"ცოლ-შვილი არ მყავს, თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია" - გზაპრესი

"ცოლ-შვილი არ მყავს, თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია"

გურამ ბაღდოშვილი საინტერესო პიროვნება და რესპონდენტია. მასზე თითქოს ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა არის ისეთი დეტალებიც, რომელიც უცნობია მისი ცხოვრებიდან. პანდემიის დროს ყოველდღე 150 ადამიანს უფასოდ აპურებდა ხმაურისა და კამერების გარეშე. ამბობს, რომ საკუთარი ნაშრომის იმათთვის დარიგება არ უყვარს, ვისაც შრომა შეუძლია. ცნობილი შეფ-მზარეული ძალიან გულისხმიერი ადამიანია. როცა მან პანდემიური ჩაკეტილობისას ის პენსიონერები დაინახა, რომლებიც უსახსროდ რჩებოდნენ, რადგან ქუჩაში მზესუმზირასაც ვერ ყიდდნენ, საქველმოქმედო კამპანია "დააპურე შენი უბანი" წამოიწყო. ამ ფაქტს ცნობილი შეფ-მზარეული არ ახმაურებდა, თუმცა ეს ინფორმაცია "გზამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

- ფანტასტიკური ბავშვობის პერიოდი მქონდა. უბრალოდ, დრო არ იყო ბავშვობისთვის - 13 წლიდან ვმუშაობდი და ოჯახს ვეხმარებოდი. თავდაპირველად სასტუმროში დავიწყე მუშაობა, შემდეგ მარტო წავედი მოსკოვში და ჩემი საქმიანობა იქ გავაგრძელე. ისევ საქართველოში დავბრუნდი და გავხდი სასტუმრო-რესტორნის შეფ-მზარეული. ამის შემდეგ ევროპაში წავედი, სადაც დაიწყო ჩემი პროფესიული ზრდა-განვითარება.

- რამ განაპირობა თქვენი მუშაობა ასეთ პატარა ასაკიდან?

- ჩემი წინაპრები მესხები არიან. მე თბილისში დავიბადე. მამა რომ გარდამეცვალა, 13 წლის ვიყავი და მას შემდეგ საკუთარ თავზე ავიღე ოჯახზე ზრუნვა. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი.

GzaPress

- როგორი მოსწავლე იყავით?

- ცუდი, არ ვსწავლობდი. მასწავლებელი თავზე თუ დამადგებოდა, კარგ ნიშანს ვიღებდი. საგანი რომ არ მაინტერესებდა, აქედან გამომდინარე, გაკვეთილიც უინტერესო იყო ჩემთვის. პედაგოგი თუ არ მიყვარდა, გაკვეთილიც არ მიყვარდა.

- როდის დარწმუნდით, რომ მზარეულობა თქვენი ნამდვილი მოწოდება იყო?

- 6 წლიდან. მთელი ოჯახი და წინაპრები არაჩვეულებრივი მზარეულები იყვნენ. დღეს მზარეულის პროფესია ხელოვნებადაც მიიჩნევა, თუმცა ადრე, საბჭოთა პერიოდში, ეს ასე სულაც არ იყო და გრცხვენოდა კიდეც, მზარეული თუ იყავი.

- ვინ იყო ის ადამიანი, ვინც მზარეულობა გასწავლათ?

- ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თვითნასწავლად მიმაჩნია. ენებიც კი. სკოლაში მხოლოდ მათემატიკას და გრამატიკას ვსწავლობდი კარგად. სხვაგვარად მქონდა განვითარებული IQ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ამას წინათ წიგნი მაჩუქეს - "საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია" ჰქვია, ვფიქრობ, წავიკითხო. ჩემი ჰობი ანთროპოლოგიაა... ემიგრაციაში წარმომავლობა დიდ როლს თამაშობს. საჭირო განათლება რომ არ მქონდა მიღებული ანთროპოლოგიაში, ჩემით დავიწყე კაცობრიობის განვითარების გზების ძიება და გაცნობა. მაინტერესებს ძველი ქვის თუ ბრინჯაოს ხანა. არქეოლოგიური ნივთების კოლექციაც მაქვს და ნუმიზმატიკათაც ვარ გატაცებული. ჩემს რესტორანში გამოფენილია ეს ნივთები და ყველას შეუძლია დაათვალიეროს.

- პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

- ჩემი პირველი წარმატება 13 წლის ასაკში იყო, როცა პირველი სამსახური ვიშოვე. ეს არ იყო დღევანდელი ვარსკვლავური წარმატება. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება, მაგრამ "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა", ამ სლოგანით ვცხოვრობ. ბუნებით ლიდერი ვარ. მიყვარს პრობლემებთან შერკინება, შეუსრულებელის დაძლევა, დაცემა და წამოდგომა.

- იმედგაცრუება, რომელიც დაგიძლევიათ...

- მე თუ არ მოვკვდი, ე.ი. გადავრჩი. არც ერთ მარცხს არ ვნანობ. ამავე დროს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს პრივილეგიას, მატერიალურ შესაძლებლობას.

