"სიდედრის ძაღლმა მიკბინა და აცრა დამჭირდა, მგონი, "ჩაწყობილი" ამბავი იყო..."
მისი გვარი წარმოშობით მეგრულია, ბარათელები მარტვილიდან არიან, თუმცა ბაბუის ბაბუის ბაბუა გაიმერლებულა და ისიც თავს გაიმერლებულ მეგრელს უწოდებს. იუმორისტობა "მანსანკანიდან" დაიწყო. ქართულ გუნდებს, მათ შორის "ნამდვილ თამადებს" რუსეთში არაერთხელ წაუღიათ მისი ხუმრობები, რასაც წარმატება მოჰყოლია. სტუდენტობის დროინდელი მეტსახელი დღემდე შემორჩა: ერთხელ ანეკდოტი მოჰყვა "ჩაინიკზე" და თანაკურსელმა "ჩაინიკა" შეარქვა. კობა ბარათელი ამბობს, - სასაცილო ის იყო, თავად ამ თანაკურსელს ისეთი გვარი ჰქონდა, მის წარმოთქმაზე ლექტორები ენას იტეხდნენო.
- ჩემი თანაკურსელის გვარია გვეხიძე. ორ ლექტორს სიის ამოკითხვის დროს ენა თაბაშირში ჩაუსვეს (იღიმის). იმედია არ მიწყენენ მისი ნათესავები და მოგვარეები. კიდევ ერთი უცნაური გვარი მახსენდება: აფხაზეთში როცა ვცხოვრობდი, ცეკვას მასწავლიდა კაცი გვარად - დაკარგულია. ალბათ იმიტომ არ გამოვედი მოცეკვავე, მის ხელში ჩემი ცეკვის ნიჭი სადღაც დაიკარგა.
- 8 მარტს დაიბადეთ. ამის გამო ბავშვობაში კომპლექსი ხომ არ გქონდათ?
- სკოლა ისე დავამთავრე, ჩემი დაბადების დღედ 7 ან 9 მარტს ვასახელებდი. სკოლის ბავშვებმა იცოდნენ, მაგრამ უცხოებთან ვმალავდი. მერე უკვე პირიქით, მიხაროდა, რომ მანდილოსნებს საჩუქარს მე კი არ ვაძლევდი, ისინი მჩუქნიდნენ.
- დედას ან მეუღლეს არაფერს ჩუქნიდით?
- დედას ჩემი თავი ვაჩუქე. მეუღლეს 8 მარტს ფულს ვჩუქნი, რომ მე მიყიდოს რამე.
- შარშან 50 წლისა გახდით. როგორ გრძნობთ - ბევრია თუ ცოტა?
- არ არის ბევრი... ფსიქოლოგიურად ისეთი მომენტი მაქვს, თითქოს სკოლა გუშინწინ დავამთავრე. სამწუხაროდ, ეგრე არაა, მაგრამ თავს ვიიმედებ და ვფიქრობ, უფრო რომ გავაახალგაზრდავდე, გაისად თავიდან ხომ არ შევიდე სკოლაში-მეთქი?
- სკოლა ქუთაისში დაამთავრეთ?
- ქუთაისში დავიბადე, ისე წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირიდან ვარ. გადასარევი სოფელია - მსოფლიოს ცენტრი. ვიზრდებოდი მსოფლიოს მეორე ცენტრში, ტყვარჩელში (აფხაზეთი), სადაც სკოლა დავამთავრე, მერე ისევ ქუთაისში ჩამოვედი... ახლა თბილისში ვარ. ასი წლის შემდეგ რომ გარდავიცვლები, ალბათ მარსზე ან იუპიტერზე დამკრძალავენ.
- პედაგოგი დედა მკაცრად გექცეოდათ? გაკვეთილებს აბარებდით ხოლმე?
