"პირველი ადამიანი, ვისაც პროდუქცია სარფიანად მივყიდე, ბებიაჩემი გახლდათ"
"ახალი შაბათის შოუს" მსახიობმა - ანა ხაჩიძემ ჟურნალისტის პროფესია სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ აირჩია. "კავეენში" თამაში მისთვის ჰობი იყო, თუმცა დღეს იუმორის სფერო ანას შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, ჟურნალისტად კი არასოდეს უმუშავია - არ მიაჩნია, რომ აუცილებელია, ადამიანმა იმ პროფესიას უერთგულოს, რომლის დასაუფლებლადაც უნივერსიტეტში 4 წელი ისწავლა...
- ბორჯომში, ჩემს მშობლებს მაღაზია ჰქონდათ. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, მათ ვეხმარებოდი. მახსოვს, ზაფხული იყო. აუზზე ხშირად დავდიოდით. მშობლები საჭირო თანხას მაძლევდნენ, მაგრამ მეუბნებოდნენ ხოლმე, ეს თანხა "საიდან მოდიოდა" (იღიმის). ასეთი შეთანხმება გვქონდა: თუ დედ-მამას მაღაზიაში დავეხმარებოდი, ყოველდღიურ ფულს მომცემდნენ, რათა აუზზე წავსულიყავი. მოკლედ, მასწავლეს: როცა რაღაც გინდა, ამისთვის უნდა იშრომო.
- უფრო მეტი შემოსავლის მიღების სურვილი როდის გაგიჩნდა?
- მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა კოსმეტიკური კომპანიის საქმიანობაში ჩავერთე - პროდუქცია უნდა გამეყიდა. აქტიურად ვყიდდი, ოღონდ - რა თქმა უნდა, სანაცნობო წრეში. მახსოვს, პირველი ადამიანი, ვისაც კოსმეტიკური კრემები სარფიანად მივყიდე, ბებიაჩემი გახლდათ. ყველაზე დიდი თანხა სწორედ მისგან მივიღე. ორივე მოგებულები დავრჩით (იცინის)... შემდეგ სტუდენტი გავხდი და ზაფხულობით, ბათუმში, ღვინის ერთ-ერთ ქარხანასა და რესტორანში ვმუშაობდი, რომ ჩემი საჭიროებები დამეკმაყოფილებინა და მშობლებსაც დავხმარებოდი ჩემი სწავლის საფასურის გადახდაში. ამჯერად, უკვე დიდ თანხაზე იყო საუბარი - სტუდენტობისას ჩემი საჭიროებებიც გაიზარდა...
- ღვინის ქარხანასა და რესტორანში რა პოზიციაზე მუშაობდი?
- მენეჯერის ასისტენტი გახლდით. ძირითადად, ღვინოს ვყიდდი. ფინანსური მხარე მებარა.
- ეს შენი პირველი ოფიციალური სამსახური იყო?
- კი, ოფიციალურად ვმუშაობდი. უბრალოდ, ბიძაჩემის ქარხანა და რესტორანი იყო. მუშაობის სურვილი მქონდა. ბიძაჩემს კადრი სჭირდებოდა. ასე ვეხმარებოდით ერთმანეთს: მე - ადამიანური რესურსით, ის - ფინანსურით.
- შენს პირველ ჰონორარად რას მიიჩნევ?
- დაახლოებით იმ 30 ლარს, რომელიც ბებოსთვის მიყიდული კრემების სანაცვლოდ მივიღე. მახსოვს, როგორი გახარებული ვიყავი (იცინის)...
- სამსახურის მისაღებად "სივი" გაგიგზავნია?
- კი, რა თქმა უნდა, სტუდენტობისას ბევრგან გამიგზავნია. მინდოდა, არა მარტო ზაფხულში, არამედ - სწავლის პარალელურადაც მემუშავა, მაგრამ უნივერსიტეტში ისეთი განრიგი მქონდა, რომ ამას ვერ ვახერხებდი. ნახევარ განაკვეთზე სამსახურის შოვნა ახლა ჭირს, მაშინ კი - მით უმეტეს (სწავლა რომ დავიწყე, 2011 წელი იყო)... ოჯახის გადაწყვეტილებაც გახლდათ, რომ ჯობდა, სწავლისთვის დამეთმო დრო. რა თქმა უნდა, ფინანსურ საკითხს თავად მიგვარებდნენ - ამაზე ფიქრის საჭიროება არ მქონია, მაგრამ თავად მსურდა, მემუშავა. კარგი იქნებოდა, გამოცდილება მაშინვე დამეგროვებინა, თუმცა სტაჟირებები უნივერსიტეტში სწავლის პერიოდშივე გავიარე. უბრალოდ, მაშინ დასაქმებული არ ვყოფილვარ. "სივებს" ვგზავნიდი, მაგრამ მოთხოვნა სრულ განაკვეთზე მუშაობის მსურველებზე იყო. ძირითადად, სამსახურს გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ვეძებდი - მაშინ ორიენტირებული ვიყავი, რომ შემოსავლიანი საქმე მეშოვა, რა თანხასაც ოჯახი მაძლევდა, იმის გარდა, დამატებით, ჩემი ჯიბის ფულიც მქონოდა. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, მაგისტრატურაში სწავლისას, "სივებსაც" ვგზავნიდი, გასაუბრებებიც მქონდა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ კონტაქტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმატების მიღწევაზე რეკომენდატორები დიდ გავლენას ახდენენ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, რომ პირველი გრძელვადიანი სამსახური რეკომენდაციით დავიწყე: ბავშვთა კვების საკმაოდ დიდ იმპორტიორ კომპანიაში "სივი" გავგზავნე, გარკვეული ეტაპები გავიარე... რეკომენდატორად ჩემივე ჯგუფელი მყავდა, რომელიც იმავე კომპანიაში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ეტაპები წარმატებით გავიარე, ჩემი ჯგუფელის რეკომენდაციამ დიდი გავლენა მოახდინა. მარკეტინგის დეპარტამენტში, სოციალური მედიის მენეჯერად ამიყვანეს...
- როგორც ვიცი, ჟურნალისტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განათლება გაქვს მიღებული. თავად აღნიშნე, სამსახურს გაყიდვების სფეროში ვეძებდიო. ჟურნალისტად მუშაობა არასოდეს გიცდია?
- არა. სტუდენტობის პერიოდში რა პროექტებშიც (უნივერსიტეტის ჟურნალ-გაზეთები) ჩართული გახლდით, იმას თუ არ ჩავთვლით, ჟურნალისტად არასოდეს მიმუშავია.
- მიზეზი რა იყო?
- რა თქმა უნდა, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში და უნივერსიტეტში ჩაბარების დროსაც ჟურნალისტობა ძალიან მინდოდა. ბორჯომის ტელევიზიაში კარგი გამოცდილება მივიღე. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. სასწავლო პროგრამაში მხოლოდ ჟურნალისტიკის სწავლა არ შედიოდა: საზოგადოებასთან ურთიერთობას, მარკეტინგულ კომუნიკაციებსაც გვასწავლიდნენ... პიარის მიმართულებით უფრო დავინტერესდი. ამიტომ მაგისტრატურაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ეს უფრო მომეწონა...
- ამჟამად, შენი შემოსავლის მთავარი წყარო რა არის?
- ამჟამად ორგან ვმუშაობ: "ახალი შაბათის შოუს" მსახიობი და ასევე, ერთ-ერთი კერძო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ.
- ოდესმე ფინანსური კრიზისი შეგქმნია?
- კი, როგორ არა! უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, მუშაობა ოფიციალურად რომ დავიწყე, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, მათი დახმარება მინიმუმამდე დამეყვანა... ახლა თავს უკვე ვირჩენ, მაგრამ მაშინ არც ისე მაღალი შემოსავალი მქონდა და ფინანსური დახმარება მაინც მჭირდებოდა. დღემდე ჩემი ოჯახი ზურგს მიმაგრებს და ვიცი, პრობლემა თუ შემექმნება, პირველ რიგში, მათი იმედი უნდა მქონდეს... რა თქმა უნდა, სესხიც ამიღია: ერთხელ მეგობრებმა მცირე ბიზნესის დაწყება გადავწყვიტეთ. პირველი სესხი მაშინ ავიღე.
- რა სახის ბიზნესი წამოიწყეთ? გაამართლა?
- ხელნაკეთი ბლოკნოტების ბიზნესი იყო. გაამართლა: ახალი წლის დღესასწაულების პერიოდი იყო. საახალწლო ბლოკნოტების თემა გვქონდა შერჩეული, საშობაო ბაზრობებზე გავდიოდით, ბლოკნოტები საკმაო წარმატებით, კარგ თანხად გვეყიდებოდა. უბრალოდ, საქმის გაგრძელება ვეღარ მოვახერხეთ - ალბათ, ჩვენგან მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა, რადგან საკმაოდ ბევრ დროს მოითხოვდა, ღამეებს ვათენებდით, 3 გოგო ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებდით.... ჩვენს ოფიციალურ სამსახურებსაც ბევრი დრო მიჰქონდა, ამიტომ, საშობაო პერიოდმა რომ გაიარა, ბიზნესი ვეღარ გავაგრძელეთ. ახლა გული გვწყდება, თუმცა კარგი გამოცდილება მივიღეთ...
- შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?
- ტრანსპორტსა და კვებაში.
- ფიქრობ, რომ შემოსავალს ჭკვიანურად ხარჯავ?
- ჩემი ოჯახის წევრებს რომ ჰკითხოთ, მფლანგველი ვარ (იცინის). პირადად მე, საკუთარ თავს "მფლანგველს" ვერ ვუწოდებ... სამსახურის გამო, ტრანსპორტით გადაადგილება ბევრგან მიწევს - ძირითადი თანხა მაინც ამას ხმარდება, მაგრამ სისუსტეებიც მაქვს, რაზეც საკუთარ თავს უარს ვერ ვეუბნები - ცოტათი მეტ თანხას ვხარჯავ, მაგალითად, გართობაში, კაფე-ბარებში, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ კაფე-ბარებში სიარული სხვა რაღაცებმა ჩაანაცვლა. ამბობენ, რომ ტანსაცმელში ცოტათი მეტ თანხას ვხარჯავ. სამოსს ხშირად და ბევრს არ ვყიდულობ - რამდენიმეს ვიძენ და ცოტათი ძვირს ვიხდი. ამის გამო მეუბნებიან, - ცოტათი თავი აკონტროლეო, მაგრამ რაღაცები მოგწონს ადამიანს (იღიმის)...
- ყველაზე მცირე რა თანხა ყოფილა, რომლითაც თვიდან თვემდე თავი გაგიტანია?
- ალბათ, სტუდენტობისას 200 ლარიც ყოფილა (მხოლოდ პირადი საჭიროებებისთვის, სხვა ხარჯებს არ ვგულისხმობ). როცა უკვე მუშაობა დავიწყე, ყველაზე მცირე თანხა 600 ლარი იყო...
- მშობლებს ფული ბოლოს როდის სთხოვე, გახსოვს?
- კი, როგორ არ მახსოვს (იცინის)! ეს შემოდგომაზე მოხდა: ახალ სახლში ცენტრალური გათბობისთვის მე და ჩემმა დამ თანხა ვესესხეთ. ახლა უკვე ეს პირობა გვაქვს, რომ როცა მშობლებს ფულს ვესესხებით, აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ.
- ანა, საქმიან და დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?
- ვურჩევ, ბევრ პროფესიაში სცადონ საკუთარი თავი, რადგან სკოლის დამთავრებისას არჩეული პროფესია შეიძლება, ჩვენთვის საინტერესო აღარ იყოს. არ იფიქრონ, რომ რადგან 4 წელი უნივერსიტეტში კონკრეტულ ფაკულტეტზე ისწავლეს, აუცილებლად იმ პროფესიას უნდა გაჰყვნენ, თავი არ შეზღუდონ. მახსოვს, პირველ კურსზე ჩვენმა ლექტორმა გვითხრა: - ეს 4 წელი ის პერიოდია, რომ მიხვდეთ, ეს პროფესია გინდათ თუ არა ან რა მოგწონთ... გაგიმართლებთ, თუ ამას ამ 4 წელში აღმოაჩენთ, რადგან წლები ისე გადის, რომ ადამიანები საკუთარ თავს პროფესიულად ვერ პოულობენო... ყველას ვურჩევ, ბაკალავრის ხარისხის 4 წელი თავის პოვნას მიუძღვნან, ბევრი რამ სცადონ, სტაჟირება ბევრგან გაიარონ და ბევრი კონტაქტი დააგროვონ. ეს არ "ტეხავს" (იცინის). წინათ ამბობდნენ, - რაღაცის გამო ლექტორთან კარგი ურთიერთობა აქვსო... ადამიანს ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს - ლექტორთანაც, ჯგუფელთანაც, ახალგაცნობილ ადამიანთანაც, რადგან შეიძლება, ის შენი პოტენციური დამსაქმებელი ან უბრალოდ, რეკომენდატორია, როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა... ფინანსურ საკითხს რაც შეეხება, ბაბუამ მასწავლა: შემოსავალი 3 ნაწილად გაყავი: ერთი ნაწილი გადადე - "მკვდარი თანხა" დაარქვი, არ დახარჯო, მეორე ნაწილი მეგობრებთან დასახარჯად გამოიყენე, მესამე კი - ყოველდღიურ ხარჯებს მოახმარე. მეგობრებთან ერთად დასახარჯი ან ყოველდღიური ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხიდან თუ რამე დაგრჩება, აიღე და "მკვდარ თანხაში" გადადე, რადგან ეს გადადებული თანხა ბოლოს გარკვეულ დანაზოგს გვაძლევსო. მგონი, კარგი რჩევაა. ვცდილობ, ასე მოვიქცე, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი