ურთიერთობაში არ არის. მან იცის, რომ მყავს მეუღლე და 2 შვილი.

მასტერი:

- ნათიას ჰყავს მეუღლე ბაჩო, რომელთანაც ვძმაკაცობ და 2 შვილი - დუდუ და ელაი. გოგონა საოცარი და ძალიან საყვარელია. ვიდეოებში ყოველთვის უკმაყოფილო სახე აქვს (იღიმის). დუდუსთან "იმენნა" ვძმაკაცობ. 11-12 წლისაა. ჩემი პირადის შესახებ ნათიამ ბევრი რამ იცის, რადგან ის ჩემი უახლოესი მეგობარია. გოგოს, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა, იცნობს - მეგობრობენ. ერთმანეთს მაგრად გაუგეს. 2 ნათიას შორის ვიყავი, ეგ დროც იყო. ამჟამად ურთიერთობაში არ ვარ.

- მისი დაბადების თარიღი? შენი?

ნათია:

- მისი - 1988 წლის 26 დეკემბერი, ჩემი - 1986 წლის 21 ნოემბერი.

მასტერი:

- დაბადების თარიღებში სულ "ვიჭედები", მაგრამ ნათიასი დამამახსოვრდა, რადგან კლიპის პრეზენტაცია მაგ დღეს - 21 ნოემბერს გვქონდა. წელს ნუ გამომათვლევინებ - ვიცი, რომ 33-ის გახდა.

- როგორ გამოიყურებოდა კლიპის - "არ უყურო დროს" პრეზენტაციაზე? შენ როგორ გამოიყურებოდი?

ნათია:

- თეთრი მაისური ეცვა, რომელსაც წინ ოქროსფერი ვეფხვი ეხატა. კეპი ეხურა, მგონი - წითელი. მე ვარდისფერი კაბა და თეთრი ფეხსაცმელები მეცვა.

მასტერი:

- ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნათია ძალიან ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით - ასეთ დღეებში. ბუნებრივი სილამაზე აქვს. ბევრი მაკიაჟიც არ სჭირდება. ვმეგობრობთ და სხვადასხვა სიტუაციაში მინახავს. არ მახსოვს, რომ კარგად არ გამოიყურებოდეს. კლიპის პრემიერაზე რა ეცვა, მახსოვს, რადგან მითანხმებდა, რა ჩაეცვა: მოწითალო, მოვარდისფრო კაბა ეცვა. მე თეთრი მაისური მეცვა და თეთრი კეპი მეხურა. კეპის შიგნით ბენდენა მეკეთა (სხვა დროს ასეთ ფორმაში წინათ არ ვყოფილვარ) და ყველა მეკითხებოდა, - ვაა, ახალი სტილი გაქვსო?

- ყავა თუ ჩაი?

ნათია:

- მასტერი ყავას არ სვამს. დიდად არც ჩაი უყვარს. ყავის დალევა მეც არასდროს მომინდება.

მასტერი:

- არც ერთს არ ვსვამ, მაგრამ ალბათ - უფრო ჩაი. ნათიას რომელი მოსწონს, არ ვიცი.

- ამერიკასთან რა აკავშირებს მას? შენ?

ნათია:

- პირადი (იცინის). მე კი ვიცი, რაც აკავშირებს, მაგრამ არ მეჩხუბოს, რომ ვთქვა... პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ უყვარს. ამიტომ თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ მის ნაცვლად რაღაცები მოვყვე. მე ამერიკასთან ის მაკავშირებს, რომ ჩემი ქმარი იქ ცხოვრობს.

მასტერი:

- ნათიას მეუღლე ამერიკაში ჰყავს. თავად იქ ახლახან იყო... რაღა დავმალო და, ჩემი შეყვარებულიც ამერიკაში გახლდათ. პლუს, ამერიკაში 2 წელი ვსწავლობდი.

- რომელია მისი საყვარელი კერძი? შენი?

ნათია:

- ვიცი, რომ ბოლონეზე ძალიან უყვარს. როცა სადმე საჭმელად შევდივართ, სულ ბოლონეზეს უკვეთს ხოლმე. მე ყველაფერი მიყვარს - ოღონდ მაჭამე და მეტი არაფერი მინდა. ბურგერს დავასახელებ.

