გიორგი ღოღობერიძის ცხოვრების დევიზი, მიზანი და დიდი სისუსტე - გზაპრესი

გიორგი ღოღობერიძის ცხოვრების დევიზი, მიზანი და დიდი სისუსტე

"გამარჯობა, მეგობრებო!" - ეს სიტყვები ჩემი სავიზიტო ბარათია, ყველა ვიდეოს ასე ვიწყებ", - ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე. რა დროს იბნევა, ვინ ენატრება ყველაზე მეტად, რა მავნე ჩვევა აქვს, რა არის მისი ბედნიერება, რისი ეშინია, რას არ გააკეთებს არასდროს, არანაირი თანხის სანაცვლოდ და რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 16 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი. უფრო ადრეულ ასაკში, იურისტობას ვფიქრობდი, ეს მამის გავლენა იყო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...…

- "გამარჯობა, მეგობრებო!" - ყველა ვიდეოს ამ სიტყვებით ვიწყებ. ვიდეოებს, რომლის თემაც სამედიცინო რჩევებია, უმეტესად ლექციებს შორის შუალედში ვწერ. ქუჩაში ადამიანები მცნობენ, საკუთარ ჩივილებზე ხშირად მელაპარაკებიან, - გიორგი ექიმო, ეს მტკივა, ექიმო, ეს მაწუხებს...

- ჩემზე ამბობენ...

- ...ინტროვერტიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მშობლებთან ურთიერთობას უფრო მეტ დროს დავუთმობდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო სკოლის პერიოდში, ოლიმპიადებზე გამარჯვება.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს.

- ჩემი მშობლიური ქედა...

- ...ეს არის სუფთა ჰაერი, ძალიან ლამაზი ბუნება, თბილი ადამიანები.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ხალხს ვეხმარები. ძალიან მოკლე დროში საზოგადოების კეთილგანწყობა მოვიპოვე. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ჩემდამი გულწრფელობის გამო გაუჩნდათ. ურთიერთობაში მთავარი გულწრფელობაა, ეს ყოველთვის იგრძნობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- უფრო და უფრო განვვითარდე.

- ჩემი ჰობია...

- ...მოგზაურობა. როგორც კი დრო გამომიჩნდება, ზურგჩანთას ვიღებ და... ლაშქრობები, ისტორიული ძეგლების მონახულება ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად ბუნებაში გასვლა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ახლის შესწავლა, თავგადასავალი, ძიება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვცდილობ, საამისოდ დრო 2 კვირაში ერთხელ მაინც გამოვნახო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ასეთი თვისება მაქვს? (პაუზის შემდეგ) შეიძლება მიზანსწრაფულობა დავასახელო, გულისხმიერებაც. იმ საქმის ხარისხიანად კეთება მიყვარს, რასაც ხელს ვკიდებ. მიზანს ვისახავ და მერე სულ ვცდილობ, ამ მიზანს, თითო ნაბიჯით მაინც მივუახლოვდე.

GzaPress

- დღეს ჩემი მთავარი მიზანი...

- ...არის კლინიკის გახსნა. უფრო სწორად რომ გითხრათ, ჩემი მიზანია, დავაარსო დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც პაციენტი პასუხს ყველა შეკითხვაზე მიიღებს. ჩემი ჩანაფიქრია, ეს ცენტრი ფინანსურად მომგებიანი კი არა, ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს. იქ მკურნალობა არ მოხდება, დაისმება სწორი დიაგნოზი, რაც საკმაოდ რთულია.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზოგჯერ დანებება ვიცი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაღიარებ და ვცდილობ, აღარ გავიმეორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ, ცხოვრება ვისწავლე. ამას ყოველდღიური ხასიათი აქვს.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ყოველთვის შემიძლია, "თუ" ზედმეტია.

- თავად სხვებისგან პატიებას...

- ...იშვიათად ვითხოვ, ამის საჭიროება არ არის ხოლმე.

- ვიბნევი...

- ...როცა ისეთ შეკითხვებს მისვამენ, რომელიც მედიცინას არ ეხება. მედიცინა ჩემი ყოველდღიურობაა.

- ვნანობ...

- ...სტუდენტობის პერიოდში მეტად რატომ არ ვიბრძოლე: გაცვლით პროგრამებში ჩართვა, განვითარებაზე ფიქრი მეტად შეიძლებოდა.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ, როცა...…

- ...დაუმსახურებლად რაღაცებს მაბრალებენ. მართალია, ეს იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...მქონდეს აკადემიური ხარისხი...

- დღე, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან ამოვშლიდი...

- ...ეს ის დღეა, როცა დედა გარდაიცვალა.

- სიყვარული ეს...

- ...ავხსნა, რა არის? სიყვარულია, როდესაც ვიღაც შენი ცხოვრების და სხეულის ნაწილი ხდება.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...13 წლის ვიყავი. მივედი და ვუთხარი, რომ მიყვარდა. თავიდან ძალიან მორიდებული ვიყავი. ეს ურთიერთობა ცალმხრივი იყო და გარკვეული პერიოდის შემდეგ დასრულდა.

- ახლა შეყვარებული...

- ...არ ვარ.

- კარიერა პირადი ცხოვრების აწყობაში...…

- ...ხელს მიშლის თუ არა? ამ შემთხვევაში, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს ჩემი მიზანდასახულობა მიშლის. ამჟამად პროფესიულ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული.

- მაკვირვებს...…

- ...უკვე დიდად აღარაფერი. ექიმობა ისეთი რამეა, როცა ამ სამყაროში ერთვები, მერე დიდად აღარაფერი გაკვირვებს. ეს პროფესია ბევრ რამეს გაჩვევს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მამაჩემის ზარმა. დღის განმავლობაში ერთმანეთს მინიმუმ ორჯერ მაინც ვეხმიანებით. აჭარაში ჩასვლას ხშირად ვერ ვახერხებ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათ შემთხვევებში, სამწუხაროდ, რისკიანი არ ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ის, რომ ძალიან დამოკიდებული პიროვნება ვარ, ადვილად ვეჩვევი ადამიანებს. ეს ცუდადაც გამოუყენებიათ, ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი სისუსტეა.

- ვამაყობ...

- ...მშობლებით.

- მეშინია...

- ...წარუმატებლობის.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ჭაღარა თმას.

- ვუფრთხილდები...

- ...დროს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...იტალიური ენა.

- ვიტყუები...

- ...იშვიათად. ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და ტყუილის თქმა არ მიყვარს.

- ყოველთვის მრცხვენია...

- ...როცა რაღაცის გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე. ეს არც ერთ შემთხვევაში, სიზარმაცის გამო არ ხდება. უბრალოდ, ზოგჯერ გაქვს განცდა, რომ მოახერხებ, მაგრამ დროში ვეღარ ეტევი.

- თავისუფლება არის...

- ...როცა არავის მიმართ ვალდებულება არ გაქვს. მე თავისუფალი ადამიანი ვარ.

- გადაწყვეტილებებს უმეტეს შემთხვევაში...…

- ..."ცხელ გულზე" ვიღებ. ეს ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ - არა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვკითხულობ, ძირითადად დროს პროფესიულ ლიტერატურას ვუთმობ, მხატვრული ლიტერატურის კითხვას ვეღარ ვახერხებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკურ ცენტრს გავხსნიდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ტყუილს არ ვიტყვი, პაციენტს არ გავთქვამ.

- მენატრება...

- ...დედა.

- ბედისწერა...

- ...ვფიქრობ, არსებობს. ეს ძალიან დიდი თემაა, რთულიც.

- ჩემი მავნე ჩვევაა...

- "ფასტ ფუდის" სიყვარული, რაც ჯანმრთელობისთვის სასურველი არ არის, მაგრამ დრო არ მრჩება იმისთვის, რომ სადილები ვამზადო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვიძინებ. ძილი საუკეთესო არჩევანია, პრობლემის მოგვარებაზე ფიქრისთვის ყველაზე კარგი პერიოდია. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს და გაიფიქროს, ძილი და ფიქრი ერთად?!. ძილის დროს ადამიანის თავის ტვინის აქტივობა არ წყდება. ამ დროს შეიძლება მოიფიქრო, შექმნილი მდგომარეობიდან რა გამოსავალი შეიძლება იპოვო, გააანალიზო. დღე-ღამის განმავლობაში, სულ 2 საათი მძინავს, მაგრამ საქმე ძილის ხანგრძლივობაში კი არა, ხარისხშია. შეიძლება ადამიანს 8 საათი ეძინოს, მაგრამ ხარისხით მის დროზე მეტი ჩემი 2 საათი იყოს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...აინშტაინს აქვს ნათქვამი: "ცხოვრება ველოსიპედს ჰგავს, თუ გინდა, არ წაიქცე, არც ძალიან ნელა არ უნდა ატარო და არც - სწრაფად". ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების დევიზად იქცა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდ პატივს გცემთ, ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს.

თამუნა კვინიკაძე