"როგორები ვართ ადამიანები?" - გზაპრესი

"როგორები ვართ ადამიანები?"

რუსთაველის თეატრის 142-ე სეზონი რობერტ სტურუას სპექტაკლით "ერთხელ... მხოლოდ..." გაიხსნა. რა არის ამჯერად რეჟისორის სათქმელი, რას ეხება აღნიშნული სპექტაკლი, როგორია სამომავლო გეგმა და როგორ აფასებს, ცოტა ხნის წინ, თეატრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს? - ამ ყველაფერზე მსახიობი მანანა აბრამიშვილი გვესაუბრება.

- რობერტ სტურუამ კიდევ ერთი გენიალური სპექტაკლი "ერთხელ... მხოლოდ..." შექმნა. რაც ძალიან გვახარებს, ყველა ბილეთი გაიყიდა, სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მე, როგორც მასში მონაწილე მსახიობმა, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან კარგი და დასაფიქრებელი სპექტაკლია, რომლის ნახვაც შეიძლება ყველას თამამად ვურჩიო. რობერტ სტურუა ამ სპექტაკლის არა მხოლოდ რეჟისორი, იდეისა და მუსიკის ავტორიც გახლავთ.

- სპექტაკლში რა ხდება?

- ეს არ არის სპექტაკლი მხოლოდ ერთ თემაზე, სტურუას სხვა სპექტაკლების მსგავსად, გამახვილებულია ყურადღება იმაზე, თუ რა ვართ ადამიანები, როგორები ვართ. ამ სპექტაკლში წარმოჩენილია ჩვენი კარგი და ცუდი თვისებები. ადამიანური განცდები, ემოციები ხელისგულზე დევს და ხაზგასმულია, რომ ხშირად ადამიანები ცუდ გზას ირჩევენ.

- მაყურებელი თავის თავს ამოიცნობს?

- აუცილებლად ამოიცნობს. სპექტაკლი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა ნახეს, ყველას აზრით დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ყველამ თავისებურად ახსნა, გაიგო და პარალელი გაავლო თავის პროფესიაში.

- შენს როლზე რას იტყვი?

- ჩემი პერსონაჟიც ამ საზოგადოების ნაწილია. ჩვენ ადამიანები ხან ბოროტების სათავე ვართ, ხან სიკეთის გადამდებები. სამწუხაროდ, ერთმანეთს ვემსგავსებით ცუდში და უფრო იშვიათად - კარგში. პანდემიიდან გამომდინარე, სპექტაკლზე მუშაობა მაშინვე დიდი ინტერესით დავიწყეთ, როგორც კი ამის ნება დაგვრთეს.

- პრემიერის შემდეგ პერიოდში, რუსთაველის თეატრის წინ, დიდი ხმაური იყო. "გილდიამ" (დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი) საპროტესტო აქცია მოაწყო.

- ...(მაწყვეტინებს) რა უნდოდათ და რას აპროტესტებდნენ, თავადაც არ იცოდნენ. ხომ ვთქვი, ადამიანებში ცუდი რაღაცები გადამდებია-მეთქი. დავაკვირდეთ, როცა ვინმეს ჩაქოლვაზე მიდის ლაპარაკი, ქვების სროლას ყველა დაუზარლად იწყებს. თუ ვინმეს ვაქებთ, იშვიათია, რომ ეს შექება გადამდები იყოს, ამის გაკეთება უფრო გვიჭირს, სამწუხარო რეალობაა. რაც შეეხება თეატრის წინ გამართულ აქციას. შეგრძნება მაქვს, ვინც მოვიდნენ, ვერ მიხვდნენ, სად მოვიდნენ, რატომ მოვიდნენ, რა მოთხოვნა ჰქონდათ. მათ მიმართ არანაირი ზიზღი არ მაქვს, არც კონფლიქტში შევსულვარ, ჩემთვის გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იყვნენ, ამას თავადვე მიხვდნენ და ძალიან მალე დაიშალნენ. თეატრის წინ, უფრო მეტი ჟურნალისტი და პატრულის თანამშრომელი იყო, ვიდრე აქციის მონაწილე. მათი მოთხოვნა არასწორი იყო. რუსთაველის თეატრი ყოველგვარ ძალადობას გმობს, ჩვენთან ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მოძალადეს არასდროს გავამართლებ, მაგრამ მოძალადე კანონით რომ დასაჯო, ამას მტკიცებულებები სჭირდება. კანონს ჩვენ თუ არ დავიცავთ, სხვას ამისკენ როგორ მოვუწოდოთ? თეატრს რაც შეეძლო, ის გააკეთა, მსახიობი როლებიდან მოიხსნა. ის რომ ბესო ზანგური გააგდო, ჩაქოლო, ამის უფლება იურიდიულად არც გვაქვს.

ახალგაზრდები "ცხელ გულზე" გამოდიან და ისეთ რეჟისორს, როგორიც სტურუაა, შეურაცხყოფას აყენებენ. მან, რაც უნდა პოსტი დადოს, არ უნდა იკადრო და თავს ამდენის უფლება არ უნდა მისცე.

- იყვნენ მსახიობები, რომლებიც ღიად წერდნენ, რომ სოლიდარობას უცხადებდნენ ნინუცა მაყაშვილს, თუმცა აქციაზე არ მოვიდნენ, რადგან რუსთაველის თეატრის წინ ტარდებოდა.

