"ადამიანის თვალებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შემიძლია" - გზაპრესი

"ადამიანის თვალებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შემიძლია"

მომხიბვლელი კრისტი ყიფშიძე წყენას მალევე ივიწყებს - ცუდ, უსარგებლო ამბებს გონებიდან შლის. სურს, სამყაროსთვის სასარგებლო ადამიანი იყოს. მოსწონს ახალგაზრდების დახმარება...

- კრისტი, პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- ეს ბუნებრივად მოხდა: საერთოდ, ბავშვობიდანვე კომუნიკაბელური ვიყავი. თბილისი მაინც პატარა ქალაქია - ყველას ვიცნობდი, მიცნობდნენ... შემდეგ უკვე სამოდელო სფეროში მუშაობა დავიწყე. ხშირად მქონდა ინტერვიუ, ჩვენება, გადაღება... ჯანსაღი ფსიქიკის მქონე უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი სწორად მიიღო. ზოგს "ვარსკვლავური დაავადება" ემართება... პირადად მე, მივხვდი, რომ "თავში არ უნდა აგივარდეს"... სხვათა შორის, ტაქსიში რომ ვჯდები, ხშირად ყოფილა შემთხვევა, მძღოლს უთქვამს, - უი, იცით, თქვენ კრისტის ჰგავხართო. - კი-მეთქი, - ვპასუხობ ხოლმე. არც ვეუბნები, რომ მე ვარ, რადგან ზოგჯერ მეზარება (იღიმის)... ერთხელ შინ რემონტს ვაკეთებდით. მუშები დედაჩემს ეუბნებოდნენ, - ვაიმე, თქვენი შვილი იმ გოგოს ძალიან ჰგავს, მოდელი კრისტი რომ არისო. დედაჩემი პასუხობდა, - რატომ გგონიათ, რომ ჰგავს? კრისტი არისო. - უი, მართლა?! ვერ წარმოვიდგენდით, თუ ახლა მასთან მოვიდოდითო, - უკვირდათ (იცინის)... კიდევ ერთს დავამატებ: გააჩნია, პოპულარული როგორ გახდი, - რა გააკეთე იმისთვის, რომ ხალხი გიცნობს, პატივს გცემს და უყვარხარ. ჩემთვის სასიამოვნოა, როცა მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვები მოდიან, ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. ეს ჩემთვის უცნაურია, რადგან ბავშვები მოდას კარგად არ იცნობენ, მაგრამ მათთვის საინტერესო ვარ. "ინსტაგრამზეც" ბევრი გოგონა მწერს, რჩევებს მეკითხება... ჩემი (თუნდაც მცირე) გამოცდილების მათთვის გაზიარება მსიამოვნებს.

- ადამიანის პირადად გაცნობისას, თქვენს ყურადღებას პირველად რა იქცევს?

- თვალები. მიმაჩნია, რომ ადამიანის გარეგნობიდან ყველაზე მეტყველი და მთავარი თვალებია. თვალებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შემიძლია - ამის ნიჭი მაქვს (იცინის). როცა ადამიანს ვუყურებ, უკვე ვხვდები, ის ჩემ მიმართ როგორ არის განწყობილი, მატყუებს თუ არა... სხვათა შორის, დავაფიქსირე, რომ უკვე შემიძლია ამოვიკითხო, როგორ ხასიათზეა ადამიანი, როდესაც ის "ჩატში" მწერს.

GzaPress

- ეს როგორ?

