სოფო ჯაბაურის სიყვარულის "მთავარი საზომი" და ყველაზე დიდი სისუსტე
"20 წლის შემდეგ, იმას უფრო ინანებ, რაც არ გააკეთე, ვიდრე იმას - რაც გააკეთე", - წლების წინ, წიგნში ამოკითხული ეს ფრაზა მსახიობ სოფო ჯაბაურს გამორჩეულად დაამახსოვრდა. ის "ჩემი ცოლის დაქალებში" პრემიერ-მინისტრის მეუღლის როლს ასრულებს. როგორ მოხვდა სერიალში, ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რას ვერ გააკეთებს ვერანაირი თანხის სანაცვლოდ, რა ვერ ისწავლა დღემდე, როგორ იქცევა მაშინ, როცა დაძაბული პერიოდი აქვს და როგორ ახასიათებს ცოტნე გამსახურდიას, რომელიც დედის - ანა ჯაბაურის მეუღლეა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1986 წლის 12 დეკემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ისტორიკოსი. სკოლაში ეს საგანი ძალიან მიყვარდა, მაგრამ როცა არჩევანის გაკეთების დრო მოვიდა, ჯერ სამსახიობო ფაკულტეტი ავირჩიე, შემდეგ კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...წარმოდგენა არ მაქვს, რას ამბობენ. დედა, შვილი ან მეგობრები რას ამბობენ, ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან მათ ძალიან ვუყვარვარ და მიკერძოებულები არიან. არ მახსენდება, ჩემი ხასიათის რა თვისებაზე ხდება ხოლმე ხაზგასმა, ალბათ ყველა ადამიანს სხვადასხვა აზრი აქვს.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ყოველი ახალი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისია.
- ჩემი პირველი წარმატებაა...
- ...ის, რომ დავიბადე.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...წარმატება პირობითი ცნება მგონია. რაიმე პიროვნულ წარმატებას თუ მივაღწიე, იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შემხვედრიან, პირველ რიგში, მათი - ვინც მუდმივად ჩვენთან არიან (ოჯახს ვგულისხმობ), მაგალითს გვაძლევენ და ბევრ რამეს (ხშირად უნებლიეთ) გვასწავლიან.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ბედნიერებას თავგანწირული არ ვეძებ. შემიძლია, ყოველდღიური სიკეთეებით ვისიამოვნო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ადამიანებზე ზრუნვის მეტი საშუალება მქონდეს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ვერ ვიტყოდი, რომ თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს, მაგრამ არასდროს ვაკონკრეტებ იმ თვისებებს, რომელიც საკუთარ თავში მომწონს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...მგონი, ზედმეტად ემოციური დედა ვარ. ვცდილობ, შვილის აღზრდის საკითხს უფრო მშვიდად და რაციონალურად მივუდგე.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ვაანალიზებ და ვივიწყებ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ შეცდომების დაშვება, სწავლის ყველაზე მოკლე გზაა.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...საპატიებელი თემა მიმდინარე არ არის და ამოწურულია.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...შორეულ მომავალზე არ ვფიქრობ, ვცდილობ, აწმყოზე ვფოკუსირდე და ამით შევიტანო წვლილი სამომავლო საქმეებში.
- მაბნევს...
- ...მოულოდნელი კაკუნი კარზე.
- სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები"...
- ...სასიამოვნო შესაძლებლობაა, ეპიზოდურად დავბრუნებოდი თავდაპირველ პროფესიას. ამ სერიალში კასტინგის გზით მოვხვდი.
- ვნანობ...
- ...რომ ხშირად საკმარის სითბოს ვერ ვავლენ ადამიანების მიმართ.
- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...
- ...ვხედავ ძალადობას და ჩაგვრას.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...უცხო ქვეყანაში ისტორიული ადგილების მოსანახულებლად. იტალიაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი, შემდეგ იმ ქვეყნებს მოვინახულებდი, სადაც ნამყოფი არ ვარ. ევროპული და აზიური კულტურა თანაბრად მიზიდავს და მაინტერესებს.
- მეზარება...
- ...საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...
- ...ასეთი დღეები ამოშლილია და აღარც მახსოვს.
- სიყვარული ეს...
- ...ბევრი კომპონენტისგან შედგება, მაგრამ მთავარი საზომი ალბათ მაინც მზაობაა, დათმო საკუთარი ინტერესები სხვისი კეთილდღეობის გამო.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ხუთი წლის ვიყავი.
- ვრისკავ...
- ...მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლო დანაკარგის ანაზღაურება შესაძლებელია.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ჩემი შვილია.
- ბოლოს ვიტირე...
- ...როცა ახლობელი გარდაიცვალა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ვისმენ სიამოვნებით.
- მეშინია...
- ...შიშის.
- ვმალავ...
- ...ცუდ განწყობას.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ სატელეფონო ზარებს ხშირად ვერ ვპასუხობ.
- ვუფრთხილდები...
- ...ფუნდამენტურ ღირებულებებს საკუთარ თავში და შეძლებისდაგვარად სხვებშიც.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...მაღაზიაში მხოლოდ იმის ყიდვა, რისთვისაც ვარ მისული.
- ვიტყუები, როცა...
- ...არ მინდა, ადამიანს ეტკინოს.
- მრცხვენია...
- ...როცა რაიმე მნიშვნელოვანი მავიწყდება.
- თავისუფლება არის...
- ...საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღების უნარი.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...იმას გავაკეთებდი, რასაც თქვენ - გავაუმჯობესებდი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ცხოვრებას.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ვერავის დავჩაგრავ.
- მენატრება...
- ...დედა, რომელიც რამდენიმე თვეა არ მინახავს.
- დედაჩემი გახლავთ...
- ...ანა ჯაბაური, მას ორი პროფესია აქვს: ექიმი და ჟურნალისტია, ეპიზოდური როლს თამაშობს "ჩემი ცოლის დაქალებში". ახლა დედა საქართველოში არ იმყოფება, ის მეუღლესთან - ცოტნე გამსახურდიასთან ერთად გერმანიაშია. მოგეხსენებათ, იქ ცოტნე სარეაბილიტაციო კურსს გადის.
- ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა...
- ...ეტაპობრივად უკეთესობისკენ იცვლება, დედა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს. ახლა სარეაბილიტაციო კურსს ჰაიდელბერგის კლინიკაში გადის. ექიმები იმედიანად არიან განწყობილი.
- ცოტნე გამსახურდია არის...
- ...დადებითი ადამიანი, ვერ იტანს უსამართლობას და ყოველთვის ამის წინააღმდეგ იბრძვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც დედა უყვარს და დედას უყვარს, ამით ყველაფერი ნათქვამია.
- ვაგროვებ...
- ...სხვადასხვაგვარ გამოცდილებას.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვცდილობ მეტი კომუნიკაცია მქონდეს შვილთან.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...20 წლის შემდეგ, იმას უფრო ინანებ, რაც არ გააკეთე, ვიდრე იმას, რაც გააკეთე.
- დაბოლოს...
- ...თქვენს მკითხველს მინდა ვუსურვო, ორჭოფობისას ყოველთვის იპოვონ საკუთარ თავში ძალა, უპირატესობა სიყვარულით და სიკეთით ნაკარნახევ გადაწყვეტილებას მიანიჭონ!
თამუნა კვინიკაძე