ანა ჯავახიშვილმა ვეგანობა გადაწყვიტა - გზაპრესი

ანა ჯავახიშვილმა ვეგანობა გადაწყვიტა

მსახიობი ანა ჯავახიშვილი ბავშვობიდან ვეგეტარიანელია, ახლახან კი ვეგანობა გადაწყვიტა. მოგეხსენებათ, ვეგანები ცხოველური პროდუქტის ნებისმიერი მიზნით გამოყენებას ეწინააღმდეგებიან. ანას ვესაუბრეთ და გავარკვიეთ, ახერხებს თუ არა ვეგანური ცხოვრების სტილის მორგებას.

- არც ისე დიდი ხანია გასული, რაც ვეგანობა გადავწყვიტე, მაგრამ ბოლო პერიოდში, მაინც ვეგანივით ვცხოვრობდი, რადგან ხორცს ისედაც არ ვჭამდი, კვერცხსაც ვეღარ გეახლებოდი - აღარ მინდოდა... კვერცხის ჭამაზეც უარი რომ ვთქვი, მერე ვიფიქრე, - აბა, რაღა დარჩა? თუკი ასე ცხოვრება შემიძლია, ვეგანი გავხდები-მეთქი. წარმოიდგინეთ, ხალხს ცხოველური საკვები პროდუქტის მიღების მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მაინც უარს ამბობენ და ვეგანები ხდებიან. ჩემს შემთხვევაში ასე არაა. შესაბამისად, ვეგანობის შესახებ გადაწყვეტილება იოლად მივიღე. ბავშვობიდან ხორცპროდუქტს, თევზს ვერ ვჭამდი, არ მომწონდა. ბოსტნეული მიყვარს. როცა გავიზარდე, რა თქმა უნდა, კვების ჩემმა რაციონმა ის დატვირთვაც შეიძინა, რომ ჩემი საკვების გამო, ცხოველებს ზიანი არ მივაყენო.

- შენი გამოცდილებით გვითხარი, საქართველოში ვეგანობა რთულია?

- კი, ნამდვილად რთულია, რადგან წამყვან რესტორნებშიც კი ვეგანური მენიუ მწირია. მიუხედავად იმისა, რომ მხალი, ლობიანი და სხვა ბევრნაირი კერძი გვაქვს, რომელიც შეიძლება, ვეგანურად მიიჩნეოდეს, ბევრ კაფესა და რესტორანში მაინც ცოტა ვეგანური კერძია. ამ მხრივაა რთული, თუ ყოველდღიურად შინ არ იკვებები და გარეთ გასვლა გიწევს.

- მოგეხსენება, ვეგანები ცხოველური პროდუქტის ნებისმიერი სახით გამოყენებას ეწინააღმდეგებიან. შესაბამისად, არავეგანურ რესტორნებსაც არ სტუმრობენ: შეიძლება, კერძი ვეგანური ინგრედიენტებისგან იყოს მომზადებული, მაგრამ თუნდაც ჭურჭელი არავეგანური სარეცხი საშუალებით იყოს გარეცხილი და ა.შ.

- არა. მსგავსი შეხედულებები არ მაქვს. ჩემს აზრებს სხვებს თავს არც ვახვევ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ჯერჯერობით "ზედმეტი" რაღაცები არ მჭირს.

- არავეგანური კერძის მომზადება შეგიძლია?

- კი, ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა. იმასაც ვითვალისწინებ, რომ ყველა ვეგანი ვერ იქნება. ჩემს მეგობარს თუ მოუნდა, შემიძლია, კატლეტიც მოვუმზადო და ქათამიც შევუწვა, რადგან ის ასე იკვებება და რა ქნას? მე არ შევჭამ.

GzaPress

- ანუ შენთვის ვეგანიზმი დიეტასთანაა გაიგივებული?

- არა. ვეგანობა გააზრებული მაქვს. ცხოველები ძალიან მიყვარს. მათ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. დიდი ხანია, შინ კატა მყავს. უბრალოდ, რაზეც პასუხისმგებლობა თავად მაქვს აღებული, ვასრულებ. არ ვცდილობ, ამით კიდევ ვინმეს დისკომფორტი შევუქმნა, მით უმეტეს - საქართველოში: აქ უფრო რთულია, რომ ვეგანი იყო, ხორცს არ ჭამდე. ამიტომ, მაგალითად, ოჯახის წევრებს არავეგანური კერძების მომზადებაში მივეხმარები და ჩემს აზრს გამოვთქვამ, - ეს ცუდია, ასე არ უნდა იყოს-მეთქი. ხორცს ხელსაც ვერ მოვკიდებ-მეთქი, ასეთი მკვეთრი ფრაზების თქმა არ მჩვევია.

- ანუ მაგალითად, ქათამსაც დაკლავ, რომ ახლობელს არავეგანური კერძის მომზადებაში დაეხმარო, მაგრამ თავად არ შეჭამ?

- არა, დაკვლა ვერ წარმომიდგენია. ასეთი რამ რომ ვნახო, ალბათ ცუდად გავხდები, მაგრამ როცა ვეგანი ხარ, არა მგონია, პრობლემა იყოს და კრუნჩხვებში ვარდებოდე, რომ მეგობარს სოსისი მოუხარშო. ვაფიქსირებ, რომ ხორცპროდუქტების საკვებად გამოყენება ცუდია, არ შეიძლება, მაგრამ იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობ, როცა აბსოლუტურად ყველა ხორცს ჭამს, ასეთი ქცევა შეუძლებელია: ბავშვობიდან მოყოლებული, ოჯახის წევრებს კერძების მომზადებაში ვეხმარებოდი. რაღაცებს, მაგალითად - ღორის თავს, ვერ მოვამზადებ, მაგრამ რასაც შინ ყოველდღიურად ამზადებენ, იმაში ვეხმარები...

- ვეგანიზმის თემაზე გეხუმრებიან ხოლმე?

- ყველა მიჩვეულია, რომ ასეთი ვარ, ჩემი ცხოვრების სტილი ასეთია და სულ ითვალისწინებენ. სხვათა შორის, ჩემს ბევრ მეგობარსაც უთქვამს, - ერთადერთი ვეგანი ხარ, ვინც არ გვაღიზიანებსო. თუ რაღაცას მეხუმრებიან, ისე მეხუმრებიან, რომ მეც მეცინება (იღიმის).

- ალბათ შენი ვეგანობის აფიშირებას არ ახდენ და ამიტომაც არავის აღიზიანებ, ხომ?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან ვეგანობა ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველამ თავად უნდა მიიღოს.

- და მაინც, თუ გიცდია, ვინმესთვის აზრი შეგეცვალა და ვეგანი გამხდარიყო? სასურველი შედეგი მიგიღია?

- არა, შედეგამდე ვერ მივსულვარ, მაგრამ მაინც მიცდია: მითქვამს, - ყოველდღე ხორცპროდუქტების მიღება კარგი არაა. ჯობია, შეამცირო, დაბალანსებულად იკვებო, რადგან ასე უფრო ჯანსაღად იცხოვრებ. წარმოიდგინე, რამდენ ცხოველს გადაარჩენ-მეთქი...

- თავის მოვლის ვეგანური საშუალებები უკვე საქართველოშიც იყიდება, დეკორატიული კოსმეტიკა კი შედარებით რთული მოსაძიებელია. როგორ იქცევი?

- რა თქმა უნდა, თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას ყურადღებას ვაქცევ, ვეგანურია თუ არა. მირჩევნია, ვეგანური იყოს.

- თუმცა, თუ ვეგანურ კოსმეტიკას ვერ იშოვი, შეგიძლია, არავეგანურიც გამოიყენო?

- გადაღებებისთვის გრიმის გაკეთება ხშირად მიწევს. პრეტენზიას ღიად ვერ გამოვთქვამ, რადგან ვიცი, გრიმისთვის სპეციალური კოსმეტიკური საშუალებების შოვნა ძალიან რთულია. ამიტომ პირადი გამოყენებისთვის ყოველთვის ვეგანურ კოსმეტიკას ვირჩევ, გრიმიორს კი ვერ მოვთხოვ, რომ ყველაფერი ვეგანური ჰქონდეს (იღიმის)...

- სამოსისა და აქსესუარების შესახებ შენთვის შეკითხვის დასმაც ალბათ ზედმეტია...

- რა თქმა უნდა. ჩემთვის განსაკუთრებულად მიუღებელი ქურქია.

- ვეგანური კერძების მომზადება იცი? მაგალითად, ტრადიციული ქართული კერძი ვეგანურად თუ გადაგიკეთებია - ვეგანური სამზარეულოსთვის მოგირგია?

- გადაკეთება რთულია, რადგან იმპროვიზაციასაც დიდი ცოდნა სჭირდება, თუმცა რაღაცების მომზადება ვიცი და ვამზადებ ხოლმე. სხვებსაც ძალიან მოსწონთ. კერძებს ძირითადად, ქართული სამზარეულოდან ვაკეთებ: მჭადი, სალათები, მხალეული...

- მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, კვების ვეგანური რაციონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ადამიანების ნაწილს ჯერ კიდევ მიაჩნია, რომ ცხოველური საკვები ორგანიზმის "შენებისთვის" აუცილებელია. კვების რეჟიმის გამო, თუნდაც ბავშვობაში, ოჯახის წევრებთან პრობლემა ხომ არ შეგქმნია?

- რა თქმა უნდა, მიჩიჩინებდნენ და ამდენი წლის შემდეგაც ასეა: ცხოველურ საკვებს მაინც მთავაზობენ - აი, ვეგანი რომ ხარ, ენერგია ამიტომ არ გაქვსო და ა.შ.

- შეყვარებული ხარ, როგორც ვიცი...

- არა, აღარ ვარ...

- კარგი. მაშინ გვითხარი, შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ შენი მეორე ნახევარი ვეგანი იყოს? არავეგანთან თანაცხოვრებას შეძლებ?

- ძალიან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ეს ისეთი ფაქტორი არ არის, რამაც შეიძლება, ადამიანი დაგაკარგვინოს. რა თქმა უნდა, ჯობია, ვეგანი იყოს. უბრალოდ, არ მინდა, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო: მართლა ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ჩემ გარშემოც კი ძალიან ცოტა ვეგეტარიანელია, ვეგანებზე რომ არაფერი ვთქვათ... ადამიანი ვეგანობის ნიშნით რომ შევარჩიო, სისულელეა, მაგრამ თუკი ის ვეგანიზმის ფილოსოფიას გაიაზრებს და თავადაც დაფიქრდება, რა თქმა უნდა, "პლუსია"...

ეთო ყორღანაშვილი