ხატია ბრაჭული მკითხველის პირისპირ
უმეტესობა პოზიტიური გახლდათ, მაგრამ რამდენიმემ მსახიობი მხოლოდ იმის გამო გალანძღა (და ჩვენ, ჟურნალისტებიც არ დაგვინდო), რომ ხატიამ მეძავის როლი მოირგო. მოსული წერილებიდან რამდენიმე შევარჩიე და მსახიობს მათზე პასუხის გაცემა ვთხოვე.
"მომწონს, რომ თამამი და მხიარული ხარ, პოზიტივს ასხივებ"
მარინა:
"გამარჯობა, ხატია. ძალიან კარგი გოგო ხარ, საინტერესო გარეგნობა გაქვს. სადაური ბრაჭული ხარ? შენი მშობლები ვინ არიან? ჩემო კარგო, ვფიქრობ, კარგი მსახიობი ხარ და წარმატებებს გისურვებ! მომწონს, რომ თამამი და მხიარული ხარ, პოზიტივს ასხივებ და ბევრი მსახიობისგან განსხვავებით, დაბოღმილი არ ხარ! სულ წინ და წინ იარე ჩემო კარგო".
ხატია ბრაჭული:
- თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით მთიული, კერძოდ - დუშეთის რაიონიდან გახლავართ. მიხარია, დადებითად რომ მაფასებთ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია საიმისოდ, რომ მომავალში უფრო და უფრო კარგად შევასრულო როლი, რომელსაც რეჟისორები მომცემენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რეიტინგული სერიალის -'"ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ პერსონაჟს რომ ვასახიერებ. ისიც მიხარია, რომ ჩემ მიერ განსახიერებულმა როლმა დადებითი ემოციები გამოიწვია. მადლობა კეთილი სურვილებისთვის!
"მიშა ნამდვილად გვაკლია"
გიორგი:
"ხატია, კარგად არ გიცნობ, იქიდან გამომდინარე, რომ პირადად არასდროს შეგხვედრივარ, მაგრამ მერწმუნე, დიდ პატივს გცემ, რადგან: პირველ რიგში, მამაცი ხარ. აბა, სხვა ვინ გაბედავდა, სააკაშვილის სიძულვილის პერიოდში შენსავით გამოსულიყო და ხმამაღლა ეთქვა, - პრეზიდენტმა ლანჩზე მიმიწვიაო? მეორეც, ეტყობა ერთგული ადამიანი ხარ, რადგან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ: სააკაშვილი ჩვენს ქვეყანას დააკლდაო. ზოგიერთი მსახიობი მისი ერთგული იყო მანამ, ვიდრე ქვეყანას სათავეში ედგა, მერე კი, ხალხს რომ არ ჩაექოლა, - მე რა შუაში ვარ, მისგან ჯილდო არასდროს მიმიღიაო და თითს სხვებისკენ იშვერენ, ეს კი ყვარყვარეობაა. მინდა, ასეთივე ერთგული იყო შენი პროფესიის და მერწმუნე, ასე თუ იქნება, დიდ წარმატებას მიღწევ! დასახულ მიზნამდე ის მიდის, ვისაც შრომა არ ეზარება და არჩეული გზიდან გადახვევა ხალხის ყბედობის გამო არ უღირს. ყოჩაღ, გოგო, შენ კი გენაცვალე! P.შ. ისე, მიშა ნამდვილად გვაკლია და ამას უკვე თავად "ქოცებიც" აცნობიერებენ! ასეა ეს და არ უნდა ამას ლაი-ლაი..."
ხატია ბრაჭული:
- დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, ასეთი შეფასებისთვის. ვეცდები, მუდამ საინტერესო'გმირები'შემოგთავაზოთ, მრავალფეროვნება არ მოგაკლოთ. თქვენც წარმატებებს გისურვებთ!
