თამუნა მუსერიძეს 5 წლის შვილი აკონტროლებს
სანდრო თამუნას ერთადერთი შვილია. ბავშვის მამა - მუსიკოსი, დრამერი გურამ მაკალათია, იგივე გუფია. გუფი და თამუნა ერთმანეთს შვილის დაბადებამდე დასცილდნენ. მამა შვილს მუდმივად აქცევს ყურადღებას...
დედა-შვილი ამ ზაფხულს დასასვენებლად, როგორც წესია, ჯერ - მთაში, შემდეგ - ზღვაზე იყო, და ამბობენ, რომ კარგად დაისვენეს. სანდრო საკმაოდ გონიერი ბიჭია და მართალია, ბავშვური ანცობით, მაგრამ ჩემს ყველა კითხვას უპასუხა.
- რას გვეტყვი შენზე?
- სკოლაში ჯერ არ მივდივარ. ვცეკავ, ვმღერი, მუსიკებს ვუსმენ, ტელევიზორს ვუყურებ. აი, ბურთი და ნახე, როგორი ველოსიპედი მაქვს.
- ვინ გიყიდა?
- მამამ დაბადების დღეზე, 7 აგვისტოს მაჩუქა. მინდოდა და მომიტანა... ეს რა არის, ხელში რომ გიჭირავს?
- ეს ხმის ჩამწერია, ჩვენს საუბარს იწერს...
- ვიცი, ასეთი ჩემს ბებოსაც აქვს (სანდროს ბებია - ნინო ცხოიძე ჟურნალისტია. - ავტ.) მე ყველაფერი ვიცი...
- ახლა წელიწადის რა დროა?
- ზამთარი იყო და თოვლიც... ახლა ცხელა, ძალიან ცხელა, ყველაფერი იწვის, ხომ? მაგარი მზეა. გარეთ ვერ დავდივართ და არც უნდა გავიდეთ... მე გონიოში ვიყავი და იქ იყო ზღვა...
- მოგეწონა?
- იცი, რა მაგარი ზღვა იყო?! ვცურავდი. "უკამეროდაც" ვცურავ და "კამერითაც".
- ცურვა სად ისწავლე?
- ცურვაზე დავდივარ. კომპიუტერიც მიყვარს...
- მამიკოზე რას მეტყვი?
- ჩემი მამიკო არის გურამი, მაკალათია.
- ცნობილი ადამიანია?
- არ ვიცი, მე კი ვიცნობ... ის ჩემი მამაა და ბევრი ტატუ აქვს. ტელევიზორს არ უყურებ? ტატიშვილის შოუში "ბარაბანზე" უკრავს...
თამუნა:
- ცოტა რთულია, საკუთარ შვილზე ლაპარაკი... სანდრო არის ჯიუტი, აქვს თავისი სამყარო და არაფერს მიჯერებს...
სანდრო:
- არ ვარ ჯიუტი და ყველაფერს ვუჯერებ. გატყუებთ!..
თამუნა:
- ჰო, პატარა დამოუკიდებელი ადამიანია. რასაც ვეუბნები, ადვილად ითვისებს. უყვარს სტუმრები. არ ვიცი, 5 წლის ასაკში ვიცოდი თუ არა პლანეტების განლაგება და მათი რაოდენობა, მაგრამ ამან იცის და რაც მთავარია, აინტერესებს. წიგნები რომ მომაქვს, ცდილობს, გაეცნოს. უფრო ისეთებს ეტანება, სადაც მთვარე, მზე, პლანეტებია დახატული. მოსწონს და უამრავ კითხვას მისვამს. მეფეების ცხოვრების შესახებ რაღაცების წაკითხვა უყვარს და რამდენიმეს ბიოგრაფიაც იცის... გმირების ცხოვრებითაც ინტერესდება, ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ლიდერის თვისებები აქვს (იღიმება). არის მუსიკალური, სიმღერებს პირველივე აკორდიდან გამოიცნობს ხოლმე. კარგად მღერის და სიამოვნებს ქვაბებზე კოვზების დარტყმა. "ბარაბნები" აღარ გვაქვს, რადგანაც რაც ჰქონდა, შემოეხა. ახლა ამ დანაკლისს ქვაბებითა და კოვზებით ინაზღაურებს. "ბარაბნისადმი" მისწრაფება, როგორც ჩანს, გენეტიკურია...
- ჰო, მამა დრამერი ჰყავს...
- უყვარს ჯექსონი და მისი სიმღერები... ხომ ვამბობ, ბავშვური არ არის, პატარა უცნაური ადამიანია, კაცური თვისებები აქვს. არის ეჭვიანი და ცდილობს, ჩემზე რაღაც უფლებები აიღოს. ჩემს ნებისმიერ მეგობარს, რომელიც აქ მოდის, თუ ოდნავ მეტი ყურადღება მივაქციე, მაშინვე პრობლემა გვექმნება. თუ ტელეფონში რომელიმე მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ჩემი ფოტო აღმოაჩინა, შლის.
- შენ არ გგავს?
- გარეგნულად - არა, სიჯიუტით - კი... მეც ჯიუტი ვარ და თუUრაიმე ვთქვი, ვერავინ გადამათქმევინებს. ზოგჯერ ისეთ უცნაურ რაღაცებს ავლენს, გაოცებას ვერ ვფარავ. მელაპარაკება ბაბუამისზე ანუ მამაჩემზე. არადა, მამა 10 წლის წინ გარდაიცვალა, ნანახი არც ჰყავს. ამას წინათ მითხრა, - ბაბუა მომენატრა, ვნახე და ასე და ასე მითხრაო... მაგრამ როცა მამაჩემზე ლაპარაკი დაიწყო, მაშინ ძალიან პატარა იყო... ერთხელ წინ რამდენიმე სურათი დავუდე: მამაჩემის, ბაბუასი და ბიძაჩემის (სამივე გარდაცვლილია) და ვკითხე, შენი ბაბუა რომელია-მეთქი? მამაჩემის ფოტოს დაადო თითი...
