"ყველა დედას ძეგლი უნდა დავუდგათ" - გზაპრესი

"ყველა დედას ძეგლი უნდა დავუდგათ"

"მეგობრები საქეიფოდ რომ მიდიან, მე რაღაც მიზეზს ვიგონებ - "კეთილ ტყუილს" ვამბობ, რადგან მირჩევნია, შვილებთან ერთად მეტი დრო გავატარო", - გაგვიმხილა მსახიობმა ნიკა ქაცარიძემ. სპექტაკლის შემდეგ, მსახიობი მაშინვე შინ ბრუნდება - გული სხვაგან აღარ მიუწევს. მის ცხოვრებაში ასეთი ცვლილება თავისთავად მოხდა...

- შვილების შეძენამდე მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში თეატრი, ჩემი საქმე უმნიშვნელოვანესი იყო. ვერ წარმომედგინა, ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მსახიობები ამბობენ ხოლმე, - ყველა როლი შვილივით მიყვარსო. არ მესმის - საერთოდ, როლს როგორ უნდა შეადარო ეს? რაც ღმერთმა მაჩუქა, პროფესიასთან რა კავშირშია?!. მამობამდე რაზე ვფიქრობდი? არც მახსოვს, მანამდე როგორ ვცხოვრობდი ან საერთოდ, რას ვაკეთებდი, სად დავდიოდი, ან ამ დროს ვის ვუთმობდი, რასაც ახლა ბავშვებს ვუთმობ. თითქოს ის პერიოდი წაიშალა, გაქრა, უმნიშვნელო გახდა. აღარც გონება იხსენებს - ეტყობა, გასახსენებელიც არაფერია. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სხვათა შორის, მეც შემცვალა...

- თქვენი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი როდის დაიწყო, პირველი შვილი როდის შეგეძინათ?

- ალბათ, როცა შევიტყვე, რომ მეუღლე პირველ შვილზე ორსულად იყო. მარიტა უკვე 5 წლის ხდება. საერთოდ, წინასწარ სქესის გაგებას არც ვაპირებდი, არც მაინტერესებდა, რადგან მამობის მოლოდინით უკვე ისეთი გაგიჟებული ვიყავი, რომ რაღაცნაირად, სხეულიც და გონებაც შვილთან შესახვედრად ემზადებოდა. ეს პროცესი ხომ 9 თვეს გაგრძელდა, არა? ალბათ, ჩემი ცვლილებაც ამ პერიოდში დაიწყო - მივხვდი, უკვე მეც სხვანაირი უნდა გავმხდარიყავი. გავაცნობიერე, რომ შვილთან ურთიერთობა ბევრ დროს, ენერგიას მოითხოვდა. თავდაპირველად, ხელში ვერ ამყავდა - თოთო რომ იყო, მეშინოდა. კომპლექსი მქონდა, რომ ვერ შევძლებდი პატარისთვის მეჭმია, პამპერსი გამომეცვალა, მეუღლეს დავხმარებოდი... შემდეგ ეს დავძლიე. შეუძლებელი არაფერია. ახლა მამები ამბობენ ხოლმე, - ბავშვს ვერ ვაჭმევ, პამპერს ვერ გამოვუცვლი, არ შემიძლიაო. ეს ყველაფერი "სიაფანდია", რადგან დარწმუნებული ვარ, მათ იციან, ბავშვის მოვლა რამხელა შრომაა და რა თქმა უნდა, სურთ, სხვამ გააკეთოს, მაგრამ ჩემთვის ეს სასიამოვნო პროცესად იქცა. მაგალითად, მეუღლე საჭმელს რომ მოამზადებს, ვეტყვი ხოლმე, - მოდი, მე ვაჭმევ, რა, მე დავბან, მე ჩავაცმევ, გამოვპრანჭავ-მეთქი და ა.შ. ეს ჩემი სამსახურივით იქცა. ამ საქმის კეთება მსიამოვნებს... ყველა დედას ძეგლი უნდა დავუდგათ, რადგან ბავშვის მოვლას დიდი ენერგია სჭირდება.

- მეორე შვილი რა ხნისაა?

- ლაზარე 2 წლის ხდება. მას საერთოდ, სხვა თვისებები, დამოკიდებულებები აქვს. რაც მარიტას მის ასაკში აინტერესებდა, ლაზარეს საერთოდ არ აინტერესებს. ბოლო დროს, მარიტა ცოტათი ტელეფონზე დამოკიდებული გახდა, რაც არ მომწონს. წარმოიდგინეთ, ტელეფონში "ტიკტოკის" აპლიკაცია წავშალე, მას კი დამოუკიდებლად გადმოუწერია, თუმცა ჯერ წერა-კითხვა არ იცის... ლაზარეს არც ტელეფონი აინტერესებს, არც - ტელევიზორი. სათამაშო მანქანები, "კუბიკები" მოსწონს. ერთად ვთამაშობთ, კონსტრუქციებს ვაწყობთ და მთელი დრო ამაში გადის. ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო პროცესად თუ არ იქცა, მერწმუნეთ, მაქსიმუმ 1 საათში ნებისმიერი მამა დაიღლება; თუ ურთიერთობა სასიამოვნო პროცესია, საღამოს შვილები შენთან ერთად რომ ჩათბუნდებიან და ტკბილად დაგეძინება, ეს განცდა რას შევადარო, არც ვიცი. თან, შენ გარეშე რომ ვერ იძინებენ და გეძახიან, - მამა, მოდიო... ეს რაღაც მისტიკაა! ჯადოქრობასთან მაქვს საქმე, რომელიც ღმერთმა ახლა მაჩუქა. უზარმაზარი ბედნიერებაა!..

- შვილებს სახელები როგორ შეურჩიეთ?

- მე და ჩემი მეუღლე ბევრს ვფიქრობდით, შვილებისთვის რა დაგვერქმია. სამყაროში სახელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ენერგიას შეიცავს. მნიშვნელოვანია, ადამიანს სახელს როგორ დაუძახებ. ზოგჯერ შვილებს გაურკვეველ სახელებს არქმევენ, შემდეგ მოფერებით "კოებს" უმატებენ. შევჯერდით, რომ ბავშვის სახელი მოფერებით ფორმატში არ გადაგვეტანა, მისთვის ყველას გამართული სახელით მიემართა. - მოდი, მარიტა დავარქვათ, ლამაზია, მომწონს-მეთქი, - მეუღლეს შევთავაზე. ისიც დამეთანხმა. ლაზარეს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, "სახარებიდან" ლაზარე ქრისტეს მეგობარი იყო, რომელიც ქრისტემ გააცოცხლა; კიდევ, ქართულ ენას ლაზარე ჰქვია: იოანე საბანისძე ხომ წერს - "სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვან"? - ძალიან რელიგიური და კარგი სახელია. ლაზარე დავარქვათ-მეთქი, - გადავწყვიტეთ. "ლაზარიკოს" აღარ დაუძახებენ.

- მახსოვს, სოციალურ ქსელში წერდით - მარიტამ კისერზე თოკი ჩამომკიდა და სოფლის ეზოში დამატარებს - ვითომ ბონდოს ძროხა ხარო. შვილებს ყველა სურვილს უსრულებთ?

- სააღდგომო დღესასწაულებზე სოფელში ვიყავით. შარშანაც პანდემიის პერიოდი იქ გავატარეთ - მთელი 3 თვე. ძალიან ვერთობოდით. სოფელში ბავშვებისთვის რა გასართობია? ქათმები, ძაღლი, მეზობლის ძროხები... მამიდა რაიონში ცხოვრობს - 1 პატარა ბოჩოლა ჩვენც გვყავს. მარიტა ამ ბოჩოლას აქეთ-იქით დაატარებდა, ბალახს აჭმევდა... მერე მამიდამ ბოჩოლა ცოტათი მოშორებით წაიყვანა. მარიტამ რომ ვეღარ იპოვა, მითხრა: - მოდი, ახლა შენ იყავი ბოჩოლაო. - კი ბატონო, სიამოვნებით, რა პრობლემაა-მეთქი? - ვუპასუხე. თან, ჩემს პროფესიასაც ვიხსენებდი (იცინის)... კი, შეძლებისდაგვარად, სურვილებს ვუსრულებ. მაინცდამაინც "ჯიგარი მამა" არ ვარ, რადგან ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება, ვინმემ რაღაცაზე უარი უთხრას. არის სიტუაცია, როცა მაგალითად, რაღაცას უცებ ვერ უყიდი. იმწუთშივე ჯინად არ უნდა იქცე. პატარას მოლოდინის უნარი უნდა გამოუმუშავდეს, რომ შეიძლება მამამ ან თოვლის ბაბუამ რაღაც მოუტანოს ან არ მოუტანოს. თან, ვეუბნები, - ყველაფერს დამსახურება უნდა, ისე საჩუქარი არ არსებობს-მეთქი. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცას რაღაცაში ვუცვლი, მაგალითად - საჭმელი ჭამე და კანფეტს მოგცემ-მეთქი. ვცდილობ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, სურვილები შევუსრულო. მაგალითად, გუშინ ატყდა - საპნის ბუშტების გასაბერი მინდაო! მთელი ქალაქი მოვიარე. ძლივს ვიშოვე... გახსნა, 1-2 ბუშტი გამოუშვა, დაკეტა და მიაგდო. ლამის "გავაფრინე"... შემიძლია, ჩვეულებრივად, მშრალ ხიდზე სათამაშოებით ვაჭრობა დავიწყო - მარიტას იმდენი სათამაშო აქვს. მივხვდი, ბევრი სათამაშოს ქონას აზრი არ აქვს - მის ცნობიერში ფასი ეკარგება. უბრალოდ, ელოდება, რომ ახალ-ახალს ვუყიდი... ხელფასი მომიმატონ და ვუყიდი (იცინის).

- თავად როგორი ბავშვი იყავით, რას გეუბნებიან?

- ვაიმე, საშინელი, ცელქი, აუტანელი, მაგრამ ძალიან საყვარელი ვყოფილვარ. მასეირნებდნენ... მოკლედ, კეთილი, ცელქი ბავშვი ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, დედა ასე მეუბნება (იღიმის).

- ნიკა, ყველაზე მეტად, რომელი შვილი გგავთ გარეგნობით, ხასიათის თვისებებით?

- ორივე. შევატყვე, რომ რაღაცნაირად, ორივენი ძალიან "ცოცხალი", ემოციური ტიპები არიან. გარკვეულ მოვლენებს განიცდიან. ქება გამომდის, მაგრამ მარიტა ძალიან კეთილია (ლაზარეს ეს ჯერ ვერ შევამჩნიე). მაგალითად, შეუძლია, ნებისმიერი სათამაშო აიღოს და სხვას დაუფიქრებლად აჩუქოს. მომწონს, რომ არ ენანება... კარგია, თუკი ასეთი ადამიანი იქნება. თავის ძმასაც უვლის, ეთამაშება... ობიექტურად რომ ვუყურებ, საოცარი ბავშვია. ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ხანდახან ცრემლები მომდის. ზოგჯერ დიალოგისას ისეთ რამეს იტყვის, რაც ჩემთვის ემოციურია. შეუძლია, მატიროს...

GzaPress

- თქვენი მონაწილეობით სპექტაკლს დასწრებია?

- მარიტა საკმაოდ რთული სპექტაკლის - "ერთხელ... მხოლოდ" - პრემიერაზე მყავდა. ჩემმა მეუღლემ წამოიყვანა, რადგან შინ ვერავის დაუტოვებდა - იმ დღეს დედას წნევა აწუხებდა. ამ სპექტაკლის 1 მოქმედება საათსა და 35 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. მეგონა, ტირილს დაიწყებდა, მაგრამ სულგანაბული იჯდა: სპექტაკლს უყურებდა... ძალიან ამაყი ვიყავი, რომ არ შემარცხვინა და ტირილი არ დაიწყო... ისე, საბავშვო სპექტაკლებზე ნამყოფია, 1-2 საახალწლო წარმოდგენა ნანახი აქვს... კიდევ, ოპერაში მყავდა. იქაც ისე მოიქცა, როგორც ღირსეულ მაყურებელს შეეფერება. "აიდა" 3-მოქმედებიანია, მარიტას მეორე მოქმედების დასაწყისში ჩაეძინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰარმონიულად აღიქვა და ტკბილად ჩაეძინა. სხვათა შორის, ოპერას ეს თვისება აქვს - შეიძლება, კლასიკური მუსიკის ფონზე ჩაგეძინოს. ოპერაში ეს სირცხვილი საერთოდ არაა, მეც ჩამძინებია.

- როცა ეკრანზე გხედავთ, როგორი რეაქცია აქვს?

- უკვე მიეჩვია. ეტყობა, ბევრჯერ რომ მნახა (დედაჩემს ვიდეოების გადახვევ-გადმოხვევა უყვარს), მობეზრდა: ტელევიზორშიც მხედავს, "იუთუბზეც" და მიხვდა, რომ მამა რაღაც ნივთებში არის (იცინის)...

- შვილების მომავალი, მათი პროფესიული არჩევანი როგორ წარმოგიდგენიათ?

- თავდაპირველად, მარიტა ამბობდა, რომ ბალერინობა სურდა. მართლა გადავწყვიტეთ, ბალეტზე შეგვეყვანა. ახლა შევატყვე, რომ ბალეტი მისი სურვილებიდან გაქრა... რაც უნდა შევთავაზო (ცურვაზე, ცეკვაზე სიარული...), ყველაფერზე მეთანხმება, მაგრამ ეს დასაფიქრებელია: თავად რაც მოუნდება, იმ წრეზე შევიყვან. არ მინდა, ისე დაიტანჯოს, როგორც მე ვიტანჯებოდი.

- თქვენ რატომ იტანჯებოდით?

- დედას მუსიკაზე დავყავდი, რომელიც არ მინდოდა. დილის 9 საათზე ფორტეპიანოს გაკვეთილები მქონდა. ერთხელ თითქმის მძინარე წავედი და "სტოლბას" დავარტყი თავი... პირველი კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა "გაფრინდი, შავო მერცხალოს" მაკვრევინებდნენ. საგიჟეთი იყო!.. მასწავლებელი ამბობდა, რომ კარგი მონაცემები, ძლიერი თითები, კარგი სმენა, ფანტასტიკური მეხსიერება მქონდა, მაგრამ ჩემთვის ეს უსიამოვნო იყო. ამიტომაც ახლა ერთ ნაწარმოებსაც ვერ დაგიკრავ, მაგრამ თითებმა დაიმახსოვრა - შემიძლია, რამე ავაწყო და ჩემთვის დავუკრა... მოკლედ, არ მინდა შვილს ძალა დავატანო - თავად რასაც გადაწყვეტს, იმ პროფესიას დაეუფლება. მისი ცხოვრება მისთვის უნდა იყოს სასიამოვნო და არა - ჩემთვის. ისე, არ მინდა, მსახიობი გამოვიდეს. მსურს, სამყაროს უფრო ბიზნესის კუთხით შეხედოს (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი