"ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს, ძაღლის ყოლა რას ნიშნავს" - გზაპრესი

"ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს, ძაღლის ყოლა რას ნიშნავს"

ჯესი კანე კორსოს ჯიშის 2 წლის `გოგო~ გახლავთ. მართალია, პოპულარობაში პატრონს _ ანდრია გველესიანს ჯერ ვერ შეედრება, თუმცა საკმაოდ ცნობილი `სახეა~: გარდა იმისა, რომ ანდრიასთან ერთად ტელეგადაცემებში ჩნდება და სოციალურ ქსელში პირადი გვერდიც აქვს, უკვე ერთ-ერთი შოურუმის ვიდეორუბრიკის მონაწილეცაა...

- ბავშვობიდან მოყოლებული, ოჯახში პოინტერის ჯიშის (მონადირე) ძაღლები სულ გვყავდა. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ძაღლი საერთოდ აღარ გვყოლია. 2 წელია, რაც ჯესის მოყვანა გადავწყვიტეთ. ჯესი კანე კორსოს ჯიშის ძაღლია. მონადირისგან განსხვავდება - სულ სხვა ხასიათი აქვს, მცველია... მისი აღზრდა ჩემთვის ახალი გამოცდილებაა.

- ჯესი თქვენს ოჯახში როგორ მოხვდა?

- 11 აპრილს, ჩემი მეუღლის - მაიკოს დაბადების დღესაა დაბადებული. მინდოდა, მაიკოსთვის სახლში ლეკვი სიურპრიზად მიმეყვანა... ძებნისას ინტერნეტში 11 აპრილს დაბადებულ კანე კორსოებს წავაწყდი. ვითომ საჩუქრად მაიკოს მივუყვანე, მაგრამ რეალურად, მე დამრჩა, როგორც საჩუქარი.

- ჯესის შენთან უკეთესი ურთიერთობა აქვს?

- ძაღლი ყოველთვის ერთ პატრონს ირჩევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს ან მათ არ უჯერებს და პატივს არ სცემს. უბრალოდ, ძაღლს ყოველთვის 1 ადამიანი ჰყავს ამოჩემებული, ვისაც პატრონად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში, ჯესიმ მე ამირჩია და უკვე 2 წელია, ასე მოვდივართ...

- მაიკო ამ ფაქტს როგორ შეეგუა?

- მშვენივრად. საერთოდ, კანე კორსოს ჯიშის ძაღლის მოვლა რთულია... რა თქმა უნდა, არსებობენ ქალი მწვრთნელები, რომლებიც ძაღლის ფსიქოლოგიას ძალიან კარგად ფლობენ. უბრალოდ, კანე კორსოს მოვლას ფიზიკური ძალაც სჭირდება, თუნდაც - ქუჩაში სეირნობისას, რომ ძაღლმა "არ გაიწიოს"... მგონი, მაიკო თავიდანვე მიხვდა, რომ ჯესი პატარა არ დარჩებოდა (იღიმის). მისი აღზრდა ბოლომდე გადმომაბარა, თუმცა მოსწონს. ჩვეულებრივად, ჯესისთვის "დედ-მამა" ვართ. ჯესი დიდად გვანსხვავებს-მეთქი, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, საკუთარ თავზე მაქვს აღებული მისი გაწვრთნა და ძირითადი ფაქტორები, რაც ძაღლისთვისაა საჭირო, რომ ის გაწონასწორებულ, შინაურ ოთხფეხა მეგობრად ჩამოყალიბდეს.

- ვინც კანე კორსოს ჯიშის ძაღლებს სათანადოდ არ იცნობს, მაგრამ შინ მიყვანა აქვთ გადაწყვეტილი, რას ურჩევ?

- ეს ძველი რომაული ჯიშია. საკმაოდ ძლიერი ძაღლები იყვნენ, ფერმებში იყენებდნენ. მათი ძირითადი ინსტინქტი ოჯახის წევრების, სახლის დაცვაა. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ამ ჯიშის ძაღლი მარტივად გააგრესიულდეს, რადგან ადამიანის დაცვას ყოველთვის ცდილობს - საფრთხეს იგრძნობს თუ არა, მოწოდების სიმაღლეზეა. უმნიშვნელოვანესია, რომ თავიდანვე იგრძნოს, ვინაა პატრონი და ბოლომდე მასზე დამოკიდებული იყოს. ზღვარს არ უნდა გადავიდეს. კინოლოგის გარეშე, დამწყებებისთვის კანე კორსოს გაწვრთნა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულჩვილი, ემოციური და კეთილი ძაღლები არიან... ყველას ვურჩევ, რომ 3-4 თვიდან, ლეკვის აღზრდა კინოლოგთან ერთად დაიწყონ, კონსულტაცია გაიარონ... მერე უკვე ძაღლის პატრონი თავად სწავლობ და 1-2 წელიწადში მზად ხარ, საკუთარი ოთხფეხა მეგობრის გაწვრთნა გადაიბარო, მის ფსიქოლოგიაზეც იზრუნო... სხვათა შორის, მე და ჯესიმ ახალი პროექტი დავიწყეთ: ერთ-ერთ შოურუმთან ერთად, სოციალურ ქსელში ვიდეორუბრიკას ვამზადებთ ძაღლისთვის მნიშვნელოვან თემებზე: სწორი კვება, მინერალები, ვიტამინები, წვრთნა, ფსიქიკა... ყველა თემაზე ამომწურავად ვისაუბრებთ.

- ჯესის აღზრდისას კინოლოგის დახმარება დაგჭირდა?

- მართალია, ძაღლებთან ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა, მაგრამ რაკი ჩემთვის ახალი ჯიშის - კანე კორსოს ლეკვი ავიყვანე, რომელსაც პოინტერისგან განსხვავებული ხასიათი აქვს, კინოლოგებთან კონსულტაციები მაინც გავიარე. რამდენიმე თვე ჯესი ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იწვრთნებოდა. მისი გაწვრთნა, მის ფსიქიკაზე ზრუნვა მალევე გადმოვიბარე. თავიდანვე ვეცადე, ჯესი ჩემი ცხოვრების სტილს მორგებოდა, რამაც განაპირობა, რომ მუხლჩაუხრელად ვარჯიშობს, არ იღლება, ჯანმრთელად ცხოვრობს... საერთოდ, ძაღლის ფიზიკურ დატვირთვასაც სწორად განსაზღვრა სჭირდება... ბევრი ფაქიზი თემაა. პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია: მაგალითად, ჰასკი ულამაზესი ჯიშია, თუმცა საქართველოში, ქუჩაში ჰასკის ბევრ მეტისს ვხვდებით. დიდი პრობლემაა, რომ ხალხი ოთხფეხა მეგობრებს სახლებიდან უშვებს - ძაღლის ყოლის პასუხისმგებლობას ვერ ითავისებს. უკვე ხშირი შემთხვევაა, როცა თავშესაფრებში კორსოს მეტისებიც არიან... ასე ჯიში ძალიან ფუჭდება. როგორც ცხენის, ასევე, ძაღლის ჯიშის გამოყვანა მარტივი არაა: წლები, საუკუნეები სჭირდება, რომ ჯიში ჩამოყალიბდეს, ზოგი ადამიანი კი თავისი უაზრო საქციელით საქმეს აფუჭებს... მიმაჩნია, რომ ჩვენს სოციუმში ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ, "ძაღლის ყოლა" რას ნიშნავს. ასე თუ ისე, ფუფუნებაა, ძაღლი გყავდეს, რადგან მას ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი ემოცია სჭირდება. ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ პრობლემასაც გამოვასწორებთ...

GzaPress

- ჯესის ოინების მოწყობა თუ სჩვევია?

- თავდაპირველად კი, ახასიათებდა. მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის გახდა და შეგვიძლია, "ზრდასრული ქალბატონი" ვუწოდოთ", ლეკვის ხასიათი ჯერ კიდევ შერჩა... ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ხშირად სიხარულისგან იფსამდა (იცინის). ასევე, მახსოვს, ერთხელ შინ არ ვიყავით, როცა ჯესიმ კონიაკის ბოთლი გადმოაგდო და დალია. ძალიან სასაცილოდ ასლოკინებდა (იღიმის)... ლეკვობაში ბევრი სასაცილო ეპიზოდი ჰქონდა. ახლა უფრო "დასტოინი" გოგო ხდება.

- კომენდანტის საათმა ჯესის გასეირნების განრიგი ხომ არ შეცვალა?

- გამიმართლა, რომ გადაღებების გამო, საშვი მაქვს. როცა ჯესის გასეირნებას საღამოს 9 საათამდე ვერ ვახერხებ, ამის გაკეთება მოგვიანებით მიწევს. შეიძლება, ადამიანი სამსახურში ხარ, 9 საათამდე შინ დაბრუნებას და ძაღლისთვის სათანადო ყურადღების დათმობას ვერ ასწრებ. ამ მხრივ, მგონი, პოლიცია დიდ სიმკაცრეს არ იჩენს - კომენდანტის საათის დროს, ძაღლთან ერთად მყოფს არ აჩერებს, თუმცა საერთოდ, კომენდანტის საათი ბევრ პრობლემას ქმნის. ვისურვებდი, ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მინიმუმ, კომენდანტის საათი გადასწიონ მაინც. პროფესიულ საქმიანობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აღარ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი საუბრის თემა ჯესია: რთულია, ადამიანმა სამსახურიდან დაბრუნებაც მოასწროს და ძაღლის გასეირნებაც, არადა, ეს მნიშვნელოვანია...

- ჯესის ყველაზე ხანგრძლივად, რა დროით განშორებიხარ?

- დაახლოებით 2 კვირით. ჯესი 6-7 თვის იყო, როცა ზაფხულში, მე და მაიკო ესპანეთში დასასვენებლად გავემგზავრეთ. ვაკეში, მაიკოს მშობლების სახლში ჰასკი გვყავს. ჩვენი ლეკვი მასთან ვოლიერში დავტოვეთ. მოკლედ, ჯესი ჰასკის გაზრდილია (იღიმის)... მახსოვს, იმ პერიოდში ახლობლები ჯესის ვიდეოებს გვიგზავნიდნენ... ჩემს ოთხფეხა მეგობართან ისეთი ხშირი კონტაქტი მაქვს, რომ ღამით მესიზმრება კიდეც...

- როგორ სიზმრებს ხედავ? ჯესის გამო შფოთავ თუ?..

- არა. მგონი, შფოთვები მას უფრო აქვს: ძილისას ხან დარბის, რაღაცებს აკეთებს... მართლა სასაცილო ხმებს გამოსცემს (იცინის). ბევრჯერ გამიღვიძებია კიდეც, - ჯესი, გაიღვიძე, ყველაფერი კარგადაა-მეთქი. ფაქტია, რომ რაღაც "ისეთი" ესიზმრება... ძირითადად, "ექშენებშია": ან გარბის, მისდევენ (იცინის)... ძლიერი "გოგოა". მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძლიერებაში დარწმუნებული ვარ. მთავარია, კარგად გაზრდილია. სხვებსაც არ უქმნის საფრთხეს...

- "მეგობარი ბიჭი" ხომ არ ჰყავს?

- (იცინის) სხვათა შორის, სხვადასხვა ჯიშის თაყვანისმცემლები აკითხავენ. მაგალითად, ეზოში 1 ლაბრადორი გვყავს, რომელიც აკითხავს. ჯესის თუ "ვინმე" მოეწონა, ეწკმუტუნება - ამის ამსახველი 1-2 სასაცილო ვიდეო "ფეისბუკზე", ჯესის გვერდზეც გვიდევს. ზოგჯერ, თუ თაყვანისმცემელი არ მოეწონა, კაპასი გოგოს მსგავსად იქცევა... სოციალურ ქსელში ბევრი გვწერს. "გოგო" კარგ ფორმაში რომ არის, მასთან შეჯვარება ყველას უნდა, თუმცა ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან პროექტში ვმონაწილეობთ: ვიდეორუბრიკისთვის ახალ-ახალი ვიდეო თვეში ორჯერ მაინც გამოქვეყნდება. არ გამოვრიცხავ, რომ პროექტის მსვლელობისას გადაწყდეს ჯესის შეჯვარების საკითხი. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და წესით, ხალხისთვისაც საინტერესო იქნება...

- აღნიშნე, ჯესის მე და მაიკო მშობლებად მივაჩნივართო. თქვენი ოთხფეხა მეგობარი აღიქვამს, რომ ოჯახის ახალი წევრის - შვილის შეძენას ელოდებით?

- კი, კი, ძალიან კარგად ხვდება. ახლა მაიკოს მიმართ კიდევ უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს...

- ბავშვის სქესი იცით?

- კი, ბიჭს ველოდებით, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში. სახელი შერჩეული გვაქვს, მაგრამ ჯერ არ ვამბობთ.

- მაშინ ჯესის როგორ შეურჩიეთ სახელი, ის გვითხარი...

- სხვათა შორის, მის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ. მაიკოს ერთი ჰასკი მოგვიკვდა, რომელსაც ჯესი ერქვა. რადგან ძალიან გვიყვარდა, მის პატივსაცემად ჩვენს ლეკვს ჯესი დავარქვით.

- ვიდეოპროექტის გარდა, ჯესი ტელეეთერშიც გვინახავს. კამერების მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ჯესი გარეთ გვყავს - თავისი ვოლიერი, სახლი აქვს. ტელევიზორს არასდროს უყურებს. მას "ლაივ" რეჟიმში გართობა უყვარს, მაგალითად - სირბილი. ახალი წლის დღესასწაულის პერიოდი იყო, როცა 2 კვირით სახლში გვყავდა შემოყვანილი. მეორე კვირის დასაწყისში, შევატყვე, რომ ნელ-ნელა ტელევიზორის ყურება, აღქმა დაიწყო. მანამდე ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა... კიდევ, მახსოვს, ერთხელ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მივიყვანე. უკანა ფონზე დიდი ეკრანი იყო, რომელზეც კატები გამოჩნდნენ. ჯესიმ ეს საფრთხედ აღიქვა და დაყნოსა. სუნი "ვერ აიღო" - ვერ მიხვდა, რა ხდებოდა (იცინის)...

P.S. გამოყენებულია სერგო კარაკოზოვის ფოტოები.

ეთო ყორღანაშვილი