"სამყაროსთვის ძალიან ცუდი ვარ"
მსოფლიოს ჩემპიონს, მკლავჭიდელ - ლევან საგინაშვილს, იგივე "ქართველ ჰალკს", წელიწად-ნახევარია, შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გვითხრა, ლიგის პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა - შეჯიბრება უნდა დამინიშნო, თორემ სხვა ლიგაში გადავალო. ამჟამად, "ჰალკი" აქტიურად ვარჯიშობს. გეგმავს, რომ სექტემბერში შეჯიბრება აუცილებლად ჰქონდეს...
წარმატებულ სპორტსმენთან ბლიც-ინტერვიუ ჩავწერეთ.
- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?
- მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად რომ გავიმარჯვე, მაშინ ეს განცდა მცირე დოზით მქონდა, მაგრამ როცა მსოფლიოს 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოვხვდი, პოპულარობა მაშინ უფრო ვიგრძენი. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, რადგან უკვე მიჩვეული ვიყავი: არა მხოლოდ ტიტულების გამო, ხალხის ყურადღებას ჩემი ვიზუალით, გარეგნობითაც ვიქცევდი.
- სკოლაში გოგონებს შორის პოპულარული იყავით?
- არა (იცინის). ჩუმი, წყნარი ბიჭი გახლდით, ჩემთვის ვიყავი... სკოლას ხშირად ვაცდენდი, ვაღიარებ.
- გაკვეთილების ხარჯზე რას აკეთებდით?
- დილით ადგომა მეზარებოდა. ძირითადად, მეძინა... მერე უკვე ვმუშაობდი და სკოლაში ამის გამო ვეღარ მივდიოდი.
- სად მუშაობდით?
- ხელობაზე, მამაჩემთან ერთად - შეკიდულ ჭერს ვაკეთებდით.
- ფინანსების საჭიროების გამო თუ უბრალოდ, ეს საქმე გაინტერესებდათ?
- ოჯახს სჭირდებოდა...
- წონასწორობას როგორ სიტუაციაში კარგავთ?
- როცა ავტომობილის მართვისას უსამართლოდ იქცევიან.
- ასეთ დროს რას აკეთებთ?
- აგრესიული ვხდები (იცინის).
- ჰალკივით იზრდებით და მწვანდებით?
- ჰო და ვჩხუბობ, უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოვხატავ.
- "ჰალკი" პირველად როდის ნახეთ?
- დიდი ხნის წინ. მაშინ ასეთი დიდი არ ვიყავი. არ მეგონა, თუ ოდესმე მას შემადარებდნენ.
- ბავშვობაში თქვენი საყვარელი სუპერგმირი ვინ იყო?
- "ბეთმენი" უფრო მევასებოდა.
- რატომ?
- მაგარი მანქანა ჰყავდა, უფრო "ძერსკი" იყო...
- თქვენი საყვარელი ფერი რომელია?
- ალბათ - შავი. ქართველებს შავი "გვევასება".
- სოციალურ ქსელში ბიოეპილაციის ამსახველი თქვენი სახალისო ვიდეო საკმაოდ პოპულარულია. გვიამბეთ ვიდეოს შესახებ...
- სულ მაგ სალონში დავდივარ - ჩემი მეგობრები არიან, უფასოდ მემსახურებიან... ცვილით სახიდან არასასურველი წვერის მოშორების პროცედურას ვიტარებ. თან, ვხუმრობთ ხოლმე... მერე სახალისო ვიდეოს იდეა მოვიფიქრეთ... სხვათა შორის, პირველივე დუბლში გადავიღეთ (იცინის).
- თქვენი გამოცდილებით გვითხარით, ადამიანი ნამდვილ სახეს როგორ სიტუაციაში ავლენს?
- როცა სადმე ერთად წავლენ და ცოტა ხანს ერთად ცხოვრობენ, ადამიანის ნამდვილი სახე ამ დროს უფრო ჩანს, ასევე - ალბათ, როცა ფულთან გვაქვს საქმე...
- ადამიანის პირადად გაცნობისას, პირველად მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?
- სახე. სახეს უპრობლემოდ ვიმახსოვრებ, მაგრამ სახელების დამახსოვრებასთან დაკავშირებით, პრობლემა მაქვს. გვარი მახსოვს ხოლმე, სახელის დამახსოვრება მიჭირს. მაგალითად, როცა მეკითხებიან, - ამა და ამ ადამიანს იცნობ თუ არაო და სახელს მეუბნებიან, ვერ ვხვდები, ვისზეა საუბარი. შემდეგ სურათის ჩვენებას ვთხოვ და ვიხსენებ. ხანდახან ბევრ ადამიანთან კონტაქტი რომ მაქვს, ყველა მეცნობა...
- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?
- კი...
- გაგვიმხელთ?
- 9-10 წლის ვიყავი, როცა სოფელში სპილენძი მოვიპარე და ჩავაბარე. სანაცვლოდ მგონი, 30 ლარი ავიღე.
- თანხა რაში გამოიყენეთ?
- სპორტული ფორმის ყიდვა მინდოდა. გახარებული ვიყავი... თურმე, ჩემი ოჯახის წევრებმა უკვე იცოდნენ, რაც ჩავიდინე. ეტყობა, დამინახეს, რომ რაღაცებს "ვჩალიჩობდი". ხატთან დამაყენეს, მატირეს, ფული წამართვეს, ბოდიში მომახდევინეს (იცინის)...
- თქვენი დანაშაული გაიაზრეთ?
- მას შემდეგ არაფერი მომიპარავს.
- რომელი მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობთ?
- რა მავნე ჩვევა მაქვს (ფიქრობს)? აა, ნიკაპზე სულ წვერს ვიწვალებ. მინდა, ამას გადავეჩვიო.
- როგორ ფიქრობთ, სიყვარული ფსიქიკური აშლილობაა?
- კი, ალბათ, რაღაც ასეთია, რა...
- შეყვარებული ყოფილხართ?
- ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ამ ეტაპზე, ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ ასე ვთქვათ, სიყვარულისთვის არ მცხელა.
- თქვენს ცხოვრებას რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?
- ადამიანობა, სიკეთე, სამართლიანობა...
- სპორტის გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდით?
- ფულის ხარჯვა (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?
- უიმე, სამყაროსთვის ძალიან ცუდი ვარ: ჩემს ავტომობილს ისეთი გამონაბოლქვი აქვს, რომ დავდივარ, ხეები ხმება; ძალიან ბევრ ხორცს ვჭამ - ესეც ცუდია...
ეთო ყორღანაშვილი