- და მაინც, როგორი ხართ?

- ძალიან მარტივი ურთიერთობაში, სამართლიანი, თავისუფლებისმოყვარე და სხვასაც ვაძლევ თავისუფლების საშუალებას, თუმცა პასუხისმგებლობას და ყურადღებას მოვითხოვ. როცა ამ ორ რამეს კარგავს ადამიანი, ვბრაზდები. ვფიქრობ, კარგი ხელმძღვანელი ვარ, რაც შედეგზე აისახება. კარგმა მენეჯერმა მენეჯმენტი, ფსიქოლოგია და ფილოსოფია უნდა იცოდეს. ჩემში ბუნებრივად ჩამოყალიბდა ყველაფერი.

GzaPress

- ტელემედიამ პოპულარული გაგხადათ თუ პირიქით, რეიტინგი შესძინეთ?!

- ვფიქრობ, ჩვენი შესაძლებლობები გადავანაწილეთ. ტელევიზიამ გააცნო ჩემი თავი და შესაძლებლობები მთელ ქვეყანას, მე კი მას რეიტინგი მოვუტანე. გურამ ბაღდოშვილი ტელევიზიას არ შეუქმნია. გურამი რომელიღაც დუქნიდან მოყვანილი კი არ არის, ვისაც ფორმა ჩააცვეს და ტექსტი მისცეს! არა, აქ ხელმა ხელი დაბანა, ორივემ კი - პირი. მიმაჩნია, რომ საქართველოს გასტრონომიული პოპულარიზაცია, სამზარეულოს ხელოვნებად აღქმა და საზოგადოებისთვის მიწოდება შევძელი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩემი თავი მახსენებს ყინულმჭრელს, რომელსაც უკან პატარა გემები მიჰყვებიან.

- ამ ეტაპისთვის რა დაგრჩათ მიუღწეველი?

- სოფელში მინდა ცხოვრება. მინდა მქონდეს დიდი ფაზენდა, საიდანაც ჩემს ბიზნესსაც ვმართავ, ცხოველებსა და ფრინველებსაც მოვუვლი. აი, ესაა ჩემი ოცნება და დამსახურებულ პენსიაზეც გავალ. 55 წლისამ უკვე მინდა ასე ვიცხოვრო. ფერმა ახლაც მაქვს ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში. მყავს ძროხები, ბატები, იხვები, ინდაურები. რაღაც ასაკის შემდეგ, გინდება, ხალხი აქეთ მოდიოდეს შენთან და მასპინძლობდე.

- ქალია უკეთესი კულინარი თუ მამაკაცი?

- კაცის ადგილი სამზარეულოშია!

- კერძის მომზადების შემდეგ, მირთმევა არ გინდებათ?

- 33 წელია, ვამზადებ. ჩაქაფული, ჩიხირთმა და ჩანახი - აი, საუკეთესო კერძები.

- ჭორები არ გაგიგონიათ საკუთარ თავზე?

- სხვისი აზრები ჩემზე გავლენს არ ახდენს. რა თქმა უნდა, საწყენია, როცა ვინმე აუგად მახსენებს, არ მიცნობენ და ისე ჭორაობენ. თუმცა, ამაზე გული არ მტკივა, რადგან ასეთი ადამიანების აზრს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ცხოვრებაში ნეგატივზე მეტი, პოზიტივია. ნეგატივს თავს ვარიდებ. საზოგადოება "სახალხო შეფს" მიწოდებს. სახალხო ტიპობა ყველას ხომ არ შეუძლია. ეს დადებითი შეფასება დავიმსახურე. ხალხი ჩემზე ამბობს, რომ გურამი მკაცრი, თუმცა გულკეთილი და სამართლიანია, ეროვნული კაცია, ქართული გასტრონომიის მცველია, ნოვატორია, რელიგურიაო. არ გამოვირჩევი უარყოფითი შინაარსის კომენტარების წერით, თუ, რა თქმა უნდა, მე არ შეურაცხმყოფენ. ამ ბოლო დროს ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს "ფაროსანა დედაკაცი" ვუწოდე და ეს ჩემს "ფეისბუკზეც" დავწერე. ეს იყო ჩემი ბოლო უარყოფითი გამოხმაურება სოციალურ ქსელში. მან რესტორნებს "კოვიდის ბუდე" უწოდა, რასაც ვერ მოვითმენდი. მას ისე ესმის გასტრონომია, როგორც მე ეკონომიკა.

- რესტორნები თუ ისევ დაიხურება, რა ბედი ეწევა შენს ბიზნესს?

- ჩემი ბიზნესი, უბრალოდ, მოკვდება. მოკვდება ის, რაც არ შეუქმნია სახელმწიფოს. ტურისტული პოტენციალი საქართველოში სწორედ რესტორანმა გაზარდა. ბევრმა დაანება თავი იურისტობას, ეკონომისტობას და რესტორანი გახსნა. სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ საქართველოში სარესტორნო ბიზნესი მდგრადი იყოს. ეს სექტორი ჩვენ, შეფებმა დამოუკიდებლად შევქმენით და სახელმწიფო კი ამ ჩვენს შრომას წყალს ატანს. პარლამენტში ყველას შეეყარა "კოვიდი", რესტორნებში კი არავის. მე არავის მივცემ რესტორნების ქსელის დახურვის უფლებას და ან დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებ, ან დავბრუნდები ევროპაში. არ დავიკარგები, უბრალოდ, ჩემი ქვეყანა მეცოდება, არ მინდა 90-იან წლებსა და ჯოჯოხეთში დაბრუნება. ორი ენაა, რომელიც არ ვიცი, ესაა თურქული და პოლიტიკის. პოლიტიკაში არასდროს წავალ. მიუხედავად იმისა, რომ კანონმორჩილი ვარ, რესტორნების დახურვას თუ გადაწყვეტენ, ავლესავ დანას და დავანთებ ცეცხლს!

- პირად ცხოვრებაზე რას იტყვით?

- ჩემი ცხოვრება, პროფესიიდან გამომდინარე ისეთია, როგორიც შავი ბერის. ცოლ-შვილი არ მყავს, არ მცალია ამისთვის. თავისუფლება ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება მივეჩვიე კიდეც მარტოობას. იმ ასაკში, როცა ცოლი მოჰყავთ, მეც მინდოდა დაქორწინება, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა. არ შემხვდა ის ადამიანი, ვინც ჩემი მეგზური გახდებოდა. ეს სულაც არ არის ცუდი. როცა ხარ მგელი, მდინარე და არწივი, მარტომაც შეგიძლია თავი გაართვა ყველაფერს. ხომ ხედავთ, მტკვარი არაგვს უერთდება და ისინიც სხვადასხვა ფერია. ხანდახან ორ წინდას ვერ ვაწყვილებ და ჩემს თავს როგორ დავაწყვილებ? თინეიჯერობის ასაკში ბიჭებს ცოლები იმიტომ მოჰყავთ, რომ სუსტები არიან და ზურგის გამმაგრებელი ადამიანები სჭირდებათ.

შვილები მინდა, მაგრამ სად მიდიხარ, სად იყავი, როდის მოხვალ? - ეს რომ მკითხოს ვინმემ და წასვლა-მოსვლა გამიკონტროლოს, ვეღარ გავუძლებ. მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ევროპაში 23 წლისა წავედი, თავისუფალი ცხოვრებით ვიცხოვრე, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაშიც თავისუფალი ვიყავი, აქედან გამომდინარე, ცოლი უკვე საჭირო არ იყო. ძალიან ცოტას ვხედავ ერთდროულად დაქორწინებულსა და ბედნიერს. ხელშეკრულება-კონტრაქტი უფრო აკავშირებს ბევრ ცოლ-ქმარს, ვიდრე სიყვარული. ისეთი წყვილები ვიცი, სექსი საერთოდ რომ არ აქვთ. როგორც მონადირეს უყვარს ნადირობა, ისე უყვარს კაცს ქალი, მაგრამ თავისუფლებას მაინც სხვა ხიბლი აქვს.

GzaPress

- რა არის თქვენთვის სიყვარული?

- ნახევარ დუნიას ვუყვარვარ და ეგ არაა სიყვარული? მე ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. პირველად რომ გამოვჩნდი და უცნობი შემიყვარეს, მე ეს ვიგრძენი. ვფიქრობ, მე ჩემს ერს ვეკუთვნი.

- უხერხული კითხვა აქვე: გიცდიათ თუ არა სექსი სამზარეულოში?

- ჩემთვის ეს ძალიან არაკომფორტულია, მე კი კომფორტი მიყვარს - დიდი, დიდი ლოგინი, კოქტეილი, შამპანური და რომანტიკა. ამას არაფერში გავცვლი. მე კონსერვატორული და აკადემიური სექსის მომხრე ვარ.

- კარგად იცვამთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება გარდერობთან?

- იყო პერიოდი, ძვირად ღირებულ ტანსაცმელს ვყიდულობდი, მაგრამ მერე ჩემი ნაშრომის დაფასება ვისწავლე. სახლში თავისუფლად, არაფრის გარეშე მიყვარს ყოფნა. აქედან გამომდინარე, როცა სახლში ვინმეა, ეს ჩემთვის კომპლექსი და დისკომფორტია. მიყვარს გამოპრანჭვა, მაგრამ დიდ დროს არ ვუთმობ. მიყვარს საათები. რაც მაცვია და მიკეთია, უნდა მიხდებოდეს. რადგან "როლექსია", მაჯაზე თუ არ მიხდება, არ გავიკეთებ. ტელევიზიაში სხვანაირი ვჩანვარ. ყოველთვის ცდილობენ უნაგირი დამადგან, აღვირი ამომდონ და შემკაზმონ, ანუ შარვალ-კოსტუმით დამაყენონ (იცინის).

როლანდ ხოჯანაშვილი