"მითხრეს, - ეს ბორჯომი არ არის და ამ სიტუაციასთან შეგუება მოგიწევსო..." - გზაპრესი

"მითხრეს, - ეს ბორჯომი არ არის და ამ სიტუაციასთან შეგუება მოგიწევსო..."

27 წლის ანა ხაჩიძე "ახალი შაბათის შოუს" გუნდის ახალი წევრია. ასევე, ერთ-ერთ კერძო სკოლაში მუშაობს... როგორ მოხვდა ბორჯომელი გოგონა ტელეეკრანზე, ამის შესახებ თავად გვიამბობს...

- ივნისში, ჩემმა მეგობარმა, რომელიც "ახალი შაბათის შოუში" სცენარისტია, დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა ვანო ჯავახიშვილს უნდოდა. ცოტათი გამიკვირდა, რადგან დიდი ხანი იყო გასული, რაც იუმორის სფეროსთან შეხება არ მქონდა, თუმცა მაინც გადავწყვიტე, მეცადა. როგორც გავიგე, მსახიობ გოგოს ეძებდნენ და "კავეენში" ჩემი თამაშის ამსახველი ვიდეო უნახავთ. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, "კავეენშიც" ვთამაშობდი, თუმცა მერე, რამდენიმე წელი აღარ მითამაშია, ჩემი პროფესიით ვმუშაობდი...

- "ახალი შაბათის შოუს" გუნდში მიწვევამდე, "კავეენში" თამაშისას ვანოს კეთილგანწყობა შეგინიშნავს?

- მგონი, ვანო არც მიცნობდა. სატელევიზიო "მანსანკანში", სადაც ის ჟიურის წევრი გახლდათ, არ მითამაშია. ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვმონაწილეობდი, თუმცა იქ ვანო ჯავახიშვილი იყო თუ არა, არ მახსოვს.

- გასაუბრებამ როგორ ჩაიარა?

- ვღელავდი. "კავეენში" თამაშის გარდა, იუმორის სფეროში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ჩემთვის ეს სიახლე იყო... მივედი, გავისაუბრეთ. შემდეგ მუშაობა ვცადეთ - გადაცემაში მონაწილეობა მივიღე, სექტემბრიდან კი მითხრეს: - უკვე ჩვენი გუნდის წევრი ხარო (იღიმის).

- მანამდე "ახალ შაბათის შოუს" თვალყურს ადევნებდი? შენი ფავორიტი მსახიობები ვინ იყვნენ?

- ციას ვიცნობდი კიდეც - "კავეენში", ციაკო ფიფიას "დანატოვარ" გუნდში ვთამაშობდი (იცინის). ძალიან მეამაყებოდა. მისი შესაძლებლობები ვიცოდი. ჩემთვის სასურველი გუნდი იყო, მით უმეტეს - ასეთი სასწაული გოგონებით. რა თქმა უნდა, ბიჭებიც უნიჭიერესები არიან.

- როცა ეკრანზე გამოჩნდი, საზოგადოებისგან როგორ რეაქციას ელოდი?

- შოუს ბევრწლიანი ისტორია აქვს. ყველა ახალი მსახიობი მაყურებელს დაკვირვების ქვეშ ჰყავს და შეიძლება, თავდაპირველად, სკეპტიკურადაც იყვნენ განწყობილები. ალბათ, დაკვირვების ობიექტი ვარ.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, ყველაზე უკეთ რომელ სკეტჩში ითამაშე?

- "კავეენში" თამაშისას, ჩემ შესახებ ამბობდნენ, რომ ლექსებს ემოციურად ვამბობ. "ახალ შაბათის შოუში" ერთ-ერთი ასეთი სკეტჩი გვაქვს: მამიდები ძმისშვილზე ზრუნავენ, რომ როგორმე კარგი სარძლო შეარჩიონ. ამ სკეტჩის ერთ-ერთ სერიაში ვმონაწილეობდი - ოჯახის პოტენციური სარძლოს, გურანდუხტის როლს ვასრულებდი და ლექსს ემოციურად ვკითხულობდი. სახასიათო პერსონაჟი იყო. მგონი, მაყურებელსაც დაამახსოვრდა. ერთ-ერთი პირველი როლი, რომლითაც ხალხმა მიცნო (ოღონდ - გარეგნობით კი არა, ხმით), სწორედ ეს იყო - უი, შენ ის გურანდუხტი ხარო?.. დღესაც ბევრი მეგობარი ხუმრობით გურანდუხტს მეძახის...

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- ბორჯომში დავიბადე, გავიზარდე. სკოლა იქ დავამთავრე. მამა ენერგეტიკოსია, დედა - მასწავლებელი. 2 და მყავს. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვედი. მშობლები ბორჯომში ცხოვრობენ, მე - თბილისში, დებთან ერთად.

- რომელი პროფესიის წარმომადგენელი ხარ?

- ჟურნალისტიკის შესწავლით დავიწყე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ბაკალავრის ხარისხი მაქვს. შემდეგ მაგისტრატურაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით განვაგრძე სწავლა. ჩემი ძირითადი პროფესია პიარია. ახლაც ერთ-ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობ - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ.

- "კავეენში" როგორ ჩაერთე? წინათ, წარმოგედგინა, რომ იუმორის სფეროში იმუშავებდი?