"გაბრაზებული ვარ, თან - ძალიან"
ლიდა ბებო:
"ეს გოგო უნდა იყოს ახლა ყველგან? - ტელევიზორში, პრესაში... არადა, სერიალში მისი როლი ნამდვილად არ მომწონს. შეიძლება, ასეთი რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რას ვასწავლით ახლა ბავშვებს, როგორ უნდა შეუყვარდეთ ასაკით უფროსი, გამოცდილი ქალები? შეიძლება, ზოგი ამაშიც ხედავს რაღაც სასაცილოს და "მსუბუქად" უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ მე არ მეცინება! ბოლოს და ბოლოს, შვილიშვილები მყავს და ნამდვილად არ მინდა, ამ უმსგავსობას უყურონ; ვითომ ქართულ რეალობას მორგებული სერიალიდან გარყვნილებას ეზიარონ... ბიჭო, რაღა ცუდს გვაჩვენებენ ეს შეჩვენებულები, როცა შეიძლება, კარგი, დადებითი რაღაცები წამოწიონ წინ?დავიჯერო, ქართველებს კარგი სულ არაფერი შემოგვრჩა? გაბრაზებული ვარ, თან - ძალიან და მინდა, ხატიამ მიპასუხოს კითხვაზე: რატომ დათანხმდა ამ როლს? გმადლობთ".
ხატია ბრაჭული:
- რეალური ცხოვრება სავსეა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პერსონაჟებით, რომელთა განსახიერება ჩვენ, მსახიობებს გვიწევს მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა იმ გმირების საქციელი, ვისი როლიც უნდა მოვირგოთ. ამჯერად, მე მომიხდა მეძავის განსახიერება.
ნება მომეცით, თქვენს კითხვას კითხვითვე ვუპასუხო: თუ გენიალურ ნაწარმოებს - "ვეფხისტყაოსანს" ფილმად გადაიღებენ, ფატმანის როლიც ხომ უნდა შეასრულოს ვინმემ?..
ვნების ცეცხლით დამწვარი...
გიჟპოეტა, 27 წლის:
"ხატია, არაჩვეულებრივი გოგო ხარ, ძალიან მომწონხარ. მინდა, ლექსი მოგიძღვნა და იმედია, არ დამცინებ. "შენ ხატი ხარ ქართველების, ხარ ქალი და ხარ ცუნამი, როგორ მინდა, ჩემს გულთანაც, ჩაიარო გიჟმაჟივით. როგორ მინდა, მაგ თვალებში, ჩამახედო წამით მაინც, ვნების ცეცხლი მწვავს მე როცა, შენ გიყურებ, შენ გიცქერი... საოცარი ქალაუ ხარ, მსურს ჩემს ახლოს ჩაიარო, ჰოდა, მერე თუ გაგიშვი, კაცად არვინ არ ჩამთვალოს"... გიჟმაჟუნა ქალი ხარ, ხატია... P.შ. თუ შეგიძლია, ლექსად მიპასუხე, თუ არა და, ერთი-ორი სიტყვა "მესროლე"...
ხატია ბრაჭული:
- იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, როცა ადამიანი ლექსით გეტრფის და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას შენ მიმართ... დიდი მადლობა ამ წერილის ავტორს... სამწუხაროდ, ახლა ვერაფერს გავლექსავ, მაგრამ გეტყვი, რომ შეუდარებელი ადამიანი ხარ.
"შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ერთი ადამიანი მომწონს"
ცნობისმოყვარე:
"საინტერესოა, ღარიბაშვილთანაც იყავი ლანჩზე თუ რატომ დაგწამეს ცილი? ისე, პატარა გოგო აღარ ხარ და დროა, გათხოვებაზე იფიქრო. წარმატებულ ქალს ცოლობაზე უარს ვინ გეტყვის?"
