დაუვიწყარი გასტროლი იაპონიაში - "მეხუთე ელემენტში" ვიყავი" - გზაპრესი

დაუვიწყარი გასტროლი იაპონიაში - "მეხუთე ელემენტში" ვიყავი"

სიტყვა "შთაბეჭდილების" მიღმა ბევრი სხვადასხვაგვარი ემოცია იმალება - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. მათი ნაწილის თავმოყრას მსახიობ ქეთი ქიტიაშვილთან საუბრისას შევაცადე.

- თქვენი პირველი და ყველაზე ნათელი მოგონება ბავშვობიდან...

- ქვიშხეთში აგარაკი მაქვს. ბაბუაჩემი ალექსი ქიტიაშვილი მფრინავი იყო, ომის მონაწილე და მფრინავთა პედაგოგიც. ამ პროფესიის ადამიანები 40 წლის ასაკში გადიან პენსიაზე, გამომცდელები - კიდევ უფრო ადრე და ის ნაკვეთი სწორედ მაშინ აჩუქეს, როცა ბაბუა პენსიაზე გავიდა. ბებია-ბაბუამ სახლი ჩადგა. მე და ჩემი და პატარები რომ ვიყავით, მათთან მაისში მივდიოდით და მთელი ზაფხული შესანიშნავ დროს ვატარებდით. იქვე იყო მწერალთა სახლი, ჩამოდიოდნენ მსახიობები, რეჟისორები - ქვიშხეთში სახლი ჰქონდა თენგიზ აბულაძესაც. ვისაც კი იმ დროს ტელევიზორში ვუყურებდი, ვნახულობდი ქვიშხეთის ბაზარში, მაღაზიაში, უნივერმაღში, რაც ძალიან მახარებდა. გვქონდა დიდი სკივრი, რომელშიც ბებიას გარდერობი ინახებოდა. სამხედრო მოსამსახურის ცოლს პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოტანილი ულამაზესი ნაქარგი კაბები და ქუდები ჰქონდა. დედა სკივრიდან ამოაძვრენდა ამ სამოსს, მოირგებდა და კონცერტებს გვიმართავდა კაკლის ხის ძირში. მთელი უბნისა და აგარაკზე დამსვენებელი ბავშვები ჩვენს ეზოში მოდიოდნენ, ვაზის ფოთლის ბილეთებით კონცერტს ესწრებოდნენ. მწერალთა სახლში ვერიკო ანჯაფარიძე ისვენებდა ხოლმე და როცა სცენაზე მეც გავდიოდი, ვთხოვდი, ასე გამოეცხადებინათ: თქვენ წინაშეა საქართველოს სახალხო არტისტი ვერიკო ანჯაფარიძე-მეთქი (იცინის). დაბადების დღესაც იქ მიხდიდნენ, რომლის დროსაც დედა ეზოს რთავდა. წლების შემდეგ ამგვარ კონცერტებს უკვე მე ვუკეთებდი ჩემს შვილს, რომლის დაბადების დღე - 17 აგვისტო ქვიშხეთში უწევდა.

- თქვენთვის პირველი და ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება...

- ყველაზე მძიმე ბაბუას გარდაცვალებაა, რომლის აგარაკზეც ვყვებოდი. ეს იყო სიკვდილთან ჩემი პირველი შეხება. შინ ვიყავით, ოთახში დადიოდა. სულ ცოტა ხნით მეგობართან გავედი, ნოტები მივაწოდე და რომ მოვბრუნდი, ბაბუა ცოცხალი აღარ იყო. მაშინ 13 წლის ვიყავი. ცუდად გავხდი, დეიდამ თავისთან წამიყვანა. პანაშვიდზე დასასწრებად რომ დავბრუნდით, კვლავ ცუდად გავხდი და ისევ წამიყვანა. შინ მაშინ დავბრუნდი, როცა ბაბუა უკვე გასვენებული იყო.

- დაასახელეთ ადამიანი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ.