- თუ კარგად ვიცნობ და მასთან ხშირი მიმოწერა მაქვს, სასვენი ნიშნების, "სმაილების", შეტყობინებებს შორის პაუზების და მსგავსი პატარა დეტალების მიხედვით ვხვდები, როგორ ხასიათზეა. არასდროს ვცდები. მიკითხავს კიდეც, - ცუდ ხასიათზე ხარ-მეთქი? - უი, საიდან იციო? - გაოცებულა... 21-ე საუკუნეა, თან - პანდემიის პერიოდი, როცა ამდენი თვეა, ჩაკეტილები ვართ. შესაბამისად, სხვანაირად აზროვნება დავიწყეთ. მაგალითად, პირადად მე, ძალიან შევიცვალე და ეს მომწონს, რადგან რაღაცები გადავაფასე... ცხადია, ყველა მეგობარს ყოველდღიურად ვერ დავურეკავ, ვერ ვნახავ, მაგრამ თუ ვგრძნობ, ახლო მეგობარი კარგად ვერ არის, ვურეკავ. ამ მხრივ არასდროს შევმცდარვარ... ხომ ამბობენ, - ახლა მეხუთე განზომილებაში გადავედითო? მგონია, ნელ-ნელა კიდევ რაღაცებს ვგრძნობ - ეს შინაგანი, განსხვავებული ემოციებია... ზუსტად ის უნარია, რომლითაც შემიძლია, ადამიანის თვალებიდან მივხვდე, მას ჩემგან რა უნდა. უკვე 43 წლის ვარ. კიდევ მომემატება წლები და უფრო მეტ რამეს გავარკვევ (იღიმის)...

- საკუთარი მომხიბვლელობა რომელ ასაკში გააცნობიერეთ?

- ძალიან რთული კითხვაა... რა თქმა უნდა, ვგრძნობ, რომ მომხიბვლელი ვარ, მაგრამ ეს პირდაპირ ჩემს საქმიანობას უკავშირდება, - სხვაგვარად არ გამოვა. სიტყვა "ლამაზი" არ მომწონს. მირჩევნია, ადამიანი შინაგანად ლამაზი იყოს, გარეგნულად - სიმპათიური, შარმიანი, ქარიზმატული. ვერ ვიტყვი, ლამაზი ვარ-მეთქი, უფრო - ქარიზმატული, შარმიანი და სექსუალური ვარ. ზოგს "სექსუალურობის" და "ვულგარულობის" მნიშვნელობა ერთმანეთში ერევა. მთავარია, ვულგარული არ იყო, - მხოლოდ გარეგნულად კი არა, ქცევითაც. როცა ადამიანი ლამაზად იქცევა, ეტყობა, რომ კარგად აღზრდილია, კარგი ტიპია (იღიმის). ჩემი მომხიბვლელობაც ალბათ ბავშვობიდან "მოდის" - თანდაყოლილია, ამას ვერ მოიპოვებ. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ადამიანი იზრდება, სხვა ხიბლი ემატება... როგორც ალმასის ქვას თლი, თლი და ბოლოს ბრილიანტად იქცევა, ადამიანის შემთხვევაშიც დაახლოებით ასეა: სულ საკუთარ თავზე უნდა იმუშაო. მაგალითად, თუ რაღაცის მოსმენა, წაკითხვა მინდა, ამას ვაკეთებ, საინტერესო ხალხს გავიცნობ, საუბრის თემებს, ენერგიას ვცვლით... ამ დროს თანდაყოლილი მომხიბვლელობა იხვეწება, რადგან იცი, როგორ გააკონტროლო, შენი ენერგეტიკა არ გააფუჭო...

- საღამოს 9 საათის შემდეგ რას აკეთებთ ხოლმე?

- მაქსიმუმ, საკუთარ ეზოში თუ ჩავალ, ისიც - სარეცხის ამოსატანად (იცინის). ამჟამად სხვას ვერაფერს ვაკეთებ, სამწუხაროდ... 9 საათის შემდეგ თავის მოვლის საღამოს რუტინას ვიწყებ: შხაპის მიღება, საცხის წასმა ტანზე, სახეზე... შეიძლება, ჩაი ან მურაბა მივირთვა - ღამით "მძიმე" საკვებს არ გეახლებით... ასევე, ფილმს ვუყურებ, "ფეისბუკზე" შევდივარ ან მეგობარს ტელეფონით ვეჭორავები (იცინის). ვცდილობ, 11 საათზე უკვე ლოგინში ვიწვე და თუ მაშინვე არ დავიძინებ, დავისვენო მაინც.

