ვინ არის მამა ათანასე და როგორია მისი რეალური ცხოვრება - გზაპრესი

ვინ არის მამა ათანასე და როგორია მისი რეალური ცხოვრება

გოგო და ბიჭი ბავშვობის მეგობრები არიან, ერთ ქალაქში ცხოვრობენ. გადის დრო, ბიჭი სასულიერო პირი ხდება, გოგო ოჯახს ქმნის, მაგრამ მეუღლე ეღუპება და ერთი შვილი რჩება. წლების შემდეგ მამა ათანასე ბავშვობის მეგობარს სიყვარულს უხსნის და ეუბნება, რომ მისი ცოლად მოყვანა უნდა - ეს ყველაფერი გამოგონილ ქალაქ თესეაში ხდება.

მამა ათანასეს როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მამუკა მანჯგალაძე ასრულებს, რომელიც გვიამბობს:

- შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ხელოვნებაში ვარ, 3 წლის ვიყავი, როცა დედამ ცეკვაზე მიმიყვანა. 9 წლისა პროფესიულ სცენაზე აღმოვჩნდი. ბათუმის დრამატულ თეატრში რეჟისორი რეზო მირცხულავა სპექტაკლს "ლამარა" დგამდა, 10 პატარა ბავშვი სჭირდებოდა, რომლებიც იმღერებდნენ, იცეკვებდნენ, სამსახიობო მონაცემებიც ექნებოდათ. მაშინ ანსამბლ "მეზღვაურში" ვცეკვავდი და შერჩეული 10 ბავშვიდან ერთ-ერთი ვიყავი. ეს როლი გამორჩეულად დამამახსოვრდა. სწორედ ამ როლით გამიჩნდა თეატრის მიმართ სიყვარული, ცეკვასა და სიმღერაზე ხომ საერთოდ ვგიჟდებოდი. როდესაც სკოლა დავასრულე და პროფესიული არჩევნის წინაშე დავდექი, იმ პერიოდში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეზო მირცხულავა იყო. მან მითხრა, ჯგუფის აყვანას ვაპირებ, ამ პროფესიას თუ აირჩევ და ამ მიმართულებით ისწავლი, ძალიან გამიხარდებაო.

- ისე თეატრალურში ჩაბარებას არ ფიქრობდით?

- ცეკვისკენ უფრო ვიხრებოდი. ჩემი ძმა "სუხიშვილების" მოცეკვავე იყო და მეუბნებოდა, ძალიან კარგად თუ იცეკვებ, ანსამბლში წაგიყვანო. ამავე დროს მსახიობობაც ძალიან მომწონდა. საბოლოოდ მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ჩავაბარე. მალე აქტიურად დავკავდი სპექტაკლებში. რაღაც პერიოდი ბათუმში კულტურული ცხოვრება გაჩერებული იყო. მერე დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი თავაძე გახდა, მან ამ ქალაქში ახალი სიცოცხლე მოიტანა. ახალგაზრდა მსახიობები სჭირდებოდა, მე და ჩემი ორი მეგობარი დასში აგვიყვანა. 2006 წლიდან დღემდე ამ თეატრში ვარ. ამ პროფესიის მიმართ ინტერესი გამიასმაგდა. გარედან დანახული არტისტობა სხვა რამეა, როცა პროცესში ერთვები, ამას სხვა განცდები მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სულ სცენაზე ვიყავი და ეს სიამოვნება, როგორც მოცეკვავეს, არასდროს მაკლდა, სცენის მტვრის გემო თეატრში გავიგე. პირველი მთავარი როლი სპექტაკლში "საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში" ვითამაშე. ირაკლი სამსონაძის პიესა გიორგი თავაძემ დადგა. ამ პროფესიას კიდევ ერთი საოცარი თვისება აქვს - რა ცუდ ხასიათზეც უნდა ვიყო, თეატრში ან გადასაღებ მოედანზე რომ მივდივარ, განწყობა მეცვლება, ძალიან ხალასი ვხდები და დადებითი ენერგიით ვიმუხტები. ამ პროფესიამ ბედნიერება მომიტანა.