- ეს არ იყო ნინუცას აქცია. მოსული ადამიანები პირდაპირ სტურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ.

GzaPress

- შენ და ნინუცა მეგობრები ხართ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად თამაშობდით.

- დიახ, მე და დები მაყაშვილები ამ თეატრში ერთად მივედით. ყველაზე დიდი მეგობრობა ჩვენ გვქონდა.

- რამდენად გახსნილი იყო ნინუცა, ოჯახურ პრობლემაზე შენთან ლაპარაკობდა?

- ვიცოდი, რომ მას და ბესოს რთული მდგომარეობა ჰქონდათ, ხშირად უკმაყოფილება, მაგრამ ფიზიკურ ძალადობაზე ღიად არ ლაპარაკობდა. მე იმდენი ვიცოდი, რაც მისმა დამ და დედამ იცოდა.

- მას შენთვის, როგორც მეგობრისთვის, აზრი რომ ეკითხა, ამ ამბის გახმაურებასთან დაკავშირებით, რას ეტყოდი?

- თუ ადამიანს რაღაც გაწუხებს და იმ ტკივილისგან ვერ თავისუფლდები, უნდა თქვა, დროს მნიშვნელობა არ აქვს. ამ აზრს ნამდვილად ვეთანხმები. მეგობრულად ვურჩევდი, იქნებ იქ არ ეთქვა, სადაც თქვა, იქნებ სხვა ფორმა მოეძებნა. რთულია ვინმე განსაჯო.

- მომხდარის შემდეგ, ზანგურთან ამ თემაზე ლაპარაკი გქონდა?

- არა.

- აქციის დღეს თეატრში იყავი?

- დიახ, ჩვენ რეპეტიცია გვქონდა, რიგითი სამუშაო დღე იყო, როცა გავიგეთ, გარეთ რაც ხდებოდა, მსახიობმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, გასულიყვნენ და იმ ადამიანებს დალაპარაკებოდნენ. შიგნით ამ თემის განხილვა არ გვქონია.

- თეატრს რა გეგმა აქვს, ახალ სპექტაკლზე ხომ არ მუშაობთ?

- ახლა უკვე ნათამაშები სპექტაკლების აღდგენითი რეპეტიციები გვაქვს. ორი რეჟისორი მუშაობს ახალ სპექტაკლებზე და მათი პრემიერებიც მალე იქნება. ბატონი რობერტიც იწყებს ახალ სპექტაკლს.

- ეს იქნება "ვეფხისტყაოსანი"?

- არა.

- პანდემიის პერიოდი როგორ გაატარე, რთული აღმოჩნდა?

- ძალიან რთული აღმოჩნდა, თითქოს ცხოვრებას მოვწყდი. ისე ვიყავი, თევზი რომ წყლის გარეშე დარჩება. რეპეტიციები დაიწყო თუ არა, გავცოცხლდი, საყვარელ საქმეს დავუბრუნდი.

- ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა, ასეთი "აღმოჩენა" შენც გქონდა?

- (იცინის) ძლიერი ნებისყოფა მქონია, მავნე ჩვევა დავძლიე, აღარ ვეწევი და ეს ყველაზე კარგია. ქსოვა შევისწავლე, სულ მინდოდა, დროც არ მქონდა და ალბათ სათანადოდაც არ ვინდომებდი, ვერ ვქსოვდი, გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ კარგად ხატვა შემიძლია, სამზარეულოში ტრიალზე აღარაფერს ვამბობ, ეს ისედაც ჩემი საქმე იყო.

- შენს შვილზე უნდა გკითხო, თეკლა სულაქველიძე სერიალში "იდეალურ დედა" თამაშობს, როგორია შენი ემოცია, როცა მას ეკრანზე ხედავ? მითხრა, რომ მისი მსახიობობის მომხრე არ იყავი.

- ასე იყო, არ მინდოდა, ეს გზა აერჩია. ახლა სულ გამომცდელის თვალით ვუყურებ. მან კარგად იცის, მის პროფესიულ ცხოვრებაში არასდროს ჩავერევი, არავის ვეტყვი, რომ გადაიღონ, ათამაშონ, ეს გამორიცხულია. მან იცის, ყველაფერს დამოუკიდებლად უნდა მიაღწიოს, ისევე, როგორც - მე. ჩემთვის ხელი არასდროს არავის წაუკრავს, ძალიან მიყვარდა ეს საქმე და მიყვარს. რუსთაველის თეატრში თამაში კი წარმატებად მიმაჩნია. როცა სერიალს ვუყურებ, თავი მიჭირავს, ემოციას ნაკლებად გამოვხატავ. ვერ იგებს, მომწონს თუ არა მისი თამაში, ამას შეგნებულად ვაკეთებ.

- რატომ?

- ზოგიერთ მსახიობზე შექება ცუდად მოქმედებს, ისევე - როგორც საყვედური. ამ დროს საუკეთესო არჩევანი ოქროს შუალედია. თეკლამ მუდმივად უნდა იფიქროს განვითარებაზე, მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ერთხელ ორი კარგი სიტყვა დამცდა და ძალიან გაიხარა.

- მკაცრი დედა ხარ?

- მკაცრი ვარ, გარკვეულ საკითხებს ვაკონტროლებ, მაგრამ მის პიროვნულ თავისუფლებას არასდროს შევეხები.

თამუნა კვინიკაძე