- როგორ ზრდი?
თამუნა:
- ჩემთან ურთიერთობის დეფიციტს არ განიცდის. დილას სამსახურში რომ მივდივარ, სძინავს. გადაცემის შემდეგ სახლში ვბრუნდები, ბაღში მიმყავს და მეორე სამსახურში მივდივარ. ბაღიდან რომ მომყავს, ისევ სამსახურში მივდივარ. საღამოს რომ მოვდივარ, ვაძინებ... დამყავს ცურვაზე, ინგლისურზე, რუსულზე. წელს ზღვაზე მაგრად გავერთეთ, წყლიდან ვერ ამომყავდა... თავიდან რგოლით ცურავდა და მერე უკვე რგოლის გარეშეც მშვენივრად ართმევდა თავს.
- სანდრო, დედიკოზე რას გვეტყვი?
- დედიკო მიყვარს, არის ლამაზი. მე და დედა ერთმანეთს სურვილებს ვუსრულებთ...
- დედიკოს ტელევიზორში უყურებ ხოლმე?
- დედიკო რომ ტელევიზორშია, მაგ დროს მძინავს... მამიკოც მიყვარს. ტატიშვილის შოუში, მასთან ერთად რომ ბიჭები არიან, მათთან ვმეგობრობ. ეს ველოსიპედი მამიკოსთან ერთად მაჩუქეს.
თამუნა:
- მამა ძალიან უყვარს. როცა მიჰყავს, მე არ ვარ მათთან ერთად და არ ვიცი, როგორ და რას აკეთებენ, რითი ერთობიან, მაგრამ მამასთან ხშირი კონტაქტი აქვს. ახლაც, გონიოში რომ ვიყავით, აკითხავდა, ბათუმში მიჰყავდა და საღამოს მოჰყავდა ხოლმე. თუმცა ერთხელ აუზზე ყოფნისას მოულოდნელად წყალში გადაუხტა. სანდროს ეგონა, აუზი ღრმა არ იქნებოდა და გადაეშვა. მერე კი ამოყვინთა თავისით, მაგრამ სიღრმის გამო ფსკერზე ფეხი რომ ვერ დადო, შეეშინდა. ეს რომ დაინახეს, მთელი "გუფილენდის" ბიჭები აუზში გადაეშვენენ - ზოგი იქიდან, ზოგი აქედან და გადაარჩინეს.
სანდრო:
- მეგონა, კამერა მქონდა და არ მქონია... ჩავხტი და გადამარჩინეს. ვერ ამოვდიოდი...
- მამიკოს სად დაჰყავხარ ხოლმე?
- ზოოპარკში, პარკში, "გუფილენდთანაც", "მაგდონალდსში". მე მყავს პატარა დაიკო, მარიამი და მასთანაც მივდივარ ხოლმე. ერთი წლის არის. ვეფერები, ვაბანავებ... მიყვარს.
- ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?
- "გუფილენდში" მინდა, დავუკრა, "ბარაბანზე".
- როგორ გგონია, ჰგავხარ მამას?
- წვერი არ მაქვს და ვერ ვგავარ... არც დედიკოს ვგავარ: ეგ ხომ ქალია, მე ბიჭი ვარ... იმ დღეს სკეიტბორდით მოვდიოდი, წავიქეცი და ფეხი მტკივა.
- პლანეტებზე ლაპარაკი გიყვარს, არა?
- პლუტონი, მარსი, ვენერა, იუპიტერი, ნეპტუნი კი ვიცი, მაგრამ მარტო დედამიწა მომწონს. ძალიან მინდა კოსმოსში გაფრენა. მაინც გავფრინდები! მე და დედა გავფრინდებით...
თამუნა:
- ნამდვილად არ მინდა, მომავალში "დრამერი" იყოს. საერთოდ, მუსიკა ისეთი დარგია, რომ ადამიანებს იშვიათად უმართლებთ: ნიჭიერებაზე მაქვს საუბარი. რაღაცნაირად, საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა მოხვდე და მეტ-ნაკლებად გაგიმართლებს. ამიტომ მირჩევნია, რაღაც ისეთი სფერო აირჩიოს, ისეთ ადგილას იმუშაოს, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს... სანდრო ვერ იტანს შენიშვნას. თუ რამეზე გავუბრაზდი, რთულად აღიქვამს. მისი ჰოროსკოპი რომ წავიკითხე, რამდენიმე თვის იყო და პირდაპირ ასე ეწერა: გილოცავთ, თქვენს ოჯახში ტირანი იზრდება! ეს იყო შოკი... ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ბაღშიც მთავარ როლებს აძლევენ...
- სანდრო, ტელევიზორს ვუყურებო, თქვი და იცი, საქართველოს პრეზიდენტი ვინ არის?
- დამაცადეთ, ვფიქრობ... გიორგი მარგველაშვილი...
- ბიძინა ივანიშვილი იცი, ვინ არის?
- აქ რომ არ არის, ის...
- სანდრო, შეყვარებული ხარ?
- არა, არ მყავს. იცი, დედიკოსნაირი შეყვარებული მინდა მყავდეს... ლალი ფაცია, ჟურნალი "გზა"