როგორია მამა პეტრეს სადღესასწაულო ნატვრა - გზაპრესი

როგორია მამა პეტრეს სადღესასწაულო ნატვრა

"ვის უნდა ახლა მართალი სიტყვა, სამრეკლოს თავზე მოსმენა წვიმის..." - ეს სიტყვები მამა პეტრე კვარაცხელიას ეკუთვნის - მოძღვარს, რომელიც ხშირად ამბობს სიმართლეს, თუნდაც ეს სიმართლე ყველას ყურს სჭრიდეს და ბევრისთვის მიუღებელი იყოს.

როგორ აფასებს 2020 წელს საქართველოში დატრიალებულ მოვლენებს და რა ნატვრა აქვს შობა-ახალი წლის დღეებში? - ამ შეკითხვებზე მამა პეტრემ გულახდილი პასუხები გაგვცა.

- ალბათ დაგვეთანხმებით, რომ 2020 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა საპარლამენტო არჩევნები იყო. რას ფიქრობთ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენს საზოგადოებაში წარმოქმნილ უთანხმოებაზე?

- ცუდი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული, რამაც ხალხს დიდი იმედგაცრუება მოუტანა. წარმოიშვა უნდობლობის განცდა, რომელიც ცუდად მოქმედებს მთელ ქართველ საზოგადოებასა და ქართულ სახელმწიფოზე: ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის გაურკვევლობის ყრუ კედელია აღმართული. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა პანდემიის გამო. სექტემბრამდე ვამბობდით, რომ საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის პანდემიასთან საბრძოლველად, თურმე ასე არ ყოფილა, თურმე მთავარი ამბავი წინ გველოდა! ის, რაც 2020 წელს მოხდა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებდით. მოგვიანებით რეალური სურათი გამოიკვეთა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა, რამაც მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

- 2020 ჩვენს პოლიტიკოსებს შორის მწვავე დაპირისპირების წელი იყო. როგორ შეაფასებთ ამ დაპირისპირებას?

- გეთანხმებით, ქართული პოლიტიკაც ჩიხში შევიდა და გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, სხვაგვარად ამ ჩიხიდან ვერ გამოვალთ. ახლა პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი ხალხი უნდა იყოს, რადგან ბევრი ოჯახი საერთოდ ულუკმაპუროდ ხვდება შობა-ახალ წელს, - აი, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ და არა ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს. თუ მოსახლეობის ინტერესები მინიმალურ დონეზე მაინც არ დაკმაყოფილდება, გამოსავალს ვერ ვიპოვით და ამ ჩიხიდანაც ვერ გამოვალთ. ალბათ ბევრის სათქმელს ვიტყვი: ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, მტკივნეულია, როცა ხელისუფლების სათავეში ოფიციალურ მილიარდერებსა და მილიონერებს ვხედავ და ამ დროს მრავალი ოჯახი მშიერი კვდება. თანაც, ეს ხდება 21-ე საუკუნეში! გამოდის, რომ ვიღაც-ვიღაცები არხეინად, უზრუნველად უნდა ცხოვრობდნენ და ისინი ხალხმა უნდა არჩინოს?!. დაპირებული ფაბრიკა-ქარხნები დროულად რომ აეშენებინათ, სამუშაო ადგილები შეექმნათ და ხალხს მინიმალური შემოსავალი ჰქონოდა, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. აბა, რა გითხრათ?.. მე არა მაქვს უფლება, ყოველდღე ხაჭაპურს ვჭამდე, როცა ჩემ გვერდით ვიღაცას ცივი მჭადი ენატრება, - ეს სიტყვები როგორც გინდათ, ისე შეაფასეთ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: შუშის სასახლიდან ჭოგრიტით ყურება ქვეყანას ვერ ააშენებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონებს ვეღარ ითვლიან, ამას დიდხანს ვეღარ მოითმენს და პროტესტი კიდევ უფრო მოიმატებს. თუ ამაზე არ დაფიქრდებიან, ეს ხელისუფლებაც ისე დაასრულებს, როგორც მისმა წინამორბედებმა დაასრულეს.

- მამა პეტრე, მაინც როგორ წარმოიშვა მითი, რომ ქართველმა ექიმებმა კორონავირუსი დაამარცხეს?

- უკვე ვთქვი: ის, რომ ვირუსი დავამარცხეთ, ლამაზი ზღაპარი და ილუზია იყო. როცა სხვა ქვეყნებში პანდემია მძვინვარებდა, ჩვენ სოციალურ ქსელში ვერთობოდით და სიცილით ვკვდებოდით; გვეგონა, რომ პანდემია არ არსებობს, რომ ეს მოგონილი საფრთხეა. ამას დაემატა ზოგიერთი სასულიერო პირის აზრი, რომ ეს ჭორი და დემაგოგიაა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვირუსი ჩვენ ვერ შეგვეხება... საბოლოოდ, ეს ყველაფერი ბოდვა და მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა: როგორც სხვა ქვეყნებში, სამღვდელოება აქაც დაინფიცირდა, რამდენიმე სასულიერო პირი კიდეც გარდაიცვალა. უფალს გამოცდა არ უნდა მოვუწყოთ, ჩვენი ფანატიკური მოსაზრებები ჩვენთვის უნდა შევინახოთ და შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ მრევლი, რომელიც უსიტყვოდ გვენდობა. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა გვქონოდა ილუზია, რომ პანდემია საქართველოს არ შეეხებოდა. ისედაც, ყოველთვის მიკვირდა: რატომ გვაქვს იმის ილუზია, რომ გამორჩეულები ვართ, როცა ეს ერთი მუჭა ერი ერთმანეთს არ ინდობს და ანადგურებს?! არავითარი სიყვარული, სულიერება და ერთსულოვნება აღარ შეგვრჩენია, პირიქით, ოღონდ ვიღაც ჩავქოლოთ, ვიღაც განადგურებული ვნახოთ და მერე ზემოდან დავხედოთ... ამ სიტუაციაში უფალი ჩვენს ლოცვასაც არ შეისმენს!

- დავუბრუნდეთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და იმ რეალობას, რომელშიც 2020 წლის მიწურულს აღმოვჩნდით. როგორია ეს რეალობა?

- საკმაოდ მკაცრი და ჩვენი სამშობლოც რთულ სიტუაციაში იმყოფება: თითქმის ყველა სფერო კრახს განიცდის და მათ შორის - მედიცინაც. ინფიცირებულთა სიმრავლის გამო, ეკონომიკის მეორედ ჩაკეტვა გახდა საჭირო. ყველამ იცის, რომ რეგულაციები უნდა დავიცვათ, მაგრამ სინამდვილეში რას ვხედავთ?.. ქალაქში გადაადგილება თითქმის შეუძლებელია - ყველგან უფრო დიდი საცობია, ვიდრე მანამდე იყო. გულახდილად გეტყვით - ამ შეზღუდვების არსს ვერ ჩავწვდი: კერძო სექტორში ვინც მუშაობდა, შემოსავლის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, საჯარო სამსახურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. როგორ, საჯარო სამსახურის თანამშრომელს გარანტია აქვს, რომ არ დაინფიცირდება?!. მე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მაინტერესებს - რატომ დააწესეს რეგულაციები და შეზღუდვები, თუ ყველას არ შეეხებოდა?

GzaPress

- თქვენი დაკვირვებით, ვისი ბრალია ეს შეცდომები?

- ვფიქრობ, ეს დილეტანტიზმისა და უჭკუობის ბრალია. 2020 წელს დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ თუ ვერ დგას, ის ზღაპრებში ცხოვრობს და ცდილობს, მოსახლეობაც მოატყუოს. ამას პოლიტიკური გემოვნების გამო არ ვამბობ - მე თუ ვინმეს გავაკრიტიკებ, მისი საქმეების გამო გავაკრიტიკებ და ამ ხელისუფლების უნიათობაზე თუ ვლაპარაკობ, სულაც არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომწონს. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ, "ოცნებას" ტაში დავუკრა, რადგან სამწუხაროდ, ხელისუფლება თვითკმაყოფილების რეჟიმშია გადასული და 8 წლის განმავლობაში თავს ასე იმართლებს - ხომ ხედავთ, ძალადობაში არ ცხოვრობთ, არავინ გაშინებთ და ამის გამო ყველა მადლობელი უნდა იყოსო... გავიგე, ციხის საკნებში პატიმრებს არ აუპატიურებენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ "ქართული ოცნების" საქმიანობა მომწონდეს. თავის დროზე მათ ყველამ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. ახლა მხოლოდ იმის იმედი რჩება, რომ გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამ ქვეყანას გაუძღვება, მოუვლის და დაპირებების 90 პროცენტს მაინც შეასრულებს.

- მამა პეტრე, სასულიერო პირებს საყვედურობენ, როცა ქვეყნის ცხოვრებაში ერევიან. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს რთულ სიტუაციაში ნამდვილი ღვთისმსახური?

- ილია ჭავჭავაძე ამბობდა: "არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა". სამღვდელოების ზედმეტი პოლიტიზება არ შეიძლება. შესაძლოა, ხელისუფლება ვიღაც-ვიღაცების ჯიბეს ასქელებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ყველასთვის სასურველია. სასულიერო პირი პოლიტიკაში თუ ჩაერევა, ამას საკუთარი ინტერესების გამო კი არა, ქვეყნის, ეკლესიისა და მოსახლეობის ინტერესების გამო უნდა აკეთებდეს. მხოლოდ ასეთი ჩარევაა მისაღები, მაგრამ თუ მარტო თავის თავზე ზრუნავს, ავტორიტეტსა და სიყვარულს ვერასოდეს მოიპოვებს, - ეს უმარტივესი ჭეშმარიტებაა.

- დაბოლოს, შობა-ახალი წლის დღეებში რას უსურვებთ და როგორ დალოცავთ საქართველოს, ქართველ ხალხს?

- ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და თქვენს ცხოვრებაში ბევრ სიხარულს გისურვებთ. მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს: ერთმანეთის სიყვარული და მიტევება ვისწავლოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერი გვიშველის. ჩემი სურვილია, ყველამ იცოდეს, რომ ადამიანის სიცოცხლეს მარტო საშიში სენი კი არ ანადგურებს - შური, ბოღმა და გაუტანლობა უფრო საშიშია. საშიშია, როცა ადამიანები ერთმანეთს სიცოცხლეს უწამლავენ სიძულვილით, ენის ჭარტალითა და აგრესიით... ასეთ ხალხს უნდა შევახსენო, რომ ქრისტეს სახელს ამოფარებული ბოროტება ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია!

ხათუნა ჩიგოგიძე