პოლიტიკოსი ქალის კერძო ცხოვრება
წარმატებული საქმიანი ქალის ცხოვრება ძალზე რთულია: მან დამქანცველი სამსახური და ოჯახზე ზრუნვა ერთმანეთს უნდა შეუთავსოს და ერთდროულად რამდენიმე საქმე მოასწროს. საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ მისი ყველაზე დიდი სიმდიდრე და ბედის საჩუქარი შვილებია, თუმცა, კარიერასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
- ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე - როგორ სწავლობდით, რომელი საგნები გიყვარდათ და რომელ პროფესიაზე ოცნებობდით?
- ძალიან მშვიდი და მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი და ეს თვისებები დღემდე მომყვება. ჩემთვის პასუხისმგებლობის აღება და მისი შესრულება უმნიშვნელოვანესია. 166-ე საშუალო სკოლა დავამთავრე, რომელიც დიდუბეში, პანთეონის გვერდით იყო. ძალიან კარგი დირექტორი მყავდა - ნანა კვირიკაშვილი, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა. მისგან და ჩემი მშობლებისგან ბევრი ადამიანური თვისება გამოვიმუშავე, ამიტომ ბავშვობის მოგონებები ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
- თქვენს მშობლებზეც გვიამბეთ: ხომ არ გირჩევდნენ, რომ ქალმა ოჯახი უნდა შექმნას და კარიერა მისთვის მეორეხარისხოვანია?
- მამაჩემი - ბადრი წილოსანი ვაგონმშენებელია. როცა გურიიდან ჩამოვიდა, თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ყველა ეტაპი გაიარა - დაწყებული მუშიდან, დამთავრებული დირექტორამდე. ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ვაგონებს ამზადებს და არემონტებს. მამა ძალზე მშრომელი და მოტივირებული ადამიანია, რის გამოც, ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ის საკმაოდ მკაცრი იყო ჩემ მიმართ. 1990-იანი წლები იყო და მაშინ გოგონებს მკაცრად ზრდიდნენ. სკოლა და სახლი - ასეთი იყო ჩემი მარშრუტი. მოკლედ, ლაღი და თავისუფალი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია. მამაჩემი არ მასწავლიდა, რომ წარმატებისთვის უნდა მიმეღწია, ჩემი ძმის მიმართ კი მასა და მთელ ოჯახს სულ სხვა მოთხოვნები და მოლოდინიც ჰქონდათ. მე მასწავლიდნენ, რომ კარგი ოჯახი უნდა შემექმნა და კარგი დედა ვყოფილიყავი. ეს ცოტა არ იყოს, მაბრაზებდა და მეტ მოტივაციას მიჩენდა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ წარმატების მიღწევა მეც შემეძლო.
- ახლანდელი თაობა გაცილებით თავისუფლად აზროვნებს და სულ სხვაგვარად ზრდის თავის შვილებს. ეს მოგწონთ?
- ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ქართველი მამების მიდგომა ქალიშვილების მიმართ თანდათან იცვლება. სულ სხვა თაობა წამოვიდა, რომელიც აკრძალვებს და ზედმეტ სიმკაცრეს ვერ ეგუება, ამიტომ მეც ვცდილობ, ჩემს შვილებთან სულ სხვა სტანდარტებით ვიხელმძღვანელო. ჩემი შვილების თაობა ჩემი თაობისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად: თუ რაიმეზე ვეუბნები, ეს არ შეიძლება-მეთქი, მერე ხანგრძლივი დისკუსია გვაქვს იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ არ შეიძლება. უპირობოდ არაფერზე არ გთანხმდებიან, რაც სერიოზული პრობლემაა ჩვენთვის - მშობლებისთვის. რატომღაც მგონია, რომ ეს თაობა ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ქვეყანაში, დამოუკიდებლები და ლაღები არიან, რაც ძალიან მახარებს.
- დედაც მკაცრი იყო თუ ნაკლებად?
- დედაჩემი, ნუნუ წილოსანი, დიასახლისია. მთელი ცხოვრება ოჯახსა და შვილებს მიუძღვნა, რასაც ძალიან ვაფასებ. არ ვეთანხმები, როცა ქალი ოჯახის გამო თავის საქმესა და პროფესიას თმობს, მით უმეტეს, როცა ამას ვინმე აიძულებს, მაგრამ თუ დიასახლისობა მისი შინაგანი მოთხოვნილებაა, მაშინ ეს მისი არჩევანია. დედა ყოველთვის უსაზღვრო სითბოს გასცემდა და თავის სიყვარულს ყველას გვინაწილებდა. ის შვილების მიმართ საოცრად ჰუმანური იყო. რამდენადაც მკაცრი და რაციონალური იყო მამა, იმდენად თბილი და მოსიყვარულე იყო და არის დედაჩემი. სხვათა შორის, დედ-მამით, 7 თაობის გურული ვარ, რაც ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას ამ მშვენიერი კუთხის მიმართ კიდევ უფრო ამყარებს. ჩვენი გვარი წარმოშობით ლანჩხუთიდანაა, იქ არის სოფელი აცანა, რომელიც ჩემი მშობლიური სოფელია. ეს ჩემი ფესვებია, რომელიც საოცრად მიზიდავს და მიყვარს.
- ტექნიკური განათლება გაქვთ თუ ჰუმანიტარული?
- ბავშვობიდან ტექნიკური საგნებისკენ მქონდა მიდრეკილება, მათემატიკა კი ჩემი უსაყვარლესი საგანი იყო. უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ვარ. მას შემდეგ სულ მენეჯერულ პოსტებზე ვმუშაობდი - ჩემი სფერო ბიზნესი, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობაა. უცხოეთში სასწავლებლად წასვლაც მინდოდა, მაგრამ არ გამიშვეს. მერე, როცა დავოჯახდი და უკვე შვილები მყავდა, ეს დანაკლისი ავინაზღაურე და ონლაინრეჟიმში დავასრულე ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება და სტრატეგიული დაგეგმარება. უცხოეთში განათლების მიღებას უამრავი პოზიტიური ცვლილება მოაქვს ახალგაზრდისთვის, ამიტომ ჩემს უფროს ვაჟს ყველანაირად შევუწყვე ხელი: ის 18 წლისაა და დიდ ბრიტანეთში სწავლობს. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ბევრ კარგ თვისებას გამოიმუშავებს და ცხოვრებას უფრო კარგად ისწავლის.
- არჩევნის წინაშე რომ დაგაყენონ, ოჯახს აირჩევდით თუ კარიერას?
- საბედნიეროდ, ასეთი არჩევნის წინაშე არ ვყოფილვარ: როცა დარწმუნდნენ, რომ სწავლა მინდოდა, ჩემს ოჯახში ყველა გვერდით მედგა. ძალიან თანავუგრძნობ ქალებს, რომლებიც ასეთი არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ. თუ ქმარი ასეთი არჩევნის წინაშე დამაყენებდა, არ გამოვრიცხავ, რომ კარიერა ამერჩია. ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი დოგმებით და სტიგმებით არავინ არ უნდა ხელმძღვანელობდეს, რადგან სავსებით შესაძლებელია კარგი ოჯახიც გქონდეს და კარიერაშიც წარმატებას მიაღწიო. როცა ადამიანი ასეთი არჩევნის წინაშე დაგაყენებს, ის ეგოისტურად იქცევა და შენს სურვილებს პატივს არ სცემს.
- როგორი მზარეული ხართ?
- იყო პერიოდი, როცა მეტი დრო მქონდა და სადილებს ყოველთვის მე ვაკეთებდი. ვეგეტარიანელი ვარ, ამიტომ ჩვენი ოჯახის მენიუ მცენარეულია. მართალია, სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჩემი გამომცხვარი ბლინები. რომ გაიზრდებიან, ალბათ ამ რიტუალით გავახსენდები, რადგან ბლინებს ერთობლივად ვაცხობთ ხოლმე. არ დაგიმალავთ: ძიძაც მყოლია და სახლში დამხმარეც მყავს, რაც ჩემს საქმიანობას აადვილებს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ჩემმა შვილებმა დედის ხელით მომზადებული რაღაც კერძი ტკბილად გაიხსენონ.
- ადრეულ ქორწინებაზე რა აზრისა ხართ?
- მეც საკმაოდ ადრეულ ასაკში დავოჯახდი: 19 წლის ვიყავი, ამიტომ არ მინდა, ჩემმა შვილმა ოჯახი ასე ადრე შექმნას. თუმცა, რომ დავფიქრდები, გული არაფერზე მწყდება, რადგან სამი ფანტასტიკური შვილი მყავს: უფროსი - თემუკა აბულაძე სტუდენტია და, როგორც გითხარით, დიდ ბრიტანეთში სწავლობს, მეორე - ნიკოლოზ აბულაძე - ძალიან კარგი კალათბურთელია და ვფიქრობთ, რომ თავის სპორტულ კარიერას ისიც საზღვარგარეთ გააგრძელებს, უმცროსი - მარიამი კი ჯერ 9 წლისაა და ახლავე ძალიან დამოუკიდებელი, ლაღი ბავშვია, შეიძლება მათთან ბევრ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ როცა ვატარებ, ბოლომდე ვარ ჩართული მათ განვითარებაში. ჩემი სურვილია, ყველაფერი საუკეთესო ვასწავლო: სიკეთის კეთება, შრომისმოყვარეობა, სხვებზე ზრუნვა - ყველაფერი, რაც ადამიანობას ნიშნავს.
- საინტერესოა, როდის და როგორ გადაწყვიტეთ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა?
- უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. საქველმოქმედო საქმიანობაში ადრეც აქტიურად ვიყავი ჩართული, განსაკუთრებით, გურიის რეგიონში: ჩემი ოჯახი ყოველთვის ეხმარებოდა იქ მცხოვრებ მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს... გვქონდა ფონდი "წილოსანი", რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნავდა. საინტერესო პროექტები განვახორციელეთ და როცა "ქართული ოცნებიდან" მივიღე წინადადება, დავთანხმდი: მაჟორიტარობა სავსებით ეხამებოდა იმ საქმიანობას, რომელიც გურიასთან მაკავშირებდა. მივხვდი, რომ შემეძლო, პარლამენტიდან უფრო მეტი რამ გამეკეთებინა ჩემი რეგიონისთვის. ამიტომაც დავთანხმდი. ჩემთვის პოლიტიკა ახალი სფერო იყო, მით უმეტეს, არსებობდა აზრი, რომ მაჟორიტარები კაცები უნდა იყვნენ. გურიაში ამის გამო არანაირი შეფერხება არ მქონია, რადგან ეს ძალიან ცივილიზებული კუთხეა. მე ისედაც მიყვარს საჯარო შეხვედრები, სოფლებში ჩასვლა და ხალხთან შეხვედრა, ამიტომ საარჩევნო კამპანია ყველაზე პოზიტიური პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. გურიაში ხელშეუხებელი ბუნებაა, იქ დიდი რესურსია, განსაკუთრებით ტურისტული, რაც ჯერჯერობით არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ შევეცადე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით მაინც შეგვექმნა სათანადო ბაზისი: მოწესრიგდა გზები, სკოლები, ბევრ სოფელში წყლის პრობლემაც მოგვარდა... ლანჩხუთში ბავშვთა ფეხბურთის აკადემია შევქმენით, რომლის მსგავსი დასავლეთ საქართველოში მხოლოდ რამდენიმეა. მოკლედ, ბოლო წლებში ამ რეგიონში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა.
- ცნობილია, რომ გურულებს სხარტი იუმორი და კვიმატი ენა აქვთ. ხალხთან შეხვედრების დროს თუ იქმნებოდა სახალისო სიტუაციები?
- როგორ არა?! სულ მეღიმება, როცა ერთი ფაქტი მახსენდება: წინასაარჩევნო პერიოდში ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით, რომელსაც გულიანი ჰქვია. ვყვები, რომ ამ სოფელში საბავშვო ბაღი გავხსენით. ერთი მოხუცი კაცი თავისთვის, ჩუმად იჯდა, მისმინა, მისმინა და ბოლოს ერთი "ჩამჭრელი" შეკითხვა დამისვა: - აი ბაღი კი გააკეთეთ, მარა ბაღნები რომ არ გვყავს, რა ვქნათო? - სოფელში ბაღი ხომ არის და ბაღნების კეთებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებით-მეთქი - ვუპასუხე... ამ ამბავზე ყველამ ერთად ვიცინეთ. უამრავი მსგავსი რამ მახსენდება.
- ამბობენ, რომ ქალისთვის პოლიტიკაში თავის დამკვიდრება ურთულესია, თქვენთვისაც ასე იყო?
- ბრძოლა და საქმეში მთელი ენერგიის ჩადება ქალებს სულაც არ გვიჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბრძოლა გიწევს იქ, სადაც თამაშის წესებს მამაკაცები ადგენენ, თავის დამკვიდრებაც მათ გარემოში გიწევს. ეს საკმაოდ რთული პროცესია: რაც უნდა თანასწორნი ვიყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირი ბიოლოგიური აგებულება გვაქვს ან ემოციურად ერთნაირები ვართ. ამას ანგარიშს არავინ უწევს, როდესაც მამაკაცების "კლუბში" უნდა შეაღწიო და მათი გარემოცვის წევრი გახდე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკაში ბევრი ქალი იყოს და თეთრი ყვავივით არ გამოჩნდე. მე ადრეც მსგავს გარემოში მიხდებოდა მუშაობა: ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მქონია შემთხვევები, როცა მათთან მეტალზე ან ვაგონმშენებლობაზე ვიწყებდი ლაპარაკს, ზოგს ირონიულად ეღიმებოდა და პირდაპირ მანიშნებდა, - ეს შენი საქმე არ არისო. ამგვარ მიდგომას თითქმის ყველა სფეროში ვაწყდებით, მაგრამ პოლიტიკა კიდევ უფრო რთული და აგრესიული სფეროა. სწორედ ამიტომ კვოტირებაზე ბევრი ხუმრობდა: თუ მარგარეტ თეტჩერია, ქალს დახმარება რად უნდა, მიზანს თავად მიაღწევსო... არადა, კვოტირება მართლა საჭირო იყო - ჩვენს მიზანს კვოტირების გარეშე ვერ მივაღწევდით და კარგია, რომ ეს პროგრესული ნაბიჯი სწორედ "ქართულმა ოცნებამ" გადადგა, - ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი შემოსულიყო.
ხათუნა ჩიგოგიძე