"ვაკვირდებოდი, ოკეანე თუ დაწყნარდა... 3 დღე არ მეძინა" - გზაპრესი

"ვაკვირდებოდი, ოკეანე თუ დაწყნარდა... 3 დღე არ მეძინა"

სახელი, გვარი: ჯიმი აბესაძე.

ასაკი: 36 წლის.

განათლება: დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსამსახიობო ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის სცენარისტი და მსახიობი, თანამშრომლობს ორ ტელევიზიასთან.

ჰობი: ქეიფი.

ცხოვრების დევიზი: "ვიყო კიდევ უფრო წარმატებული".

- ჯიმი, როგორ ხარ, სად ხარ?

- ამწამს ტელეკომპანია "პოსტივიში" ვარ, სცენარზე ვმუშაობ. ახლახან ქალბატონ თამარ მაყაშვილთან გადაღება მქონდა: ჯერ მასთან სახლში ვიყავით, მერე იპოდრომზე ძაღლი ვასეირნეთ... თქვენი ჟურნალის საშუალებით, თამარს მოვიკითხავ.

- სამუშაო დღეს როდის იწყებ?

- დილის 9 საათზე უკვე ტელევიზიაში ვარ, ჩემი გადაცემის - "ჯიმი არა, ჩუ" გადაკითხვას ვიწყებ. 11 საათზე სტუდიაში, ჩაწერაზე ავდივარ. მერე უკვე პროდიუსერი პროექტისთვის - "ჯიმი პოსტზე" გადაღებას მიგეგმავს. მერე ისევ "ჯიმი არა, ჩუზე" ვმუშაობ, რომელიც ყოველდღიური გადაცემაა. ოთხშაბათ-ხუთშაბათს გიორგი გაბუნიას შოუსთვის მუშაობა მემატება...

- ჯიმი ჩუს შესახებ რა იცი?

- მომისმინე ერთი წამით... მან უნდა იცოდეს ჩემ შესახებ... ფეხსაცმელების დიზაინერია, რა. ვატყობ, მე ვჯობივარ.

- გადაცემის - "ჯიმი არა, ჩუ" - სახელი როგორ შეარჩიეთ? არ იფიქრე, რომ ამით შეიძლებოდა, ჯიმი ჩუს პოპულარობისთვის შეგეწყო ხელი?

- ახლა დამცინი და "მეკაიფები", არა? მგონი, ჩემმა სცენარისტმა სანდრო ესაკიამ თუ ბექა სულაძემ მოიფიქრა - "ჯიმი არა, ჩუო"... შეიძლება ითქვას, ჩემი გადაცემა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ჯიმი ჩუს კარიერა.

- მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან შენი განსაკუთრებული ყურადღება ბოლოს რამ მიიქცია?

- ოკეანეში ღელვამ. ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანას ველოდი. სულ ვაკვირდებოდი, ოკეანე თუ დაწყნარდა - ჩემი მანქანა არ ჩაიძიროს-მეთქი. 3 დღე არ მეძინა, სანამ გემი, რომლითაც ავტომობილი ჩამოჰყავდათ, სამშვიდობოს არ გამოვიდა... სხვათა შორის, სულ ვამბობ, - მგონი, ადრე დავბერდი-მეთქი: წინათ, ღამის 2 საათზე შინ დაღლილიც რომ მივსულიყავი, საინფორმაციო გამოშვებას "გადავახვევდი" და მაინც ვუყურებდი - რა მოხდა ქვეყანაში. ამის გამო, ცოლი დამცინოდა. მაინტერესებს, ქვეყანაში რა ხდება. შეიძლება, გასაქცევად გვაქვს საქმე... ახლა სრული სერიოზულობით რომ გითხრა, ტელევიზორს ვერც ვუყურებ, რადგან მართლა დატვირთული რეჟიმი მაქვს. ინფორმაციას ინტერნეტში თუ წავაწყდები ხოლმე...

- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავს?

- რავი, რაღაცებზე ვფიქრობ. ხალხს ვაკვირდები - ვინ როგორ გამოიყურება, ვის როგორი მანქანა ჰყავს და ა.შ. ვიღაც მომესალმება, - ჯაბოვიჩ, რას შვრები, ხომ ხარ კარგად? როდის დავლიოთო? - არ გიცნობ, ძამიკო, მაგრამ როცა შენ იტყვიო, - უნდა უთხრა. აბა, სხვაგვარად არ გამოდის.

- უგონოდ დამთვრალხარ?

- კი, ამ ბოლოს დროს მომიწია. 3 წელია, მე და გიორგი გაბუნია ლამის 24/7-ზე ერთად ვართ. ერთხელ ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად ვიყავით. დიდი სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ ცალკე გოგოს მხარეს მომიწია დალევამ, ცალკე - ბიჭის, მერე - ნათლიების... სხვაგვარად არ გამოდის ხოლმე, რადგან მეუბნებიან, - აბა, ჩვენთანაც დაგვილიეო... ბოლოს გიომ სახლში ისე მომიყვანა, არ მახსოვს. თურმე მანქანის წინა სავარძელში ვიჯექი. მლანძღავდა, - ბიჭო, ასე რატომ დათვერიო?! მე კი ზესტაფონიდან ქუთაისამდე (ქუთაისში ვრჩებოდით) ვიმეორებდი, - მეზიზღები-მეთქი, ოღონდ - არაფერი მახსოვს... საერთოდ, ვატყობ, დალევას თავი უნდა დავანებო და ისეთ ტყუილს ვიტყვი ხოლმე, მეჩქარება-მეთქი, რომ ხანდახან სახლამდე ჩემ მიერ მოგონილი მიზეზის თავად მჯერა - ის საქმე მართლა ხომ არ მაქვს-მეთქი?..

