"ეს სიტყვები გულში ისე ჩამრჩა, ღამე ვერ ვიძინებდი"
"ცხოვრებაში საკუთარ თავზე დიდი მოწინააღმდეგე არასდროს მყოლია", - ამბობს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი. ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რა დროს ამბობს ტყუილს, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე და როდის მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1985 წლის 10 ნოემბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ის, ვინც დღეს ვარ. სიმღერა იმდენად ადრეული ასაკიდან დავიწყე, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. რომ არა სიმღერა, ჩემგან კარგი სპორტსმენი შეიძლება გამოსულიყო.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ მკაცრი და მომთხოვნი. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც კარგად არ მიცნობენ. ძალიან "წესრიგა" ვარ, მომთხოვნიც, უპირველესად ჩემს პროფესიაში. ის ადამიანები, რომლებიც კარგად მიცნობენ, ამბობენ, რომ საიმედო პიროვნება ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ჩემი ცხოვრების და გამოცდილების შედეგია.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო საესტრადო სასწავლებელში ჩაბარება. სკოლიდან მე-9 კლასიდან გამოვედი და სტუდენტი გავხდი. ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა და რასაც ვაკეთებდი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს და საკუთარი თავს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ჩემი ხმა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...გვერდით მყავს ადამიანები, რომლებიც ჩემი მოტივატორები არიან. მათთვის ჩემი ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია. რომ არა ისინი, შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარადაც წარმართულიყო.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიმოგზაურო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...იგივეა, ანუ ის, რაც ჩემს ხასიათში არ მომწონს. შეუპოვარი ვარ, მებრძოლი, პასუხისმგებლობის მქონე და პედანტი. ეს თვისებები ნებისმიერი საქმის კეთების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მომწონს, რადგან რიგ შემთხვევებში ეს თვისებები სხვა ადამიანების მხრიდან რთულად აღიქმება, ბევრს არასწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...ყოველთვის ვაანალიზებ. რომ არ მინდოდეს, ისეთი ხასიათი მაქვს, მაინც მეფიქრება. ტვინს ვერ უბრძანებ, შესაძლოა, რაღაც ეპიზოდი მცირე ხნით "ჩაკეცო" ან სხვა ფიქრით გადაფარო, მაგრამ ის თავს მაინც არ დაგანებებს. წარმოუდგენელია, ყველა შესაძლო ვარიანტი ბოლომდე არ განვიხილო. თუ აღმოვაჩენ, რომ შემეძლო, უკეთესი გამოსავალი მენახა, ძალიან ვნანობ. ადამიანები შეცდომებს მაშინ უშვებენ, როცა თავის შეცდომებს გაურბიან, მიზეზს არ იძიებენ. ასე შეიძლება იმდენი შეცდომა დაგიგროვდეს, საკუთარი თავის მიმართ არასწორი შეფასება ჩამოგიყალიბდეს. ამიტომ საჭიროა, ყველა შეცდომის გაანალიზება დროულად მოვახდინოთ და ჩვენში, საკუთარ თავთან დიალოგის ძალა ვიპოვოთ. ცხოვრებაში საკუთარ თავზე დიდი მოწინააღმდეგე არასდროს მყოლია.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ეს ყველაფერი. სხვის შეცდომებზე სწავლა ერთგვარი რეცეპტია, მაგრამ ის ემოცია და განცდა, რომელიც შეცდომის დაშვების დროს გვეუფლება, სხვაა, სხვა პიროვნების განცდას ასე სრულყოფილად ვერასდროს გავიაზრებთ. საკუთარ თავზე თუ არ გამოვცადეთ, შეცდომის ფასს ვერასდროს გავიგებთ.
- პატიება შემიძლია...
- ...ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ ეს "საპატიებელი" თავად უნდა გავაანალიზო. ბრმად არც მადლობას ვამბობ და არც ვპატიობ. არავინ თქვას, "წყენა დავივიწყე". პირიქით, ყველაზე კარგი პრევენციაა გვახსოვდეს, რომ იმავე დღეში აღარ ჩავვარდეთ. რაც მოხდება, ყველაფერი უნდა გვახსოვდეს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...დროის სარტყელს აქვს მნიშვნელობა, ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. პირველ რიგში, მინდა პანდემია მალე დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავლის განჭვრეტა ოცნებას დაემსგავსება და რეალობასთან საერთო არაფერი ექნება.
- ვიბნევი...
- ...და თავს ცოტათი არაკომფორტულადაც ვგრძნობ, როდესაც მაქებენ. მინდა, ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. გულის სიღრმეში სასიამოვნოც არის, მაგრამ... ბევრი კოლეგა მინახავს, რომელიც სიამოვნებას შესრულების პროცესით კი არა, ტაშით იღებს. მთავარია, თავად გსიამოვნებდეს ის, რასაც აკეთებ, ტაშსაც ამ დროს აქვს გემო, ამ დროს უფრო მართალია.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ისეთი ქვეყნის შვილი, სადაც სიმართლე და ადამიანის უფლებები იქნება უზენაესი. რაც აზრი მომეცა, სულ ამის დეფიციტი მაქვს.
- სიყვარული ეს...
- ...არის ყველაზე დიდი მიჩვევა, მიზიდულობა, კომპრომისი, ვნება, განსხვავებული აზრები და მერე იმ აზრებზე "ჭიდაობა", ამასაც თავისებური აზარტი აქვს. ზოგიერთისთვის ის მტანჯველი უნდა იყოს. ზოგჯერ ადამიანი ყირაზე გადადის, ოღონდ სასურველს თავი შეაყვაროს და როგორც კი საწადელს მიაღწევს, გრძნობა უქრება, აზარტი სრულდება. სიყვარულის განცდა ძალიან ინდივიდუალურია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ძალიან მრცხვენოდა.
- ვრისკავ...
- ...ყოველთვის. თამამი მაშინ ვარ, როცა სასწორის პინაზე მხოლოდ საკუთარი თავი დევს; როგორც კი სხვა ადამიანი შემოდის, ფრთხილი ვხდები.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...არის სიამოვნება. თუ რამე მსიამოვნებს, იმ რაღაცას თავს არავის გამო არ დავანებებ.
- ვამაყობ...
- ...ადამიანების ერთობით, ეს ძალიან მაგარი განცდაა. მიყვარს ერთიანობა, რომელიც კეთილი საქმეებისკენაა მიდრეკილი. ვამაყობ, როცა სპორტსმენი ჩვენს დროშას მაღლა სწევს.
- მეშინია...
- ...კონკრეტული რაღაცის ხან მეშინია, ხან - არა, გააჩნია, იმ დროს როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაქვს. საღ აზრზე მყოფ ადამიანს ყოველთვის რაღაცის ეშინია.
- თავისუფლება არის...
- ...მდგომარეობა, როცა არავის უმტკიცებ, რომ თავისუფალი ხარ. როცა ამის მტკიცებას იწყებ, ავტომატურად ცდილობ ვიღაცისგან გათავისუფლებას, რომ მან არ იფიქროს, შებოჭილი ხარ.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...რომ მე ვსაყვედურობ ადამიანებს.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერსაც არ შევცვლიდი. ეს არის ჩემი იდივიდუალიზმი. როდესაც ადამიანი პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს, ძალიან უტევენ, ერჩიან. მე ვამბობ, რატომ ერჩით?! ადამიანს თავის რეალიზებისთვის და თვითშეფასების ასამაღლებლად რაღაც ჩარევა თუ სჭირდება, ის აუცილებლად უნდა გააკეთოს და არავის აზრი არ გაითვალისწინოს, მით უმეტეს - ზრდასრულ ასაკში, ეს არავის საქმე არ არის.
- ვუფრთხილდები...
- ...ურთიერთობებს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...რა მოვინდომე და ვერ ვისწავლე? ასეთი არაფერი მახსენდება.
- ვიტყუები, როცა...
- ...ვთვლი, რომ ტყუილი სხვისი კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. აუცილებელია, ტყუილის ფასი გავაანალიზოთ. ყველანი ვიტყუებით და ვინც ირწმუნება, რომ ტყუილს არასდროს ამბობს, სწორედ ისაა ყველაზე დიდი მატყუარა.
- ჩემი ჰობია...
- ...ნადირობა, თუმცა, წანწალი უფრო მიყვარს, ვიდრე ნადირობა. სროლა მიყვარს, ეს ჩემთვის იარაღის კი არა, ემოციის გასროლაა.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებ, საკუთარ კომფორტზე ვიზრუნებ, რომ მერე ჩემი საქმე მშვიდად ვაკეთო. ხანდახან აკრიტიკებენ ადამიანს, რომელიც 10.000 ლარს მანქანის ნომერში იხდის. შენთვის ან ვიღაც სხვისთვის თუ არ წაურთმევია, რა გინდა, სხვის ფულს რატომ ითვლი?!.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...რას არ გავაკეთებ? არ ვიცი. ყველაფერი იყიდება, ფასს გააჩნია. რაღაცის ფასად რაღაცა იყიდება. შეუფასებელი რაღაცებიც არსებობს, მაგალითად - სამშობლო, მაგრამ არ მინდა ახლა სადღეგრძელო გამომივიდეს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ცუდ განწყობაზე სერიოზული ამბის გამო თუ ვარ, ფაქტობრივად, არაფერსაც არ შეუძლია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემი ძაღლი კარგ ხასიათზე მაყენებს.
- მენატრება...
- ...ჩემი ბებო, ძალიან მენატრება.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიარო - ფეხით, მანქანით, ველოსიპედით - მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, გარემო იცვლებოდეს, ასეთ დროს ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...დარიგება არა, მაგრამ სულ მახსოვს ერთი ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან: პაპას ძმა გარდაიცვალა. ალე ერქვა. მაშინ პატარა ვიყავი, იქვე ეზოში ვთამაშობდი. მისი თანატოლები საუბრობდნენ: - გახსოვს, პატარები რომ ვიყავით? - კი, როგორ არ მახსოვს. - რა არის ეს ცხოვრება, უცბად გაირბინა, თითქოს ყველაფერი გუშინ იყოო. ეს სიტყვები გულში იმდენად ჩამრჩა, რაღაც პერიოდი ღამე ვერ ვიძინებდი, ემოციურად ძალიან იმოქმედა. იმდენად მნიშვნელოვანი ფრაზა აღმოჩნდა, იმ დღის შემდეგ ჩემთვის ყველა დღეს ფასი მიეცა.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ყველამ საკუთარი თავი ვიპოვოთ ცხოვრებაში. გვიანი არასდროს არის, საკუთარი თავი შევიმეცნოთ, ვიყოთ მართლები და ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება!
თამუნა კვინიკაძე