"ახლა იფიქრეთ, 5 ათასი ლარი ვინ მომცა" - გზაპრესი

"ახლა იფიქრეთ, 5 ათასი ლარი ვინ მომცა"

მსახიობი ჯანო იზორია რუსუდან ჭყონიას ფილმის გადაღებებისთვის ემზადება. დილა-საღამოს ვარჯიშობს, რომ სხეული კარგ ფორმაში ჰქონდეს... საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ მსახიობს მის ცხოვრებაში ფულის მნიშვნელობა-საჭიროებაზე ვესაუბრეთ:

- თამამი ბავშვი გახლდით. ჩემს ბავშვობაში ქორწილები რომ იმართებოდა, იქ ვიცეკვებდი, ვიმღერებდი ხოლმე. უფროსებს ეს მოსწონდათ. იმ დროს 10-მანეთიანების ჩუქება იცოდნენ (იცინის). თუ რამეს მაჩუქებდნენ, ბავშვს იმ ფულის ჯიბით ტარების უფლებას არავინ მაძლევდა. მახსოვს, სათამაშო ტანკი მომწონდა. აფხაზეთში, სოფლის ცენტრში გამიყვანეს და ნაჩუქარი ფულით ტანკი მიყიდეს... ფულის მნიშვნელობა და საჭიროება სტუდენტობისას გავიაზრე. როცა ჩემს ქალაქში, ფოთში ვიყავი უმუშევარი, შემეძლო, უფულოდ მევლო, რადგან პატარა, კომპაქტური ქალაქია. ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთთან ფეხით ან მეგობრის ავტომობილით მივდიოდით. სუფრას რაც შეეხება, თუ რამე მოგვინდებოდა, სახლიდან გამოგვქონდა. საკუთარ ქალაქში ნაკლებად ვგრძნობდი, რომ ფული გვჭირდებოდა, მაგრამ როცა სტუდენტი გავხდი, ფულის საჭიროება მეტად ვიგრძენი: თეატრალურ უნივერსიტეტში 1998 წელს ჩავირიცხე. თავისთავად, ჩემი ბინის ქირის ხარჯს მშობლები ფარავდნენ. ამას წინათ მეუღლეს ხუმრობით ვეუბნებოდი, - დღეს ახალგაზრდები მოპედებით რომ დადიან და პიცა დააქვთ, ჩემი სტუდენტობისას ასეთი სამსახური რომ ყოფილიყო, მეოთხე კურსზე უკვე საკუთარი ბინა მექნებოდა-მეთქი (იცინის). ღამით ვიმუშავებდი სიამოვნებით. მაშინ არც ბარმენობის სკოლა არსებობდა. მშობლებზე დამოკიდებული ვიყავი. რასაც მიგზავნიდნენ, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნაქირავებ ბინაში ვინც ერთად ვცხოვრობდით, პურის ფული ცალკე გვქონდა შეგროვებული, სარეცხი საშუალების - ცალკე. სუფთად ჩაცმულებს უნდა გვევლო. არომატულ სარეცხ საშუალებას ვყიდულობდით... მერე უკვე ხელფასი დამენიშნა და შევატყვე, რომ მშობლების კისერზე არ ვიყავი. ჩემი სტუდენტობისას მამა თევზსაჭერ გემზე მუშაობდა, დედა - დიასახლისი გახლდათ. მდიდარი ოჯახი არ ვყოფილვართ, მაგრამ მათი წყალობით, არ მშიოდა.

GzaPress

- პირველი ჰონორარი გაიხსენე.