ხატია ბრაჭული:
- ღარიბაშვილთან ლანჩზე არ ვყოფილვარ. მას შორიდან ვიცნობ ისევე, როგორც თქვენ. დიახ, ეს ყველაფერი ჭორია, ვიღაცების შეთხზული... მართალი ხართ, წარმატებულ ქალთან დაქორწინებაზე უარს ბევრი არ იტყვის, მაგრამ აბა, მეორე მხრიდან შევხედოთ მედალს: თქვენი აზრით, წარმატებულ ქალს გვერდით როგორი მამაკაცი უნდა? პირადად მე, მომწონს საკუთარ საქმეში რეალიზებული, შემდგარი ადამიანები. ის უნდა იყოს ერუდირებული, კარგი იუმორის მქონე და ყურადღებიანი. ასეთი მამაკაცის პოვნა ძნელი არ არის, მაგრამ რა ვქნა, შეყვარებული არ ვარ. სამაგიეროდ, მომწონს ერთი ადამიანი... გათხოვებაზე არ ვფიქრობ, რადგან ჯერჯერობით, ჩემთვის უპირველესი კარიერაა. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი ჩემს პროფესიაში. P.S. ბედი კი თვითონ მოვა, მას ძებნას ვერ დავუწყებ.
"სოლიდარობას ვუცხადებ იმ ქალებს, რომლებზეც ძალადობენ"
სოფლელი ბიჭი:
"გამარჯობა. მაინტერესებს, რას ფიქრობს ეს ადამიანი მამაკაცებზე? როგორი ტიპები მოსწონს? თუ გაჰყვებოდა ცოლად "ღრმა" სოფლელს? საერთოდაც, ქალებზე ძალადობა ახლა აქტუალური თემაა და იქნებ გათხოვებას ამიტომაც გაურბის? შეყვარებული ხარ, ხატია?"
ხატია ბრაჭული:
- უკვე აღვნიშნე, რომ შეყვარებული არ ვარ... სოფლელიც ხომ ადამიანია? და საერთოდაც, არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება. ალბათ, "ღრმა სოფლელში" პროვინციელს გულისხმობთ, არა? მე პროვინციელს არ გავყვებოდი... ძალადობა მართლაც, აქტუალური თემაა და მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ქალებს, რომლებზეც ძალადობენ... არაფერს გავურბივარ, უბრალოდ, ჯერ არავინ მიყვარს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ ვთხოვდები. მიმაჩნია, რომ 23 წლის გოგოსთვის პრობლემა არ უნდა იყოს, თუ ჯერ კიდევ გასათხოვარია. როდესაც საკუთარი თავის განვითარებასა და კარიერაზე ფიქრობ, გათხოვება მხოლოდ ხელს შეგიშლის. მოგვიანებით კი ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უკვე ოჯახის შექმნაზე იწყებს ფიქრს...
"ძალიან მიყვარს იერუსალიმი"
ნინია:
"ჰაი". კარგი რესპონდენტი გყავდათ, საინტერესო და მიხარია. მისი "ფეისბუკ"-გვერდი დათვალიერებული მაქვს და "პოდპისკებშიც" ვყავარ, მაგრამ აქაც მინდა, მივწერო: ძალიან მომწონს, როგორც ქალი და როგორც მსახიობი. იცის, მიმზიდველი რომ არის და ამიტომაც უყვარს ალბათ სელფების გადაღება. მაინტერესებს, ხშირად მოგზაურობს თუ არა? ყველაზე მეტად, რომელი ქვეყანა მოსწონს და სად ისურვებდა ცხოვრებას, მუშაობას? და კიდევ, რამდენად მორწმუნეა? მოძღვარი თუ ჰყავს? დიდი მადლობა ხატიას წინასწარ, ჩემს მესიჯზე პასუხის გაცემისთვის და მადლობა თქვენც, რომ მისთვის კითხვის დასმის საშუალება მომეცით..."
ხატია ბრაჭული:
- მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ახლო მომავალშიც ვგეგმავ საზღვარგარეთ წასვლას... ქრიასტიანი მართლმადიდებლი ვარ, მორწმუნე... ყველაზე მეტად, სტამბული მომწონს, საოცნებო ქვეყანა კი ამერიკის შეერთებული შტატებია. ცხადია, სიამოვნებით ვიმუშავებდი ჰოლივუდში... კიდევ, ძალიან მიყვარს იერუსალიმი. ეს ადგილი ხომ ქრისტიანებისთვის წმინდა მიწადაა მიჩნეული და იქ მყოფს მართლაც, სხვანაირი, სასიამოვნო შეგრძნება გაქვს.