- მესამე კლასამდე გაკვეთილებს მამა მიმოწმებდა, თან ისე მკაცრად, რომ მაღალ კლასებში, დედა რომ ეტყოდა: მიდი, აბა, გამოჰკითხე, თუ იცისო, მამა პასუხობდა, - მაგას აღარ სჭირდება გამოკითხვებიო. მართლაც, სკოლა ხუთებზე დავამთავრე. ერთადერთი, ისტორია არ მიყვარდა, ისიც იმიტომ, რომ თარიღების დამახსოვრება მიჭირდა. ოთხიანი მხოლოდ ერთხელ, მეცხრე კლასში დამიწერა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა. სხვა პედაგოგებმა უსაყვედურეს, მედლის კანდიდატია და არ უნდა დაგეწერაო. იმას უთქვამს, გადავასწორებო, მაგრამ დედამ არ გადაასწორებინა, რაც დაუწერეთ, ე.ი. ის ეკუთვნოდაო. დედაჩემმა სპეციალურად არ გამიშვა მედალზე. ის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და არ უნდოდა ეთქვათ, მისი შვილი რომ არის, მედალი ამიტომ აიღოო. თან, თბილისიდან სკოლაში ალბათ 900 კომისია ჩამოვიდოდა. თუმცა, ჭორი მაინც გავრცელდა, მასწავლებლის შვილია და მაღალ ნიშნებს იმიტომ უწერენო. სკოლა დავამთავრე და უმაღლესში ორი გამოცდით (ექსპერიმენტით) ჩავირიცხე, რადგან ორივეში ხუთიანი მივიღე. საერთოდ, 4 გამოცდა ბარდებოდა. მაშინ ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფულით ჩაბარების არანაირი შანსი არ იყო, რექტორი უპატიოსნესი კაცი - ნოდარ ვალიშვილი გახლდათ. ჰოდა, ამის მერე კი შეწყვიტეს ჩემზე ჭორაობა.
- სკოლის ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდით? - მეხუთე თუ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, როცა მოსწავლეებმა ვიდეოკლიპი გავაკეთეთ; მაშინ საბჭოთა კავშირში ვიდეოებს ჯერ არ იღებდნენ. დავდგით პატარა სიმღერა ომზე, სადაც საერთოდ არ იყო ნახსენები ჰიტლერი, მაგრამ მე მის როლს ვასრულებდი. ეტყობა, კარგად გამომივიდა, რადგან შემდეგ "კაცია-ადამიანიდან?!" პატარა მონაკვეთი დავდგით ისევ ჩვენ - მოსწავლეებმა და არა მარტო ჩემი გაბარიტებიდან გამომდინარე, ლუარსაბის როლი მანდვეს. იუმორი ბავშვობიდან იმდენად მიყვარდა, რომ ვთქვათ, ოტელოს როლზე არც მიოცნებია და ვერც გავბედავდი, მაგრამ დავუშვათ, რომ მეთამაშა, იმასაც კომიკურ ჟანრში გადავწყვეტდი. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ძალიან მაგარი კომიკოსი ან იუმორისტი ვარ, უბრალოდ, ვცდილობ, ყველაფერში იუმორი დავინახო.
- სტუდენტობის დროს რა როლებს ასრულებდით?
- ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს თავისი სახალხო თეატრი ჰქონდა, რომლის წევრიც ვიყავი. ფაკულტეტზეც ვდგამდით სპექტაკლებს. თუ უმნიშვნელო როლი მქონდა, იუმორში ვასახიერებდი. სერიოზული როლი მომცეს მეორე კურსზე. გურამ დოჩანაშვილის საკმაოდ რთულ პიესაში - "ხორუმი ქართული ცეკვაა" ერასტის როლს ვთამაშობდი. მაშინ ამ პიესის სატელევიზიო დადგმა არსებობდა. დოჩანაშვილი იუმორის ღმერთია, მაგრამ მე რაღაც ჩემს სიტყვებს ვამატებდი და მგონი, კარგად გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის თეატრალური ინსტიტუტიდან სტუდენტი რეჟისორების ერთი ჯგუფი გვესწრებოდა, დეკანთან ერთად და ისინი აღფრთოვანდნენ. მე და ჩემი ორი მეგობარი ქუთაისის თეატრში მიგვიწვიეს, მერე თბილისში გვიშვებდნენ თეატრალურში სასწავლებლად. ამ პერიოდში ჯარში გამიწვიეს. როცა ჩამოვედი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო რეჟისორი ედგარ ეგაძე, რომელსაც უნდოდა, თეატრალურში ქუთაისის ჯგუფში ჩავრიცხულიყავით. მან ააყვავა ქუთაისის თეატრი თავის დროზე. ასე რომ, თეატრალურ ინსტიტუტში აღარ ჩამიბარებია, თუმცა, ვინ იცის, იქნებ მაინც არ მომენდომებინა.
