"მამაჩემის მუსიკას დიდად არ ვუსმენ, უფრო - ვაფასებ..." - გზაპრესი

"მამაჩემის მუსიკას დიდად არ ვუსმენ, უფრო - ვაფასებ..."

მარიამ გულედანს ალბათ, ტელეგადაცემა "ჩათში" შენიშნავდით: ის ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ და თავისი იმიჯით, აზროვნებით ბევრ თანატოლს არ ჰგავს. მარიამი მუსიკოსის - აჩიკო გულედანის ქალიშვილი გახლავთ. დავინტერესდით, თავად მის ცხოვრებაში მუსიკას რა ადგილი უკავია და საერთოდ, რა აინტერესებს, როგორ ცხოვრობს, როგორი მიზნები აქვს?..

- რამდენიმე ტელეგადაცემაში სტუმრად ვიყავი, ხან - მამაჩემთან ერთად, ხან - მარტო. ეტყობა, ხალხს დავამახსოვრდი და თინეიჯერული გადაცემის წამყვანად დამიძახეს... არ ვიცი, რატომ ამირჩიეს - არანაირი კასტინგი არ გამივლია. უბრალოდ დამიძახეს, მივედი, მოვეწონე...

- წამყვანის ამპლუაში კომფორტულად გრძნობ თავს?

- კი, რა თქმა უნდა. მგონი, ეს ყველაზე კომფორტული რამეა, რადგან ზიხარ და ფაქტობრივად, შენს აზრს გადმოსცემ. რეალურად, ამ გადაცემაში დიდი თავისუფლება გვაქვს - მაქსიმალურად "ჩვენი თავები ვართ": დაწერილ სცენარს კი არ მივყვებით, რასაც მართლა ვფიქრობთ, იმას ვამბობთ. საშუალება მაქვს, ჩემი აზრები გადმოვცე. საერთოდ, სულ მინდა ხოლმე, რომ ჩემი აზრები ვიღაცებს გავუზიარო, სადღაც გავაჟღერო... ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან კომფორტულია. თან, გადაცემაში ისეთი სიტუაციაა, რომ დაძაბული არ ხარ - ოთხივე თანაწამყვანს თავისუფალი სივრცე გვაქვს.

- თვალში საცემი იმიჯი გაქვს. შენს გარეგნობაზე, აზროვნებაზე განსაკუთრებული ზეგავლენა ვინ მოახდინა?

- ალბათ ან არავინ, ან - ყველამ. ვერ ვიტყვი, რომ ერთ ადამიანს შევხედე და მივხვდი, ეს მომწონს და გადმოვიღე-მეთქი. უბრალოდ, რაღაცები მომეწონა და რაც მომინდა, იმას ვაკეთებ. მოკლედ, გარეგნობასთან დაკავშირებით მისაბაძი არავინ მყავს: რაც მომწონს და რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმას ვირგებ; აზროვნებას რაც შეეხება, დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემი საყვარელი ბენდის - Twenty One Pilots სოლისტმა - ტაილერ ჯოზეფმა: თავად ტაილერი როგორც ფიქრობს, ჩემთვის მისაბაძია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა აზრი მისგან მაქვს. უბრალოდ, მის დამოკიდებულებებს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ.

- საერთოდ, შენს ცხოვრებაში მუსიკას რა ადგილი უკავია?

- ორ რამეზე - მუსიკასა და წერაზე ვარ დამოკიდებული. სულ მუსიკას ვუსმენ. "ნაუშნიკების" გარეშე ვერსად დამინახავთ - სულ თავზე მიკეთია ან ლოგინის გვერდით მიდევს, მუსიკით ვიძინებ... ხანდახან სკოლაშიც ცალი ყურით მუსიკას ვუსმენ, ცალით - მასწავლებელს. "ბექგრაუნდად" მუსიკა თუ არ მაქვს, არ შემიძლია... გარდა ამისა, თავადაც ვქმნი "ტრეკებს". ტექსტებსაც თავად ვწერ, რადგან წერა ძალიან მაგრად მიყვარს. მერე ამ ტექსტებს ან ვრეპავ, ან - ვმღერი.

- სად შეიძლება შენი შემოქმედების მოსმენა?

- ჩემ მიერ შექმნილ "ტრეკებთან" დაკავშირებით ძალიან პერფექციონისტი ვარ - დიდხანს ვინახავ, რადგან მგონია, რომ სულ რაღაც აკლია. ამიტომ ინტერნეტში ჯერ მხოლოდ ერთი "ტრეკი" მაქვს გამოქვეყნებული... კიდევ, მე და ჩემი მეგობარი რაღაცებს ვუკრავთ, ვაკეთებთ... დუეტივით ვართ. ორი სიმღერა გადაცემა "ჩათშიც" დავუკარით.

GzaPress

- შენს შემოქმედებას მამა როგორ აფასებს?

- წინათ ყველა მეკითხებოდა, - მარიამ, შენ არ მღერი ან არ უკრავო? - არა, თავი დამანებეთ, მამაჩემი მუსიკოსია, მე მუსიკა არ მიყვარს-მეთქი! - ვპასუხობდი. შემდეგ, როცა მუსიკა ძალიან შემიყვარდა, ეს ფაქტი მამას მოეწონა, რადგან ახლა ორივენი მუსიკის სფეროში ვართ, რაღაცებს ვქმნით... ბევრ რამეში გადავიკვეთეთ. ჩემი ბოლო "ტრეკი" რომ მოვასმენინე, მითხრა, - ძალიან კარგია, უფრო და უფრო ვითარდებიო. მამაჩემს ჩემი შემოქმედება მოსწონს. ასეც რომ არ იყოს, მაინც მხარს უჭერს იმას, რომ მუსიკა "ვაკეთო", რადგან ეს მაგარი პროცესია...

- მუსიკით შენი დაინტერესება რამ განაპირობა? როგორც აღნიშნე, თავდაპირველად ამ სფეროს მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდი...

- შემთხვევით მოხდა: ერთხელ მეგობრები ბაკურიანში ვიყავით. ვიღაცას ელექტროდრამი ჰქონდა წამოღებული. უბრალოდ, მივუჯექი და დრამზე რაღაცას ვურტყამდი - დაკვრაც არ ვიცოდი. ძალიან "გამისწორდა"... ბაკურიანიდან რომ დავბრუნდი, ვთქვი, - დრამზე უნდა დავუკრა-მეთქი. ყველას ეგონა, გადაუვლის, გადაიფიქრებსო, მაგრამ მოგვიანებით, დრამის სკოლის რეკლამა ვნახე, მასწავლებელს დავუკავშირდი და მივედი... იმ მასწავლებელთან წელიწადზე მეტხანს დავდიოდი. ახლა სტუდია აღარ აქვს და ვეღარ დავდივარ, მაგრამ მას მერე ვუკრავ... რაც დრამზე დაკვრა დავიწყე, მუსიკასაც უფრო კარგად ვუსმენ. ამას ისიც დაემატა, რომ ლილ ფიფი შემიყვარდა - ჩემთვის ყველაზე საყვარელი არტისტია... შემდეგ ტაილერ ჯოზეფი შემიყვარდა, რამაც მუსიკაში ბოლომდე "შემიყვანა". მერე შევყევი, შევყევი და ყოველდღე მივყვები - მუსიკა ძალიან მიყვარს.

- მამის მუსიკალური შემოქმედება მოგწონს? როგორ აფასებ?

- მისი ერთი "ტრეკი", რომელიც ჯერ არ გამოსულა და ამის გამო გული მწყდება, ძალიან მაგრად მომწონს... ისე, მამაჩემის მუსიკას დიდად არ ვუსმენ, უფრო - ვაფასებ... იმ პერიოდში, როცა მამა უკრავდა (ძველი "მწვანე ოთახი"), დიდად მაღალი დონის მუსიკაც ვერ იქმნებოდა. იმ ბნელ ხანაში, რამდენიმე ნათელი წერტილი არსებობდა - კარგ მუსიკას რამდენიმე ტიპი ქმნიდა და ერთ-ერთი მამაჩემი გახლდათ.

- გადაცემაში, რომლის ერთ-ერთი წამყვანიც ხარ, იმ პრობლემებს განიხილავთ, რაც მოზარდებს აწუხებთ. შენთვის ყველაზე მეტად გამოკვეთილი პრობლემა რომელია?

- ალბათ, პირველ რიგში - განათლების დონე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ განათლების დონე მაღალი არ არის. ამას ბევრი ცუდი რაღაც მოჰყვება. მაგალითად, ძალადობის პრობლემა იმიტომ არსებობს, რომ ხალხს განათლება არა აქვს, - ვერ ხვდება, რომ ძალადობა კარგი არ არის. მგონია, რომ მორალის საწყისიც განათლებაა. შეიძლება, ადრე რელიგია იყო, მაგრამ ახლა უკვე განათლებაა. გაუნათლებლობიდან მოდის სტერეოტიპები, კომპლექსები, რაღაცების მიმართ უცნაური შიშები... განათლება მხოლოდ წიგნის კითხვა ხომ არ არის, არა? ტვინის ვარჯიშს ვგულისხმობ. როცა ხალხი გაუნათლებელია, რაღაცებს ვერ ხვდება, მათ შორის - მაგალითად, იმას, თუ როგორ იქცევა მთავრობა. ვიღაცები ამ ხალხს ცხვრის ფარასავით იყენებენ და ეს დიდი პრობლემაა. მაღალი დონის განათლება არის გზა, რომ ადამიანი ცალკეულ ინდივიდად ჩამოყალიბდეს და მასის ნაწილი არ იყოს...

- მოზარდობის ასაკში ახალგაზრდებს მშობლებთან ურთიერთობა ურთულდებათ ხოლმე. ამ მხრივ, შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე? როგორი მოზარდი ხარ?

- საშინელი მოზარდი ვარ. ჩემი თინეიჯერობის პერიოდი ძალიან რთულია, მშობლებთან ურთიერთობაშიც ყველაფერი გართულდა. მოზარდი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვი, მშობლები კი - თან გიშვებენ და თან, ბოლომდე არ გიშვებენ. მეც რთული ხასიათი მაქვს, ჯიუტი ვარ, მაგრამ მშობლებს ერთი მთავარი პრობლემა აქვთ: არ იციან ზღვარი, სად უნდა ჩაერიონ და სად - არა. რაღაცებზე ზედმეტად ნერვიულობენ, რაც ასეთი სანერვიულო არაა. მშობლებმა რაღაცების უბრალოდ ფეხებზე დაკიდება რომ ისწავლონ, ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, ყველაფრის "დაკიდება" გამოსავალი არ არის, მაგრამ რაღაცებზე ცოტა უფრო მეტად დაფიქრდნენ - მართლა მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ბავშვმა ის უთხრას, რის შესახებაც დაჟინებით ეკითხებიან. თინეიჯერობის ასაკში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მშობლებთან გაუცხოება ხდება: რადგან მშობლებს ისე უყურებ, როგორც მტრებს და არა - მეგობრებს. რაც გინდა, იმას გიკრძალავენ (ეს სწორია თუ არა, სხვა საკითხია). მეც ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვარ: არის რაღაცები, რაც მინდა, მაგრამ მშობლები მეუბნებიან - არ გააკეთოო, მე კი მაშინვე ჩხუბს ვიწყებ. თან, ძალიან ჯიუტი ვარ და მაინც "რქებით ვაწვები"... ალბათ, მოზარდობის პერიოდი რომ გავა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება...

- შენს მიზნებზე, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

- უკვე აბიტურიენტი ვარ. მინდა, ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის (PPE) ფაკულტეტზე ჩავაბარო. მსურს, უცხოეთში ვისწავლო, ოღონდ - არ ვიცი, სკოლის დამთავრებისთანავე წავალ თუ ცოტა მოგვიანებით. კარიერულ მიზნებს რაც შეეხება, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ მუსიკა უნდა "ვაკეთო". ასევე, პოლიტიკაც მაინტერესებს. უბრალოდ, არ ვიცი, რა ფორმით: პარლამენტში უნდა ვიყო თუ პარლამენტის წინ უნდა ვიდგე. რაღაცნაირად მინდა, ამ ყველაფერში ჩავერიო, რადგან მგონია, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს თაობას რაღაცების შეცვლა შეუძლია. ჩვენმა წინა თაობებმა ომი, 90-იანი წლები გამოიარეს. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ქრება. დაახლოებით ისეა, როგორც მაგალითად, ხელზე განგრენა ვრცელდება და ხელის ამპუტაცია უნდა მოახდინო. სამწუხაროდ, ეს არ გამოდის, ხალხს ერთიანად ვერ დახოცავ. არ შეიძლება, ყველა ერთ ქვაბში მოხარშო, მაგრამ წინა თაობის წარმომადგენლები ჩემთვის განგრენასავით (რომელიც უნდა მოვიშოროთ) იმიტომ არიან, რომ თუნდაც თავისუფლებაში არ დაიბადნენ. ეს ბუნებრივად მოხდება: დრო გავა, ის ხალხი დაიხოცება, ჩვენ დავრჩებით და რაღაცებს შევცვლით...

- ალბათ საჯარო თავშეყრის ადგილებში ყურადღებას იპყრობ...

- ვიღაცები რომ მაშტერდებიან, ჩემთვის ეგ უკვე ჩვეულებრივი ამბავია, დისკომფორტს არ მიქმნის. უბრალოდ, მთელი საქართველოსთვის ჩემი რჩევაა, რომ ნაკლებად ვიდარდოთ იმაზე, სხვას რა აცვია და ტუჩზე რა უკეთია; იმაზე ვიფიქროთ, რომ მაგალითად, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და არა - იმაზე, მეზობლის შვილი პირსინგს გაიკეთებს თუ ღამით შინ რომელ საათზე მივა...

ეთო ყორღანაშვილი