მარი ჯანაშია - ქალი, რომელიც სიმშვიდეს ასხივებდა - გზაპრესი

მარი ჯანაშია - ქალი, რომელიც სიმშვიდეს ასხივებდა

თეატრალურ სამყაროში და არა მარტო, სხვა მის მსგავსს ადამიანს არ ვიცნობდი... და თუ მხოლოდ ერთი სიტყვით მთხოვს ვინმე მის დახასიათებას, ასე ვიტყვი - "სათნო".

***

წლების წინ, დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, როცა პირველი ინტერვიუ ჩავწერეთ. შემდეგ სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეში, უმთავრესად რუსთაველის თეატრში პრემიერების გაშუქებისას ვხვდებოდით ან სხვების სპექტაკლებზე. ყოველთვის თბილი ღიმილით გხვდებოდა და მოგიკითხავდა. სიკეთის, სიმშვიდის, სინაზისა და ამავდროულად, უდიდესი შინაგანი სიძლიერის მატარებელი იყო. სადა, დახვეწილი, თავმდაბალი, სიტყვებში მოზომილი, გულწრფელი. უაღრესად ახლოს გიშვებდა, მაგრამ ზღვართან თავად ჩერდებოდი და უხილავი კარის იქით ნაბიჯს არ დგამდი...

მაგნიტივით გიზიდავდა. მის გვერდით მოწიწებისა და პატივისცემის განცდა არ გტოვებდა, კონცენტრირებული იყავი ყველა მის სიტყვაზე და ყურადღება არასდროს გეფანტებოდა. წიგნები მისი თავშესაფარი იყო. სასთუმალთან ყოველთვის რამდენიმე ნაწარმოები ედო. სულ კითხულობდა და ეს მის ინტელექტზეც აისახა. ამიტომ კარგი მთხრობელი და თანამოსაუბრე იყო. თავადაც წერდა, მხოლოდ ჩუმად, თავისთვის. წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ნაწერებში მისი ყოველდღიურობაა აღწერილი. როცა ვკითხე, ერთ დღესაც თქვენი დღიურების მემუარების სახით გამოცემას ხომ არ აპირებთ-მეთქი? იუარა, თუმცა, თვლიდა, რომ მამამისის ჩანაწერები იქნებოდა ამ მხრივ საყურადღებო:

"მამაჩემის ჩანაწერებია ძალიან საინტერესო. მისი ცხოვრება ისე აეწყო, როგორც ფილმში "ღიმილის ბიჭები". მას სულ სხვა ოცნებები ჰქონდა, თურმე კონსერვატორიაში ჩაბარებას გეგმავდა, მაგრამ სკოლა რომ დაამთავრა, სხვა ბავშვებთან ერთად, ომში წაიყვანეს. მე ხომ თეატრალურ ინსტიტუტში ისე ჩავაბარე, რომ ჩემს ოჯახში არავინ არაფერი იცოდა. გამოცდაზე რომ გავედი, საღამოს მამას დაურეკეს, თეატრალურში ერთი კარგი ბავშვი აბარებს და შენი ვინმე ხომ არ არისო. მამამ რომ გამომხედა, თავი ჩავღუნე. მიუხედავად იმისა, რომ მისგან არასოდეს მახსოვს ხმამაღალი სიტყვა, მაშინ მეგონა, მისი რეაქცია ცას და დედამიწას დაანგრევდა, მაგრამ მშვიდად მითხრა: "შენ ჩემი ოცნება აასრულე"...

მამა თავის ნაწერებში აღწერს ომის პერიოდს. მაშინ სკოლას ამთავრებდა. წერს, თუ რა ხდებოდა თბილისში, როგორ აფარებდნენ სქელ ფარდებს ფანჯრებზე, რომ გარეთ შუქი არ გასულიყო, როგორ მეგობრობდნენ ერთმანეთთან, როგორ დადიოდნენ ყოველ საღამოს ბავშვები ოპერაში და ა.შ. ეს ყველაფერი ისე საინტერესოდ აქვს მოთხრობილი, ვფიქრობ, ღირს გამოცემა".

***

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, თეატრალურში კი სრულიად შემთხვევით მოხვდა. ქუჩაში ის და თავის მეგობარი ვიღაც ბიჭმა გააჩერა და უთხრა, რეზო ჩხეიძე ფილმს "ღიმილის ბიჭებს" იღებს და სინჯებზე შემოდითო. კინოსტუდიაში შეჰყვნენ. რეზო ჩხეიძე გოგონების ვინაობით დაინტერესდა და ბოლოს მარის ურჩია, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეეტანა. დაუჯერა, მივიდა და ჩაირიცხა კიდეც. სწორედ იმ წელს ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა პირველად აიყვანა ჯგუფი. მარი ჯანაშია მისი მოსწავლე გახდა. პირველ კურსზე იყო, როცა რეჟისორმა რუსთაველის თეატრში მიიყვანა. ამ თეატრში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგა და აქვე შეასრულა თავისი უკანასკნელი როლიც სცენაზე, გოჩა კაპანაძის სპექტაკლში "უკანასკნელი დედოფალი". მარი ჯანაშიამ მამაკაცის, კერძოდ ერეკლე II-ის როლი შეასრულა.

***

მარი ჯანაშიას საზოგადოება კინოსა და თეატრში შესრულებული როლებიდან იცნობდა. შინ ის იყო ქალი, რომელიც ოჯახზე ზრუნავდა, ბაღში ფუსფუსებდა, მეუღლის სახელოსნო სივრცეში ტრიალებდა. კერვა და ქსოვა ეხერხებოდა, საკუთარ ნახელავსაც ხშირად ირგებდა, როგორც ყოველდღიურად, ისე სცენაზე. ერთხანს ზღვაზე კენჭების შეგროვება და ლარნაკების მორთვაც ხიბლავდა.

მარინა ჯანაშია და თემო გოცაძემ 46 წელი იცხოვრეს ერთად. კაცმა ქალი პირველად სცენაზე ნახა, თემურ ჩხეიძის სპექტაკლში "ბერნარდა ალბას სახლი", შემდეგ უკვე ტელევიზიაში - სატელევიზიო ფილმის გადაღებისას. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ, მაინც მალე დაახლოვდნენ და გრძნობაც გაჩნდა... 1975 წლის 28 იანვარს ქორწილი ჰქონდათ. პატარძალს ცისფერი მოკლე კაბა ეცვა, გულსა და თმაში გვირილები ჰქონდა დაბნეული. ბობოქარი და ფეთქებადი კაცი, ქალი - მშვიდი, გაწონასწორებული, მაგრამ როგორც წესი, სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი თვისებების მატარებელი ადამიანების კავშირია ხოლმე ყველაზე მყარი...

მსახიობსა და მხატვარს სახლის დიდი სივრცე ფუნქციურად ჰქონდათ გადანაწილებული. უამრავ დასრულებულ თუ ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნახატს შორის, თემო გოცაძეს რამდენიმე კუთხე აქვს: ერთგან ესკიზი იქმნება, მეორეგან ორიგინალი იწერება, მესამე კუთხეში კითხულობს, მეოთხე კი - ტელევიზორის საყურებლად არის განკუთვნილი. სამზარეულოში ბუხარი და ისევ წიგნებია, ბუხრის თავზე - მარინა ჯანაშიას პორტრეტი, მეუღლის შესრულებული. აქვეა ეზოში გასასვლელი კარი და პატარა ბაღი, სადაც ყვავილები და სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს. მარინა ჯანაშიას გამორჩეულად უყვარდა ვარდები.

ბუნებასთან უფრო ახლოს ყოფნის შესაძლებლობა, სოფელ სხვიტორში, მარინა ჯანაშიას დედულეთში ჰქონდათ. ზაფხულობით მიდიოდნენ და თან მიჰქონდათ ბევრი წიგნი. მსახიობს ძალიან უყვარდა იქ ყოფნა.

***

მარი ჯანაშიას მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. გერმანიაში 2 წლის განმავლობაში ზედიზედ ჩაიტარა რამდენიმე ოპერაცია. გამოძვრა, ძალა ნელ-ნელა მოემატა და ავადმყოფობის შემდეგ გოჩა კაპანაძის სპექტაკლში "უკანასკნელი დედოფალი" ითამაშა კიდეც. 2020 წელს ტელევიზიაში ტელეწამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა, ძველებურად ხალისიანი და მოღიმარი იყო და ყველა ფიქრობდა, რომ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა, თუმცა, 3 თვის წინ შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა საიმედო ვეღარაფერი თქვეს...

მსახიობი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიდან გამოასვენეს და მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დაბოლოს, მინდა მსახიობის გახსენება, ორი წლის წინ, მორიგი ინტერვიუს დროს ნათქვამი მისი ფრაზით დავასრულო. მაშინ ვკითხე: 21 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი ხართ და მაინტერესებს, თუ გითქვამთ ოდესმე ფრაზა: თეატრი ჩემი მეორე სახლია-მეთქი? ძალიან დამაფიქრებელი პასუხი გამცა:

"ახალგაზრდობაში ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო თეატრი, შემდეგ - ოჯახი და მესამე იყო სამშობლოს შეგრძნება. ახლა ასე ნაწილდება: ოჯახი, სამშობლო და თეატრი. მეტიც, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ახლა სამშობლოა უფრო მძაფრად და პირველ ადგილზე..."

ანა კალანდაძე