გიგა ტაბიძე შვილის მოლოდინშია - გზაპრესი

გიგა ტაბიძე შვილის მოლოდინშია

იუმორის სფეროში დაბრუნებული გიგა ტაბიძე ახალ, სახალისო პერსონაჟებს წარმატებით ასახიერებს, თუმცა აღიარებს, რომ ჯერ ისეთი "აგორებადი" როლი არ შეუსრულებია, როგორიც "ჭამე ნოდარი" იყო...

"მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე"

- ბავშვობაში მრავალფეროვანი ოცნებები მქონდა. ერთ-ერთი ოცნება იყო, ისეთი საქმე მეკეთებინა, რომელიც ტელევიზიით გამოჩნდებოდა, ფართო მასებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. მგონი, ამ ოცნებას ვისრულებ.

- ზუსტად იცოდი, კონკრეტულად რა უნდა გეკეთებინა, რომ შენი საქმე ტელეეკრანზე გამოჩენილიყო?

- ზუსტად - არა. "მანსანკანს" ვთამაშობდი და ნელ-ნელა იქ მოვხვდი, სადაც ახლა ვარ.

- დღემდე ბურუსით მოცულია მიზეზი, რის გამოც თავის დროზე "რუსთავი 2"-დან წახვედი...

- მიზეზი არც მაშინ მითქვამს და თქმას არც ახლა ვაპირებ. არ არის ლამაზი, როდესაც ოჯახიდან (ადამიანებთან წლების განმავლობაში რომ მეგობრობ, ამას უკვე "ოჯახი" ჰქვია) მიდიხარ და ისეთ რაღაცებზე საუბრობ, რაც შიდა სამზარეულოა. ისე დარჩეს, როგორც იყო...

- "მთავარზე" როგორ მოხვდი?

- "კომედი ჯგუფი" რომ გაიყო, მუშაობა ჯერ "რუსთავი 2"-დან შემომთავაზეს, შემდეგ - "მთავარი არხიდან". მიმაჩნია, რომ საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე. ისე, სადაც კი მიმუშავია, აბსოლუტურად ყველასთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს.

GzaPress "ახლა უკეთ ვმუშაობ..." - "ახალი შაბათის შოუში" ბევრი პერსონაჟი გაჩნდა. ამ მიმართულებით, ახლა უკეთ ვმუშაობ, ვიდრე "რუსთავი 2"-ში ყოფნისას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით, "ჭამე ნოდარის" მსგავსი "აგორებადი" პერსონაჟი არ მყავს. ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი გმირი "სკეტჩში" - "მეგრელი სტუდენტი" შოთიკოს როლია. რაღაცნაირად, მომწონს... "ჭამე ნოდარი" ძველი პერსონაჟია. რამდენჯერმე ვთქვით, - ხომ არ დავაბრუნოთ-თქო? ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ.

- "ახალი შაბათის შოუში" "ზარმაცი ცოლის" ეპიზოდის იდეა როგორ გაჩნდა, ამაში წვლილი თავადაც მიგიძღვის?

- სიმართლე გითხრა, ზუსტად არ მახსოვს, ვისი იდეა იყო, რადგან გუნდში ყველა რაღაც სასიკეთოს ამბობს. საბოლოო ჯამში, გვავიწყდება, საუბარი ვინ დაიწყო. ჩვენთვის მთავარია, საბოლოო პროდუქტი კარგი იყოს. დარწმუნებული ვარ, ამ ეპიზოდის შექმნის იდეაში მონაწილეობას მეც მივიღებდი... კაცი, რომელსაც ზარმაცი ცოლი ჰყავს, საყვარელ პერსონაჟად იმიტომ არ დავასახელე, რომ ამ სკეტჩში სიტუაცია უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი პერსონაჟი: სახასიათოს არაფერს ვაკეთებ, გამოკვეთილ გმირს არ ვასახიერებ, თორემ სკეტჩი ძალიან მომწონს - ციაკო შეუდარებლად თამაშობს... მერე, გამოხმაურების მიხედვით, აღმოვაჩინე, რომ "ზარმაცი ცოლი" ბევრისთვის გასაგები ტკივილი ყოფილა. ამ სკეტჩმა გაამართლა (იცინის)... მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ისეთი ზარმაცი ადამიანი შემხვედრია, როგორიც ციაკოს პერსონაჟია. "ახალ შაბათის შოუში" რაღაცებს გაზვიადებულად ვაკეთებთ, თორემ, ცხადია, ზარმაცები არსებობენ.

- თათია სულუაშვილის პერსონაჟი - "მსუქანი დაქალი" შენს გმირთან რომანტიკული ურთიერთობის ინიციატორია. რეალურ ცხოვრებაში როგორი ხარ - გაქვს მოთმინების უნარი, რომ ტაქტიანად აირიდო არასასურველი ურთიერთობა?

