რა პრობლემა აქვს თაკა კაკულიას ქალებთან?
"კომედი შოუს" მსახიობს - თაკა კაკულიას ავტომობილის სწრაფად მართვა ძალიან უყვარს, ამიტომ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შეუქმნას, ჯერჯერობით ისეთ მანქანას არ მართავს, რომელსაც მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია.
- ერთი წელია, რაც ავტომობილს ვმართავ. მანამდე საკუთარი მანქანა არ მყავდა, მაგრამ მეგობრების ავტომობილების საჭესთან ვიჯექი ხოლმე. 17 წლიდან მაქვს მართვის მოწმობა. პირველად მეგობრის, მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანის საჭესთან ვიჯექი. დაახლოებით 15 წლის ვიყავი. მაშინ "მექანიკას" ვსწავლობდი - მაინტერესებდა. ძალიან მომეწონა. თან, ვგეგმავდი - როგორც კი 17 წლის გავხდებოდი, მართვის მოწმობა უნდა ამეღო. ასეც მოვიქეცი.
- მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდა პირველსავე ცდაზე წარმატებით ჩააბარე?
- კი.
- ამისთვის პროფესიონალთან სწავლა დაგჭირდა?
- კი, თეორიული და პრაქტიკული გამოცდებისთვის პროფესიონალთან ვემზადებოდი, რადგან დამოუკიდებლად მომზადება დამეზარებოდა.
- ახლა რა მარკის ავტომობილი გყავს?
- შავი "Hiundai Elantra" მყავს. მეუღლემ მიყიდა. საჭირო იყო, რადგან ტაქსით მგზავრობისას ბევრად მეტი ფული იხარჯებოდა... დაგეგმილად მაჩუქა - ვიცოდი, ჩემთვის რასაც ყიდულობდა. მთავარი იყო, ავტომობილს კარგი აუდიოსისტემა ჰქონოდა და აქვს კიდეც. სხვა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ მქონია. ჩემთვის პირველი ავტომობილია. ასეთ დროს აზრი არა აქვს, რომ ძალიან მაგარი მანქანა იყიდო - მაინც "გაუსვ-გამოუსვამ", სანამ კარგად მართვას ისწავლი. ასე რომ, ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.
- პატრულის თანამშრომლები გცნობენ?
- კი. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, რომ მიცნეს. სხვათა შორის, რამდენჯერაც პოლიციამ გამაჩერა, იმდენჯერ მაპატია ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. ამ მხრივ, ჩემი პოპულარობით ვსარგებლობ (იღიმის).
- პატრულს არასოდეს დაუჯარიმებიხარ?
- ვიდეოკამერებს დავუჯარიმებივარ, პოლიციის თანამშრომელს - არა. თავდაპირველად, საჭესთან რომ დავჯექი, არასწორად ვმოძრაობდი, არასწორად ვუხვევდი... მაგალითად, სანაპიროდან "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ავედი, რაც არ შეიძლებოდა, - 2 უწყვეტი ზოლი გადავკვეთე. პოლიციამ გამაჩერა - რას აკეთებ? ასეთი არავის არაფერი გაუკეთებიაო (იცინის)... მერე, ნელ-ნელა ვისწავლე და მივეჩვიე. როცა პოლიცია მაჩერებს, სულ რაღაც კურიოზი ხდება: მაგალითად, ერთხელ ავტომობილი არასწორ ადგილას გავაჩერე. პოლიციის თანამშრომელი მოვიდა და მითხრა: - შენ ჩემი კურსელი ხარ, არ გახსოვარო? - არა-მეთქი, - ვუპასუხე. - პირველ კურსზე ერთად ვსწავლობდითო. - ძალიან კარგი-მეთქი. - წადი, წადი ახლაო... - ბოლოს მითხრა და გამომიშვა (იცინის).
- ავტომობილის მართვისას სისწრაფე გიყვარს?
- ძალიან! ჩემს მანქანას ისეთი შესაძლებლობები არ აქვს, რომ ძალიან მაღალი სიჩქარე განავითაროს. მგონია, თუ ასეთი შესაძლებლობა ექნება, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ჩავიგდებ. ავტომობილს სპეციალურად არ ვცვლი - მართვა ჯერ კარგად უნდა ვისწავლო, მერე კი "გაზს" თამამად მივაჭერ...
- შენი ოცნების მანქანა რომელია?
- Range Rover Velar.
- საჭესთან სხარტად აზროვნებ?
- კი, სწრაფი იმპულსები მაქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებ. სხვათა შორის, როცა ავტომობილი სწრაფად დამყავს, ეს ინსტინქტები მეტად მაქვს "ჩართული" - უფრო სწრაფად ვაზროვნებ.
- ავარიული სიტუაცია შეგქმნია?
- მაგალითად, დღეს შემექმნა: არასწორად მოვუხვიე... 1 წამის "ამბავში" გადავრჩი...
- საცობებს როგორ ართმევ თავს?
- მძღოლებს ვავიწროებ და აქეთ-იქით დავძვრები.
- შენს სილამაზეს ვერ უძლებენ და საყვედურს არ გეუბნებიან, ხომ?
- ჰო, ეგეც არის (იღიმის).
- ავტომობილში როგორ მუსიკას უსმენ?
- ჩემს ავტომობილში ყოველთვის ჩართულია ჰარდ-ტექნო მუსიკა, რაც იმპულსებს კიდევ უფრო მიღვიძებს და მანქანის უფრო სწრაფად მართვა მინდა... ასე რომ, "დავფრინავ".
- ქვეითად მოსიარულეებზე რას ფიქრობ?
- სხვათა შორის, ვიდრე საჭეს მივუჯდებოდი და ქუჩაზე ფეხით გადავდიოდი, ვფიქრობდი, რომ მძღოლები ვალდებული იყვნენ, მანქანები გაეჩერებინათ და ქვეითებისთვის გზა დაეთმოთ. ახლა ის ხალხი ძალიან მაწუხებს, ვინც "ზებრაზე" არ გადადის და მძღოლს სხვა ადგილას გიხტება. მაგალითად, ამას წინათ, სანაპიროზე, შუქნიშნამდე ცოტათი სწრაფად მივდიოდი. ვიღაც კაცი ისეთ ადგილას გადმოვიდა, სადაც მანამდე ქვეითად მოსიარულე საერთოდ არ მინახავს, - იქ საიდან გაჩნდა, არ ვიცი. თან, ისიც დაიბნა, მეც... საითაც საჭე მივმართე, ისიც იქით წამოვიდა... კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
- სამეგობრო გენდობა, როგორც მძღოლს, თუ შენს ავტომობილში ჩაჯდომის ეშინიათ?
- ჩემს დაქალებს არ ეშინიათ, მაგრამ მანქანაში თანამშრომელი ან მეუღლე თუ ჩამიჯდა, გზის ყველა მონაკვეთში მეჩხუბებიან: - რას აკეთებ? ნელა იარეო!.. განსაკუთრებით მეუღლე მეჩხუბება. ამიტომ, ბოლო პერიოდში, გადავწყვიტე, ჩემს მანქანაში არ უნდა ჩაჯდეს და არ ვისვამ. სულ ჩხუბობს - ამ ორმოში რატომ ჩახტი? ხომ შეგეძლო აგეცილებინაო? ნუ, რას იზამ ახლა, ყველა ორმოს ხომ არ ააცილებ, არა?
- სხვა მძღოლებზე რას ფიქრობ, ავტომობილს კარგად მართავენ?
- სხვათა შორის, ქალებთან მაქვს პრობლემა: როცა ჩემ წინ მანქანა მიდის, თუ მის საჭესთან ქალი ზის, მაშინვე ვხვდები, რადგან მანდილოსნები ავტომობილს დაბნეულები მართავენ. მეც ქალი ვარ, მაგრამ მგონია, რომ ასეთი რაღაცები არ მახასიათებს. ზოგიერთები ისეთ არასწორ მანევრს აკეთებს, რომ მაშინვე ვხვდები, - საჭესთან ქალი ზის. კაცებთან პრობლემა არ მაქვს - მგონი, ავტომობილს კარგად მართავენ.
- სხვა მძღოლებისგან დაუმსახურებელი შენიშვნა მიგიღია?
- დაუმსახურებელი - არა, დამსახურებული - ბევრი მიმიღია (იცინის). - კარგი, ბოდიში-მეთქი, - ჩემთვის "ჩავიძახებ" ხოლმე და ეგ არის...
- ავტომობილის მართვისას ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?
- თუ მეგობრებთან ერთად ვარ, ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ თუ მარტო ვარ, ძალიან ვბილწსიტყვაობ. რაღაცები ნერვების მომშლელია. ამიტომ ჩემდა უნებურად ვიქცევი ასე.
- როცა მოძრაობის წესებს სხვა მძღოლი არღვევს, როგორ იქცევი?
- არ ვბრაზდები, რადგან მეც დამირღვევია. ჩემთვისაც ნაცნობი სიტუაციაა, როცა მაგალითად, სადღაც გეჩქარება, ამ დროს კი იძულებული ხარ, საცობში გაუნძრევლად იდგე...
- ავტომობილის სარკეებს შენთვის რა ფუნქცია აქვს?
- მართვისას მეხმარება. საჭესთან მჯდომი, სარკეში საკუთარ თავს არ ვუყურებ.
- შეგიძლია, ავტომობილი ვინმეს ათხოვო?
- კი, როგორ არა?! მითხოვებია კიდეც. ამის პრობლემა არ მაქვს. არც საჭესთან დაჯდომაზე მითქვამს უარი მეგობრისთვის: შემიძლია, მძღოლის გვერდით ან უკანა სავარძელში დავჯდე.
- საკუთარი ავტომობილით შორ მანძილზე გიმგზავრია?
- თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მიმგზავრია. საჭეს ჭკვიანად ვმართავდი, საავარიო სიტუაციები არ შემქმნია.
- ავტომობილების მფლობელებს საკუთარი მანქანების "გასულიერება" სჩვევიათ. ამ მხრივ შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
- მეც ასე ვარ. ავტომობილმა მიჩვევა იცის: თავდაპირველად, 2-3 თვე საჭიროა, რომ მანქანა ბოლომდე შეიგრძნო. მერე უკვე ეჩვევი და ხვდები, გრძნობ, როდის როგორ მოიქცე, როდის "დაატორმუზო" და ა.შ. ავტომობილი უკვე ახლობელი, შენიანი ხდება...
- ახლახან "კომედი შოუში" ავტობაზრობის ეპიზოდში გამოჩნდი...
- ახალი პერსონაჟი განვასახიერე, რომლის "წამოწევას" და განვითარებასაც ვაპირებთ ნელ-ნელა. იცი, როგორი გოგოა? ცოტათი "თავში ავარდნილი" აქვს, ძალიან "ძერსკი", "სვეცკია" და ხანდახან მაინც "წაუსოფლელებს" ხოლმე (იცინის).
- ამ პერსონაჟთან რა საერთო გაქვს?
- ამ პერსონაჟში ძალიან გაზვიადებული "მე" ვარ.
- ანუ შენი რეალური სახეა?
- არა. ალბათ, 5-10%-ით მე ვარ. კიდევ ვიღაც-ვიღაცებისგან დამატებულია გარკვეული თვისებები. ამ პერსონაჟს ჩემთან საერთო რაღაც მაინც აქვს, კონკრეტულად - რა, არ ვიცი.
ეთო ყორღანაშვილი