ონისე ონიანის "უბედურება"
ჟურნალი ""გზა", 2011 წელი
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი - ონისე ონიანი შეხვედრაზე ისე დამთანხმდა, არც კი უკითხავს, რა თემაზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ როცა შევხვდი, თავში ხელი შემოირტყა, - კიდევ გამოცდაზე გასვლა თუ მომიწევდა, არ მეგონა; ეს რომ მცოდნოდა, არ შეგხვდებოდიო. ონისე მხიარული რესპონდენტი აღმოჩნდა. ბევრს ეცადა, მაგრამ ვიდრე მისთვის შედგენილი კითხვარიდან ყველა კითხვა არ დავუსვი, თავიდან ვერაფრით მომიშორა.
- ონისე, კითხვა გიყვარს?
- კითხვა ყველას უყვარს.
- დარწმუნებული ხარ, რომ ყველას უყვარს?
- ჩემი თაობის ადამიანებს უყვართ. ჩვენ წიგნის სიყვარულს ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ, მაგრამ ჩემი უბედურება იცი, რა არის? - ვერაფერს ვიმახსოვრებ. ახლა დაწყებული მაქვს წიგნის - "მე წითელი ვარ" - კითხვა. ის ირანელი ავტორის (ორჰან ფამუქი) ნაწარმოებია, მაგრამ მთელი დღე რომ ვიფიქრო მის სახელსა და გვარს, ვერ გავიხსენებ. საერთოდ, ინტერესიანი ადამიანი ვარ. ბავშვობაში ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში (დედაჩემი რაჭველია) ვისვენებდი ხოლმე და წიგნები წასაკითხად იქ მიმქონდა.
- შენი საყვარელი ავტორები ვინ არიან?
- მიხეილ ჯავახიშვილი და დავით კლდიაშვილი. პირველი ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო (ფიქრობს)... უი! ვერც ნაწარმოებს და ვერც მის ავტორს ვერ ვიხსენებ, მაგრამ შინაარსი მახსოვს. გიამბო?
- საჭირო არ არის! მეგობრად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს აირჩევდი?
- ჩვენს თეატრში უილიამ უორტონის (ავტორს საგრიმიოროში გაკრულ პლაკატზე კითხულობს) პიესის მიხედვით "ჩიტი" დაიდგა. ამ პიესის მთავარ გმირთან სიამოვნებით ვიმეგობრებდი. ის ახალგაზრდაა და ლაღი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ ომი იწყება და იძულებულია, საბრძოლველად თავადაც წავიდეს, იქიდან კი დაინვალიდებული ბრუნდება. ამბობს, რომ ჩიტია და ფრენა უნდა - ფრენაში თავისუფლებას ხედავს. მოკლედ, საინტერესო პერსონაჟია.
- ოდესმე წიგნი თუ მოგიპარავს?
- არა, მაგრამ გამომირთმევია და უკან აღარ დამიბრუნებია.
- მერე, წიგნს პატრონს რატომ აღარ უბრუნებ?
- აღარ მახსოვს, ვისია (იცინის). მოკლედ, ყველაფერი მალე მავიწყდება; ისიც კი, ადამიანი ცუდს თუ გამიკეთებს.
- რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება ბრუდერშაფტი?
- არ ვიცი.
- ქეიფში დამეგობრებას.
- მართლა?.. გერმანულს სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელ მასწავლებელმა მითხრა: - ადექი, ონიანი და გაკვეთილს მოჰყევი. - მასწავლებელო, მაპატიეთ, მზად არ ვარ. - დაჯექი ონიანი, ორი ორიანი (იცინის). - არ შეიძლება ამდენი ორიანის დაწერა, გამოსწორება ხომ უნდა-მეთქი?
- ქეიფის დროს ვინმეს თუ დამეგობრებიხარ?
- რა თქმა უნდა! გასულ ზაფხულს რაჭაში ვიყავი, სადაც თურმე, "ქართული ხმები" (ახალგაზრდა თაობა) ისვენებენ. მათ ერთ ოჯახში, სუფრაზე შევხვდი. ის დღე არასდროს დამავიწყდება. სადღეგრძელოები, სიმღერები, მოგონებები - ეს ყველაფერი ისე ლამაზად აეწყო, სურვილი გამიჩნდა, მეორე დღეს ეს ბიჭები ჩემთან დამეპატიჟა, მაგრამ იმ დღეს თბილისში წამოსვლას ვაპირებდი და ვუთხარი: დროის უქონლობის გამო, ამის საშუალება არა მაქვს. 27 აგვისტოს ვარ დაბადებული და მომავალ ზაფხულს ყველას ჩემთან გეპატიჟებით-მეთქი. მოკლედ, წელს ისევ ერთად ვიქეიფებთ (წინასწარ მიხარია). ქეიფის დროს ადამიანთან დაახლოება ყველაზე კარგია, ამაში ხელს ღვინოც გიწყობს. ხომ იცი, ღვინოშია ჭეშმარიტება!