- სიტუაციას, გარემოსა და ადამიანს გააჩნია. საერთოდ, პირდაპირი ვარ. ამ სკეტჩში ჩემი პერსონაჟი მწარე რაღაცებს ამბობს. ასეთი არ ვარ...

- დაოჯახებამდე, როცა არასასურველი გოგონები გეფლირტავებოდნენ, როგორ იქცეოდი?

- მგონი, ეგ ეტაპი ბევრის ცხოვრებაში დგება. ასეთი შემთხვევები მეც მქონდა - არცთუ ისე ცოტა... უბრალოდ, წარსულში მომხდარ რაღაცებს დიდად არ ვიხსენებ, ამის აფიშირებას არ ვახდენ...

ჰობად ქცეული მკლავჭიდი - დიდი ხნის განმავლობაში, სპორტს მივდევდი. "კომედი შოუში" მოხვედრამდე მკლავჭიდით ვიყავი დაკავებული. მერე შევეშვი... ბოლო დროს (2 წელია), მოყვარულის დონეზე ვვარჯიშობ - მინდა, ადაპტაცია გავიარო. სპორტის ეს სახეობა მიყვარს. მგონი, ჯერ კიდევ გვიანი არ არის, რომ რაღაც შედეგი მივიღო... ჩემთვის მკლავჭიდი ჯერჯერობით, ჰობივით არის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს...

GzaPress "ამ საქმეს არც უნდა დავშორებოდი" - პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ჩემი პროფესიით ძალიან ცოტა ხანს - 3-6 თვე ვიმუშავე (იცინის). ამ საქმეში რაღაცები არ მომეწონა, ჩემად ვერ ვიგულე. რაღაცები სხვაგვარად წარმომედგინა...

- თავის დროზე ეს პროფესია რატომ აირჩიე?

- ჩემს არჩევანში ალბათ, დედამ ითამაშა დიდი როლი - ფარმაცევტი გახლავთ. საერთოდ, სამედიცინო უნივერსიტეტი მომწონდა. სულ მინდოდა, იქ მოვხვედრილიყავი. პროფესიების ჩამონათვალიდან, როცა არჩევანი უნდა გამეკეთებინა, რაღაცნაირად, ფარმაცია ავირჩიე... ახლა ძალიან კარგ საქმეს ("ახალ შაბათის შოუში") ვაკეთებ. მე თუ მკითხავთ, ამ საქმეს არც უნდა დავშორებოდი...

- ამჟამად როგორ მუშაობ?

- გასაგები მიზეზების გამო, ახლა პაუზა გვაქვს აღებული. ველოდებით, ქალაქებს შორის მიმოსვლა როდის აღდგება და ყველაფერი გაიხსნება. შემდეგ მუშაობას განვაახლებთ. დიდი ალბათობით, სეზონს ასე არ დავასრულებთ. დისტანციურად ვმუშაობთ - "ვანოს შოუ" არ გაჩერებულა, პერიოდულად ჩართვები გვაქვს... მოკლედ, რეალობას არ ვწყდებით.

ოჯახი - ჩემი ოჯახის წევრები არიან: მამა, დედა, მეუღლე... 2 წელზე მეტია, რაც დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ნატალია თავაძე გახლავთ. შვილის მოლოდინში ვართ...

"ეზოში ბევრი სამუშაოა - ფორმიდან ამოვარდნის საშიშროება არ მემუქრება" - თვითიზოლაციის პერიოდს ქუთაისში, შინ ვატარებ. ეზოში მუშაობით დროს ვკლავ. პანდემიის დადებითი მხარეებიც აღმოვაჩინე: მაგალითად, კარანტინმა ხალხი თავის სახლებში დააბრუნა, ძველი ურთიერთობები აღდგა... პლუს, ეზოში ვმუშაობთ, ხალხი სოფელს დაუბრუნდა... კორონავირუსის უარყოფითი მხარეები გასაგები და ცუდია. ჩემს შემთხვევაში, რაღაცები გავაუმჯობესე, რაც ადრე მივიწყებული მქონდა... ახლა ველოდები: ალბათ, ცხოვრება ისევ ძველ ლიანდაგზე დადგება.

- პანდემიამდე პერიოდის ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გენატრება?

- სიმართლე გითხრა, ურთიერთობები მომენატრა. მართალია, ბევრი მივიწყებული ურთიერთობა აღდგა, მაგრამ სხვა ურთიერთობებიც ხომ გვქონდა?! ალბათ, ადამიანებმა ერთმანეთი უფრო დავაფასეთ... როცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, სამსახურში წავალ - ბიჭებთან ერთად მუშაობა მომენატრა... დარბაზში ვარჯიშსაც განვაახლებ, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა. ახლა ეზოში ბევრი სამუშაოა. ამიტომ ფორმიდან ამოვარდნის საშიშროება არ მემუქრება...

ეთო ყორღანაშვილი