როგორი მეგობრობა იცოდნენ კახი კავსაძემ და გივი ბერიკაშვილმა
მსახიობ ალეკო თეთრაშვილს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს: "პა-სეანსი", "ბარი ბარში", "იუმორინა" - ეს იმ ტელეგადაცემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც წლების განმავლობაში აცინებდა და ხიბლავდა ქართველ მაყურებელს. მსახიობის მიერ შექმნილ იუმორისტულ სკეტჩებსა და პაროდიებზე ყველას ბევრი გვიხალისია, მისი ხალასი იუმორი კი ხშირად გამხდარა მაყურებლის ტაშისა და გულწრფელი აღტაცების მიზეზი.
"ბედნიერი კაცი ვარ, რომ სცენაზე ქართული სცენის კორიფეებთან ერთად გამოვდიოდი და ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონებები სწორედ ამ ადამიანებს უკავშირდება", - გვითხრა მან ინტერვიუს დაწყებისთანავე.
- დიახ, იღბლიანი ვარ, რადგან ბედმა ისეთ ლეგენდარულ მსახიობებს შემახვედრა, როგორებიც კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი იყვნენ. ეს ორი ადამიანი მთელ საქართველოს დააკლდა და გამონაკლისი არც მე ვარ. ერთ რამეს ვნანობ: ფოტოების გადაღება დიდად არ მიყვარს და მათთან გადაღებული ფოტოები არ შემომრჩა... სხვათა შორის, კახისთან ისე ახლოს არ ვიყავი, როგორც გივი ბერიკაშვილთან, მაგრამ მათი მეგობრობის მომსწრე და თვითმხილველი ნამდვილად ვარ. მახსენდება მათი მრავალწლიანი უღალატო ძმაკაცობა და სურვილი მიჩნდება, ორივე ერთად გავიხსენო. ეს ორი ადამიანი ჩვენ, მათ უმცროს კოლეგებს, კაცობის, სიკეთისა და სიყვარულის მაგალითს გვაძლევდა. ახალგაზრდებთან ახალგაზრდები იყვნენ, "ძველგაზრდებთან" კი - "ძველგაზრდები". გივის უფროს მეგობარს რომ ვეძახდი, მიშლიდა, - ასე ნუ მეძახი, ჩვენ ხომ მეგობრები ვართო. ორივემ საოცარი თანადგომა და მხარდაჭერა იცოდა.
- ალბათ მათთან ბევრი სახალისო მოგონება გაკავშირებთ.
- რასაკვირველია. გუშინდელივით მახსოვს: ერთხელ, ჯემალ ბაღაშვილთან ერთად, ოთახში ვისხედით და გადაცემის სცენარზე ვმუშაობდით. გივი უნიკალური პიროვნება იყო - უამრავ საინტერესო და სახალისო ამბავს გვიყვებოდა, მაგრამ არ მახსოვს ერთი და იგივე ორჯერ მოეყოლოს. მთელი თავისი ცხოვრებიდან, სცენიდან, გასტროლებიდან სულ სხვადასხვა ამბავს გვიყვებოდა ხოლმე. იმ დღეს გვიამბო, თუ რა გადახდა შესანიშნავი ფილმის, "ლონდრეს" გადაღებებზე:
"27 წლის ვიყავი, როცა ლონდრეს როლი ვითამაშე. გორის რაიონში გადასაღებ მოედანზე ვართ, მე თეთრი ზეწარი მაქვს შემოხვეული და ჩემს როლს ვასრულებ. იქვე რამაზ ჩხიკვაძე და ეროსი მანჯგალაძეც იყვნენ. უეცრად მილიციის მანქანა შემოვარდა, გადმოხტნენ ფორმიანი ადამიანები და გვიბრძანეს, სასწრაფოდ გავყოლოდით. დიდხანს ვუხსნიდით, რომ მსახიობები ვართ, რომ არაფერს ვაშავებთ, მაგრამ ვინ მოგისმინა? - სასწრაფოდ შეგვყარეს მანქანაში და გორში ჩაგვიყვანეს. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ რაღაცის გამო დაგვიჭირეს. იმ დროს გორში ერთი ცნობილი რესტორანი იყო, სადაც განთქმულ კატლეტებს ამზადებდნენ. მიგვიყვანეს რესტორნის უკანა ეზოში და, - აბა, ჩქარა გადმოდითო, - გვიბრძანეს. ცალკე კუპეში შეგვიყვანეს, სადაც ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი. სუფრასთან ისხდნენ: გორის რაიკომის მდივანი, მილიციის უფროსი და აღმასკომის თავმჯდომარე. ნიშნის მოგებით გვითხრეს: თქვენ თუ ხუმრობთ, ჩვენც კი ვიცით ხუმრობაო...
რამაზ ჩხიკვაძემ ვერ მოითმინა და საყვედურნარევი კილოთი უთხრა: ასე როგორ შეიძლება?! კინაღამ გული გაგვიხეთქეთ, თავიდანვე გეთქვათ სიმართლე და ჩვენი ფეხით გამოგყვებოდითო. დიდი შიში კი გვაჭამეს, მაგრამ მერე კარგი პურმარილი მოაყოლეს", - ჰყვებოდა და თან იცინოდა.
