"ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ანდრია, ჩემი ოჯახი და ჩვენი მომავალი ბავშვი" - გზაპრესი

"ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ანდრია, ჩემი ოჯახი და ჩვენი მომავალი ბავშვი"

რამდენიმე დღეში მსახიობი მაიკო ვაწაძე დედა გახდება. ის და ანდრია გველესიანი პირველ შვილს ელოდებიან. მაიკო საკმაოდ აქტიური ორსულია. მას შემდეგ, რაც ახმეტელის თეატრში სეზონი გაიხსნა და წარმოდგენებიც განახლდა, ძველებურად სურდა, სპექტაკლებში - "სტუმარ-მასპინძელი" და "ჰელადოს" - მიეღო მონაწილეობა, მაგრამ მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რეჟისორმა გადაწყვიტა, დროებით დაასვენოს. პატარის დაბადების შემდეგ კი კვლავ დასს შეუერთდება.

მსახიობს რუბრიკისთვის "შთაბეჭდილებები" ვესაუბრე, რაც, რასაკვირველია, ბოლოდროინდელი მოვლენების პარალელურად განვიხილეთ...

- მაიკო, ბავშვობიდან დავიწყოთ: გაიხსენეთ ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება თქვენი ბავშვობიდან.

- ადრეული ბავშვობიდან გამორჩეულად არაფერი მახსოვს. ერთადერთი მძაფრი შთაბეჭდილება შემიძლია გავიხსენო, როცა უკვე სკოლის მოსწავლე, მამიდაჩემმა სპექტაკლზე პირველად წამიყვანა. ეს იყო მუსიკისა და დრამის თეატრში, სადაც "გაყრას" დავესწარით. ამ დღიდან ყველა ეპიზოდი გამოკვეთილად მახსოვს.

- მაშინ ხომ არ გაგიჩნდათ მსახიობობის სურვილი?

- სცენაზე დგომის სურვილი სულ მქონდა. ამას ხმამაღლა არ ვამბობდი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჩემი მომავალი საქმე და პროფესია იქნებოდა.

GzaPress

- იმავე პერიოდიდან ყველაზე მძიმე მოგონება...

- საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ყველასთვის ძალიან მძიმეა და თან - როცა ეს პირველად ხდება შენს ცხოვრებაში. 5 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა. ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მკვეთრად მახსოვს ჩემი განცდები და თან ვცდილობდი, ისინი არავისთვის მეჩვენებინა.

- ეს თვისება შემდეგშიც გაგყვათ?

- ვცდილობ, მაგრამ ხანდახან არ გამომდის.

- ორსულობისას უფრო სენტიმენტალური არ გახდით? ხომ ახასიათებს ამ მდგომარეობას?

- არა, მგონი, პირიქით. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, ქალი ამ დროს გაცილებით ემოციურია, სიტყვებს უფრო ვაკვირდები და სათქმელს ვაანალიზებ. ვცდილობ, ყველაფერი უარყოფითი ავირიდო. შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია და ასე განწყობას ვიქმნი.

- საკუთარი ემოციების გაზიარება ვისთან და რა ფორმით გახასიათებს?

- ამ მხრივ "ღია" ადამიანი ვარ, მიყვარს ემოციების გაზიარება და ასე "ვიცლები". ყველანაირი ფორმით: წერილობით, საუბრით. თუმცა, თემას გააჩნია. ყველაზე ხშირად ვისაც ემოციებს ვუზიარებ, ეს ადამიანია ანდრია. მას "ხვდა წილად ეს ბედნიერება" (იღიმის). თან, პანდემიის პერიოდში შინ ყოფნისას ჩემთვის ლაპარაკი დავიწყე, რასაც ვფიქრობ, იმას ხმამაღლა ვაჟღერებ და ერთხელ მითხრა კიდეც, კარგი, რაო!..

- ადამიანზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის ამართლებს?

- კი. პირველსავე შეხვედრისას ვხვდები, ვინ როგორია სინამდვილეში. ვფიქრობ, რომ 90%-ზე მეტი ჩემი შთაბეჭდილება შემდეგშიც ამართლებს და მერე ვამბობ ხოლმე: "აუ, მაიკო, რა ვანგა ხარ!" ყოველთვის ასე ხდებოდა. ბავშვობიდან ზედმეტად დაკვირვებული ვარ. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ქუჩაშიც კი რომ დავდიოდი, უცნობ ადამიანებს ვაკვირდებოდი, მინდოდა გამეგო, ვინ რაზე ფიქრობდა, რა აწუხებდა თუ სწყინდა. შეიძლება ითქვას, იმ პერიოდიდან დავიწყე მსახიობობისთვის მზადება (იღიმის).

GzaPress

- ქუჩაში შემხვედრ ადამიანებზე დაკვირვება და მათზე სხვადასხვა ამბის გამოგონება მეც მახასიათებდა და მერე მივხვდი, რომ ეს ძალიან დამღლელია.

- ძალიან მღლის, ნამდვილად. ერთი პერიოდი ისე გადავიღალე, ვცდილობდი, აღარავის დავკვირვებოდი და ახლაც ვცდილობ, ასე მოვიქცე, მაგრამ ფაქტია, ისიც ერთგვარი თამაში და გარკვეულწილად საინტერესო იყო.

- ყველაზე ემოციური დღე თქვენს ცხოვრებაში...

- ალბათ თეატრალურში მოხვედრის დღე, რადგან ამის უზომოდ დიდი სურვილი მქონდა. კიდევ - ჩემი და ანდრიას ქორწილი, რაც ძალიან ემოციური იყო.

- ვის ჯგუფში სწავლობდით?

- ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვსწავლობდი. თეატრალურის ტურებზე ისეთი თავდაჯერებული და ძლიერი გავდიოდი, სხვა დროს (არც მანამდე და არც მას შემდეგ) ისეთი არასდროს აღარ ვყოფილვარ.

- პანდემიის პერიოდში წიგნებმა, ფილმებმა და სერიალებმა გაცილებით დიდი ადგილი დაიკავა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომელმა გადაწონა?

- ჩემს შემთხვევაში ვარჯიშმა გადაწონა (იღიმის). ბევრი სერიალი ვნახე, მაგრამ ერთი ცუდი თვისება მაქვს: სახელებს, სახელწოდებებს ვერ ვიმახსოვრებ. თუ დაუვიწყარ შთაბეჭდილებაზე მიდგება საქმე, ქეთრინ სთოქეთის "მოსამსახურეს" დავასახელებ. მანამდე, წლების წინ ფილმი მქონდა ნანახი. ახლახან შემთხვევით მოვკიდე ამ წიგნს ხელი და შუა კითხვის დროს მივხვდი, რომ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი ნანახი მქონდა, თუმცა, წიგნმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვიდრე ფილმმა.

- ქვეყანა ან ქალაქი, საიდანაც შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდით...

- რომი. ამ ქალაქში ცხოვრება არასდროს მომბეზრდება. ანდრია მადრიდზე ამბობს, ჩემი მეორე სამშობლოაო, და იქ ჩასვლის შემდეგ, მეც იგივე შთაბეჭდილება დამრჩა. ხალხი ძალიან გვგავს, ერთნაირი მანერები, ქცევები გვაქვს და ჩვენნაირი ურთიერთობები იციან.

- თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი...

- მიყვარს საჩუქრების მიღებაც და ამით სხვების გახარებაც. ვფიქრობ, ადამიანები უფრო არიან ჩემი საჩუქრები, ვიდრე კონკრეტული ნივთები. პირველ რიგში, ეს არის ანდრია, ჩემი ოჯახი და ჩვენი მომავალი შვილი.

GzaPress

- ადამიანები ყოველდღიურად რომ ვიწერდეთ შთაბეჭდილებებს, ვის ნაწერს გაეცნობოდით ყველაზე დიდი ინტერესით?

- ჩემი წინაპრების. ვისაც არ მოვსწრებივარ, ყველას ჩანაწერს წავიკითხავდი და ამ გზით გავიცნობდი. ბაბუაჩემი, დედას მამა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, წინა ხაზზე იბრძოდა, დაჭრეს, მაგრამ შინ ცოცხალი დაბრუნდა. საერთოდ, ქვის ხანიდან მოყოლებული, ძველი ეპოქა, ჩვენი წინაპრების ცხოვრება და აზროვნება უფრო მაინტერესებს, ვიდრე თანამედროვე. ჩემთვის წარსულია საინტერესო.

- თქვენი ცხოვრებიდან რომელი იყო ის დიდი შთაბეჭდილება, რომელ ეპიზოდზეც გადაიღებდით ფილმს ან სპექტაკლს დადგამდით?

- ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება: ბავშვობიდან მოყოლებული - დღემდე თეატრში გატარებული წლები. ამიტომ ჩემი ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავ მოგონებებს ეპიზოდებად ამოვკრეფდი: ბავშვობიდან, საბალეტო სკოლიდან, სტუდენტობის დროიდან და ამ მოგონებებით სპექტაკლს დავდგამდი.

ანა კალანდაძე