- პირველი ჰონორარი ფოთის თეატრში ავიღე. თავისთავად ძალიან სასიამოვნო განცდა იყო, პირველ რიგში - იმიტომ, რომ იმ შრომის გამო მივიღე, რაც მიყვარს. რა თქმა უნდა, ფული მთავარი არ არის - ფულის გამო ცხოვრებაში თავი უპირატესად არასოდეს არ უნდა იგრძნო, მაგრამ რომ აკვირდები ადამიანი, ბევრ რამეში მაინც მთავარია. მსახიობები ფანტაზიორები ვართ. პირადად მე, შეიძლება, გარკვეულწილად რომანტიკოსიც ვიყო, მაგრამ ცხოვრებაში არის რაღაცები, რასაც ფულის გარეშე ვერ გააკეთებ... მოკლედ, საყვარელ საქმეში მიღებული ჯამაგირი სასიამოვნო იყო! თან, გავოცდი - ვაა, 4 წელი ტყუილად არ მისწავლია, თან - ჩემი პროფესიით-მეთქი! ჩემი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები, რომლებმაც თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრეს, დღეს სხვადასხვა ადგილას მუშაობენ. როცა მხვდებიან და ერთმანეთს მოვიკითხავთ, მეუბნებიან, - ხომ ხედავ, თეატრალურში ვისწავლე, ჩემო ჯანო, და აქ ვმუშაობ! კი, კარგი სამსახურია, ხელფასიც არის, მაგრამ რავი, ხომ იცი, რაც გიყვარს, მნიშვნელოვანიაო... ეს ისეთი სინანულით უთქვამთ, თვალები ამწყლიანებია. ამ შემთხვევაში, მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ იმ "ორ კაპიკს" ჩემი საქმიდან ვიღებ. ჩვენს ჰონორარს მართლა "ორი კაპიკი" ჰქვია.

- მსახიობობის გარდა, სხვა საქმიდან შემოსავალი მიგიღია?

- მსახიობობის პერიოდში - არა. მანამდე, 90-იან წლებში, ბავშვები ლიანდაგის ქვეშ შევძვრებოდით, ვაგონს სპეციალურ საშვებს მოვუშვებდით და ხორბალს ტომრებში ვყრიდით. ერთი სიტყვით, ხორბალს ვიპარავდით და ვაბარებდით, ვყიდდით. ეს ცალკე "ფილმია" (იცინის)...

- ქორწილებში მიღებულ საჩუქრებს თუ არ ჩავთვლით, პირველი გასამრჯელო არცთუ ისე პატიოსანი გზით მიგიღია, არა?

- ასეა. უი, სპილენძი დამავიწყდა: არწივებზე გადაცემას ვუყურებ ხოლმე: არწივს მსხვერპლის გარჩევა რამდენიმე კილომენტრიდან შეუძლია. ჩვენც რამდენიმე კილომეტრიდან ვარჩევდით სპილენძსა და ალუმინის (იცინის). რას ვიზამთ? ასეთი ბავშვობა გამოვიარეთ, მაგრამ ამაში რომანტიზმი იყო. ჩემი აზრით, ეს ამბავი უბოროტო იყო, რადგან მაშინ ასეთი დრო იდგა... ბავშვები ძველ ქარხნებში ვიპარებოდით, ყველგან ვძვრებოდით, ელექტროსადენებს ვშლიდით, "ვატყავებდით", გამოვწვავდით ხოლმე... იცი, მე და ჩემს მეგობრებს გაცხელებული სადენის წინწკლებისგან რამდენი "შრამი" დაგვრჩა?!. მძიმე ჯართს ვეზიდებოდით. სტუდენტობისას თიაქარის ოპერაცია ამიტომაც გამიკეთეს...

- პირველი ოფიციალური სამსახური ფოთის თეატრში გქონდა?

- კი. მსახიობის პროფესიის გარდა, სხვა მიმართულებით არ მიმუშავია. იმიტომ კი არა, რომ მეთაკილება, უბრალოდ, ამასაც იღბალი უნდა. ხელოვნებასთან "ახლოს მყოფ" სფეროში ვიმუშავებდი... მაგალითად, ბავშვთა გასართობ ცენტრში მიმუშავია, ისიც - მაშინ, როცა ძმაკაცებს სპექტაკლი ჰქონდათ, არ ეცალათ და ცენტრში ისინი შემიცვლია. საერთოდ, მშრომელ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როცა ბავშვთა ცენტრში ვიმუშავე, მივხვდი - ამას თავისი ალღო, სხვა სპეციფიკა აქვს, სხვაგვარად უნდა იმუშაო... სცენაზე ზღაპრის მიხედვით დადგმულ სპექტაკლშიც მითამაშია და ჩვენი ზღაპრის შემხედვარე ბავშვს პირიც დაუფჩენია, მაგრამ ბავშვთა ცენტრი სხვა რამეა...

- როცა პროფესიას ირჩევდი, იფიქრე, შენი საქმე შემოსავლიანი იქნებოდა თუ არა?

- ამაზე საერთოდ არ მიფიქრია და მადლობა ღმერთს, დღესაც ასე ვარ განწყობილი: არ ვმეტიჩრობ, მაგრამ როცა რამე პროექტში მიწვევენ, უპირველეს ყოვლისა, ჩემი როლის, პერსონაჟის გამო ვნერვიულობ. როცა მსახიობს კარგ ჰონორარს შემოგთავაზებენ, ეს ცალკე სიურპრიზია - ცოტათი გაკვირვებასაც იწვევს. ჩვენს ქვეყანაში ასეთი დამოკიდებულება ზოგჯერ დამღუპველია, რადგან ჩემნაირი ადამიანები ზოგს სულელი ჰგონია. შეიძლება, ასეთი დამოკიდებულებაც ჰქონდეთ - ამას თავისი პროფესია ისე უყვარს, 5 თეთრიც რომ მისცე, მაინც იმუშავებსო. რას ვიზამ? დღესაც რომ დამიძახონ, მით უმეტეს - ამ პანდემიის შემდეგ, ვიმუშავებ. სცენა და გადასაღები მოედანი მენატრება... "იუთუბზე" ვუყურებ ხოლმე, ცნობილი მსახიობები როგორ ცხოვრობენ - ქველმოქმედები, ფილანთროპები რომ არიან... მართლა რა მაგარია! თან, ბევრი მათგანი ბავშვობაში ძალიან ცუდად ცხოვრობდა, დღეს კი ოცნებებს სხვებს უსრულებენ... მაგალითად, ჰოლივუდის დონის ჰონორარი რომ მქონდეს, წელიწადში ერთხელ კვლევას ჩავატარებდი და დამამთავრებელი კურსის 1-2 კარგ წარმატებულ სტუდენტს ბინას ვუყიდდი, რომ ქუჩაში არ ეცხოვრა...

- ყველაზე მაღალი ჰონორარი რა თანხა მიგიღია?

- ყველაზე მაღალი ჰონორარი, როცა თვალებს არ ვუჯერებდი და გიჟივით ვიყავი, 5.000 ლარი მიმიღია... ახლა იფიქრეთ, 5 ათასი ლარი ვინ მომცა (იცინის)...

- რაში გამოიყენე შენი ყველაზე მაღალი ჰონორარი?

- დავდე და საოჯახო ამბების საჭიროებისთვის ნელ-ნელა გამოვიყენე. მაშინ მე და გვანცა ახალი შეუღლებულები ვიყავით. სიძე ოჯახში ჩემი "ორი კაპიკით" შევედი (იცინის)... შვილი მყავს, მოგეხსენებათ... მოკლედ, თანხა ბევრ რამეში დამჭირდა - არის რაღაცები, რასაც ადამიანი ინტერვიუში ვერ იტყვი, რა, მაგრამ ერთ რამეს მივხვდი: ჰონორარს რომ აიღებ, მით უმეტეს, როცა ეს დიდი თანხა არ არის, რამე "სახელობითი", მნიშვნელოვანი უნდა შეიძინო.

- საერთოდ, შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- მაგარი მეჭინჭე ვარ (იცინის). საკვები პროდუქტის ყიდვაც მიყვარს - ბაზარში თუ შევყავი თავი, მორჩა!.. თან, ადამიანებს ვარჩევ: ვაკვირდები ხოლმე და მგონია, რომ ვიღაცა დილით ადრე ადგა, ვედროებში ვაშლები ჩააწყო, შვილმა გამოაცილა... ასეთ ადამიანთან მივდივარ და ვყიდულობ.

- რაც საკუთარი შემოსავალი გაქვს, რთული ფინანსური სიტუაცია შეგქმნია?

- კი, ასეთი პერიოდები არის ხოლმე. მადლობა ღმერთს, მე და გვანცა თანასწორად, "გემრიელად" ვათავსებთ ერთმანეთის ჯამაგირს და ვიყენებთ, რაშიც გვჭირდება, მაგრამ ზოგჯერ ჩემი ჯამაგირი უცებ ქრება, მერე კი - 15-20 დღე უფულოდ ვიცდი, ხელფასი როდის იქნება... ეს რთულია, როგორ არა? ხელფასი (მით უმეტეს - მსახიობის) ბევრ რამეს ვერ სწვდება. საოჯახო ხარჯების გარდა, ადამიანს თანხა კიდევ ბევრ რამეში გჭირდება. სხვებს ყველაფერს ვერ აუხსნი, რა... ახლა პანდემიის პერიოდია, მაგრამ საერთოდ, დაბადების დღის წვეულებებია, ქორწილებია, როცა ფულია საჭირო...

GzaPress

- ფინანსების უქონლობის გამო, წვეულებაზე წასვლისგან თავი შეგიკავებია?

- მსგავსი ეპიზოდები ყოფილა... გააჩნია, ვისი წვეულებაა. თუ ერთად გაზრდილი ძმაკაცები ვართ და უფულობის გამო ჩემს წვეულებაზე არ მოვა, თავს მოვჭრი და თავისი საქციელით მეც მომჭრის თავს, მაგრამ არის სხვაგვარი სიტუაციებიც: გუშინწინ გაცნობილ ადამიანთან რომ მიდიხარ, სიმბოლურად, 1 თაიგული, შამპანური მაინც ხომ უნდა მიიტანო, არა?! ძვირფას საჩუქრებზე არ ვსაუბრობ, თორემ საშუალება რომ მექნება, გაჩვენებ, როგორი გემოვნებაც მაქვს, - იახტაზე დაგპატიჟებ (იცინის).

- საბანკო სესხი აგიღია?

- არა, არა, არ ვეკარები! არ მიყვარს... საერთოდ, ბანკების ძალიან მეშინია, პირველ რიგში კი - ჩემთვის გაუგებარი მათი ტერმინოლოგიის. ღმერთმა ქნას და, თუკი ჰონორართან დაკავშირებით საბანკო მომსახურება დამჭირდა, ჩემი გვანცა დამეხმარება - ერკვევა... საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ბანკის გარეშე გავწვდე რაღაცებს. რომ მომკლა, შეიძლება საკუთარ ძმას 10 ლარი ვერ ვესესხო, რა... ამ საქმეში ძალიან მორიდებული ვარ. შეიძლება, მთელი ღამე ფიქრში გავათენო - ფულის სასესხებლად დავურეკო თუ არა. რამდენჯერმე თანხა აუცილებელი საქმისთვის დამჭირვებია და მეგობარს მოუცია, მაგრამ ერთი სული მქონია, ვალის დაბრუნების თარიღი როდის დადგებოდა... ვალი არ მიყვარს, არ მაძინებს, სერიოზულად მაწუხებს, ამიტომ არ მაქვს... ცხოვრება ისეთია: ხვალ რომ რამე მოხდეს, რატომ უნდა დავუტოვო ვინმეს ჩემი გადასახდელი?!.

- თავად შენგან უსესხებიათ ფული?

