გაუთვალისწინებელი შემთხვევები, გულშემატკივრები და წინასაგამოცდო მღელვარება
წელს კორონავირუსმა ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც გარკვეული შეზღუდვები შეიტანა: თერმოსკრინინგის აუცილებლობა, სამედიცინო ნიღბის ტარება, საგამოცდო სექტორში კონდიციონერის გარეშე ყოფნა... იმედია, აბიტურიენტები გამოცდებს წარმატებით გაუმკლავდნენ, ჩვენ კი რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ, როგორ პირობებში და რა ფორმით აბარებდნენ გამოცდებს, რომ სტუდენტები გამხდარიყვნენ.
ლევან ყოჩიაშვილი:
- "წინა ცხოვრების" ადამიანი ვარ: ჩემი აბიტურიენტობისას ეროვნული გამოცდები არ იყო. მისაღებ გამოცდებზე იცით, გული როგორ მიფეთქავდა? ყელთან ამოდიოდა, თითქოს ახლა სულიც გადმოვაო... ასეთი შეგრძნება მქონდა, მართლა გეუბნებით! ალბათ ახლა ყველა აბიტურიენტი ამას განიცდის. ამის გამეორება არ მინდა, მეორედ იმავეს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ვინერვიულე. მგონი, წონაშიც დავიკელი... შეიძლება, ადამიანმა რამე იცოდე, მაგრამ გამოცდაზე გასულს გავიწყდება, როცა შეჯიბრების, კონკურენციის დრო დგება.
- მისაღებ გამოცდებზე ვინ გგულშემატკივრობდათ?
- მამაჩემი ყველა გამოცდაზე თან მახლდა. ვამბობდი, - სხვა არავინ მოვიდეს-მეთქი, რადგან მაშინ რაღაცები კარგად დამებედა (იცინის)... როცა გამოცდები ჩავაბარე, უკვე იმაზე ვფიქრობდი, რომ კარგად მესწავლა, კარგი მსახიობი გამოვსულიყავი. მსახიობობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროფესიაა. როცა ამ სფეროში მუშაობას ირჩევ, ყოველთვის გეუბნებიან, რომ ფული არასოდეს გექნება, კარგი მსახიობი ვერ იქნები... მინდა, რომ უნივერსიტეტში ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს. მონდომებით და სწავლით ვცდილობდი, რომ ასეთი დამოკიდებულებისთვის მეჯობნა და დამემტკიცებინა, რომ ამ ქვეყანაშიც შეიძლება, მსახიობი იყო.
ხატია შამუგია:
- წინათ, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები უფრო განსხვავებული იყო, ვიდრე ახლაა, რა თქმა უნდა. ის ბევრად უფრო სტრესული იყო... წელს ჩემი შვილი აბიტურიენტია და ეროვნული გამოცდების ამბებში კარგად ჩართული ვარ, კარგად ვიცი, ახლა რა ხდება... ჩემი აბიტურიენტობისას სხვა პერიოდი იყო: მაშინ მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში აბარებდი და შესაბამისად, იქ აუცილებლად უნდა მოხვედრილიყავი. ახლა ბევრ უნივერსიტეტს უთითებ, სტრესიც ნაკლები გაქვს და შესაძლებლობაც მეტია. ამიტომ მგონია, რომ ყველაფერი გაცილებით გაიოლებული, მარტივი და კომფორტულია... თან, მაშინ ზეპირი გამოცდები იყო: 3 ზეპირი და ერთი წერითი გამოცდა ჩავაბარე. იმასთან შედარებით, ახლანდელი ეროვნული გამოცდები ძალიან კომფორტულად მიმაჩნია.
- გამოცდებზე სიმკაცრის ხარისხი როგორი იყო?
- დამკვირვებლები მაშინაც იყვნენ, რა თქმა უნდა. თან, უმაღლესი ნიშანი თუ გინდოდა, გამოცდის ჩაბარებას დაბალი ნიშნიდან იწყებდი და ყველა ლექტორი უნდა მოგევლო ანუ "8-იანისთვის" ერთ ლექტორთან გადიოდი გამოცდაზე, მერე, თუ ის საჭიროდ მიიჩნევდა, "9-იანისთვის" სხვა ლექტორთან გაგიშვებდა, "9-იანის" ლექტორი "10-იანისთვის" სხვასთან გიშვებდა... ეს სტრესული, რთული, არცთუ ისე სასიამოვნო იყო.
