"ვგიჟდები იმპროვიზაციაზე" - გზაპრესი

"ვგიჟდები იმპროვიზაციაზე"

27 წლიდან მარტო ცხოვრობს. დროდარო აიღებს ხოლმე სათამაშოს, რომელიც საპნის ბუშტებს უშვებს, გადადგება ფანჯრიდან და ქუჩას ფერად-ფერადი გამჭვირვალე ბურთებით ავსებს. მეორე სათამაშო ფრინველის ჭიკჭიკის ხმას გამოსცემს, ამით ჩიტებს უხმობს და საკენკს უყრის. მცენარეებთან ცალკე "რიტუალი" აქვს, ესაუბრება და კარგად ახარებს - ასე იწყება მისი დილა, რომელიც შემდეგ სხვადასხვა აქსესუარის დამზადებით გრძელდება, თეატრში წასვლით, გადაღებაზე ან მეგობრებთან ვიზიტით. უყვარს ურთიერთობები, ახალი ადამიანების გაცნობის სურვილი სულ აქვს და ამას არასდროს ერიდება. "კუპა" და "კუპო" - ყველა ასე მოიხსენიებს ნათია კუპატაძეს.

საკმაოდ პატარამ "ჭრიჭინა" ნახა და ლეილა აბაშიძით იმდენად მოიხიბლა, თქვა, - "ის" უნდა გამოვიდეო. სამი წელი უშედეგოდ აბარებდა თეატრალურში. ბოლოს, როგორც თავად ამბობს, ოჯახმა უნივერსიტეტში ისტორიულ ფაკულტეტზე "დადო". იფიქრა, არქეოლოგიას გავყვები, გავალ ველზე, ჩავვარდები მიწაში და ვიპოვი რამესო, - მაგრამ ერთ წელიწადში ეს სურვილი გაუქრა და გულმა ისევ თეატრალურისკენ გაუწია. შოთა ცუცქირიძის ჯგუფში თოჯინების მიმართულებით დაიწყო სწავლა, სამსახიობო ფაკულტეტზე აღარ გადავიდა, რადგან ეს პედაგოგის ღალატად ჩათვალა. ფიქრობს, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გააკეთა.

- ძალიან ცელქი და ველური ბავშვი ვიყავი, საოცრებებს ვაკეთებდი. ერთხელ, სკოლაში წასვლა არ მინდოდა, ავაგდე მაღლა იატაკის ჯოხი და თავი შევუშვირე. გამეპო თავი, გადავრჩი, თვალი რომ არ ამომთხარა. არ ვიცი, რანაირად ვახერხებდი იმ პერიოდში, რომ სკოლის ფორმას არ ვატარებდი და ეს წლების შემდეგ, ფოტოების თვალიერებისას დავაფიქსირე. ბევრ სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ორი და მყავს, ეკა და თათია, მე შუათანა ვარ. ჩემგან განსხვავებით, ორივე მშვიდი და გადასარევია. მასწავლებლები სულ ამბობდნენ, როგორ შეიძლება, ერთ ოჯახში ასეთი რადიკალურად განსხვავებული ბავშვები იზრდებოდნენო?! ცუდად ვსწავლობდი, მყარი "სამოსანი" ვიყავი, დედაჩემი "ნიზნაიკას" მეძახდა, მაგრამ კარგად ვკითხულობდი. ღონისძიება არ ტარდებოდა ჩემ გარეშე. 7 ოქროს მედალი მაქვს მიღებული. პირველი ოქროს მედალი რომ მივიღე, გადმომცეს სიგელი და მედეა ჩახავამ პრიზად - თოჯინების თეატრის თოჯინა "ნაცარქექია".

- მხატვრული კითხვით როგორ დაინტერესდით?

- მეოთხე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც მხატვრული კითხვის წრის პედაგოგი გახლდათ მურთაზ ვაშაკიძე. სცენაზე პირველად მან გამომიყვანა. მერე ამბობდა, თქვენს კლასში შემოვედი კითხვით, თუ ვის უნდოდა მხატვრული კითხვის წრეზე სიარული? ყველამ ხელი აიწია, შენ გარდაო. ამან მიიქცია ყურადღება, მომკიდა ხელი და კლასიდან მარტო მე წამიყვანა თავისთან. რაც კი რამ სამთავრობო ღონისძიებები იმართებოდა, ოპერა იყო, ფილარმონია თუ სხვა სცენა, ყველგან გამოვდიოდი. არჩილ ჩხარტიშვილმა ილიას იუბილე რომ "გააკეთა", ბავშვებიდან მხოლოდ მე დამიძახა და მიკვირს, ხალხს ჩემი მაშინდელი გამოსვლა დღემდე რომ ახსოვს.

- სცენაზე როგორ გთოკავდნენ?

- მშვენივრად, რადგან მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი. წიგნსაც არ ვკითხულობდი, მაგრამ მე-9 კლასიდან ხელი რომ მოვკიდე, მერე უკვე იმისთვის მეჩხუბებოდნენ, წიგნი ხელიდან გამეგდო. ოთარ ჭილაძე რომ წავიკითხე, წერა დამაწყებინა. ვწერდი ლექსებს, პოემებს. არასდროს მიჩვენებია ვინმესთვის. დღემდე მაქვს, მაგრამ არ ვაპირებ, ვინმეს წავაკითხო.

- თქვენი სტუდენტობა და შემდგომი პერიოდი რთულ 90-იან წლებს დაემთხვა...

- კი, მესამე კურსზე ვიყავი, როცა საგიჟეთი დაიწყო. ქუჩაში რომ მივდიოდი, სულ უკან-უკან ვიყურებოდი და ამის გამო ბევრჯერ წავქცეულვარ.

- 27 წლიდან მარტო ვცხოვრობო, თქვით და, ეს რთული არ არის?

- გადასარევია. ისე მივეჩვიე, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია! ძალიან რთული ცხოვრება გავიარე, ანა, საგიჟეთი. არ მოვყვები იმ სისულელეებს, რაც დაგვემართა. მოხდა ის, რაც ქალაქში ბევრს დაემართა, - 4 სახლი გავყიდეთ და ახლა ყველანი სხვის სახლებში ვცხოვრობთ, მაგრამ კიდევ კარგი, ამან არც მე და არც ჩემი მშობლები არ წაგვახდინა.

- თქვენი აზრით, რა გინარჩუნებთ ოპტიმიზმს?

- კი, ძალიან ოპტიმისტი ვარ. ეტყობა, კარგი ხასიათის ხალხი ვართ (იღიმის). დედ-მამამ დიდი ქონება დაკარგა, მაგრამ ცოტა ხანს ინერვიულეს, მთავარია, ცოცხლები და ჯანმრთელები ვართო, თქვეს და დღესაც ხოშიანად აგრძელებენ სხვის სახლში ცხოვრებას. სტუმარი სულ გვყავდა და ახლაც სულ გვყავს. ერთხელ, მივდივარ და სიმღერის ხმა მესმის. შევედი და ვუთხარი, რა გამღერებთ-მეთქი (იცინის)?.. როგორც კი ვნახე, გაუჭირდათ, ვალები დაგროვდა, გავყიდე ჩემი ბინა დიღომში, სადაც მარტო ვცხოვრობდი და ჩემთვის მარტო ვიქირავე. დღემდე 9 ბინა გამოვიცვალე.

- კიდევ რაზე აისახება თქვენი ოპტიმიზმი?

- ყველაფერი მახარებს, მაგრამ რაღაც რომ მიჭირს, არ გაჩვენებ, ვერ შემატყობ. 2 დღე ვიცი ნერვიულობა. თუ ცუდად ვარ, 2 დღე შინ ჩავიკეტები, "გამოვიცუდხასიათებ" და მერე გავდივარ გარეთ.

- და ამ დროს არიან თუ არა ადამიანები, ვისთანაც საუბარი გინდათ?

- არა. გადაბმულად "ბედის ირონიას" ვუყურებ. ეს არის ფილმი, რომელსაც უკვე 30 წელია, მდგომარეობიდან გამოვყავარ. კიდევ რაღაც ამოჩემებები მაქვს. 217-ჯერ მაქვს წაკითხული "მარტოობის ასი წელიწადი", "ბოლეროზე" ყალყზე მიდგება თმა და სულ ვუსმენ. რამდენჯერაც უნდა დავინახო ტელევიზორში "ქეთო და კოტე", იმდენჯერ ვუყურებ. ასევე ვერ ვწყდები ფილმს "ეშმაკი ატარებს პრადას". თუ რაღაც მიყვარს, იმას მუდმივად ვუყურებ. არ ვიცი, ეს რა არის, მანია?

- როცა რამე დადებით ემოციებს იწვევს თქვენში, ალბათ გსიამოვნებთ და ხშირად უბრუნდებით...

- ჰო, კიდევ ერთი თვისება მაქვს: ბავშვობიდან პროგრამებს ვაგროვებ და თუ მომეწონა რომელიმე სპექტაკლი, ბევრჯერ ვნახულობ. ერთხელ დავთვალე: "კავკასიური ცარცის წრის" 50 პროგრამა მქონდა ნაყიდი, "რიჩარდ მესამის" - 19 იყო და "მეფე ლირის" - 12. რუსთაველის თეატრში იყო სპექტაკლი "სულიერი არსებები", რომლის ყოველ წარმოდგენაზე სულელივით დავდიოდი. როცა რაღაც მომწონს, სპექტაკლია ეს თუ ადამიანებთან ურთიერთობა, ვცდილობ, ეს დადებითი ტალღები რაც შეიძლება მეტი იყოს. ასე ვგიჟდები, მაგალითად, ჟანრი ლოლაშვილთან ურთიერთობაზე, არ შემიძლია ონისე ონიანის გარეშე ცხოვრებაც. თან, დადებითი ემოციები დღეს ხომ იშვიათია.

- თქვენი ორდღიანი შინ ჩაკეტვა რამდენად ესმით მეგობრებს?

- ეს როცა ხდება, ვერავინ იგებს. ძალიან მომწონს ჩემში ის თვისება, რომ როცა თავად ვარ ცუდად, ამ დროს მირეკავს მეგობარი თავისი გასაჭირით და ვიწყებ მის დაწყნარებას. ამასობაში მეც გამოვდივარ მდგომარეობიდან. ხშირად მომხდარა, რომ შენზე უარეს მდგომარეობაში მყოფს უსმენ და გრცხვენია შენი განცდების. ძალიან მენატრება ჩემი პედაგოგი და მეგობარი რუსიკო ფარემუზაშვილი, რომელიც 10 წლის წინ გარდაიცვალა. თუ რამე მაქვს სათქმელი, მის საფლავზე მივდივარ და "ველაპარაკები".

- აუხდენელი ოცნება გაქვთ?

- არა... სულ მინდოდა პარაშუტით გადმოხტომა. რამდენიმე დღის წინ ბაია დვალიშვილმა დამირეკა: გადაცემას ვაკეთებ, პარაპლანით უნდა გავფრინდე და მითხრეს, მეორე ადამიანი, ვინც გინდა, შენთან ერთად იყოს, თავად შეარჩიეო. მე ვუთხარი, ნათია კუპატაძესთან ერთად მინდაო... დავთანხმდი და ახლა პარაპლანითაც უნდა ვიფრინო (იღიმის).

GzaPress

- ყველა გამოწვევას ასე ადვილად პასუხობთ?

- ასე გამოდის... ამგვარად მიადვილდება ცხოვრება. ჩემამდე რაც მოდის, ცუდი თუ კარგი, ყველაფერს ვიღებ. ზოგი ტირილით, ზოგი განცდით, მაგრამ მაინც და შეძლებისდაგვარად ადვილად ვაგორებ. გულწრფელად მიხარია ყველას სიხარული და არა - მოჩვენებითად. სიტყვა კლავს ადამიანს. არ მიყვარს, ვინმეს რომ ვაწყენინებ. თუ ასე მოხდა, სულს ამოვართმევ, იმდენჯერ ვეტყვი ბოდიშს. შემიძლია მადლობის გადახდა და ბოდიშის მოხდა. ვერც ვხვდები, რატომ უჭირთ ეს ადამიანებს.

- ხშირად ტირით?

- საშინელი მტირალა ვარ. შეიძლება რაღაც მითხრა, მეწყინოს და იქვე ავტირდე. ფილმზე ვტირი, ლიტერატურულ ნაწარმოებზეც. მამაჩემიც მტირალაა. ვიღაც კარგად რომ მღერის, შეიძლება ამაზეც ატირდეს. განცდების გამოხატვის არ მეშინია. თუ რამე მიხარია, ბედნიერი ვარ, თუ რამეზე თავს ვერ შევიკავებ, ავტირდები და ასე.

- ნახევარი საუკუნე უკვე გალიეთ. ფიქრებით წარსულში მიბრუნება და რამეზე სინანული თუ გჩვევიათ?

- 53 წელი ცოტა არ არის, ვერ ვიგებ, ასაკს რომ მალავენ, რა "სპორტია"?! რაც შეეხება სინანულს: ჩემი წარსულიდან ორ ადამიანს ამოვაგდებდი, უბრალოდ, გვერდს ავუვლიდი. არ მინდოდა გათხოვება, არ მინდოდა შვილი, თორემ ეს სურვილი რომ მქონოდა, გავაჩენდი.

- ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გქონიათ შვილის ყოლის სურვილი?

- არა. ამას სულ მეკითხებიან, მაგრამ არც ახლა ვნანობ. რა საინტერესო ამბავია, რატომ არა, ხომ?.. მაგრამ ასეა.

- ხვალინდელ დღეს ყოველთვის გეგმავთ?

- არაფერი არ უნდა დავგეგმო, თორემ გეგმები თავდაყირა დგება. ვგიჟდები იმპროვიზაციაზე.

- როგორც ცხოვრებაში, ისე სცენაზე, რომელი რეჟისორი გაძლევთ ყველაზე მეტად ასეთ თავისუფლებას?

- ძალიან კარგად ვიმუშავე ჭოლასთან "რომეო და ჯულიეტაზე". სულ მინდოდა ამ პიესაში ძიძა მეთამაშა და ეს ოცნებაც ამიხდა.

- შეგიძლიათ დამისახელოთ სამი ადამიანი, ვისაც მადლობას გადაუხდით?

- "მადლობა" ძალიან ბევრისთვის მაქვს სათქმელი, მაგრამ ასე ვიტყვი: დედას, რუსიკოს და ყველა იმ ახლობელსა და მეგობარს, ვინც ჩემ გარშემოა.

ანა კალანდაძე