რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა
"ვაშაააა!!! ურააა!!! მრავალჟამიეერ!! ქალბატონი კატო ნიჟარაძე გაჩნდა! სამგზის ბებია ვაარ!"
ცნობისთვის, რუსკა მაყაშვილსა და სანდრო ნიჟარაძეს კატოს გარდა, კიდევ ერთი შვილი, 3 წლის ილია ჰყავთ.
რუსკა "გზისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დედობის განცდაზე გვესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
- ილია რაღაცნაირად განსაკუთრებული გამოვიდა (იცინის), მართლა სასაცილოა, კეთილია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ძალიან საყვარელია. ალბათ, ყველა დედისთვის ასეა, მაგრამ... უზარმაზარი ენერგია აქვს, ვერ დაღლი. ბავშვი ცელქი კი უნდა იყოს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ცელქი თუ იქნებოდა. ძიძა არ მყავს, ძიძების ფობია მაქვს და ამიტომ, მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი დრო გავატაროთ მასთან. ბევრი რამის კეთება მინდა, მაგრამ დრო აღარ მრჩება - ათვლა იწყება ილიადან, ჯერ ის არის მთავარი. ერთხანს სამსახურშიც დამყავდა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან მოუსვენარია და შეუძლებელია სამსახურში მისი მოყვანა, არავის არაფრის კეთებას არ დააცდის.
- რას შეადარებ დედობას?
- დედაშვილობის გამოსახატავად მგონი რაღაც ახალი სიტყვა უნდა მოვიფიქროთ. არც საოცარი, არც კარგი, არც ძლიერი - არც ერთი სიტყვა არ გამოხატავს დედის სიყვარულს. ეს გრძნობა სცდება მთელ გალაქტიკას. ილია გაჩნდა და დამთავრდა - მანამდე რა იყო, აღარ მახსოვს. მგონია, ილიასთან ერთად დავიბადე, ალბათ ყველა დედას ასეთი შეგრძნება ეუფლება. ხომ ასე ემოციურად ვარ განწყობილი, მაგრამ როდესაც ცუდად არის, მაშინ არ ვფორიაქობ, პანიკაში არ ვვარდები. პირიქით, უფრო მობილიზებული ვარ, ჩემი სიმშვიდე, სხვათა შორის, დედაჩემსაც უკვირს და ჩემს მეორე დედასაც.
- სანდროს დედას გულისხმობ? მეორე დედას ეძახი დედამთილს?
- დედაა ისიც, რატომაც არა! დედას არ ვეძახი, მაგრამ ვერც დედამთილს ვუწოდებ, სახელით მივმართავ. მიხარია, რომ ამ მხრივ მართლა კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან გამიმართლა და სანდროს მშობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მეგობრები ვართ, ზოგჯერ შეიძლება სანდროს არ მოვუყვე რაღაც და მაკოს და მერაბს გავენდო. გამიმართლა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს და ყველა ვერ გამიგებდა...
- გურმანი ხარ?
- სხვათა შორის, ჭამა და გემრიელი რამერუმეები მიყვარს. შეიძლება, გარეგნულად არ მეტყობა, მაგრამ ასეა... სადილების მომზადება ვიცი, მაგრამ დროის სიმცირის გამო, იშვიათად მიწევს.
- ესე იგი, პატარას ვერ ანებივრებ დედის მომზადებული კერძებით.
- ილია ისეთი გურმანია, რა უნდა მისცე, რომ არ ჭამოს, ყველაფერზე პირს აღებს. პატარაობიდანვე, ბროკოლიდან დაწყებული, ხინკლით დამთავრებული, ყველაფერს მიირთმევდა. ვაიმე, ახლა ეს გავაკეთოთ და ახლა ის, ასე არ ხდება ჩვენთან. დაპანიკებული დედა არ ვარ, ზედმეტად სათუთად რომ ზრდიან შვილებს. სხვათა შორის, კაცური საჭმელები უფრო უყვარს - ხინკალი, მწვადი. ძალიან პატარა იყო, ხინკალი რომ გავასინჯე და მოეწონა.
P.S. ვულოცავთ რუსკა მაყაშვილსა და სანდრო ნიჟარაძეს პატარა კატოს დაბადებას.