- მოლხენა და სუფრა კახის უფრო უყვარდა თუ გივის?
- ორივეს, მაგრამ გივის - განსაკუთრებით... ამის გამო ჯემალ ბაღაშვილმა ერთხელ მწარედ დატუქსა: იყო ასეთი გადაცემა - "ბარი ბარში", რომელიც ძალიან პოპულარული გახლდათ. გადაცემის სცენარზე ვმუშაობთ. - ცოტა ხნით გარეთ გავალო, - უთხრა გივი ბერიკაშვილმა ჯემალ ბაღაშვილს და გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ თავი შემოყო და გურამ ჯაშს ეუბნება: გურამ, "დანკრატი" ხომ არა გაქვსო? ვისაც მანქანა ჰყავს, კარგად იცის, რომ ე.წ. დანკრატი საბურავის ასაწევია. - კი, როგორ არა, მაქვსო, - უთხრა გურამმა და გაჰყვა. დავრჩით ოთახში მე, ჯემალ ბაღაშვილი და კახი კავსაძე. ვიფიქრეთ, რომ მანქანის საბურავი დაეშვა და ველოდებით, როდის დაბრუნდებიან. კახიმ გივი ცოტა ხანში მოიკითხა. - ეტყობა, საბურავი დაეშვაო, - უპასუხა ჯემალმა. - რა საბურავი, რის საბურავი, ჩემი მანქანით მოვედით. მე ვიცი, ახლა ეგენი სადაც იქნებიან, ადექით ჩქარა და გამომყევითო... ჩვენც გავყევით. მელიქიშვილის ქუჩაზე ერთი პატარა ჯიხური იდგა. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში ჯიხურები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო. მივედით და ვხედავთ: გივი და გურამ ჯაში ჯიხურის მეპატრონესთან ერთად სხედან, იქვე დაჭრილი ძეხვი, პური უდევთ და არაყს სვამენ. ჯემალ ბაღაშვილმა ორივე პატარა ბიჭებივით დატუქსა, მერე ქეჩოში ხელი ჩაავლო და გარეთ გამოიყვანა. მელიქიშვილის ქუჩაზე მოდის და ორივე ჯანჯღარით მოჰყავს. - მოიცა, შე ოხერო, მანქანა არ დაგვეჯახოსო, - ეხვეწებოდა გივი ბერიკაშვილი. ამ დღეში რომ დაგვინახეს, მელიქიშვილზე მოძრაობა გაჩერდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჯემალმა ორივე ასე - ჯანჯღარით შეიყვანა ფილარმონიაში. დატუქსული და დარცხვენილი გივის დანახვა ერთ რამედ ღირდა!..
- ყველამ იცის, რომ განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ თუ კამათობდნენ?
- როგორ არა! უფრო წვრილმანებზე კინკლაობდნენ: რომელი ღვინო ჯობია, რომელი საჭმელია უფრო გემრიელი, ვინ უფრო პოპულარულია. ზოგჯერ გივი უმტკიცებდა, მე შენზე მაღალი ვარო და ამაზე კახი ვითომ ძალიან ბრაზობდა... ბევრს კამათობდნენ დალევაზეც: კახი აჯავრებდა, ვერ სვამ, ორი ჭიქა გათრობსო. არადა, ახალგაზრდობაში გივის "უთრობელას" ეძახდნენ, შეუდარებელი თამადა იყო 45-50 წლამდე, მერე უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ სვამდა. როგორი სიყვარული იცოდა კახი კავსაძემ, ეს ყველამ ვიცით: მეუღლეს, ბელა მირიანაშვილს, თავისი ხელით უვლიდა. სხვათა შორის, კახი ამბობდა, არც ერთხელ არ მითქვამს ბელასთვის, მიყვარხარ, - ეს კაცმა თავისი ქმედებით უნდა დაამტკიცოსო!.. მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ: ადამიანი როცა გიყვარს, ეს ხშირად უნდა უთხრა, მაგრამ კახის ასეთი შეხედულება ჰქონდა და მართლაც, საქმით დაამტკიცა, რომ უყვარდა.
- კამათის დროს ვინ უფრო ხშირად თმობდა?
- გივის უფრო რბილი და დამთმობი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ. მახსოვს, გივი რომ გარდაიცვალა, კახი დაიზაფრა. სასოწარკვეთილი იყო და იმეორებდა: ეს რა გამიკეთა, რა გამიკეთა, ტო?! - აიღო და მოკვდაო... ძალიან განიცდიდა და საშინლად განერვიულებული იყო. ეს ორი გენიალური ხელოვანი, მარტო სცენაზე კი არ იდგა ერთად, ძალიან ბევრ ფილმში ორივე ერთად არის გადაღებული. მარტო "ღვინის ქურდები", "სიყვარული ყველას უნდა" ან "პეპელა" რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისია. კახიმ ბრწყინვალე სახეები შექმნა "ვერის უბნის მელოდიებში" და შესანიშნავ ფილმში - "უდაბნოს თეთრი მზე", რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში საოცრად პოპულარული იყო. ატამანის როლი, რომელიც მან ითამაშა, იმდროინდელი კინოს აღმოჩენა იყო. სასწაული თაობა გახლდათ და რა გულდასაწყვეტია, რომ ეს თაობა უკვე მიდის. ამ თაობამ მთელი ეპოქა შექმნა ქართული ხელოვნების ისტორიაში. მათი სახელების ხსენებაც კი საკმარისია, რომ ხალხმა გაიგოს, ვისზე ვლაპარაკობთ: უშანგი, სერგო, ვასო, რამაზი, ეროსი, გივი, კახი, ოთარი - ეს ბრწყინვალე პლეადა თანდათან გვტოვებს!.. არ შემიძლია აქვე არ ვახსენო ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ასე ნაადრევად წაგვართვა სიკვდილმა, - თბილი, ტკბილი, უსაყვარლესი ადამიანი... ერთ სახლს ვქირაობდით ქობულეთში და ყოველ ზაფხულს, ცოლ-შვილით ვისვენებდით. ხალასი ნიჭის პატრონი იყო და განუმეორებელი იუმორი ჰქონდა. დილის 6 საათზე გვაღვიძებდა, ვითომ მათხოვარი იყო, ჩამოგვივლიდა და გვეხვეწებოდა - თითო აბაზი მომეცითო. არ მახსოვს ზურა ვინმეზე გაბრაზებული, არ მახსოვს, ვინმე გაელანძღოს ან ვინმეზე ცუდი სიტყვა ეთქვას. რამდენჯერ ღამე ლაპარაკში გაგვითენებია, მაგრამ მსგავსი რამ არ მახსენდება. როგორც ამბობენ, სიკვდილსაც კარგი უყვარსო და ზურაც ასე ნაადრევად გამოგვეცალა ხელიდან... ამ განუმეორებელ ადამიანებზე რომ ვფიქრობ, ერთი რამ მაიმედებს: საქართველო ნიჭიერების წყაროა. "იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა", - ბრძანა დიდმა შოთამ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ხალხი საქართველოში კიდევ დაიბადება.
- დაბოლოს, თქვენ შესახებაც გვიამბეთ: პანდემიის გამო მსახიობებს ძალიან გაუჭირდათ. თქვენ როგორ გადალახეთ ეს კრიზისი?
- გეთანხმებით, ყველას გაუჭირდა როგორც სულიერად, ასევე - მატერიალურად. ხელოვანი ხალხი დღეს მართლა ცუდ დღეშია. რა ქნას ამ პირობებში მუსიკოსმა, მომღერალმა, მსახიობმა, რომელსაც სხვა პროფესია არა აქვს? სპექტაკლები მოხსნილია, შემოსავალი თითქმის ყველამ დაკარგა, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს. გამგეობისა და მერიის თანამშრომლები შინ სხედან და ხელფასს ისე იღებენ, მსახიობებმა რა დააშავეს? მთავრობა სად იყურება?!. ერთ ამბავი მახსენდება: ომის დროს, ჩერჩილს ბიუჯეტის ხარჯები რომ შეუტანეს და იქ კულტურის ხარჯები არ ჩანდა, რეფერენტს უსაყვედურა. - რა დროს კულტურაა, ომიაო! - უთხრა გაოცებულმა... - თუ ხელოვნება და კულტურა არ გვექნება, აბა, რისთვის ვიბრძვით და ვომობთო?! - უპასუხა თურმე ჩერჩილმა.
- გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურასა და ხელოვნებას ყურადღებას არ აქცევენ?
- სამწუხაროდ, ასეა. ათას სისულელეში რომ იხარჯება ფული, მთავრობამ კულტურის სამინისტროსაც გამოუყოს და ამ ხალხს საარსებო მინიმუმი მაინც მისცეს. არც კითხულობენ და არც აინტერესებთ, რით არსებობს ეს ხალხი. არადა, მსოფლიო დონის ხელოვანები გვყავს - მომღერლები, მსახიობები, მუსიკოსები... საქართველოში ის უფრო აინტერესებთ, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში და მელია ციხიდან როდის გამოვა, - ეს ყოფილა ჩვენი ქვეყნისთვის ნომერი პირველი პრობლემა. ქვეყანა რომ ინგრევა, ეს - არაფერი. სამწუხაროდ, ახლანდელი მთავრობა გულგრილია ხელოვანი ხალხის მიმართ. როგორც ვიცი, ბევრმა ქვეყანამ მათ სოლიდური დახმარება გაუწია. განა, რამდენი მსახიობი და მომღერალი გვყავს ქართველებს?!. შედეგიც შესაფერისი გვაქვს: ყველა ხედავს, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ხელოვნება და კულტურა!
ხათუნა ჩიგოგიძე