ლევან რატიანის ცხოვრების აქამდე უცნობი ამბები - გზაპრესი

ლევან რატიანის ცხოვრების აქამდე უცნობი ამბები

ლევან რატიანი ახლა უჩინარ მტერთან ბრძოლის პირველ ხაზზეა. ჩვენ ამ ბრძოლისას გავიცანით, თუმცა მის ბიოგრაფიაში, 2008 წელს ნამდვილი ომიც ყოფილა, ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე. გოგონა, რომელიც მასთან ერთად თეთრხალათიანი მებრძოლი იყო, დღეს მისი მეუღლეა და სამ შვილს ერთად ზრდიან. დანარჩენს კი ლევან რატიანის დედა, მარინა გვასალია მოგვითხრობს.

- ლევანის ბაბუა და დიდი ბაბუა ექიმები იყვნენ. ჩვენს ოჯახში ეს ტრადიცია ჩემმა შვილებმა გააგრძელეს. ლევანი სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, ბებიამისმა მისი დანახვისთანავე თქვა, ექიმი უნდა გამოვიდესო. სხვა პროფესიაზე არც უფიქრია, ყველა ბალიში ნემსით ჰქონდა დაჩხვლეტილი.

- მის თვისებებზე რას გვეტყვით, ლევანი რით არის გამორჩეული?

- საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან მიძნელდება.

- რატომ?

- ძალიან კარგი შვილია, კარგი ადამიანია და ეს ყველაფერი რომ ვილაპარაკო, მისი ქება გამომივა. რადგან მთხოვთ, უნდა გიპასუხოთ. ლევანი არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, საოცრად მიზანდასახული და მშრომელი. ჩვენ პატარა ფოთში ვცხოვრობთ, ახლა გელაპარაკებით და ვუყურებ ხეებს, რომლებიც პატარა ლევანის დარგულია...

შვილმა დედა რომ გაგაბრაზოს ან უნებლიეთ რაღაც გაწყენინოს, ხომ ძალიან ბუნებრივი მდგომარეობაა? ლევანისგან მსგავსი ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება. დაზე თითქმის 6 წლით უფროსია. თამუნა სკოლიდან რომ მოვიდოდა, თამაშს თუ დაიწყებდა, დაუძახებდა, - ჯერ გაკვეთილები არ მოგიმზადებია და როგორ თამაშობო?!. თამუნა დღეს პედიატრია და ეს ლევანის დამსახურებაა. თავად საოცარი დისციპლინით გამოირჩეოდა. ფოთის მეორე გიმნაზია დაასრულა. საღამოობით მეტყოდა ხოლმე, - მოდი, გაკვეთილები ჩაგაბაროო. - ვიცი, გეცოდინება, ხომ იცი, გენდობი-მეთქი, ვუპასუხებდი. მის დღიურებს დღემდე ვინახავ. 4-იანს თუ მიიღებდა, შინ ატირებული ბრუნდებოდა და მსაყვედურობდა, შენი ბრალია, შენ მითხარი, იცი, თორემ კიდევ წავიკითხავდიო. მოსიყვარულე და მზრუნველია. აქვს უნარი, ყველას ტკივილი გულთან მიიტანოს, ექიმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, დღეს ასეთი წარმატებული რომ არის.

GzaPress

- მის პირდაპირ ჩართვებს რომ უყურებთ, რა განცდა გეუფლებათ? - ვაიმე, ეგ არის, რაც არის, არ ვიცი, რას შევადარო. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური წუთებია.

- ნერვიულობთ?

- ძალიან. რამდენჯერმე ვუთხარი, კორონას თუ გადავურჩი, შენ მომკლავ-მეთქი. ზოგჯერ ისეთი გაბრაზებული ლაპარაკობს, გული მიჩერდება.

- შენიშვნებს ან რჩევებს აძლევთ?

- არა, იმიტომ, რომ ვიცი, მერე ინერვიულებს, განიცდის.

- შეყვარებული ლევანი - ამ თემაზე რას გვეტყვით? ცნობილია, რომ მისი მეუღლეც ექიმია.

