რას წერენ თემო ნიქაბაძეს ნოდარ მელაძის პაროდიის შემდეგ - გზაპრესი

რას წერენ თემო ნიქაბაძეს ნოდარ მელაძის პაროდიის შემდეგ

იუმორისტი თემო ნიქაბაძე განსახიერებული როლებით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაყურებელს ამჯერად, ჟურნალისტ ნოდარ მელაძის პაროდია შესთავაზა. მის ამ როლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახარებს ის, რომ მაყურებელმა დადებითად მიიღო, ისევე როგორც - ტანდემი შორენა ბეგაშვილთან. ორი შეუხედავი "დის" ცხოვრებაში სიახლეა, მათ წლების წინ დაკარგული და დაუბრუნდათ. როგორც თემო ამბობს, სახალისო სცენებთან ერთად, მაყურებლისთვის დადგმას ვიზუალური კონტრასტი მეტად საინტერესოს ხდის.

- თემო, ვისი იდეა იყო, ნოდარ მელაძის პაროდია გაგეკეთებინა?

- ნოდარის ხმა და ბევრი ვიდეო "ტიკ-ტოკზე" დევს. ამ ვიდეოებს ხშირად ვნახულობდი. ერთ დღეს გავიფიქრე, მისი პაროდია ხომ არ მეცადა-მეთქი? მალე ეს ჩანაფიქრი რეალობად ვაქციე. ჩემი და ვახო ბიჭიკაშვილის იდეა იყო, მაყურებლისთვის ამ ფორმით მიგვეწოდებინა. ნოდარი ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით - ბოლო პერიოდში. ამ ნომერს ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

- თუ არ ვცდები, ეს შენი პირველი პაროდიაა. მომიყევი, ამ როლზე მუშაობის პროცესი როგორი იყო?

- დიახ, პირველი პაროდიაა. ეს ურთულესი ჟანრია, ყველაფრით უნდა დაემსგავსო: მიმიკა, ხმა, მოძრაობა... როდესაც გადაწყდა, ეს პაროდია უნდა გამეკეთებინა, ერთი კვირა, დღე და ღამე რეპეტიციებში გავატარე. ეს პერსონაჟი, მისი თითოეული წინადადება, იმდენად გამჯდარი მქონდა, უშუალოდ გადაღების პროცესი არ გამჭირებია.

- ბევრი დუბლის ჩაწერა არ დაგჭირდა?

- არა, მაგრამ დიდი ხანი ვიღებდით, ბევრი კამერა არ იყო საკმარისი, დრონით გადაღებაც იყო საჭირო. ტექნიკურად რთული პროცესი აღმოჩნდა.

- თქვენი "საველე სტუდია" სად იყო?

- უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდზე გადავიღეთ.

- სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირადად შენ რას გწერენ?

- სანამ ეთერში გავიდოდით, ჩვენს გვერდზე პატარა მონაკვეთი დაიდო. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ეს ჩემთვის სიახლე იყო და მაინტერესებდა, მაყურებლის რეაქცია როგორი იქნებოდა. უამრავი პირადი შეტყობინება მივიღე. ყველა ტექსტი დადებითი იყო და ეს ჩემთვის ძალიან დიდ სტიმულად იქცა. მაქვს მოტივაცია, მომავალში უფრო მეტი ვიმუშაო, მადლობა მაყურებელს.

- ამ პერსონაჟს მომავალშიც ვიხილავთ?

- ვნახოთ, რა მდგომარეობა იქნება. სავარაუდოდ, გაგრძელება ექნება.

- თავად ნოდარ მელაძე ხომ არ გამოგხმაურებია?

- არა.

- მისი პაროდია "ახალი შაბათის შოუშიც" იყო, ვასო ფხაკაძის შესრულებით, თანხვედრა მოხდა "იმერულ" ნაწილშიც. ეს უბრალო დამთხვევა იყო?

- დაემთხვა. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით, რიგ საკითხებზე ერთნაირი ხედვა გვაქვს.

- მის გამოსვლას როგორ შეაფასებ?

- ვასო თავისი საქმის პროფესიონალია. რომ შევხვდებით, ჩვენს ამ როლებზე აუცილებლად ვისაუბრებთ.

- იუმორისტულ შოუში პოპულარულია შენი და გივი პაპავას ტანდემი, დებს განასახიერებთ. მოსალოცი სიახლე გაქვთ - თქვენი დაკარგული და გამოჩნდა, რომელსაც შორენა ბეგაშვილი თამაშობს.

- დიახ, მაყურებლისთვის ეს ახალი პერსონაჟი საინტერესო აღმოჩნდა. ისევე როგორც ჩემი "დის" ქმრის, ლევან საგინაშვილის პერსონაჟის გამოჩენა. დის შემოსვლას არცთუ ისე სასიამოვნო ამბავი მოჰყვა. სავარაუდოდ, ეს კონფლიქტი მომდევნო სკეტჩში გაგრძელდება. ჩვენ შორის დიდი ვიზუალური კონტრასტია, მაყურებელს ესეც თავისებურად იზიდავს.

- შორენა როგორი პარტნიორია?

- ტექსტი წინადღეს გავუგზავნეთ. რომ მოვიდა, რეპეტიცია გავიარეთ და ძალიან იოლად, ერთი დუბლით გადავიღეთ. მას იუმორისტულ ჟანრში მუშაობის გამოცდილება აქვს, თამაში და როლის მორგება არ გასჭირვებია. შორენასთან მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო. მომავალში ერთად თამაშის საშუალება თუ გვექნება, გამიხარდება. გადასაღებ მოედანზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის შენი პარტნიორი, პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანური ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. შორენა ბოლომდე იხარჯებოდა, ძალიან ინდომებდა, რომ ყველაფერი კარგად გაეკეთებინა.

- თემო, დღეს უკვე პოპულარული ხარ. ამ სფეროში შენი პირველი ნაბიჯები გაიხსენე.

- თავდაპირველად თამაში ჩემი სოფლის სკოლის "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში" დავიწყე, შემდეგ ქუთაისის "კავეენის" გუნდმა ამიყვანა. სულ ვცდილობდით, ჩემპიონები გავმხდარიყავით. ამ წარმატებას 2016 წელს მივაღწიეთ და 2017 წლიდან "კომედი ჯგუფის" წევრი ვარ. ერთ-ერთი თამაშის დროს, მე და გივი პაპავამ ალეკო მალხაზიშვილისგან მივიღეთ შემოთავაზება. 2016 წლის 24 დეკემბერი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა და დავთანხმდით. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამაშები გაჩერებულია. ამ თამაშებზე ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოდის. ტელევიზიებისთვის კარგი რესურსის მოძიება შეიძლება.

- ფარცხანაყანევში, შენს მშობლიურ სკოლაში, იუმორისტის სტატუსით ხშირად გიწვევენ?

- ახლაც აქ ვარ, ამ სოფლიდან გელაპარაკები. "კავეენზე" ხშირად ჩამოვდივარ. ჩემი ძმა ამ სკოლაში სწავლობს. ეს სოფელი ძალიან მიყვარს, გული სულ აქეთ მომიწევს.

- ამ ადგილს შენთვის რა ხიბლი აქვს?

- აქ მშვიდად ვარ, აქ ვისვენებ და ბედნიერი ვარ... 4 წელია, თბილისში ვცხოვრობ, სოფელში ჩამოსვლას თვეში 3-4-ჯერ მაინც ვახერხებ. დამღლელი გადაღებების შემდეგ, აქ წამოსვლა წამალია. ჩემს სოფელში 5 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დიდი სოფელია და, რაც მთავარია, მიგრაციის პრობლემა ნაკლებად დგას.

- ცოტა ხნის წინ მამას მანქანა აჩუქე, არა?

- ერთ დღეს მე და მამა ერთად ვმგზავრობდით. მას წლების განმავლობაში ძველი მანქანა ჰყავდა, მაგრამ უვლიდა და კარგ ფორმაში იყო. ამ დღეს გამიჩნდა სურვილი, მამაჩემისთვის ახალი, უფრო კომფორტული მანქანა მეჩუქებინა. რამდენიმე დღეში სამსახური დამეწყო, თბილისში წავედი, მალე მანქანა ვიყიდე, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ მე და ჩემმა ერთმა მეგობარმა ვიცოდით, ოჯახის წევრებისთვის არ გამიმხელია. მამას მანქანა ყველასთვის მოულოდნელად ჩავუყვანე, - შენია-მეთქი. გაგიჟდა, ვერ ვაჯერებდი.

- რას გეუბნებოდა?

- სხვისი მანქანა წამოიყვანე? შენმა მეგობარმა იყიდაო?.. მოკლედ, სანამ მანქანის საბუთი არ ვაჩვენე, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული, არ დაიჯერა.

- პოლიტიკით ინტერესდები?

- ნაკლებად. ყოველთვის ვცდილობ, თავი ავარიდო.

- ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია. შენი შეფასება როგორია?

- როგორც ყოველთვის, ხალხი ახლაც არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე გაახსენდათ.

- ახლო მომავალში, კიდევ ერთ შენს ახალ პერსონაჟს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- მაყურებლისთვის ნაცნობი ორი პერსონაჟის დაოჯახებას ვგეგმავთ, მაგრამ ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ამას მაყურებელი მომდევნო კვირაში გაიგებს.

თამუნა კვინიკაძე