GzaPress

- თქვენთვის რას ნიშნავს ემოცია, რომელსაც დარბაზიდან გრძნობთ?

- პრემიერის დღეს, სანამ ფარდა გაიხსნება, მსახიობები მაყურებლის ფუსფუსს ვგრძნობთ, დაძაბულები ვართ, ვნერვიულობთ, როგორ ჩაივლის პრემიერა. როცა ფარდა იხსნება, მაყურებლის გულისცემაც კი გვესმის. ბევრისთვის შეიძლება ეს დაუჯერებელი აღმოჩნდეს. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა სპექტაკლი სრულდება და მაყურებელი ტაშს გიკრავს, გულიანი შეძახილები გესმის. მართლა, მარტო ამიტომ ღირს ამ პროფესიის არჩევა, ეს სითბო, სიყვარული და ენერგია შეუდარებელია. მე ეს ბედნიერება მაქვს.

- თეატრში აქტიურად ხართ დაკავებული, რასაც ვერ ვიტყვით ფილმებსა და სერიალებზე, რატომ?

- მართალია, ფილმებსა და სერიალებში თამაშით განებივრებული არა ვარ. სამწუხაროდ, ბათუმში გადაღებები ნაკლებად არის, ახლა და ახლა უფრო დაიწყო. რეკლამებში უფრო ხშირად მიღებდნენ. ეპიზოდური როლები ვითამაშე "ჩემი ცოლის დაქალებში", "ანოს და ვანოს თავგადასავალში".

- მიამბეთ, "თესეაში" ერთ-ერთ მთავარ როლზე როგორ მოხვდით?

- ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მითხრა, კასტინგზე მივსულიყავი. მინდა მას დიდი მადლობა ვუთხრა. თბილისში ჩამოვედი, კასტინგი გავიარე, რა დასამალია და, ვღელავდი. რამდენიმე დღეში ეკამ დამირეკა, - როლზე დამტკიცებული ხარო. ასე გავხდი მამა ათანასე.

- როლზე მუშაობა როგორ დაიწყეთ, გარდასახვა რთული აღმოჩნდა?

- საფრთხილოა, როცა სასულიერო პირის თამაში გიწევს. ძალიან ვნერვიულობდი - რამდენად კარგად გამომივიდოდა, მაყურებელი ამ პერსონაჟს როგორ მიიღებდა. ამ როლზე დიდი სიფრთხილით ვიმუშავე. მინდოდა, ისე შემეფუთა, მაყურებლისთვის ძალიან გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. მთლიანობაში მაინც უარყოფითი პერსონაჟია. რამდენჯერმე "თესეას" გვერდზე კომენტარებს გადავხედე, პერსონაჟს ძალიან აბულინგებენ. მაყურებლისთვის მიუღებელი იმის გამო კი არ არის, რომ ნინიკო უყვარს, არამედ იმის გამო, რომ არასრულწლოვანს ატყუებს, მის განცდებს სათავისოდ იყენებს. ოღონდ თავად იყოს ბედნიერი, ბავშვის ფსიქიკას ამახინჯებს. რეალურ ცხოვრებაში ჩემი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებული ვარ. რეჟისორმა რომელი როლიც უნდა მომცეს, მაქსიმალურად ვცდილობ, ის როლი შევიყვარო, ბოლომდე შევისისხლხორცო.

- პარტნიორებზე რას გვეტყვით?

- ანიკო ცეცხლაძეს წლებია ვიცნობ, ერთ თეატრში ვმუშაობთ. სერიალში ერთმანეთთან კარგად შეთამაშებულები ვართ. სცენები უმეტესად მასთან, ზურა ჯავახიასა და დათა ჩაჩუასთან მაქვს. ანიკოს და ზურას ნიჭიერებაზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ დათა მაკვირვებს, მისთვის ეს პირველი როლია, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა და მინდა აღვნიშნო, რომ მისი სახით დიდი ქართველი მსახიობი გვეყოლება. ეს გადაუჭარბებელი შეფასებაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან პარტნიორობა მომიხდა.

- გადასაღებ მოედანზე როგორი გარემოა? ალბათ კადრს მიღმა ბევრი საინტერესო ან სახალისო ამბავი რჩება.