- დიახ. გვანცა არაჩვეულებრივი გოგოა. 3 შვილს ზრდიან, ეს ადვილი არ არის. 2008 წლის ომში ლევანი და გვანცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში მუშაობდნენ.

- მათი სიყვარულის ამბავი აგვისტოს ომის დროს დაიწყო?

- ვიცი, რომ ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ. როგორც ჩანს, მერე მეტად დაახლოვდნენ. დღეს ლევანი ასეთი წარმატებული რომ არის, ამაში გვანცას წვლილიც დიდია. პაციენტს თუ სჭირდება, ღამის 2 და 4 საათზე, ოჯახს ტოვებს და მიდის. ერთი პერიოდი ლევანთან უფრო ხშირად ვიყავი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? სახლში ვერ ვხედავდი, სულ სამსახურში იყო. ვეუბნებოდი, შენს სანახავად ჩამოვედი და აქაც ვერ უნდა გნახო-მეთქი? შუაღამისას შემოვიდოდა ოთახში, მაკოცებდა და მეტყოდა, საავადმყოფოში უნდა გავიქცეო.

გვანცასა და ლევანს ჯერ ნიშნობა ჰქონდათ, შემდეგ - ქორწილი თბილისსა და ფოთში. ლევანი მზრუნველი მეუღლეა. ყველა დედას ვუსურვებ, მისნაირი შვილი გაეზარდოს, გამორჩეულია. რა ვქნა, ასეა და სხვაგვარად როგორ ვთქვა?

GzaPress

- დიდი ხანია, არ გინახავთ? - 1-ლ თებერვალს თამუნას შვილის ნათლობა გვქონდა, იქ მოვიდა და მას შემდეგ მეც ტელევიზორში ვუყურებ. ცოლ-შვილიც არ უნახავს. სახლში რომ არ არის, ბავშვი მამად ვერ აღიქვამს. ერთხელ მისული რომ დაუნახავს, დედამისისთვის უთქვამს, ის კაცი მოვიდაო. რა ქნას, ოჯახს მაქსიმალურად ერიდება. ახლა მისი საქმიანობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ტელევიზორში იტალიის ერთ-ერთი კლინიკიდან კადრები აჩვენეს, მოგეხსენებათ, იქ არაერთი ექიმი დაიღუპა, პაციენტებისგან დაავადდნენ. ამ კადრების ნახვის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, ეს ამბავი ლევანისთვის არც გამიმხელია, დიდი ნერვიულობა გადავიტანე, მაგრამ დავუმალე. რთულ პაციენტებთან უწევს საქმიანობა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, ჩემ უკან ღმერთიაო...

- ლევანი მორწმუნეა. ჩვენი ოჯახიც ასეა, უფლის გვჯერა, მას ვევედრებით, ეშველოს ჩვენს ქვეყანას. ერთხელ ფოთში მივდიოდით, გზად დაინახა, მარიამ ღვთისმშობლის ხატი იყიდებოდა. ძალიან მთხოვა, ვიყიდოთო, არადა, იმის გასააზრებლად, რას ითხოვდა, ძალიან პატარა იყო, 4 წლის იქნებოდა, სკოლაში არ დადიოდა. ადამიანები ზოგჯერ ღმერთს გაუაზრებლად შევწუწუნებთ, ასე იყო ცოტა ხნის წინაც, გამოჩნდა ეს ვირუსი და ახლა ის მდგომარეობა სანატრელი გაგვიხდა.

ლევანი ემოციურია, არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, არ მოგვიკითხოს, ღამის 2 ან 3 საათიც რომ იყოს, როგორც კი გათავისუფლდება, დაგვირეკავს და ამბავს გაიგებს. პირველი პაციენტი რომ გამოუჯანმრთელდა და ვირუსზე უარყოფითი პასუხი მიიღო, იმდენად გახარებული იყო, ემოციებს ვერ ფარავდა, შუაღამისას დაგვირეკა, დილამდე მოთმენა ვერ შეძლო.

