"ძირითადად, რეკომენდაციებს უფროსი თაობის წარმომადგენლები არღვევენ" - გზაპრესი

"ძირითადად, რეკომენდაციებს უფროსი თაობის წარმომადგენლები არღვევენ"

ფიტნესკლუბის ფილიალების მენეჯერი და პერსონალური მწვრთნელი - გიორგი ორბელაძე ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად გაცემულ მთავრობის რეკომენდაციებს ემორჩილება. გიორგის აქტიური ცხოვრების სტილის გამო, დავინტერესდით, თუ როგორ შეეგუა თვითიზოლაციას და როგორ ახერხებს ფორმაში ყოფნას...

- თავს კარგად ვერ ვგრძნობ, რადგან ქვეყანაში და საერთოდ, მსოფლიოში კარგი სიტუაცია არ არის. პირადად მე, არც ჯანმრთელობის მხრივ და არც ფინანსური თვალსაზრისით, რთულ სიტუაციაში არ ვარ, მაგრამ ვიცი, ბევრი ადამიანი კარგად არ არის. ამიტომ, ზოგადი სიტუაციით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები.

- დისტანციურად მუშაობ?

- რასაკვირველია. ისედაც, მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობის პრობლემას უმოძრაობა წარმოადგენს, ახლა - მით უმეტეს, როცა ადამიანები სახლში დარჩნენ, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის უარესია: ფაქტობრივად, აღარ ვმოძრაობთ, სულ სახლში ვართ... ამიტომ აუცილებელია, ასეთ დროს რამე ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ. ჩემს, ასე ვთქვათ, მოსწავლეებს დისტანციურად ვეხმარები, რომ სახლის პირობებში ივარჯიშონ.

- ამჟამად, შენი დღის რეჟიმი როგორია?

- მთელი ჩემი დღის რეჟიმი ინტერნეტით მუშაობაა. მხოლოდ მოსწავლეებისთვის არ ვმუშაობ - საზოგადოებას რჩევებს ვაძლევ, ვიდეოებს ვწერ... დანარჩენ დროს ან ფილმებს ვუყურებ, ან წიგნებს ვკითხულობ. რა თქმა უნდა, სახლში ვარ.

GzaPress

- პანდემიამდე, მოუცლელობის გამო, რის გაკეთებას ვერ ასწრებდი? - გული მწყდებოდა, რომ საყვარელი ადამიანების ხშირად ნახვას ვერ ვახერხებდი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამსახურისგან შედარებით თავისუფალი ვარ, ამას მაინც ვერ ვახერხებ, რადგან სახლში ყოფნა გვიწევს, გარეთ მაინც ვერ გავდივართ... გული მწყდება, რომ მეგობრებს ხშირად ვერ ვნახულობ და დროს ერთად ვეღარ ვატარებთ...

- თვითიზოლაციის პერიოდში, საკუთარ თავში რაიმე უნარი, ნიჭი ხომ არ აღმოაჩინე?

- უსაქმურობისგან სასაცილო ვიდეოების ჩაწერა დავიწყე (იცინის). როცა თავისუფალი ხარ და საზოგადოება დიდ სტრესშია, ასეთ სიტუაციას იუმორი ძალიან შველის - საკუთარ თავსაც ეხმარები და სხვასაც ამხიარულებ. ეს ცოტათი შვებას მგვრის. ვცდილობ, სტრესი მოვიხსნა.

- თვითიზოლაციამ მეუღლესთან ურთიერთობაზე როგორ იმოქმედა?

- ვერ ვიტყვი, რომ რამე შეიცვალა - ისევ ისე ვართ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, თვითიზოლაციას ჩვენთვის ნეგატიური არაფერი მოუტანია.

- სამზარეულოს საქმეებს როგორ ინაწილებთ?

- ჩემი მეუღლე დიეტაზეა. ძირითადად, კერძებს თავად ამზადებს, მაგრამ თუ რამე კალორიული საკვების მომზადება მინდა, მე ვაკეთებ, რომ მერე მას არ მოუნდეს და დიეტის დაცვა არ გაუჭირდეს. ისე, კერძებს ორივე ვამზადებთ. საერთოდ, ამისთვის ვერ ვიცლი, მაგრამ დღეს, როცა დრო მაქვს და სახლში ვარ, ერთ-ერთი საქმე, რითიც დაკავებული ვარ, კერძების მომზადებაა.

- ქვეყანაში დღეს არსებულმა სიტუაციამ რაზე დაგაფიქრა?

- ბევრ რამეზე: საერთოდ, ცხოვრებაში უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ. არსებობს ელემენტარული წესები, რომელთა დაცვისკენ აქტიურად მოგვიწოდებენ. ეს წესები ისედაც უნდა დავიცვათ, თუნდაც - ჰიგიენა, სოციალური დისტანცია... ქართველებს ერთმანეთთან ახლო კონტაქტი, კომუნიკაცია გვიყვარს, რაც ვირუსების გავრცელების მიზეზი ხშირად ხდება. შეიძლება, კორონა არ იყოს, მაგრამ სხვა ვირუსი გავრცელდეს. ზამთარში, როცა კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, ავადმყოფობა ისედაც ბევრს აწუხებს: ხალხი სამსახურს ხან სიცხის გამო აცდენს, ხან - ვირუსის, რადგან ამ ელემენტარულ წესებს არ იცავდნენ, რისი დაცვისკენაც დღეს ყველას მოგვიწოდებენ... სიტუაციის დადებით მხარეს რაც შეეხება, თუნდაც მაღაზიაში ხალხი რიგს და სოციალურ დისტანციას იცავს, რაც აქამდე არ ხდებოდა. ამ რთულმა პერიოდმა რაღაც-რაღაცები გვასწავლა.