- როგორ ფიქრობთ - შესაძლებელია, ადამიანი მეორე ნახევრის გარეშე სრულყოფილად ბედნიერი იყოს?

- მეორე ნახევარი არ მყავს. მაქვს დიდი ოჯახი: დედ-მამა, შვილი... ჩემი დის ოჯახი ჩვენს მეზობლად ცხოვრობს. ჩემს 2 დისშვილთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, თითქოს 3 შვილი მყავს... ამჟამად მარტო ვარ და სრულფასოვანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ალბათ კარგი იქნებოდა, რომ მეორე ნახევარიც მყოლოდა. ისე, ხომ გაგიგონია - ადამიანი მაინც მარტო მოდის ამქვეყნად და მარტო მიდისო?..

- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობთ?

- მავნე ჩვევებში სიგარეტის მოწევა ხომ შედის? ისე იშვიათად ვეწევი, რომ ამას ვერ დავასახელებ... მავნე თვისებები ჩემს ხასიათს უკავშირდება: სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული. შესაბამისად, ერთ დღეს რაღაცა რომ მინდა, მეორე დღეს - აღარ მსურს. შემდეგ ვერ ვხვდები, მინდა თუ არა... მერე, ამის გამო, ძალიან ვიტანჯები. მაგალითად, ბევრი ყოყმანის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, კაბა ვიყიდე, მაგრამ აღარ მომწონს, თუმცა, რომ არ მეყიდა, ვინერვიულებდი (იცინის). ხასიათის ამ თვისების გამოსწორებაზე ვმუშაობ. რესტორანში შეკვეთის მიცემის დროსაც ბევრს ვყოყმანობდი, გადაწყვეტილებას ხშირად ვცვლიდი. ოფიციანტს ჩემი გაძლება აღარ შეეძლო, ცუდად ხდებოდა. ამასაც გადავეჩვიე: ვამბობ, - კონკრეტულად ეს მომიტანეთ და სხვა არაფერი მკითხოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ვმუშაობ იმაზე, რომ ცუდი ჩვევები დავძლიო, გამოვასწორო.

- რომელი საკვები პროდუქტია მუდმივად თქვენს მაცივარში?

- ბევრი პროდუქტია, რადგან ოჯახის წევრები მიირთმევენ. პირადად მე, ძალიან ცოტას ვჭამ. რაც დრო გადის, ჩემს რაციონს ბევრი პროდუქტი აკლდება. შარშან აღმოვაჩინე, რომ ლაქტოზის აუტანლობა მაქვს, ამას გლუტენიც დაემატა. ამიტომ რძის ნაწარმი, პური კვების რაციონიდან ამოღებული მაქვს. ხორცს მანამდეც არ ვჭამდი: 7 წლის წინ ავტოავარიაში მოვყევი - ძროხა დაგვეჯახა. მას შემდეგ ძროხისა და ღორის ხორცს აღარ ვჭამ. მაცივარში ჩემთვის სულ რაც უნდა იყოს, ესაა: კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ხილი. ზაფხული ამიტომ მიყვარს: ბევრი კენკრა, სხვადასხვა ხილია. ძალიან მიყვარს წიწიბურა. ჩემს სამზარეულოში პირველ ადგილს მაინც ყავა იკავებს. საერთოდ, ვეგანური სამზარეულო მიტაცებს. ჩემი მეგობრების ვეგანურ კაფეს ხშირად ვსტუმრობ.

GzaPress

- ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღიათ?

- ვაიმე, იცი, ასეთი რამდენია (იცინის)?!. ერთი პერიოდი, "ინსტაგრამის" ჩემი გვერდიდან კომენტარებს "ვსქრინავდი" და მეგობარს ვუგზავნიდი - ძალიან ხალისობდა, ისეთ საოცრებებს მწერდნენ. ვფიქრობ, მაგარი იუმორი აქვთ... მაგალითად: "ქალი ორგანული", "სექსუალურობის ბოლო "ლეველი" (იცინის)...

- თქვენს სამეგობროში ქალები ჭარბობენ თუ მამაკაცები?

- ალბათ - ქალები. ქალებს მაინც ჩვენი საიდუმლოებები გვაქვს, თუმცა ბიჭებთანაც მაქვს "სეკრეტები". მაგალითად, თუ მეგობარ ბიჭს ვინმე გოგო მოსწონს, რჩევა უკითხავს, - ვიჩხუბეთ და დამეხმარე, როგორ მოვიქცეო?

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდით?

- რადიოს წამყვანადაც მიმუშავია, საავტორო გადაცემაც მქონდა... რადიოს სპეციფიკა მომწონდა და მაინტერესებდა. კიდევ, საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაში (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში) ვმუშაობდი. ჟურნალი გვქონდა, სადაც ჩემი რუბრიკისთვის - "სიახლე კრისტისგან" - ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს აღმოვაჩენდი ხოლმე. მგონია, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, როცა ახალგაზრდას გავიცნობ და მინდა, მაქსიმალურად დავეხმარო, - შესაძლებლობების და სურვილების რეალიზების საშუალება მივცე, როგორც შემიძლია... ტელეეთერში ჩემს ახალ რუბრიკას სამსახურად კი არა, ახალ გამოწვევად აღვიქვამ. რუბრიკაზე მუშაობა სექტემბრიდან დავიწყე. რასაც ახლა ვაკეთებ, იმას მანამდეც ვაკეთებდი, ოღონდ - არა ტელევიზიისთვის. რუბრიკის ავტორიც მე ვარ, თემასაც, რესპონდენტსაც და გადაღების ადგილსაც თავად ვარჩევ, თავად ვგეგმავ... ძალიან კარგი გუნდი მყავს. 5-წუთიანი რუბრიკაა. ჩაფიქრებული მაქვს, კარგი გადაცემა გავაკეთო. ვფიქრობ, ეს რუბრიკა პრაქტიკის გავლაში, კარგი გამოცდილების დაგროვებაში დამეხმარება, რომ მერე ეთერში თამამად დავჯდე და ისეთი გადაცემის წამყვანი ვიყო, რომელიც ქართულ ტელესივრცეში ჯერ არ ყოფილა.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას სირცხვილისგან დღესაც წითლდებით?

- რა თქმა უნდა. ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი. როცა რაღაცა უკვე მოხდება, იმაზე ფიქრი და სინანული არ მიყვარს, - ვაიმე, რატომ მოხდა-მეთქი?!. შეიძლება, იმ კონკრეტულ დროს საკუთარ თავზე გავბრაზებულვარ - ეს რა ჩავიდინე-მეთქი?!. ასეთი რაღაცები ისე მალე მავიწყდება, რომ ახლა, როცა მეკითხები, კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ. ეს კარგი თვისებაა: ცუდი ამბები გონებიდან უნდა ამოშალო, როგორც კომპიუტერში ვშლით უსარგებლო ფაილებს. "100 წლის წინანდელი" წყენა აღარ უნდა გვახსოვდეს. არც მახსოვს, ვის რა ვაწყენინე ან მათ რა ეწყინათ. მე არავისგან არაფერი მწყინს, ზუსტად ვიცი (იღიმის).

- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?

- კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ და მთელი სამყაროსთვის თუ არა, ადამიანების ნაწილისთვის რაღაცას რომ წარმოვადგენ, მიხარია. მახარებს ის ფაქტი, რომ ხალხი ჩემგან რაღაც საინტერესოს იგებს... არ მინდა, ჩემი ცხოვრება ისე დასრულდეს, რომ ამ პლანეტის სასიკეთოდ ჩემი წვლილი, თუნდაც - მცირე არ შევიტანო...

ეთო ყორღანაშვილი