რატომ გადაწყვიტა ნუცა თოფურიამ პროფესიის შეცვლა - გზაპრესი

რატომ გადაწყვიტა ნუცა თოფურიამ პროფესიის შეცვლა

21 წლის მომღერალი ნუცა თოფურია პირველად ფართო საზოგადოების წინაშე საბავშვო მუსიკალურ პროექტში "ანა-ბანა" გამოჩნდა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, იყო სხვადასხვა კონკურსი და "მხოლოდ ქართული". დღეს ის სოლო ალბომის გამოსაცემად ემზადება და ცვლილებებს გეგმავს პროფესიაშიც.

- ნუცა, მუსიკალური ოჯახიდან ხართ? როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

- ვერ გეტყვით, რომ ჩემს წინაპრებსა და ოჯახის წევრებს შორის ვინმე პროფესიონალი მომღერალია. ერთადერთი, ბებია მღერის, მამაჩემის დედა. ერთად ვმღერით და ძალიან კარგი საღამოები გვაქვს. ყველას ძალიან გაუკვირდა და ამავდროულად გაუხარდა, სიმღერის ნიჭი რომ აღმომაჩნდა. როგორც მიყვებიან, ბავშვობაში გამორჩეულად მიყვარდა რამდენიმე სიმღერა და სულ მათ ვღიღინებდი. მათ შორის იყო "იავნანაც", რომელსაც თურმე სამი წლიდან ყველაზე ხშირად ვმღეროდი და დღემდე მიყვარს. 10 წლის ვიყავი, როცა პროექტში "ანა-ბანა" მივიღე მონაწილეობა. შემდეგში "მხოლოდ ქართულში" შევასრულე "იავნანა". სკოლაშიც ძალიან აქტიური ვიყავი, კლასისა და სკოლის თვითმმართველი, ყველა აქტივობაში ჩართული. სანამ მუსიკალური თვალსაზრისით სერიოზულ ყურადღებას მომაქცევდნენ, ცეკვაზე დავდიოდი, ძალიან მიყვარდა და გამომდიოდა კიდეც, მაგრამ შემდეგ მთლიანად სიმღერაზე გადავერთე. აი, ასე დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა.

- ბავშვობაში რა პროფესიის გსურდათ გამოსულიყავით და რა არჩევანი გააკეთეთ შემდეგში?

- ძალიან მინდოდა ექიმობა, პედიატრობა, მაგრამ შემდეგ იმდენად გადავერთე მუსიკაზე, გადავწყვიტე, ამ გზას გავყოლოდი. თუმცა საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ სულ სხვა პროფესია ავირჩიე. "ჯიპაში" ბიზნესადმინისტრირებას ვსწავლობდი, თუმცა მესამე კურსზე პროექტების გამო აკადემიური ავიღე. ახლა თეატრალურ უნივერსიტეტში გადასვლას ვგეგმავ. მინდა მთლიანად ხელოვნების სფეროში ვიყო. მსახიობი მინდა გავხდე.

- პანდემიის გამო თეატრები დახურულია, თუმცა მანამდე ალბათ, ხშირად დადიოდით. თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი თეატრი და სპექტაკლი რომელია?

- დაუფიქრებლად შემიძლია დავასახელო "ჭელცომე ტო Gეორგია", რომელსაც მუსიკისა და დრამის თეატრში პადემიის დაწყებამდე დავესწარი. აღფრთოვანებული დავრჩი და მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაღიმებული სახე მქონდა. ამ დადებითი ემოციის გამო, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლია. საერთოდ, მიუზიკლები მომწონს, თავს სწორედ ამ ჟანრში ვხედავ. რაღაცნაირად ჩემია და მინდა სერიოზულ მიუზიკლებში მივიღო მონაწილეობა. თეატრალურში რომ ჩავაბარებ და ბევრ რამეს ვისწავლი, შემდეგ აუცილებლად ვცდი თავს მუსიკისა და დრამის თეატრში.

- კიდევ რომელ მუსიკალურ პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- გოგი ცაბაძის სახელობის სიმღერის კონკურსში, რომლის ლაურეატიც გავხდი. ძალიან მიყვარს ის პერიოდი, რადგან ქართული სიმღერა შემაყვარა. უცხოურ სიმღერებსაც ვმღერი, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ქართული უფრო ჩემია. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებშიც, მაგრამ "მხოლოდ ქართული" იყო ჩემთვის ძალიან სერიოზული კონკურსი. სულ ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ "ანა-ბანას" შემდეგ იყო დიდი, 7-წლიანი პაუზა და შემდეგ - "მხოლოდ" ქართული".

- როდის იგრძენით სცენაზე თავი თავისუფლად?

- დღემდე კულისებში ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავდივარ, ვხედავ დარბაზში ხალხს, ჟიურის, დაძაბულობა მაშინვე მეხსნება და ვცდილობ, ის რამდენიმე წუთი, როცა ვმღერი, ვისიამოვნო.

GzaPress

- ვისი აზრი და შეფასებაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ეს ადამიანი დედაჩემია. ის ყოველთვის აქტიური იყო, ყველგან დამყვებოდა და არ მახსოვს შემთხვევა, ჩემ გვერდით არ ყოფილიყო. ყოველთვის აფასებს სიტუაციას, უმნიშვნელო დეტალებსაც კი ამჩნევს და აზრს გამოთქვამს. ახლა, რაც გავიზარდე, ვხუმრობ ხოლმე, - დედა, მოდი, ნუღარ წამომყვები, აღარ არის საჭირო-მეთქი (იღიმის). დედის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- დედა თქვენთვის ის ადამიანია, რომელსაც ყველაფერს უყვებით?