- კომფორტული პირობები იყო? მაგალითად, სიცხეს ხომ არ შეუწუხებიხართ?
- გამოცდები დილით მქონდა. არ მახსოვს, სიცხეს შევეწუხებინე... ახლა ნიკუშას ერთი გამოცდა უკვე ჰქონდა, 147-ე სკოლაში - მშვენიერი ეზოა, თავისი ნაძვებით. ბავშვმაც თქვა, რომ სიცხეს ნამდვილად არ შეუწუხებია. თავად გამოცდების ჩაბარების სისტემა ახლა ბევრად უფრო საინტერესო და მარტივია, ვიდრე წინათ იყო. მგონია, რომ აბიტურიენტმა თუ რამე იცის, უნივერსიტეტში აუცილებლად მოხვდება. წინათ ასეთი შანსი არ იყო, კონკურენციაც მაღალი იყო... მოკლედ, დღევანდელი საგამოცდო სისტემა მომწონს.
ეკო ფანგანი:
- ჩემი აბიტურიენტობისას ყველაფერი სხვანაირად იყო: სკოლაში მე-11 კლასი დავასრულე (მაშინ 12 კლასი არ იყო) და მისაღებ გამოცდებზე გავედი. ყველა მგულშემატკივრობდა: დედა, მამა, ბებიები, ბაბუა, მამიდები, დეიდა...
- გულშემატკივრები თან გახლდნენ?
- ყველა გარეთ იყო, როცა გამოცდებს ვაბარებდი. მაშინ ბევრი ხალხი იყო ხოლმე.
- რომელი ფაკულტეტი აირჩიეთ?
- საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. ეს ფაკულტეტები მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ჰქონდა.
- მისაღებ გამოცდებზე თავდაჯერებული გახვედით?
- არ მახსოვს. კარგი განწყობა მქონდა. ადამიანმა ყველაფერში შეიძლება, ეჭვი შეიტანო. უბრალოდ, ვისაც უნდოდა, "ჩაგჭრიდა", როგორი მაგარი აბიტურიენტიც უნდა ყოფილიყავი. ჩემს ფაკულტეტზე ყველაზე მაღალი ქულებით ჩავაბარე.
- როგორ ფიქრობთ, სტუნდეტად გახდომა ახლა უფრო იოლია თუ მაშინ იყო?
- არ ვიცი. დაახლოებით ვიცი, ეროვნულ გამოცდებს როგორ აბარებენ. ამის მიხედვით ვერ ვიმსჯელებ. როგორც ვიცი, რამდენიმე უნივერსიტეტს ირჩევენ. მერე რა ხდება, აღარ ვიცი... ჩვენს დროს თითქმის ყველა ფაკულტეტზე ქართული წერის გამოცდა ყოველთვის პირველი იყო, შემდეგ - გარკვეული საგნების, ბოლოს კი - იმ სპეციალობის, რომელსაც ირჩევდი...
- მაშინ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაზე როგორი წარმოდგენა გქონდათ და რეალურად, რა დაგხვდათ?
- ზუსტად ისეთი წარმოდგენა მქონდა, როგორიც იყო. საკმაოდ დიდხანს საკონსტიტუციო სასამართლოში ვმუშაობდი. მიმაჩნია, რომ 17 წლის ასაკში პროფესიის არჩევა ძალიან ნაადრევია, მაგრამ მაშინ ცოტა სხვა დრო, სიტუაცია იყო. ახლა მეტი საშუალებაა, თუნდაც - ფაკულტეტების შერჩევის თვალსაზრისით, უნივერსიტეტების დიდი არჩევანია.
რამილია ალიევა:
- რადგან აზერბაიჯანული სკოლა დავამთავრე, ეროვნული გამოცდებიდან მხოლოდ ერთის (უნარების) ჩაბარება მიწევდა - ჩემს მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე. ჩავაბარე და უნივერსიტეტში ჩავირიცხე. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან გამოცდების ჩაბარებისას ქართული ენა არ ვიცოდი. ვხვდებოდი, რომ სწავლა ძალიან რთული იქნებოდა (ქართულენოვან სექტორზე ჩავაბარე). მაშინ ეროვნული გამოცდები ახალი დაწყებული იყო - პირველი ნაკადის წარმომადგენელი გახლდით... იმ აბიტურიენტების ძალიან კარგად მესმის, ვინც წელს აბარებენ, რაღაც ახლისთვის ემზადებიან. ჩემთვისაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება იყო. ეს განცდები ისე მომენატრა, რომ წელს ვაპირებ, ისევ სტუდენტი გავხდე - დოქტორანტურისთვის ვემზადები... წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს განსაკუთრებულ პირობებში აბარებენ. ალბათ მეტი მოთმინება და ბევრ დეტალზე ფიქრი სჭირდებათ. პირველ რიგში, ყველა მათგანს ჯანმრთელობას ვუსურვებ, შემდეგ - მოთმინებას, წარმატებას, სტუდენტის სახელის მოპოვებას და სახელმწიფო გრანტს, რა თქმა უნდა, რადგან ყველასთვის უმნიშვნელოვანესია, მაღალი შეფასება და სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს.
ნინი გრძელიშვილი:
- მგონი, მეექვსე კლასიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ვისწავლიდი. აბიტურიენტობა საკმაოდ ტკბილად მახსენდება. დაძაბულობა, სტრესი ნაკლებად მქონდა. ეროვნულ გამოცდებზე თავდაჯერებული, ძალიან კარგად მომზადებული გავედი. ყველაზე ემოციური გამოცდების შედეგების ლოდინი იყო. იმ ზაფხულს არც დასვენება შემერგო და საერთოდ, გული ვერაფერს დავუდე, სანამ პასუხები არ შევიტყვე... ყველას ცხოვრებაში, გამოცდების პერიოდი მაინც სტრესულია. მახსოვს, ძალიან ცხელოდა. მართალია, ნიღაბი არ გვეკეთა, მაგრამ რატომღაც, კონდიციონერის ჩართვის საშუალება მაშინაც არ იყო. თან, ფანჯარასთან ჯდომა მომიხდა, სადაც პირდაპირ მზის სხივები მირტყამდა. გამოცდიდან დასიცხული და გაუბედურებული გამოვედი... საგამოცდო ცენტრი ჩემი სახლიდან შორს იყო - ფაქტობრივად, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა მომიხდა. ბოლო გამოცდაზე, როცა ტაქსით ვმგზავრობდი, შუა გზაში ავტომობილი გაფუჭდა და მძღოლმა სხვა ტაქსიში გადაგვსხა. მეორე ტაქსისაც რაღაც დაემართა... ის დღე ყველაზე კოშმარული იყო! საგამოცდო ცენტრში გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივედი. გზაში იმდენი ვინერვიულე, რომ არაფრის დაწერის თავი არ მქონდა. მერე მეცინებოდა, როცა მახსენდებოდა: ორივე ტაქსი გაფუჭდა და შუა გზაში ჩამომსვა (იცინის).
- რომელ საგანში გქონდა გამოცდა?
- ისტორიაში.
- როგორ გაართვი თავი?
- საკმაოდ მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ ისე ვინერვიულე, დედამ გზაში დამამშვიდებელი დამალევინა, რომ გამოცდაზე ცოტათი მოდუნებული შევსულიყავი. მეგონა, მორჩა დავიღუპე, მთელი წელი წყალში ჩამეყარა.
- დედის გარდა, საგულშემატკივროდ ვინმე გახლდა?
- მხოლოდ დედა მახლდა. 1-ლ და 2 აგვისტოს უკვე მაგისტრატურის გამოცდებს ვაბარებ. დედამ მითხრა, - ისევ მოვდივარო (იცინის). ვუპასუხე, - ნუ შეწუხდები, თავად წავალ-მეთქი. მაშინ მთელი სანათესავო გვირეკავდა - აბა, ნინიმ რა ქნაო?.. მოკლედ, როგორც თითქმის ყველა ოჯახში, ჩემთანაც ისეთივე სიტუაცია იყო. ახლა საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ გამოცდები უნდა ჩავაბარო. არც სერიოზულად ვემზადები... ახლა ჩვენს ოჯახში აბიტურიენტი ჩემი დეიდაშვილია. მთელი ოჯახი მის გამოცდებზეა გადართული.
ეთო ყორღანაშვილი