- "კავეენში" სკოლის მოსწავლეობიდან ვთამაშობდი. სკოლაში სწავლისას ჟურნალისტობა მინდოდა და ვიცოდი, რომ აუცილებლად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის "კავეენი" მხოლოდ ჰობი იყო. მაინტერესებდა და არ მინდოდა, თავი დამენებებინა. სცენაზე დგომა სიამოვნებას მანიჭებდა... უკვე ჩემი პროფესიით ვმუშაობდი, როცა "კავეენში" მაინც ვთამაშობდი (საკმაოდ დიდხანს). ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერებას მანიჭებდა. ამ სფეროსთვის თავის დანებება რთული იყო. ბოლოს ეს მაინც გავაკეთე, მაგრამ ახლა იუმორის სფეროში მუშაობა განვაახლე.

- შენს თავისუფალ დროს როგორ იყენებ?

- ჩემი თავისუფალი დრო ოჯახს ხმარდება. ასევე, მეგობრებთან ერთად დროის გატარება მიყვარს. ფოტოგრაფიით გატაცებული გახლდით. სამწუხაროდ, დატვირთული რეჟიმის გამო, ახლა ვეღარ ვახერხებ...

- ბორჯომიდან ჩამოსული გოგონასთვის დედაქალაქში თავის დამკვიდრება მარტივი იყო?

- სკოლაში აქტიური გახლდით. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, უცებ, ფავორიტი მოსწავლე აღარ ვიყავი. წარმოიდგინეთ, თსუ-ში ყოველწლიურად რამდენი აბიტურიენტი აბარებს (იცინის). თითქოს ამან ჩემზე გავლენა მოახდინა, რომ ყურადღებას მიჩვეული უცბად, ყურადღების ცენტრში აღარ ვიყავი (ბორჯომი მაინც პატარა ქალაქია. იქაურობა ძალიან მიყვარს!). ოჯახის წევრებმა დამსვეს და მითხრეს: ეს ბორჯომი არ არის. ამ სიტუაციასთან შეგუება მოგიწევსო...

- ეს იყო მიზეზი, რომ "კავეენში" აქტიურად ჩაერთე?

- ფაქტობრივად, უნივერსიტეტში ჩაბარების პირველივე დღიდან "კავეენში" აქტიურად ჩავერთე. რეზომ ("რეზო და ბავშვები"), რომელიც მაშინ "კავეენს" ბორჯომში ატარებდა ხოლმე, დამაკვალიანა, თსუ-ში, "კავეენის" გუნდში მივსულიყავი. ეს საქმე მიყვარდა და ამიტომაც დავიწყე... არ ვიცი, თავი დავიმკვიდრე თუ არა, მაგრამ ბედს არ ვუჩივი (იღიმის).

GzaPress

- 3 დის თანაცხოვრების შესახებ გვიამბე...

- კონფლიქტურები არ ვართ და ალბათ, ეს ხელს გვიწყობს, რომ ჰარმონიაში ვიცხოვროთ. მოვალეობები სამივეს განაწილებული გვაქვს, რომლებსაც კარგად ვასრულებთ. "ერთმანეთზე აწყობილები" ვართ და ერთმანეთის გარეშე ყოფნა გვიჭირს.

- განსხვავებული პროფესიები გაქვთ?

- კი. უფროსი და იურისტია, უმცროსი - მომავალი ფინანსისტი (ბოლო კურსზე სწავლობს).

- მშობლებისგან შორს ყოფნა გიჭირთ?

- ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომი არც ისე შორსაა, რაკი ჩვენი საქმე გვაქვს, იქ წასვლას ხშირად ვერ ვახერხებთ. მშობლებს თავიანთი საქმე აქვთ და ხშირად ჩამოსვლას ისინიც ვერ ახერხებენ. სატელეფონო და ვიდეოზარებით კონტაქტი ყოველთვის გვაქვს. ცოტა ხნის წინაც, დედას ვესაუბრებოდი... ერთმანეთი ყოველთვის გვენატრება. მშობლები ამბობენ, - სამნი ხართ და ნეტავ, ერთი მაინც ცხოვრობდეთ ბორჯომშიო... ერთმანეთი კი ჰყავთ, მაგრამ მაინც რთულია, რომ არც ერთი შვილი მათთან არ არის. შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს ვნახულობთ. ისინიც ჩამოდიან და ჩვენც ზაფხულში, შვებულებას ყოველთვის მათთან ერთად ვატარებთ...

- ხშირად იუმორისტებისგან რეალურ ცხოვრებაშიც სულ ხუმრობას ელიან. ამ მხრივ, შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- წინათ, სამსახურში რომ გაიგეს, თურმე, ადრე "კავეენში" ვთამაშობდი, პირველი ფრაზა ეს თქვეს: - უი, აბა, ერთ ანეკდოტს მოგვიყევი და გაგვაცინეო (იცინის). კი, იუმორის სფეროში ვმუშაობ და ჩემს მეგობრებსაც ჩემ შესახებ რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ძალიან მხიარული, ყველაზე ლაღი ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებმა შეიძლება, გითხრან, - არც ისე ლაღი და მხიარულიაო. "მსუბუქი" ხასიათი არ მაქვს...

ეთო ყორღანაშვილი