- დიახ, ყველაფერს. ჩემს მეგობრებს რომ ვუყურებ, ვისაც დედასთან მსგავსი ურთიერთობა არ აქვს, მიკვირს. შეიძლება ითქვას, დედასთან ზედმეტად ახლო ურთიერთობა მაქვს.

- უახლოეს პერიოდში თეატრალურში ჩაბარების გარდა, კიდევ რა გეგმა გაქვთ?

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, "ბრავო რეკორდსა" და ქალბატონ მარინა ბერიძესთან ერთად ვმუშაობ ჩემს სოლო ალბომსა და კონცერტზე. ბავშვობიდან დღემდე, ამ ქალბატონის გარეშე ვერაფერი წარმომიდგენია - "ანა-ბანაშიც" მან შემარჩია და მას შემდეგ გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. პანდემიამ შეგვაფერხა, მაგრამ იმედი მაქვს, მალე განვაახლებთ მუშაობას და ჩემს სერიოზულ გეგმებს ბოლომდე მივიყვან.

- როგორი რეპერტუარია და ალბომში რამდენი სიმღერა შედის?

- რეპერტუარის უმეტესობა ქართულია. ალბომში შედის 10 სიმღერა: 8 ქართული, 1 ფრანგული და 1 ინგლისური. ეს იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი სიმღერების ქავერები და შეიძლება ახალიც დაემატოს. ვნახოთ, ჯერ ზუსტად არ გვაქვს გადაწყვეტილი. სიმღერის ჩაწერის შემდეგ, სოლო კონცერტიც გაიმართება, თუმცა პანდემიის გამო, ჯერ დეტალებზე საუბარი შეუძლებელია. ყველა მომღერლის უდიდესი ოცნებაა სოლო ალბომი ჰქონდეს, ეს უმნიშვნელოვანესია და უდიდესი ბედნიერების მომნიჭებელი, ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან გამიმართლა. ხშირად არ ხდება ისე, რომ უცბად გამოჩნდეს სპონსორი. ეს "მხოლოდ ქართულის" დამსახურებაა, სადაც ამ ადამიანმა ჩემი ერთ-ერთი სიმღერა მოისმინა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

- 21 წლის ასაკში სოლო ალბომის ჩაწერა მომღერლისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ, როგორ ფიქრობ, იღბლიანი ხართ?

- ჩემი მშობლების წყალობით ბედნიერი ბავშვობა მქონდა. შემდეგშიც ასე იყო და სულ ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა, მაგრამ "მხოლოდ ქართულმა" ყველაფერი 180 გრადუსით შეცვალა. სულ სხვა ადამიანი გავხდი და დიდი ბედნიერება მომიტანა. ახლა თეატრალურში ჩასაბარებლად რომ ვემზადები, ესეც დიდ სიხარულს მანიჭებს. აქამდეც ვხედავდი ჩემს თავს სცენაზე და ვდგავარ კიდეც, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში ამას თეატრის სცენაც დაემატება.

- ვინ არის რეჟისორი, ვისთანაც სიამოვნებით იმუშავებთ?

- თუ ბანალურად არ გაჟღერდება, რა თქმა უნდა, ბატონ რობერტ სტურუასთან. უცხოელებზე უნდა დავფიქრდე, მაგრამ ქართველ რეჟისორებს შორის დაფიქრებაც არ არის საჭირო, ბატონ რობერტს ისე დავასახელებ.

- ბავშვობიდან დღემდე, რა თვისება შემოგრჩათ უცვლელად?

- ყველა აღნიშნავს, რომ როგორიც ბავშვობაში ვიყავი, დღესაც ისეთი ვარ. მეც ვეთანხმები. კი, ადამიანს წლები რომ ემატება, რაღაც თვისებები ეცვლება, რა თქმა უნდა, პროექტმა თავდაჯერებულობა შემმატა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ყოველთვის ის ნუცა დავრჩები, ვინც ვიყავი. მეხუმრებიან, მხოლოდ სიმაღლეში გაიზარდე, თვალებიც ისეთი გაქვს, როგორიც ბავშვობაში გქონდა, თორემ ისე არაფრით შეცვლილხარო (იღიმის).

- სასცენო სტილი და საყვარელი ფერი...

- ჩემი საყვარელი ფერი ლურჯია. რაც შეეხება სასცენო კოსტიუმებს, ყოველთვის ვცდილობ, კომფორტულად ვიყო. "მხოლოდ ქართულში" მონაწილეების სასცენო ჩაცმულობაზე ფეშენ-ვიკის სხვადასხვა დიზაინერი ზრუნავდა. ისინი "სწორად" მხედავდნენ და მირჩევდნენ სამოსს. ამის გამო ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი. საერთოდ, მიყვარს, როცა ქართული სიმღერის შესრულებისას კაბა მაცვია. ერთხელ ლურჯი კაბა მეცვა და ჩემი საყვარელი "ყვითელი ფოთლები" შევასრულე - ამ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი (იღიმის).

ანა კალანდაძე