- ძალიან მეგობრული გარემო და სრული თავისუფლებაა. გადაღების დაწყებამდე ერთმანეთთან ვსაუბრობთ, დილის 7 საათზეც არაერთხელ შევკრებილვართ. კამერა რომ ირთვება, ჩემშიც "ირთვება" ნერვიულობა, მაგრამ ეს ნერვიულობა ძალიან სასიამოვნოა. როცა სცენაზე თამაშობ, მაყურებლის წინაშე სხვა პასუხისმგებლობას გრძნობ, სულ სხვაა გადასაღებ მოედანზე თამაში და ჩემთვის ორივე თანაბრად საინტერესოა. ეს ერთი საქმე სპეციფიკით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ორივეს დიდი ხიბლი აქვს.

- ამ როლმა პოპულარობა მოგიტანათ. როდესაც ანაფორის გარეშე ხართ, ადამიანებს თქვენი ამოცნობა ხომ არ უჭირთ?

- ბათუმში მცნობენ, თბილისში ყოფნა ნაკლებად მიწევს. ის ადამიანები, რომლებიც მიცნობენ და შემდეგ ამ სერიალში მნახეს, მეუბნებიან, - რომ არ ვიცოდე, როგორი ხარ, ძალიან შემზიზღდებოდიო. ზაფხულზე ქუჩაში ერთმა ბიჭმა მომაძახა, "მამა ათანასე". მესიამოვნა, რომ მაყურებელმა მიცნო. ეს ყველა მსახიობს სიამოვნებს.

GzaPress

- რომელიმე სასულიერო პირი ხომ არ გამოგეხმაურათ?

- არა. მე მყავს მოძღვარი, სანამ გადაღებებზე წამოვიდოდი, მასთან მივედი და დაველაპარაკე, ავუხსენი, რომ ასეთი როლი უნდა მეთამაშა, მისგან თანადგომა და მხარდაჭერა მივიღე, რაც ძალიან მესიამოვნა. მადლობა მამა პეტრეს!.. ეს ჩემი პროფესიაა, საქმეა, ჩემგან ბუღალტერი და ეკონომისტი აღარ გამოვა.

- თქვენს რეალურ ცხოვრებაზე მიამბეთ, დაოჯახებული ხართ?

- ორი შვილი მყავს, ტყუპი - ელენე და ლუკა. 6 წელია, მეუღლეს გაშორებული ვარ.

- შვილებმა როცა "თესეაში" გიხილეს, რა გითხრეს?

- მათ ყველაფერი მოსწონთ, რაც უნდა ვითამაშო. ეკრანზე რომ მხედავენ, უხარიათ.

- როგორი შეფასებები მოისმინეთ?

- მამიკო, დიდი კაბა რომ გეცვა, როგორი სხვანაირი იყავიო... ანაფორაში შვილებმა ლამის ვერ მიცნეს.

- სერიალის მსგავსად, რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებული ხართ?

- დიახ, მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც მსახიობია, ბათუმის დრამატულ თეატრში თამაშობს. ის ხშირად კარგ პროფესიულ რჩევებს მაძლევს და ვითვალისწინებ.

- როგორი შეყვარებული ხართ?

- ჩვენს ურთიერთობაში რომანტიზმი ზომიერი დოზითაა, გააჩნია, რა სიტუაციაა.

- აღნიშნეთ, რომ საკუთარი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი ხართ, მასთან საერთოს ვერაფერს პოულობთ?

- შეიძლება ითქვას, რომ მეც მკაცრი, ფიცხი ხასიათი მაქვს. სხვა საერთოს გამონახვა ძალიან მიჭირს.

- თქვენ როგორი ადამიანი ხართ?

- მიყვარს გულწრფელობა, ვერ ვიტან ტყუილს და ღალატს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. უკონფლიქტო ვარ.

- გმადლობთ ინტერვიუსთვის, წარმატებებს გისურვებთ!

- უღრმესი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა "თესეას" შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს, ამ სასიამოვნო სამუშაოსთვის მადლობა ვუთხრა. ძალიან მინდა ასეთი მუშაობის შესაძლებლობა კიდევ მქონდეს.

თამუნა კვინიკაძე