- თეატრალურ უნივერსიტეტში სამი წელი ვაბარებდი. ძალიან მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი და ვინაიდან არავინ მყავდა ისეთი, ვინც ამ სფეროში გზას მაინც გამიკვალავდა, ცოტა არ იყოს, რთულად მივაღწიე მიზანს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოლოს და ბოლოს, თეატრალურში ჩავაბრე. მახსოვს, მანამდე, თეატრში გავიცანი ავთო ვარსიმაშვილი და ეს იყო საოცარი შეგრძნება, იმ საღამოს სიხარულისგან არ დამეძინა. რეჟისორს ვუთხარი, - იცით, მე თეატრალურ უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას-მეთქი. რჩევა-დარიგება მომცა, რამაც ცხადია, გამახარა. მერე ხშირი სტუმარი ვიყავი ამ თეატრის და მოხდა ისე, რომ ჯერ კიდევ აბიტურიენტმა ბევრი მსახიობი გავიცანი... აი, როცა უკვე სტუდენტი გავხდი, ჩემს ცხოვრებაში დაიწყო პერიოდი, როცა პატარ-პატარა კონფლიქტებს შევეჩეხე. დავინახე, რომ შურთ, ადვილად შეუძლიათ გადაგიარონ, უსაფუძვლოდ იჭორაონ. ჰოდა, საკუთარი თავის გაძლიერება დავიწყე.
- ხატია, თუ გახსოვს, მოზარდი ვისი ფანი იყავი?
- ჯულია რობერტსი და ბრედ პიტი მიყვარდა. მათ, როგორც მსახიობებს, ისე კი არ ვაფასებდი, არამედ მათი გარეგნობით გახლდით მოხიბლული. კიდევ, "სპაიზ გერლზის" სიმღერებს ვუსმენდი და მათზე გადაღებულ ფილმსაც სიამოვნებით ვუყურებდი. ქართველებიდან მაშინ ძალიან მიყვარდა სეტფანე, ამ მომღერალზე მართლა ვგიჟდებოდი, მისი სერიოზული ფანი ვიყავი. კიდევ, მომწონდა "ქუჩის ბიჭები", ლექს-სენისა და თიკოს სიმღერაც მომწონდა (იცინის). თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ცნობილი ადამიანების პლაკატებს ნამდვილად არ ვაგროვებდი.
- სტეფანემ იცის, შენი სახით ასეთი ფანი რომ ჰყავდა?
- არა, არ იცის...
- ხატია, ბევრმა დაგისვა კითხვა: "რატომ არ თხოვდები?"
- არა მარტო თქვენი ჟურნალის მკითხველები, არამედ ბოლო დროს ახლობლებიც მეკითხებიან: რატომ არ თხოვდებიო? ვფიქრობ ხოლმე, - ამდენი ადამიანი რომ მისვამს ამ კითხვას, ნუთუ, ჩემთვის გათხოვება მართლა დაგვიანებულია-მეთქი? ცხადია, სინამდვილეში ასე არ არის. ქალმა, თუ კარიერაზე ზრუნავს, გათხოვება არ უნდა იჩქაროს.
- დაბოლოს, შენს ოჯახში მაჭანკალი არასდროს მოსულა?
- მაჭანკალი არა, მაგრამ შუამავალი ბევრჯერ მოსულა, - ესა და ეს ადამიანი უნდა გაგაცნო. შენით დაინტერესებულია და შეხვდი, იქნებ შენც მოგეწონოსო. ჯერ არ მაქვს ის ასაკი, როცა ვინმემ ჩემს "გასაღებაზე" უნდა იფიქროს, მაგრამ ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ვიღაცის გაცნობითაც არაფერი დაშავდება (იღიმის).
ლიკა ქაჯაია