- ოჯახის წევრები როგორ აფასებენ თქვენ მიერ შესრულებულ სახეებს?
- მამა თავმდაბალი კაცი იყო და არასოდეს მაქებდა, თუმცა ხანდახან ტრაბახობდა ზურგს უკან - ჩემი შვილიაო, დედაც - თავისთავად. ახლა ახალგაზრდა თაობა წამოვიდა და პერსონაჟებს იმდენად აღარ ვასახიერებ. ამაზე დედაჩემი ნერვიულობს და როცა ეკრანზე ვჩანვარ, პატარა ბავშვივით უხარია. შვილები და მეუღლე ძალიან კრიტიკულები არიან. ხანდახან ტელეფონზე საუბრისას მითქვამს: გამარჯობა, კობა ბარათელი გაწუხებთ "რუსთავი 2"-დან... ამაზე შვილები მეკაიფებიან ხოლმე. არც ერთი არ ახსენებს არსად, რომ ჩემი შვილია, როცა ეკითხებიან, - კობა თქვენთვის ვინ არისო? რაღაცნაირი, თავმდაბლები არიან.
- თქვენ გგვანან ამაში?
- რამდენად თავმდაბალი ვარ, არ ვიცი, თუმცა არის ჩემში ბრიყვული თავმდაბლობა. მაგალითად, ახლა არა, მაგრამ ჯეელობაში ხშირად ხუმრობას მოვიგონებდი, არ ვამხელდი, რომ ჩემი იყო და სხვები ითვისებდნენ. ამაზე ამბიცია არ მქონდა.
- სოფელში თუ გიყვართ შრომა და ბავშვობაში რამეს თუ გავალებდნენ?
- სამწუხაროდ, მამა აღარ მყავს და მოუვლელია სვირში ჩვენი სახლი, გული მიკვდება. იმის დროც არ მაქვს, რომ ჩავიდე და მივხედო ბაბუასეულ კარ-მიდამოს. სულ გავიძახი - ხვალ, ხვალ... ბავშვობაში არ მაკლდა გლეხკაცობა - ყანა გამითოხნია, ვენახში მიმუშავია, ბალახი მომითიბავს. სოფელი არ მიყვარდა, რადგან საზაფხულო არდადეგებზე ბავშვები თამაშობდნენ, მე კი უნდა მებარა, მეთოხნა... ყველაზე მარტივი იყო საქონლისთვის ბალახის გათიბვა. მამაჩემი დამავალებდა: ამ სამ ტომარას გაავსებ, კარგად გატენი და მერე - კი ბატონო, წადი და ითამაშეო. ჩემთვის მიწაზე შრომა უცხო ხილი არაა.
- ბებია-ბაბუები გაიხსენეთ.
- 5 წლისა ვიყავი, დედის დედა როცა გარდაიცვალა. ერთი ბაბუა სამამულო ომში დაიღუპა, მეორე - მაშინ, როცა 4 წლის გახლდით. როგორც ამბობენ, ამ მეორე ბაბუის, მამაჩემის მამის იუმორი გამომყვა. მისი მეუღლე - ბებიაჩემი, იმერლები რომ ამბობენ, მომსპარი ენა აქვსო, ასეთი ქალი იყო. ის ჩემი ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. ბებიას ბოლო წლებში სმენა დააკლდა. სოფლად რაიმე როცა იყო გასაკეთებელი, დილით დამიძახებდა - "კობა, კობა!" მე თავს მოვიმძინარებდი და არ ვაგონებდი. მერე ისეთ იმიტაციას აკეთებდა, ვითომ სხვა მეძახდა: აა, კობა გინდა? ახლავე დავუძახებ. კობა, გამოიხედე (იცინის). ერთხელ ჩავუსაფრდი და პენსია სად შეინახა, დავინახე. ვიფიქრე, მოვუტეხავ-მეთქი. ბებიამ რაღაც შემამჩნია და თქვა: წავედი ახლა, საქონელს გადავაბამო. ჭიშკრიდან გავიდა, მარჯვე ქალი იყო. მივედი პატარა ზანდუკივით ყუთთან, ავხადე და იქიდან თაგვი ამოხტა, რომელიც მკერდზე მომახტა. ამ დროს ბებიამ ფანჯრიდან დამიძახა: რას აკეთებო? თურმე შემოუარა სახლს და ჩუმად მომადგა... აქეთ თაგვი, იქით - ბებია, ისე შემეშინდა!.. ასე ეშმაკობდა ბებიაჩემი, მე კი თაგვის ახლაც სასწაულად მეშინია.
- კიდევ რისი გეშინიათ? - ძაღლების ძალიან მეშინია. პირველად კოჭზე მიკბინა ისეთმა პატარა ფინიამ, ჩემი კოჭისხელა არ იყო, მიწაზე არც ჩანდა. მერე სიდედრის ძაღლმა მიკბინა, მაშინ აცრა დამჭირდა. მგონი, სიდედრის ჩაწყობილი ამბავი იყო... ერთი პერიოდი ქუთაისში ვრჩებოდი, სცენარებს ვწერდი. გვიან მიწევდა შინ მისვლა და ფეხით რაღაც მანძილის (დაახლოებით 300 მეტრი) გავლა. ჩემს მეგობარს დიდი ქოლგა ჰქონდა, იმას გამოვართმევდი ხოლმე, გავშლიდი და ქუჩის ძაღლებს ქოლგით ვაშინებდი.
თვითმფრინავით ფრენის შიში მაქვს, თუმცა სამჯერ მაინც ვიფრინე. ისრაელში მივფრინავდით, ნევროზი მქონდა და "კორვალოლს" ვსვამდი. რომ ჩავედით, წამლის ბოთლი ხელიდან გამივარდა და გატყდა. ოთხ დღეში უკან ვბრუნდებით, რა ვქნა? იქაურ პროდიუსერს ვთხოვე, "კორვალოლი" ეშოვა, მაგრამ ისრაელის აფთიაქებში არა აქვთ თურმე გაყიდვაში. ერთი ქართველი მანდილოსანი დამეხმარა, რომელიც იქ მუშაობდა და მას მოჰქონდა ხანდახან თბილისიდან, თორემ ემიგრანტად ვრჩებოდი. მანამდე ბიჭიკაშვილი მეუბნებოდა: ნუ გეშინია, იმდენი "კორსიზი" წამოვიღე, დავნაყოთ და წყალში გავხსნათ, იგივეაო.
კიდევ უცხო ენის კომპლექსი მაქვს. არც ერთი უცხო ენა არ ვიცი. უცხოეთში ყოფნისას, ასე მგონია, უეჭველად დავიკარგები, თან - იმ დღესვე. ასეთი შეგრძნება მაქვს, თუ ვინმე არ მახლავს. თუკი წავსულვარ სადმე, მეგობრების იმედად.
- ვინმეს უცნაური თხოვნით მოუმართავს?
- ორი წლის წინ ბაზარში ინდაური და გოჭი ძალიან ძვირად მომყიდეს. გამყიდველები ახლო-ახლო ისხდნენ და ერთ-ერთმა მითხრა: ბატონო კობა, ისე ნუ წახვალთ, გაგვაცინეთო. - ბიჭო, გოჭი 150 ლარად მომყიდეთ, ინდაური 120-ად და კიდევ მე გაგაცინოთ, საქმე სასაცილოდ მაქვს? ჯერ დამიკელით და მერე გაგაცინებთ-მეთქი.
- ბოლოს მოსმენილი ანეკდოტებიდან რომელი მოგეწონათ?
- შეიძლება ახალი ანეკდოტი არცაა. გურულს ეკითხებიან, როგორ ხარო? - ხომ ხარ ახლა ღირსი, რომ დაგაჯინო და მოგიყვეო (იცინის)! ვიცოდი ამ ანეკდოტის იგივე ვერსია, ქუთაისელი რომ პასუხობს: რაღა მაინცდამაინც მაგი მკითხე ახლაო?!. გურული ვარიანტი უფრო მომწონს. გარდა იმისა, რომ კარგი იუმორი აქვთ, ისინი უბრალო ფრაზას ენამოსწრებულად ამბობენ, თან გურული კილო ნათქვამს კიდევ უფრო ამშვენებს, მარა იმერული იუმორი და განსაკუთრებით - ქუთაისური, ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მშობლიურია.
ნანული ზოტიკიშვილი