მასტერი:

- ნათიას ტკბილეული უყვარს - ვაშლის შტრუდელიო და ასეთ რაღაცებს ამბობს (იცინის). ჩემი საყვარელი კერძია სპაგეტი ბოლონეზე. საერთოდ, იტალიური კერძები მიყვარს და რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულოც, მაგრამ ნათიას "ოსტრი" არ გაახსენდებოდა. ალბათ, ბურგერი ან ბოლონეზე დაასახელა, რასაც ერთად ჭამისას გეახლებით ხოლმე. სხვათა შორის, ჭამაში "უგემრიელესი" პარტნიორია. ისე გემრიელად ჭამს, რომ მასთან ერთად ჭამა სასიამოვნოა.

GzaPress

- რომელია მისი საყვარელი ფერი? შენი? ნათია:

- მისი - ალბათ წითელი და თეთრი, ჩემი - იასამნისფერი და ვარდისფერი.

მასტერი:

- ყვითელი, სტაფილოსფერი ძალიან მიყვარს. ტანსაცმელი თეთრიც მომწონს, წითელიც, მანქანა - შავი, ქურთუკი - ყვითელი მაცვია... სხვათა შორის, ნათია გემოვნებიანად იცვამს. ალბათ, მისი საყვარელი ფერები ვარდისფერი და მელნისფერია.

- "ფეისბუკზე" როგორი პოსტები არ მოსწონს მას? შენ?

ნათია:

- მგონი, გოგოები "ტიტველ ფოტოებს" რომ ტვირთავენ, ეგ არ მოსწონს. მე ძალიან ვულგარული ფოტოები არ მომწონს, კიდევ - გოგოები "შტერ" ვიდეოებს რომ იღებენ - ვითომ ტანს რომ აჩენენ და უაზრო მოძრაობებს აკეთებენ. ასევე, ნეგატიური სტატუსები არ მომწონს, თუმცა პრობლემა არ მაქვს - ვისაც რა უნდა, ის გამოაქვეყნოს.

მასტერი:

- დავფიქრდები და ლოგიკურად ვიტყვი: ნათია პოზიტიური ადამიანია და ალბათ, უარყოფითი სტატუსები არ მოსწონს. მე არ მომწონს, როცა საცვლებში გამოწყობილი გოგონები ფოტოებს იღებენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ მინაწერით - Gოოდ ნიგჰტ. "მეპახაბნება". კიდევ, დამისვი შეკითხვაო და საკუთარ თავს ინტერვიუებს რომ "უკეთებენ", ცოტათი მაღიზიანებს.

- რა განათლება აქვს მიღებული მას? შენ?

ნათია:

- აი, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ალბათ, რამე მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. მე უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მასტერს ეს არ ეცოდინება.

მასტერი:

- აუ, აზრზე არ ვარ. გითხრა, რამე დავამთავრეო? მისი საქმეც და პროფესიაც სიმღერაა. სხვათა შორის, ივენთების ორგანიზების მაგარი ნიჭი აქვს. მე ჯერ იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ, მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მივიღე.

- მისი საყვარელი კინოჟანრი? შენი?

ნათია:

- ჩემი - კომედია. ალბათ, მასაც კომედია მოსწონს.

მასტერი:

- ჩემი - კომედია, ალბათ - მისიც. ერთხელ კინოთეატრში ანიმაციური ფილმის სანახავად ვიყავით და ბევრი ვიცინეთ.

- თავისუფალ დროს რისი კეთება უყვარს? შენ რისი კეთება გიყვარს?

ნათია:

- თავისუფალი დრო აქვს, თუ დაკავებულია, სულ სიმღერას წერს. ისე, კინოში სიარული უყვარს. მე თავისუფალი დროის შვილებთან ერთად გატარება მიყვარს.

მასტერი:

- თავისუფალ დროს მაინც მუსიკას "ვაკეთებ" ან მუსიკაზე ვლაპარაკობ - "ჩემს თემაში" ვარ. მას ალბათ, მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს, თუ თავისუფალი დრო აქვს. სიმღერაში ისიც ძალიან ჩართულია.

- თოვლის ბაბუის არსებობის რომელ ასაკამდე სჯეროდა? შენ რომელ ასაკამდე გჯეროდა?

ნათია:

- მე - დაახლოებით 8 წლამდე, ალბათ - მასაც.

მასტერი:

- ეგ ისეთი "ტიპშაა", რომ ალბათ, 12 წლამდე სჯეროდა. მე ახლაც მჯერა. ახალ სიმღერაში ვამბობ, - სანტას ვეტყვი, რომ დაგიმალოს საჩუქრები-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი