სულ სხვა ეპოქის დასაწყისი ანრი გუჩმანიძის ცხოვრებაში და ყველაზე დიდი სიყვარული
მომღერალს, "იქს ფაქტორის" 2018 წლის გამარჯვებულ ანრი გუჩმანიძეს, ისევე როგორც ბევრ მის კოლეგას, შარშან საზღვარგარეთ დაგეგმილი ყველა კონცერტი ჩაეშალა. ამბობს, რომ პანდემიამ დაავიწყა, როგორია ჩვეულებრივი ცხოვრება და ბევრი ზიანიც მიაყენა, მაგრამ შვილის დაბადებამ ყველაფერი შეცვალა - სიყვარულითა და სიკეთით აავსო თვითონაც და მისი რჩეულიც.
- მას შემდეგ, რაც "იქს ფაქტორში" მონაწილეობდი, 3 წელი გავიდა. რა შეცვალა ამ პროექტმა შენს ცხოვრებაში?
- პროექტში გამარჯვების შემდეგ იყო ბევრი შემოთავაზება, კონცერტი, განსაკუთრებით ხშირად ბათუმში იმართებოდა საღამოები, მაგრამ ეს რეალობა ერთიანად შეცვალა "კოვიდმა" და საზღვარგარეთ დაგეგმილი რამდენიმე გასტროლიც ჩამიშალა. მაგრამ არა უშავს, მთავარი მაინც ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა - მამაჩემთან ერთად ზაფხულში ახალი ბენდის პრეზენტაცია მექნება ბათუმში, ვგეგმავთ კონცერტებსაც ჩემს ქალაქში, ასევე ვმუშაობ სხვა ბენდთანაც. ეს წელიწად-ნახევარი თვითგანათლებისა და განვითარებისთვის გამოვიყენე, ვისწავლე ჰარმონიკასა და უკულელეზე დაკვრა, გიტარასაც უკეთესად დავეუფლე. დრო ბევრი მქონდა და არ მინდოდა უქმად დამეკარგა. ასე თუ ისე, გავუმკლავდი ამ პროცესებს, უკეთესობის იმედი მაქვს. ზოგადად, არ მიყვარს პესიმისტური საუბარი, მაგრამ ბოლო ერთი წელი მართლაც ურთულესი პერიოდი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით ხელოვანებისთვის - არც თეატრი, არც კულტურული ღონისძიებები, არც კონცერტი, მომღერლები "ფეისბუკ-ლაივებით" ვირთობდით თავს, სხვა რა უნდა გვეკეთებინა? როდესაც მხოლოდ შენი შემოქმედებით ირჩენ თავს, რთულია ამ სიტუაციაში პრობლემებთან გამკლავება. დეპრესია დამეწყო, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, ციხეში მეგონა თავი. ადრე თუ 10 საათზე ვიწყებდით ცხოვრებას, ახლა 9-ზე უკვე დამთავრებული უნდა გქონოდა ყველაფერი და სახლშიც უნდა მიგესწრო მისვლა. ამ პერიოდს დაემთხვა მეუღლის ფეხმძიმობაც, შემდეგ ბავშვის დაბადება და განსაკუთრებულად ვფრთხილობდით. საბედნიეროდ, არც ერთს არ შეგვხვდა კორონა.
- თქვენი სიყვარულისა და დაოჯახების ამბავიც მომიყევი...
- სალომე მაისურაძე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარულია; ადამიანი, რომელმაც ჩემ გარშემო 180 გრადუსით შეცვალა ყველაფერი. პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ხატავს კიდეც, თუმცა ამჟამად არ მუშაობს. ჩვენი სიყვარულის ისტორია ძალიან დიდია, ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ. პირველი შეხვედრისთანავე იმდენად მოვიხიბლე, რომ ლექსიც კი დავწერე. ერთმანეთს თბილისში, ჩემი მეგობრის ბარში შევხვდით. იტყვიან ხოლმე, ჩვენ შორის თვალით კონტაქტი შედგაო და მართლა ასე მოხდა. სულის წიაღში რომ ჩაგხედავს ვიღაც, ასეთი გამოხედვა ჰქონდა. როგორც მერე მითხრა, პირველივე შეხვედრისას მასაც იგივე გრძნობა გაუჩნდა ჩემ მიმართ. საკმაოდ მალე, 3 თვეში გამოვუტყდი გრძნობებში. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველდღე უფრო და უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. ვიტყვი ხოლმე, აი, ამაზე მეტად როგორღა უნდა მიყვარდეს-მეთქი, მაგრამ გადის ერთი თვე და ვხვდები, რომ იმაზე მეტად მიყვარს და ამით ბედნიერი ვარ.
სალომე:
- როდესაც გავიცანი, იმდენად გულწრფელი თვალები და მზერა ჰქონდა, მიხვდებოდი, როგორი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი ინტუიცია მაქვს და კარგად ვხვდები, ვინ როგორია. ძალიან კეთილია და ეს განსაკუთრებულად მომწონს. ერთმანეთს კაფეში შევხვდით, როგორც გითხარით. მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო. მსგავს პროექტებს იშვიათად ვუყურებ. მერე მითხრა მეგობარმა, - ამა და ამ პროექტის გამარჯვებულიაო. გაცნობიდან 3 თვის მერე გამომიტყდა სიყვარულში. ერთ თვეში ანრის დაბადების დღე იყო და მაშინ ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა.
ანრი:
- ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც ხელი უნდა მეთხოვა. რაკი სცენაზე ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს, ამიტომ გადავწყვიტე, იქ მეთხოვა ხელი. მამაჩემმა მირჩია, ერთი-ორი ჭიქა არაყი დალიე, სტრესი მოგეხსნებაო. მე კი იმდენი დავლიე, სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი (იცინის). საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და სალომემ თანხმობა მითხრა. მუხლის მოდრეკა და ხელის თხოვნა რთული ყოფილა.
სალომე:
- მართლა ძალიან ღელავდა იმ საღამოს, სხვათა შორის, სიმღერაზეც კი შეეტყო...
- როგორი ბიჭია ანდრეასი და რამდენად შეცვალა თქვენი ყოველდღიურობა?
ანრი:
- ბავშვი - ეს არის სულ სხვა ეპოქის დასაწყისი ჩვენს ცხოვრებაში. საოცრებაა, სიტყვებით ახსნასაც ვერ ვაკადრებ ამ გრძნობას, ფიზიკურად შეუძლებელია…ემოციების გადმოცემა. თითქოს თავიდან იბადები, თითქოს თავიდან იწყებ ცხოვრებას, სწავლობ ყველაფერს და ჯერ კიდევ რამდენი რამ გვაქვს ერთად გასავლელი. დასაწყისი უკვე საოცრებაა და წარმომიდგენია, შემდეგ რა იქნება.…ვგრძნობ, სიცოცხლე უფრო მეტად მიყვარს და მინდება. ანდრეასი ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭია, უკვე "აღუს" თქმა ისწავლა და თვალებით გველაპარაკება. მოკლედ, ორივე გაგვაგიჟა, სიყვარულით აგვავსო, აურა შეიცვალა ჩვენს სახლში. ის ერთადერთი ბავშვია, რომლის ტირილიც არ მაღიზიანებს (იცინის). ვერასდროს წარმომედგინა, ამ ყველაფერს თუ შევეჩვეოდი და გავუმკლავდებოდი, მაგრამ მგონი, მამობას კარგად ვართმევ თავს. უფრო მზრუნველიც გავხდი და ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს.
- ესე იგი, მეუღლეს ბავშვის მოვლაში ეხმარები?
- ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ, როდესაც სალოს არ სცალია, რა თქმა უნდა, ვენაცვლები. ჩვენ მარტო ვცხოვრობთ და შესაბამისად, მოვალეობების გადანაწილება გვიხდება. ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას. შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს მოაკლოს რამე, მაგრამ ბავშვს - ვერა. მაქსიმალურს ვაკეთებ, რომ ის ბედნიერი იყოს. ადრე მამაჩემი რომ მეუბნებოდა, ასეთია მამობაო, მაინც ვერ ვაცნობიერებდი ბოლომდე, ახლა უკვე კარგად გავიგე ყველაფერი, ცხოვრობ ოჯახისთვის და ეს არის ყველასა და ყველაფერზე მთავარი.
- სალომე, შენ გვითხარი, როგორი მამა და მეუღლეა ანრი?
- იდეალური მეუღლეა, ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი. იცის, რომ კოსმეტიკა მიყვარს და უკვე ისიც იცის, რომელიც მომწონს.
- როგორც ახალდაოჯახებულებს, მინდა გკითხოთ, რა არის მთავარი, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი და თქვენი აზრით, რატომ გახშირდა ოჯახის დანგრევის შემთხვევები?
ანრი:
- რთულია ამაზე პასუხის გაცემა. მე და სალომე სიყვარულით ვაკეთებთ ყველა საქმეს. მთავარია, ერთმანეთის დაფასება ვიცოდეთ, ნაკლები შეცდომები გვქონდეს, ყველა წვრილმანზე არ გამოვეკიდოთ ერთმანეთს. როდესაც ქრება სიყვარული, წყვილის დაშორების მიზეზად ბევრი რამ შეიძლება იქცეს, მაგრამ როდესაც ძალიან გიყვარს, ალბათ არასდროს იფიქრებ დაშორებაზე...
ნინო ჯავახიშვილი