- ცეკვაც სიმღერასავით გიყვარს?
- ჩემთვის ცეკვა არავის უსწავლებია, მაგრამ სულ ვცეკვავ - სპექტაკლში, ცხოვრებაში... ცეკვის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ვარ.
- რომელ ჟანრს განეკუთვნება ცეკვა ქართული?
- სატრფიალოს.
- რა ჰქვია ევროს ხურდა ფულს?
- სახლში მიყრია... მადროვე, გავიხსენებ. (პაუზის შემდეგ) ევროცენტი.
- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?
- იმიტომ, რომ წყალი არ გაფუჭებულიყო. გამიგონია, - თუ გინდა კარგი წყალი დალიო, ჭიქაში ვერცხლის კოვზი უნდა ჩადოო.
- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგანს სწავლობდი?
- ფიზიკა მიყვარდა, მაგრამ მაღალ კლასებში გართულდა, ვეღარ გავიგე და მისადმი სიყვარულიც გამიქრა. ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით, მშობლიური ლიტერატურა ყოველთვის მიზიდავდა. ძალიან მომწონს "ჯაყოს ხიზნები". მიყვარს, როცა ადამიანი ფილოსოფოსობს, ოღონდ - კარგი გაგებით.
- ვინ არის ფარდობითობის თეორიის ავტორი?
- არ მახსოვს.
- აბა, ფიზიკა მიყვარდაო? მომატყუე?
- ჯერ ის უნდა გავიხსენო, რომელია ფარდობითობის თეორია და მერე - მისი ავტორი.
- ამ ადამიანზე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ: როცა ის 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს. რა გააკეთა მან კადრში მოხვედრისას?
- მივხვდი, აინშტაინზე ლაპარაკობ!
- ეს პირველი კითხვის პასუხია, მეორე კითხვაზე კი არ გიპასუხია.
- ფოტოგრაფს ენა გამოუყო... ისე, შენ რა ეშმაკი ყოფილხარ. ასეთი კითხვები თუ უნდა დაგესვა, რატომ არ მითხარი?
- თავად რატომ არ მკითხე, თუ რა თემაზე უნდა გვესაუბრა?
- რას წარმოვიდგენდი, გამოცდაზე გასვლა თუ მომიხდებოდა?! კიდევ ბევრი დარჩა?
- საკმაოდ. შემდეგი კითხვა კი ასეთია: რომელი ელემენტია ყველაზე მსუბუქი - რკინა, ჟანგბადი თუ წყალბადი?
- ვაიმე! ახლა რაღა ვთქვა?.. წყალბადი მგონია.
- ნამდვილად ასეა! თუ იცი, როგორ სჯიდნენ ათენელები არასამართლიან მმართველს?
- არ ვიცი.
- 10 წლით ქალაქიდან აძევებდნენ. რა ფერის კოსტიუმი აცვია არლეკინოს პოლ სეზანის სურათზე - "პიერო და არლეკინო"?
- იქნებ სავარაუდო პასუხები მითხრა.
- ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი თუ შავი?
- ზუსტად არ მახსოვს. მგონი, ნარინჯისფერი, არა?
- გამოიცანი. რომელი მეფის დროს მოხდა ბასიანის ბრძოლა?
- თამარის.
- რომელი მხატვრის მიერაა მოხატული პარიზის ოპერის თეატრი?
- არ ვიცი. მიკარნახე.
- რომ გიკარნახო, ჩვენი მკითხველებიც "გაიგონებენ". მიგანიშნებ, ამ მხატვრის მოპარულ სურათს დიდი ხნის განმავლობაში, ძვირად ყიდდნენ. როცა ეს ამბავი მის ყურამდე მივიდა, თქვა: ტილოზე საღებავები კატამ დამიქციაო.
- მართლა (იცინის)? არ ვიცი, რომელი მხატვარი იყო?
- მარკ შაგალი. არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ეკვადორი - ჩემოთვლილთაგან, ტერიტორიულად რომელია ყველაზე დიდი?
- ქვეყნები გამიმეორე, (გამეორების შემდეგ) ბრაზილია უნდა იყოს.
- ნამდვილად ასეა! 1898 წელს ინგლისელმა მწერალმა, მორგან რობერტსონმა გამოაქვეყნა ნაწარმოები - "ამაოება", რომელიც მალე ყველამ მიივიწყა. წლების შემდეგ მწერალი გაზეთ "თაიმსის" პირველ გვერდზე მოხვდა. სტატიაში ის მოხსენიებული იყო როგორც ნათელმხილველი და ბოროტი გენია. რა აღწერა რობერტსონმა "ამაოებაში"?
- ეს ნაწარმოები წაკითხული არ მაქვს.
- მიგანიშნებ, ეს ტრაგედია რომანის გამოქვეყნებიდან 14 წლის შემდეგ მოხდა.
- ვერ გიპასუხებ და რას შემომიჩნდი (იცინის)?
- ტიტანიკის ტრაგედია.
- ვა! ეგ როგორ არ ვიცოდი, ძალით ჩავიჭერი.
- "სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება ხოლმე სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება", - რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?
- "არსენა მარაბდელის".
- რომელი ქვეყნის დედაქალაქია აბუჯა?
- არ ვიცი.
- ნიგერიის. თავდაპირველი მნიშვნელობით, ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა. ინგლისის ხაზინის კანცლერი, ამ ქვეყნის პარლამენტის წინაშე მოსალოდნელი ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ მოხსენების დროს, ტყავის ტომრით ხელში (მასში საფინანსო დოკუმენტაცია ეწყო) წარდგებოდა ხოლმე. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დამკვიდრდა როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი. რა ტერმინია ეს?
- საქართველოშიც ასე ჰქვია?
- დიახ.
- ვერ გიპასუხებ.
- ბიუჯეტი. ამერიკელები ამაყობენ იმით, რომ არც ერთ მათ პრეზიდენტს ეს გარეგნული ნაკლი არ ჰქონდა. რას გულისხმობენ ისინი?
- აბა, რა ვიცი?
- ეს "ნაკლი" შენ - არა, მაგრამ მსოფლიოში ბევრ მამაკაცს აქვს. თანაც, ზოგს ძალიან უხდება.
- ნაკლი უხდება? ა! მივხვდი, სიმელოტეზეა ლაპარაკი.
- XVI-XVII საუკუნეებში აგებული რომელი ცნობილი ციხეა დუშეთის რაიონში?
- ანანური.
- ვის მიმართავდა ლადო ასათიანი სიტყვებით: "თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა"?
- "ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,/ თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა,/ შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!/ ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?"
- XV საუკუნეში შედგენილ რუკაზე იქნებოდა თუ არა აღნიშნული ავსტრალია და ამერიკა?
- არა მგონია.
- რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. რომელ საოპერო თეატრშია შესაძლებელი ერთდროულად 4 წარმოდგენის გამართვა - სიდნეის, ლა სკალას თუ მეტროპოლიტენის?
- ლა სკალას.
- სწორი პასუხია - სიდნეის. ფეხბურთი გიყვარს?
- არა, და გეხვეწები, სპორტის ამ სახეობაზე არაფერი მკითხო.
- კითხვებს თავად არ ირჩევ...
- ეს რა დღეში ჩავვარდი. კიდევ ბევრი დარჩა?
- არა, უკვე ვამთავრებთ. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ვინ არის აღიარებული ფანდების დიდოსტატად?
- მაგდენი კი ვიცი - მიხეილ მესხი.
- რომელი ტომის ინდიელები ცხოვრობდნენ მექსიკის, ჰონდურასისა და გვატემალის ტერიტორიაზე?
- ვერ გიპასუხებ.
- მაიას ტომები. როგორ მოკვდა ლუარსაბ თათქარიძე?
- საჭმელი ვერ მოინელა და დაიღუპა.
- რა ამშვენებდა რომში კაპიტოლიუმის ბორცვს საუკუნეების განმავლობაში?
- არ ვიცი.
- გაიხსენე, რომელი ცხოველის წყალობით გადარჩნენ რომის დამაარსებელი ძმები - რემუსი და რომულუსი?
- არ მახსენდება.
- რომში ძუ მგლის ქანდაკება იდგა. ანდაზის მიხედვით, რა არ დაიმალება თივაში?
- ცეცხლი.
- დაბოლოს, დაასრულე ცნობილი ფრანგი პოეტისა და ფილოსოფოსის, პოლ ვალერის გამონათქვამი: "წიგნებს ისეთივე მტრები ჰყავთ, როგორც ადამიანებს - ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და..."
- ვერ დავასრულებ.
- "...მათივე შინაარსი".
თამუნა კვინიკაძე