- ჩემთვის ისეთ დროს უთხოვიათ, როცა მართლა არ მქონია და ამას გავუნადგურებივარ... ყოფილა შემთხვევა, ფული სხვისთვის გამომირთმევია, რომ მისთვის მიმეცა, მაგრამ პირადად ჩემი პრობლემით სხვას არ ვაწუხებ. წუწუნივით გამომდის, მაგრამ ადამიანებს ხომ ვერ ავუხსნი, როგორი შემოსავალი მაქვს? ჩემი პრობლემები ზუსტად ამას უკავშირდება: მადლობა ღმერთს, ტელეგადაცემებში ხშირად ვჩანვარ, ჩემი მონაწილეობით ფილმებიც გამოვიდა... ზოგ ჩემს ნაცნობს ჰგონია, რაკი ტელეეკრანზე ვჩანვარ, შემოსავალიც "მომდის". არადა, ასე ნამდვილად არ არის. ძნელია, ადამიანი ამაში დაარწმუნო. ამის გამო ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩენილვარ და გულიც მტკენია... კისერზე აბრას ვერ ჩამოვიკიდებ - რომელ ფილმში რა ჰონორარი მომცეს და რაში დავხარჯე. ერთხელ შინ დაბრუნებულმა მამაჩემმა თქვა: ნაცნობი კაცი შემხვდა და ასე მითხრა - შენ რა გიჭირს, ჯემალ? ერთი შვილი სულ ტელევიზორშია - მშვენიერი "ფულები" ექნება, მეორე კი ოლიმპიური მოკრივეო... ჩვენს ქვეყანას ვენაცვალე, მაგრამ შეიძლება, სხვა ქვეყანაში ჩვენი ფინანსური სიტუაცია ცოტათი უკეთესი ყოფილიყო... მოკლედ, ვისაც ჩემი არ სჯერა, შეუძლიათ გამოიკვლიონ - სად ვცხოვრობთ, ოჯახის წევრებიდან ვინ სად ვმუშაობთ, წლიური შემოსავალი რამდენი მაქვს (იცინის)...

- იმ ადამიანებს რას ურჩევ, ვისაც მსახიობობაც უნდათ და ფუფუნებაში ცხოვრებაც უყვართ?

- პირველ რიგში, მსახიობობაზე ორიენტირდნენ: თუკი ნიჭი არ ასვენებთ, შრომისთვის არც ერთი წამით თავი არ დაზოგონ. დღეს იმის საშუალება არის, რომ თუ თეატრალური უნივერსიტეტი არ მოგწონს, შეგიძლია, ნებისმიერ ქვეყანაში კოპიტნარიდანაც გაფრინდე. მერე იქ კარგად რომ იმსახიობებ და ნიჭიერი იქნები, დაგიფასდება და ფუფუნებაშიც იქნები (იღიმის)... ჩვენს ქვეყანაში ვიღაცებმა ჩვენი ლეგენდარული რეჟისორის - მიხეილ თუმანიშვილის ფრაზა აიჩემეს - მსახიობს უნდა შიოდეს, სწყუროდესო. ეს ადამიანი სხვაგვარ შიმშილსა და წყურვილს გულისხმობდა, ზოგიერთს კი პირდაპირი მნიშვნელობით ესმის - ჰგონიათ, რომ უნდა გვშიოდეს, გვწყუროდეს... რატომ უნდა მწყუროდეს, სხვაზე ნაკლებად ჩავიცვამ, ნაკლებად დავეხმარები ვინმეს?! ჩვენს ქვეყანაში რატომ არ უნდა იყოს ისე, როგორც სხვაგანაა? თუ გვინდა, რომ დასავლეთთან ინტეგრირებული ვიყოთ, ბოლომდე ვიყოთ, - საქართველოში კინოსფეროს ბევრი ფული მისცენ. დღეს კინოს უამრავი რამ აქვს გაკეთებული. თეატრებიც ბევრ რამეს აკეთებენ. რეგიონებში ნახეთ, რა სპექტაკლებს დგამენ, როგორი მსახიობები თამაშობენ!.. ამ სფეროს ფული სჭირდება, თორემ მსახიობმა კარგად იცის, რომ როლის "გასაკეთებლად" შეიძლება, ტყეში წავიდეს, მონასტერში ავიდეს, რადგან კონკრეტულ სიტუაციაში ასეა საჭირო... ლეგენდარული უცხოელი მსახიობების შესახებ ამბობენ ხოლმე: 25 ათასი დოლარი გადაიხადა, რომ დიეტა დაეცვა, 40 ათასი კი - კბილები რომ გამოეცვალაო... გამარჯობა, რა კარგია (იცინის)!..

ეთო ყორღანაშვილი