- დღესდღეობით, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად, საყოველთაოდ რეკომედებული წესების დარღვევის ფაქტებს გადასწყდომიხარ?

- ისიც კი არ ვიცი, აუცილებელ თვითიზოლაციაში ვინ იმყოფება. ხშირად ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. შესაბამისად, აუცილებელი თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტებს პირადად არ შევსწრებივარ. დანარჩენს რაც შეეხება, ქუჩაში თუ გავდივარ (როცა საყიდლებზე მივდივარ), ვხედავ, უმეტესობა რეკომენდაციებს იცავს: ნიღაბი, ხელთათმანები უკეთიათ, თუმცა ზოგს ნიღაბი არ აქვს. ძირითადად, ვინც რეკომენდაციებს არ იცავენ, ჩვენზე უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან, ვისაც არც ხელთათმანები და ნიღაბი უკეთიათ და არც სოციალურ დისტანციას იცავენ. ამის გამო გული მწყდება... დღეს მაღაზიაში ვიყავი. უმეტესობა რეკომენდაციებს იცავს, მაგრამ ზოგჯერ დარღვევის ფაქტებს მაინც წააწყდები ადამიანი: მაგალითად, რიგში უკან ვინმე დაგიდგება. მერე აუცილებელია, რომ ან მაღაზიის თანამშრომელმა, ან - თავად შეახსენო, რომ ცოტათი უკან გადადგეს - რიგი, დისტანცია დაიცვას.

- კომენდანტის საათის გამოცხადებამ შენზე ცუდად ხომ არ იმოქმედა?

- კი, იმოქმედა: რადგან მთელი დღე მაინც სახლში ვიჯექი, საღამოობით მანქანით სასეირნოდ გავდიოდი. ავტომობილიდან არსად გადავდიოდი. მიყვარს ჩემი მანქანა, სეირნობა... მანქანით უკვე დაცარიელებულ ქუჩაში დავსეირნობდი. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს (იღიმის).

- პირველად რას გააკეთებ, როცა ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით?

- პირველ რიგში, დარბაზში წავალ და სრულფასოვნად ვივარჯიშებ. შემდეგ სადმე "საგულაოდ" წავალ (იცინის).

GzaPress

- შენი აზრით, პანდემიამ საზოგადოების რა დადებითი და უარყოფითი თვისებები წარმოაჩინა? - უარყოფითი ის წარმოაჩინა, რომ საზოგადოების გარკვეულმა წევრებმა დიდი უპასუხისმგებლობა გამოავლინეს. მხოლოდ კანონი კი არ დაარღვიეს, მათი საქციელი ადამიანური უპასუხისმგებლობა იყო, რაც აუცილებელი თვითიზოლაციის დარღვევაში გამოიხატებოდა. არანაირ რეკომენდაციებს არ იცავდნენ. ხალხის დიდი ნაწილი მანამდე არ გაჩერდა, სანამ მთავრობამ კომენდანტის საათი არ გამოაცხადეს და "თავში არ ჩაარტყეს". იყო ცუდი ფაქტები... კარგი რაც დავინახე, ის არის, რომ საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყანა მაინც ერთად დადგა. რომ ვამბობთ ხოლმე, - ქართველებს ერთმანეთის გვერდით დგომა, ერთმანეთის გატანა შეგვიძლიაო, დავინახეთ, რომ ეს მართლაც ასეა თუნდაც - ექიმების მუშაობით, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და საკმაოდ კარგად იბრძვიან, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი, თავდადება და პლუს, ჩვენი საზოგადოების ერთიანობა დასაფასებელია.

- კორონავირუსის საფრთხის სერიოზულობა როდის გააცნობიერე?

- როდესაც ვირუსის "აფეთქება" იტალიაში მოხდა, რადგან მანამდე, რაც ჩინეთში ხდებოდა, შედარებით ბუნდოვანი იყო - საფრთხეს ვერ ვაცნობიერებდით... კორონავირუსმა იტალიას რომ "დაარტყა", მივხვდი, სერიოზულ ვირუსთან გვქონდა საქმე და დიდი სიფრთხილე იყო საჭირო.

- ბოლოს რომელი სასიხარულო ამბავი შეიტყვე?

- ბოლო, ყველაზე კარგი ამბავი, რამაც მართლა ყველაზე მეტად გამახარა, კორონავირუსით დაავადებული რამდენიმე მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება იყო... საერთოდ, ვირუსზე უფრო მეტი ცუდი შედეგი იმ სტრესს მოაქვს, რასაც ვირუსი იწვევს. ამიტომ, თუ ამის საშუალებას მომცემთ, ხალხს მოვუწოდებ, პირველ რიგში სტრესი მოიხსნან, დამშვიდდნენ, რაიმე აქტივობით დაკავდნენ, განსაკუთრებით - ფიზიკური აქტივობით. უამრავი ვარჯიში არსებობს. შეუძლიათ, სოციალურ ქსელში ჩემ გვერდს თვალი ადევნონ ან "იუთუბზე", გუგლში" შევიდნენ - უამრავი უმარტივესი ვარჯიში არსებობს, რომელიც შეუძლიათ, სახლის პირობებში შეასრულონ, ეს მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. უმოძრაობის დროს იმუნიტეტი სუსტდება, ჰორმონები სწორად არ გამომუშავდება. ეს ორგანიზმს ასუსტებს. მოგეხსენებათ, როგორი საშიშია, თუ დასუსტებულ ორგანიზმს ვირუსი შეხვდა... ამიტომ უნდა ვივარჯიშოთ.

ეთო ყორღანაშვილი