- ლილი იოსელიანი. ის სულ ჩემთანაა, თუნდაც იმიტომ, რომ ეს პროფესია მაქვს. ეს ადამიანი იყო ზნეობის მაგალითი, დიდი პედაგოგი, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილების ქალბატონი. მოსწავლეები მისგან არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ვიღებდით. ვფიქრობ, რომ ნებისყოფა მაქვს ლილისგან. შეიძლება ამას ჩემი მუსიკალური წარსულიც ემატება: ათწლედის საფორტეპიანო კლასში ვსწავლობდი და ძალიან დიდხანს მიწევდა მეცადინეობა, მაგრამ მაინც მგონია, შემდეგში ეს თვისება მის მოსწავლეებს ლილიმ გამოგვიმუშავა. სულ მიკვირს იმ მსახიობების, ვინც ხანგრძლივ რეპეტიციებს ვერ უძლებს. ჩვენ ამას ლილიმ შეგვაჩვია. თეატრში რომ მივედი უკვე როგორც მსახიობი და რეპეტიცია დამთავრდა, ვიკითხე, შესვენებაა-მეთქი?.. ყველას გაეცინა და მიხვდნენ, რაც ხდებოდა: რეპეტიცია დასრულდა, შენ ეს ლილისგან გაქვს, დაივიწყეო. სამწუხაროდ, დღეს ლილისნაირი პედაგოგები აღარ არსებობენ. თითქოს ყველაფერი გამარტივდა, "გალაითდა". შეიძლება ეს ცუდი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს პროფესიას გამოწრთობილი ადამიანი სჭირდება... მაშინ ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, მერე უფრო გავიაზრე. და როცა ადამიანებსა და შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ასეთი დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩემზე არაერთმა პედაგოგმა დატოვა. მათ შორისაა ჩემი მუსიკის მასწავლებელიც. როცა ვუკრავდი, არა მხოლოდ სწორ შესრულებას, არამედ "ამბის მოყოლას" მთხოვდა. როცა ჩათვლიდა, რომ მისი სურვილი დაკმაყოფილებული იყო, შემაქებდა და მეტყოდა, "არტისტკა ხარო". ჯერ დედაჩემმა შთამაგონა, რომ მსახიობი ვიყავი ქვიშხეთში გამართული კონცერტებისას და მერე - მუსიკის მასწავლებელმა (იცინის).

- ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

- გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წელი" რომ წავიკითხე, დავხურე წიგნი და ხმამაღლა ვთქვი, ამის შემდეგ რა უნდა წავიკითხო-მეთქი?! ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, ამის შემდეგ კარგა ხანს მართლა ვერაფერს მივეკარე. მანამდე, იგივე განცდა მქონდა, როცა უილიამ ფოლკნერის "ხმაური და მძვინვარება" წავიკითხე. ეს ორი ნაწარმოები დღემდე გამორჩეულად მახსოვს.

GzaPress

- ფილმისგან მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილება...

- "მუსიკის ჰანგები". ეს ფილმი ულამაზეს კინოთეატრ "აპოლოში" ვნახე, სადაც დედ-მამამ საღამოს 9-საათიან სეანსზე წამიყვანა. პატარა ვიყავი და, როგორც წესი, საღამოს სეანსზე მცირეწლოვნებს არ უშვებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისი დაუშვეს, რადგან დარბაზი სავსე იყო ბავშვებით. კინოთეატრის საოცარმა არქიტექტურამ და ფილმმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ ღამეს საერთოდ ვერ დავიძინე და შემდეგში სულ იმ სიმღერებს ვმღეროდი. არანაირი ტანსაცმელი არ მინდოდა, "მატროსკის" გარდა. დღემდე მაქვს რამდენიმე და ძალიან მიყვარს. როცა გავიზარდე და მიშა კობახიძის "მუსიკოსები", "ქოლგა", "ქორწილი" და სხვა ფილმები ვნახე, იგივე შთაბეჭდილება შემექმნა და ვიფიქრე, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი კინო.

- ყველაზე შთამბეჭდავი ქვეყანა...

- იაპონია. არა მხოლოდ ქვეყანამ, არამედ ადამიანებმა და მათმა მენტალობამ მომხიბლა. ეს სულ სხვა განზომილებაა. პირველად რომ ჩავედი, მეგონა, ფილმში "მეხუთე ელემენტი" მოვხვდი; პარალელურად ხედავ IV-V საუკუნეების ხიდებსა და შენობებს... "გეიშას დღიურები" ოსაკაშია გადაღებული. ძველი ქალაქის იმ ადგილებში მეც ვიყავი, რაც კადრებშია. ყველაფერი საოცრად მოვლილია და ყველაფერს ავთენტურობა აქვს შენარჩუნებული. გადიხარ ამ მუზეუმიდან და უცბად, ისევ "მეხუთე ელემენტში" ხვდები.

- გასტროლი გქონდათ თუ სამოგზაუროდ იყავით?

- 2004 წელს მე და გოგი ოსეფაშვილი ვიყავით გასტროლზე მიმოდრამით - "ცხოვრება თამაშია". ცოტა უნდა წავიტრაბახო და გიამბოთ, ეს როგორ მოხდა: ზაზა გოგუამ, რომელიც მუსიკოსი გახლავთ, იაპონიაში ცხოვრობს და იქ სიმფონიურ ორკესტრში უკრავს, თბილისში პანტომიმის თეატრში მოიყვანა კლასიკური მუსიკის იაპონელი პროდიუსერი, რადგან ჩვენს სპექტაკლს ენის ბარიერი არ ჰქონდა და ყველას იოლად შეეძლო გაგება. მან ჩემსა და ჩემს პარტნიორზე თქვა, - თუ ეს ორი ადამიანი სპექტაკლს გააკეთებს, ჩემს ქვეყანაში მივიწვევო, - და სწორედ ასე აღმოვჩნდით იაპონიაში დაუვიწყარ გასტროლზე.

- მსახიობებს ხშირად ყვავილებით, სუვენირებით ან სხვა ნივთებით გასაჩუქრებენ. ყველაზე შთამბეჭდავი რა მიგიღიათ?

- საჩუქრებით განებივრებული ვარ, თავადაც მიყვარს მათი გაკეთება, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი ჩემთვის ნათარგმნი პიესაა. ერთმა ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის ჩემი შემოქმედება, წაიკითხა ფრანგი მწერლის ნაწარმოები და მითხრა, შენ დაგინახეო; ჩემთვის თარგმნა ისე, რომ ეს ამბავი არ ვიცოდი. დღეს ეს პიესა ერთ-ერთ კარგ რეჟისორს აქვს და ველოდები, როდის დაიწყება მუშაობა. სამწუხაროდ, ვერც ავტორს ვასახელებ, ვერც პიესას და ვერც რეჟისორს.

- ცოტა რომ დავაკონკრეტოთ, პიესა რეჟისორს მთარგმნელმა თქვენთვის დასადგმელად თავად შესთავაზა და უკვე გადაწყვეტილია დადგმა?

- რეჟისორს მე მივუტანე და გადაწყვეტილი აქვს დადგმა, მაგრამ მსოფლიოში რა ხდება, ხომ ხედავთ?! ვიმედოვნებ, რომ პანდემიის გამო გადაიდო. მანამდე მეც დაკავებული ვიყავი და ისიც, შემდეგ პანდემია დაიწყო და... არადა, ძალიან აქტუალური პიესაა, კამერული ნაწარმოებია, ზუსტად ახლა განსახორციელებელი. თუ ჩვენს საუბარს წაიკითხავს, იქნებ დააჩქაროს (იღიმის). ამ რეჟისორს არაჩვეულებრივი წარმოსახვა აქვს და კარგი გაგებით "ფოკუსნიკობა" შეუძლია. მგონია, სწორედ მისი ხედვით, ეს სპექტაკლი ყოფითისკენ არ წავა და სწორედ ის გამოვა, რასაც ვფიქრობ.

- აუცილებლად დავწერ, იქნებ რეჟისორს შევახსენოთ და ამ პიესაზე მუშაობის განწყობაზე მოვიდეს. დაბოლოს, ქეთი, ისიც ვთქვათ, ადამიანები ყოველდღე რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის ნაწერებს გაეცნობოდით ყველაზე დიდი ინტერესით?

- არავის, ანა. განა არ მაინტერესებს; მაინტერესებს, მაგრამ მერიდება. ვფიქრობ, ეს ინტიმური საკითხია. კი, წაგვიკითხავს შტეფან ცვაიგის თუ სხვათა წერილები, მაგრამ ამის სურვილი არ მიჩნდება. ასეთ დროს მგონია, ამა თუ იმ ადამიანის რაღაც სანუკვარს ვეხები და არ მსიამოვნებს.

- მესმის, ბევრს მიაჩნია, რომ პირადი მიმოწერა და დღიურები არ უნდა იყოს საჯარო. ვთქვათ, ილიას წერილები ოლღასადმი ან - პირიქით. ეს ალბათ ერთგვარი რიდია, რომ ვიღაცის, თუნდაც გარდაცვლილი ადამიანის სულში იჭრები...

- დიახ, მერიდება. ჩვენ არ ვიცით, ესიამოვნებოდა თუ არა ამა თუ იმ ადამიანს ჩვენი ეს საქციელი. თუნდაც ილიას, რომელიც "ჩემო კუკლუშკი" - ასე მიმართავდა თავის ცოლს. არც მე მესიამოვნებოდა. ყველას აქვს თავისი პირადი სივრცე.

ანა კალანდაძე