მესაიდუმლის მიერ ნაჩუქარი ელექტროსკუტერი და თვისება, რომელსაც მიშა ცინცაძე მთელი ცხოვრება ებრძვის
- მიშა, ყველაზე მეტად, დღის რომელი მონაკვეთი მოგწონს?
- საღამო, რადგან უფრო აქტიური ვარ. წესით, ამ დროს დაღლილი უნდა ვიყო, მაგრამ "ღამურა" გახლავართ: დილით ადრე არ ვიღვიძებ, ღამით კი გვიანობამდე აქტიური ვარ.
- როგორ სიზმრებს ხედავ?
- ძირითადად, სიზმრები არ მახსოვს ან ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. ისე, ფერად სიზმრებს ვხედავ.
- რომელი უარყოფითი თვისების დაძლევას ცდილობ?
- სიზარმაცის. სიზარმაცეა, რაც მთელი ცხოვრება "მომდევს" და ვებრძვი.
- ვინ არის შენი მესაიდუმლე?
- ჩემი მეუღლე.
- რომელია შენი საყვარელი სიმღერა?
- ბევრი საყვარელი სიმღერა მაქვს.
- მოზარდობისას ვისი ფანი იყავი?
- Queen ძალიან მიყვარდა.
- შენი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი რომელია?
- საყვირი.
- სულ რამდენ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ?
- არ დამითვლია. ზუსტად ვერ გეტყვი, რადგან შეიძლება, რომელიმე ინსტრუმენტი ხელში არასოდეს დამიჭერია, მაგრამ რომ დავიჭირო, რაღაც დავუკრა.
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?
- დროის გაჩერების, "დაპაუზების" უნარს.
- რატომ?
- რავი, ბევრი რამის მოსწრება, საინტერესო რაღაცის გაკეთება შეიძლება.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, შენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევ?
- ამაზე არ მიფიქრია... ჩემს ცხოვრებას მივყვები. არის პატარ-პატარა და დიდ-დიდი მიღწევები, მაგრამ რომელიმე რომ მთავარი იყოს, ასე არაა.
- საცობში მოხვედრილს, დრო როგორ გაგყავს?
- ვფიქრობ. საერთოდ, ფიქრი ყველაზე მეტად მიყვარს.
- საკუთარი გვარ-სახელი ბოლოს როდის "დაგუგლე"?
- არ მახსოვს. ისე, ხშირად "ვგუგლავ", როცა რაღაცის გახსენება ან ვინმესთვის ჩვენება მინდა.
- კმაყოფილი ხარ შენი ონლაინრეპუტაციით?
- ასე თუ ისე, კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება, კონკრეტული "ხაზით"... ვცდილობ, პროფესიული მიმართულება "წინ წამოვწიო".
- როცა საკუთარი თავი ეკრანზე პირველად დაინახე, ყველაზე მეტად თვალში საცემი რა იყო?
- ჩემი ხმა ვერ ვიცანი. ძალიან სხვანაირად მომესმა.
- შენი ცხოვრება ისეთია, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდი?
- როგორიც წარმომედგინა, დაახლოებით ისეთია, ოდნავი ცვლილებებით.
- მამობამ რა გასწავლა?
- ყურადღება.
- რა საერთო თვისებები გაქვთ შენ და შენს შვილს?
- თითქმის ყველაფერი - ცუდიც და კარგიც - საერთო გვაქვს. მას ჩემიც და ჩემი მეუღლის თვისებებიც ახასიათებს.
- როგორ ფიქრობ, ყველაზე უკეთ რომელი საქმის კეთება გამოგდის?
- მუსიკის "კეთება".
- დასასვენებლად რომელს ამჯობინებ - მთას თუ ზღვას?
- ზღვას, მაგრამ არც მთაზე ვამბობ უარს.
- მზის ამოსვლით უფრო ხშირად ტკბები თუ ჩასვლით?
- ჩასვლით.
- ყავა თუ ჩაი?
- ყავა.
- როცა უცხო ადამიანები ვერ გცნობენ, ხომ არ გწყინს?
- არანაირად.
- ბოლოს რა გაჩუქეს?
- მეუღლემ ელექტროსკუტერი მაჩუქა. ჩემთვის სასწაული საჩუქარი იყო!..
- შენთვის ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?
- ისევ და ისევ ფიქრი.
- შენი ცხოვრების მთავარი ღირებულება რა არის, რაც შენს ქმედებებს განსაზღვრავს?
- ალბათ - სიკეთე.
ეთო ყორღანაშვილი