ჩემი ქალიშვილის ქმარიც რეანიმატოლოგია, ლევანთან მუშაობს. მათ კლინიკაში პირველი ვირუსიანი პაციენტი რომ შეიყვანეს, თამუნას მეუღლემ დაურეკა, ასეთი მდგომარეობაა და სახლში არ დამხვდეო. მორიგეობას რომ დაასრულებდა, შინ ხომ უნდა დაბრუნებულიყო. მაშინ ბავშვი 5 თვის იყო. ყველანი ფოთში წამოვედით, მას შემდეგ აქ არიან.

- მითხარით, რომ ლევანი აგვისტოს ომში სამედიცინო ბრიგადის წევრი იყო. გთხოვთ, ის პერიოდი გაიხსენეთ.

- თავდაპირველად არ ვიცოდი, ლევანი ფრონტის ხაზზე თუ შედიოდა, შემდეგ გავიგე, თამუნამ მითხრა, დამალვა ვეღარ შეძლო. ის დღეები, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ჩემთვისაც უმძიმესი იყო. "სასწრაფოთი" დაჭრილები გადაჰყავდა. ერთ დღეს ლევანთან ტელეფონით დაკავშირება ვეღარ შევძელით. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ. რა უნდა მეფიქრა? ხომ წარმოგიდგენიათ, შინ როგორი მდგომარეობა გვექნებოდა?! მოგვიანებით, როგორც იქნა, თავად დაგვიკავშირდა. მითხრა, - დედა, აქ ყველაფერი დამთავრდა და მალე წამოვალო. სულ ეს იყო, გავიგე, რომ ცოცხალი გახლდათ. ცხინვალის მისადგომებიდან თბილისში შემოვლითი გზით დაბრუნდა. ჩამოსვლას 7-8 საათი მოანდომა. მისი შინ დაბრუნება ხელახლა დაბადების ტოლფასი იყო.

- იქ ნანახზე რას გიამბობდათ?

- მდგომარეობას ძალიან განიცდიდა, ერთი ექიმიც დაეღუპათ. ომი იყო, მაგრამ ახლაც არანაკლები ომია. ახლა მტერი უხილავია.

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, ლევანი წარმატებული რისი წყალობით გახდა? - ძალიან მონდომებული იყო, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სიყოჩაღით, შრომის სიყვარულითა და დისციპლინით შეაყვარა თავი. მისი დეკანი არაჩვეულებრივი პიროვნება თემურ პეტრიაშვილი გახლდათ. როცა ლევანმა სადოქტორო დაიცვა, მაშინ ბატონმა თემურმა თქვა, ლევანი ისეთი სტუდენტი იყო, რამე რომ გამიჭირდეს, მასთან არაფრის შემეშინდება, საკუთარ სიცოცხლეს ვანდობო. ლევანისთვის ჩემი და სხვისი არ არსებობს, მისთვის ყველა მისიანია. ხასიათი აქვს ასეთი, ყველა ადამიანი უყვარს, კეთილია.

რადგან წარჩინებული სტუდენტი იყო, პრეზიდენტის სტიპედიანტი გახდა, 150 ლარს იღებდა. ჩვენი ოჯახი მატერიალურად სიმდიდრით გამორჩეული არასდროს ყოფილა. ორი შვილი სტუდენტი რომ მყავდა, დასაქირავებლად სულ იაფფასიან ბინას ვეძებდი. ორი სტუდენტის თბილისში შენახვა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ორივენი იმდენად მოწესრიგებულები იყვნენ, არ მახსოვს, 20 თეთრიც კი უაზროდ დაეხარჯოთ. ყველა ნაბიჯს გააზრებულად და მიზანმიმართულად დგამდნენ.

- როგორ ფიქრობთ, ლევანი ამ ინტერვიუს წაიკითხავს?

- კი, აუცილებლად გაეცნობა, მაგრამ შეიძლება მისაყვედუროს: არ უყვარს, მასზე საქებარ სიტყვებს რომ ვამბობ.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის! ჩვენი ჟურნალის სახელით მადლობას ვეტყვით ბატონ ლევანს და წარმატებებს ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე