სააღდგომო სამზადისი პანდემიის პირობებში - გზაპრესი

სააღდგომო სამზადისი პანდემიის პირობებში

ქრისტიანთა უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა შარშან საქართველოში, პანდემიასთან დაკავშირებული გამკაცრებული რეგულაციების გამო, მოსახლეობამ ჩვეულებისამებრ ვერ აღნიშნა. გადავწყვიტეთ, რამდენიმე ადამიანისთვის გვეკითხა, წელს როგორ ემზადებიან დღესასწაულისთვის და საერთოდ, როდის, როგორ გააცნობიერეს აღდგომის მნიშვნელობა...

"მორწმუნე ადამიანების თვალშიც კი ეკლესიის როლი შეიცვალა"

ანანო სირბილაძე:

- პატარა რომ ვიყავი, ჩემთვის აღდგომა იმასთან ასოცირდებოდა, რომ ყველანი იმერეთში, სოფელში უნდა წავსულიყავით, სადაც ბევრი წითელი კვერცხი გვექნებოდა - ბებია მახვედრებდა. მერე, როგორც უმეტესად ხდება, ყველა ნათესავს ვნახულობდით, ვიკრიბებოდით... ჩვენს საგვარეულოს ასეთი ტრადიცია აქვს: რაც უნდა ხდებოდეს, სადაც უნდა ვიყოთ, აღდგომის დღესასწაულს ყველანი ერთად, სოფელში აღვნიშნავთ... როცა წამოვიზარდე და უკვე ყველაფერი გავაცნობიერე, მარხვას ვიცავდი, ლიტანიობას ვესწრებოდი. დარწმუნებული ვარ, ბევრი გამიგებს: ლიტანიობის მერე, როცა სახლში ვბრუნდებოდი და უკვე ხსნილი იყო, პასქას და კვერცხს ერთად მივირთმევდი. ასეთი გემრიელი დედამიწის ზურგზე არაფერი მეგონა (იღიმის)... ლიტანიობის დროს, როცა მორწმუნეები ეკლესიას წრეს არტყამენ, ეს ფაქტი ჩემთვის დღემდე მისტიკასთან ასოცირდება: სუნთქვა მეკვრება და მამას (სასულიერო პირს), ხატებს, სანთლებს თავდახრილი, დადუმებული მივყვები ხოლმე... სიმართლე გითხრა, ძალიან განვიცდი, რომ არეულობის, დაპირისპირების, ინტრიგების გამო, მორწმუნე ადამიანების თვალშიც კი ეკლესიის როლი შეიცვალა. როცა ჩვენს ეკლესიაში, მამა ლევანთან მივდივარ, ვამჩნევ, მრევლის რაოდენობა შეცოტავდა, რაც სასიამოვნო არ არის...

როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში ჟურნალისტად ვმუშაობდი, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიუჟეტის მოსამზადებლად, სასაფლაოზე წასვლა და იქ არსებული სიტუაციის გადაღება მთხოვეს. თვალში მომხვდა ღრეობა... ბოლო რამდენიმე წელია, ბაბუების საფლავებზე აღდგომას ან აღდგომის მერე ორშაბათს კი არა, კვირის განმავლობაში, რომელიმე დღეს მივდივარ, როცა სასაფლაოზე შემთვრალი ხალხი არ არის და წითელ კვერცხებს გადავაგორებ ხოლმე... ჩემს ბავშვობაში, აღდგომისთვის კვერცხი აუცილებლად წითელი და მაგარი უნდა ყოფილიყო, რომ სხვა ბავშვებისთვის გაგეტეხა (იღიმის). ახლა სხვადასხვაფრად რომ ღებავენ ან მოხატავენ, ეს ძალიან მომწონს. პატარა დეტალია, მაგრამ დღესასწაულს ალამაზებს... ჯერჯერობით ჩემი შვილისთვის აღდგომის დღესასწაული გემრიელ საჭმელთან ასოცირდება, თუმცა ლიტანიობაზე ყოველ წელს დამყავს და ყველაფერს ხელახლა ვუხსნი. ელოდება ბებო რას გამოაცხობს (იცინის)... შარშან, აღდგომას ეკლესიაში ნამდვილად არ ვყოფილვართ, რადგან პანდემიის გამო, დაძაბული სიტუაცია იყო. წელს როგორ მოვიქცევი, არ ვიცი - ვირუსის "მესამე ტალღაა", სიტუაცია ისევ დაიძაბა... შეიძლება ეკლესიის ეზოში მივიდე და რიტუალს დავესწრო. მართალია, კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას შევეჩვიეთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა - ჯობია, საკუთარ თავსაც და ერთმანეთსაც გავუფრთხილდეთ...

"შარშან საფლავზე არავის უშვებდნენ. ჩვენც მერე გავედით"

GzaPress

ქეთი ხუციშვილი:

- აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობა მოსწავლეობის პერიოდში ან უფრო ადრე გავაცნობიერე. მაშინ კომუნისტური რეჟიმი იყო. ჩემი მშობლები ყველაფერს წესის მიხედვით აკეთებდნენ. პასქის გამოცხობასა და კვერცხების შეღებვაში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია... აღდგომას ჩვეულებრივად, ჩემი დის საფლავზე (სოფელშია დაკრძალული) მივდივართ, სანთელს ვანთებთ, ჭიქა ღვინოს ვსვამთ და მოვდივართ - დიდხანს არ ვჩერდებით... ხან ტაძარში მივდივარ, სანთელს ვანთებ... პანდემიის გამო, შარშან საფლავზე არავის უშვებდნენ. ჩვენც მერე გავედით... წელს როგორ მოვიქცევით, არ ვიცით...

"ჩემთვის ეს ფაქტი ირონიულიც არის და თან, "მესაყვარლება"

GzaPress

თათული ედიშერაშვილი:

- როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჩვენი ოჯახიც ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ დღესასწაულს ტრადიციულად აღნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სააღდგომო ტრადიცია სპეციფიკური დეტალებით მაინც განსხვავდება. 2 დღესასწაული - შობა და აღდგომა ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელია.

90-იანი წლების ბავშვი ვარ, ჩემი მშობლები კი კომუნისტურ წყობაში ცხოვრობდნენ. მაშინ რაღაცები ცოტათი სხვაგვარად იყო... შესაბამისად, სადღესასწაულო რიტუალებს დრო ცოტათი ცვლიდა. მაგალითად, როცა 5-6 წლის ვიყავი, აღდგომას ლიტანიობაზე იმდენი მრევლი არ დადიოდა, რამდენიც ახლა... დროსთან ერთად, ჩვენი ცნობიერება, დამოკიდებულებებიც იცვლება... აღდგომის დიდებულ ღამეს სალოცავად წასვლა, აღსარება, ზიარების მიღება ბუნებრივია, თუმცა რამდენიმე წელი მაინც "ჩავაგდე", რადგან ბავშვები პატარა ასაკის იყვნენ და ჩემი გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელი...

ბუნებრივია, ოჯახში დიასახლისი მე ვარ. სადღესასწაულო სუფრის მომზადება, გაფორმება თავად მიწევს. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველაფერი საკუთარი ხელით მოვამზადო, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში ოჯახს - დიასახლისის, შვილებს კი - დედის სადღესასწაულო ფუსფუსი არ უნდა მოაკლდეს, რადგან ესეც თავისებური რიტუალია, ლამაზია... 2 ქალიშვილი მყავს და ძალიან მინდა, თავის დროზე ეს უნარი მათაც ჩამოუყალიბდეთ... როგორც წესი, კვერცხს ვღებავ. სხვათა შორის, რამდენჯერმე პასქა გამოვაცხვე და ძალიან კარგი გამოვიდა. ბოლო რამდენიმე წელია, აღარ გამომიცხვია: ხან დამეზარა, ხან - საჩუქრად იმდენი მივიღე, ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ვიფიქრე - ამით "გადავაგორებ"-მეთქი და აღარ მიწვალია (იღიმის)... როგორც წესი, აღდგომას ყველა ოჯახში "ჩაქაფულს" ამზადებენ - ყველა სახლიდან ამ კერძის სუნი გამოდის. ჩემთვის ეს ფაქტი ირონიულიც არის და თან, "მესაყვარლება", რომ ამ დღეს ყველას "ჩაქაფულის" მირთმევა უნდება. სადღესასწაულო სუფრაზე ერთი და იგივე მენიუა, როგორც საახალწლოდ, ისე სააღდგომოდ (იცინის)... მაგალითად, შარშან ტრადიციული სააღდგომო სუფრა გვქონდა, მაგრამ პანდემიის გამო - მოკრძალებული სტუმარმასპინძლობით. სავარაუდოდ, წლევანდელიც ასეთი იქნება... გაზაფხულზე 2-დღიანი დასვენება, სადღესასწაულო დროს ტარება, დიდი ხნის უნახავი ადამიანების ნახვა სასიამოვნოა, მაგრამ მეორე წელია, ეს ტრადიცია დაგვერღვა. თუმცა, ამ ეტაპზე გვიწევს, ჯანმრთელობაზე უფრო მეტად ვიფიქროთ...

"მშობლები მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ძირითად ტრადიციებს მაინც გვაზიარებდნენ"

GzaPress

დავით კვირცხალია:

- ჩემი მშობლების თაობა გაწამებული იყო. მათ ცხოვრებაში საშინელი მოვლენები მოხდა: გამოიარეს 1937 წელი, მეორე მსოფლიო ომი და კიდევ ბევრი რამ... ყველაზე მთავარი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში, რელიგიური ყველაფერი აკრძალული გახლდათ, მაგრამ ჩვენს მშობლებს მადლობა ეკუთვნით, რომ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ძირითად ტრადიციებს მაინც გვაზიარებდნენ - ჩუმად, მალულად... კვერცხებს წითლად მაინც ღებავდნენ. ჩინოვნიკები "ცალ თვალს ხუჭავდნენ", რომ არ დაენახათ... სასაფლაოზე გავდიოდით. ძირითადად, მამას მივყავდით. მიცვალებულს პატივს მივაგებდით, წითელ კვერცხს გადავაგორებდით, 1 ჭიქა ღვინოსაც დავღვრიდით... საფლავზე პასქა უნდა მიგვეტანა და სანთელი დაგვენთო... კიდევ ერთი საიდუმლო ის გახლდათ, რომ დიდი წნეხის მიუხედავად, მშობლებმა მოუნათლავი არ დაგვტოვეს. მაშინ ცოტა ეკლესია იყო, ღვთისმსახურება კი ასე საჯაროდ არ ხდებოდა, როგორც დღესაა... ჩემი დედ-მამა დასავლეთ საქართველოშია დაკრძალული. უკვე გავემგზავრე, რომ აღდგომის შემდეგ ორშაბათს საფლავზე მივიდე და კვერცხი გადავაგორო... შარშან საფლავზე გასვლა ვერ მოვახერხეთ. საკმაოდ კანონმორჩილი ვარ. წელს არ ვიცით, როგორი სიტუაცია იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ნაბიჯი ხომ გადავდგი, არა? აქ ვარ, სადაც ჩემი მშობლები არიან დასაფლავებული. თუ სასაფლაო ღია იქნება, მივალ. აქ დედ-მამისთვის პატივის მისაგებად ჩამოვედი, სხვა არანაირი საქმე არ მქონდა...

"ჩემს დაბადების დღეზე აღდგომის დღესასწაული იყო"

GzaPress

თაკო ცქვიტინიძე:

- ტრადიციული ოჯახში ვცხოვრობ, რომელშიც დღესასწაულებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, განსაკუთრებით - მართლმადიდებლურ ქრისტიანულს. მგონი, აღდგომა ყველა ადამიანს უყვარს. თან, ისეთი პერიოდია, როცა გარემო მწვანდება, ამინდი თბება... პლუს, ზოგჯერ ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაული, ზოგჯერ - წითელი პარასკევი, ზოგჯერ კი - ბზობა. არ დავკვირვებივარ, ეს რამდენ წელიწადში ერთხელ ხდება. დაახლოებით, 4 წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე (8 აპრილს) აღდგომის დღესასწაული იყო. ორმაგად აღვნიშნეთ, მხიარულად და განსაკუთრებულად შევხვდით... ჩვეულებრივ, სააღდგომო სამზადისს დედა უძღვება ხოლმე. დეკორის, სუფრის განსაკუთრებულად გაწყობის მოყვარული გახლავთ. ჯეჯილი უკვე მომზადებული აქვს, რომ ამოვიდეს, მერე კი ლამაზად მორთოს. ეს ყველაფერი მეც მომწონს, მაგრამ მოუცლელობის გამო, სახლში ყოფნას და სამზადისს ვერ ვახერხებ... როგორც ყველა, სასაფლაოზე ჩვენც გავდივართ. ვცდილობთ, აღდგომის დღესასწაულს ტაძარში შევხვდეთ: ეკლესია ჩემი სახლის გვერდითაა. აღდგომის ღამეს მთელი უბანი, სამეზობლო იქ არის ხოლმე. ყველა ამაღლებულ განწყობაზეა, ბედნიერია, ერთმანეთს უღიმის, ულოცავს... შინ ყოველთვის სითბოთი და სინათლით სავსეები ვბრუნდებით... ვერ გეტყვით, რომ წელს აღდგომისთვის რამე დაგეგმილი მაქვს, რადგან არ ვიცი, რეგულაციებს როგორ მოვერგებით. როგორც ვიცი, კომენდანტის საათი არ უქმდება. გავიგე, თითქოს ლიტურგიები დილით ჩატარდება. შესაბამისად, აღდგომას შინ, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები, სანთელსაც ავანთებთ და ერთმანეთს მივულოცავთ. შარშანაც სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი. მაშინ ცოტა არ იყოს, გაურკვევლობაში ვიყავით, ვირუსის უფრო მეტად გვეშინოდა... ახლა, როცა უკვე გადატანილი გვაქვს კორონავირუსი, შედარებით თავისუფლად დავდივართ - ისე ძალიან აღარ გვეშინია...

ეთო ყორღანაშვილი