- რა მავნე ჩვევის დაძლევას ცდილობ?

- სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებებას ვცდილობ. "აიქოსზე" ვარ გადასული, მაგრამ მგონი, ისევ სიგარეტს დავუბრუნდები... კიდევ რაღაც მავნე ჩვევა მექნება - მთლად ასე "სუფთა" არ ვიქნები (ფიქრობს)... საქმის გადადება მიყვარს. მაგალითად, თუ ორშაბათს რამეა გასაკეთებელი, მაგრამ ძალიან სასწრაფო არაა, შემიძლია პარასკევამდე არაფერი გავაკეთო, თუმცა იცი, როგორი სიტუაციაა? ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი ვარ - ჩემში 2 ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, გიორგი გაბუნიას შოუში, ჯერ პირველი სტუმარი მოდის, მონოლოგიც იწერება, მეორე სტუმარი, რომელთანაც გადაცემაში უნდა შევიდე, იგვიანებს. იმ პერიოდში არც საჭმლის ჭამა შემიძლია, არც ჩაის თუ ყავის დალევა. იმ დროს საქმეზე ისე ვარ კონცენტრირებული, რომ სხვა რამეზე ფიქრიც არ შემიძლია. ასეთ რაღაცებში პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. მაგალითად, როცა შეხვედრა 10 საათზე მაქვს დანიშნული, მირჩევნია, 10-ის ნახევარზე მივიდე და მე ველოდო... არის შემთხვევები, როცა რაღაცის გაკეთება ძალიან არ გვინდა, მაგრამ გვიწევს. საქმის გადადება ასეთ დროს მიყვარს.

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ამაზე არ მიფიქრია. ზებუნებრივი ძალების არ მჯერა, მორწმუნე კაცი ვარ...

- ზოგს ფრენის სურვილი აქვს ხოლმე...

- არა! მიწაზე ძლივს დავდივარ, ფრენა რად მინდა?!. ისე, ფრენა რომ ვიცოდე, მერცხალი ვიქნებოდი...

- რატომ?

- რაღაცნაირად, მიყვარს... აბა, ბულბული რომ დამესახელებინა, ვერ ვმღერი და...

- შვილები თავიანთი საქციელით გაოცებენ?

- ვაიმე, უფროსი შვილი - ნუციკელა ყოველდღე მაოცებს! ბოლო დროს მოვლენები ისე მიეწყო, რომ ტელევიზიაში ხშირადაა. შევსწრებივარ, უფროსი ადამიანებიც კი კამერების დანახვისას როგორ იბნევიან, ნუცი - პირიქით: მაოგნებს, კამერის ჩართვისთანავე "იხსნება", რადიკალურად იცვლება, თავისუფლად საუბრობს... მისი იმედი მაქვს. მიკვირს კიდეც: - ფანტაზიის ამხელა უნარი საიდან გაქვს, მამი, ამდენ რამეს მე ვერ ვიგონებ, შენ როგორ ახერხებ-მეთქი?!. უმცროსი შვილი - სანდრიკო 2 წლის ახლა ხდება. ჯერ ვერაფრით მაოგნებს, გარდა იმისა, რომ კარატეს ილეთები ისწავლა და ასევე, სიტყვებს შემოკლებით ამბობს, მაგალითად: წყალი - "წა", საჭმელი - "სა"...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ალბათ, იუმორით ხალხის გახალისება... საერთოდ, როგორი კაცი ვარ, იცი? არასდროს არავისი მშურს. ყველას სიკეთის თვალით ვუყურებ. ალბათ ეს იმანაც განაპირობა, რომ გარკვეულ ეტაპზე, ჩემი ცხოვრება ეკლესიას დავუკავშირე და ახლაც ასეა. რომ გითხრა, ეკლესიაში სიარულით მუხლები მაქვს გადატყავებული-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ მჯერა იმ ყველაფრის, რისიც საქართველოს მოსახლეობის დიდ პროცენტს სჯერა.

- ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ღირებულება განსაზღვრავს?

- ჩემი ცხოვრების მთავარი ღირებულება და სიწმინდე ოჯახია. როგორც ვიცით, იუმორისტები ხშირად სევდიანები არიან. მეც, რა თქმა უნდა, სულ კარგ ხასიათზე არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს ჩემს ოჯახამდე არ მივიდეს. მიმაჩნია, რომ მამაკაცს "მამაკაცი" იმიტომ ჰქვია, რომ პრობლემა, რომლის მოგვარებაც თავად შეუძლია, სახლში არასდროს მიიტანოს - ოჯახი, შვილები არ უნდა დათრგუნოს...

ეთო ყორღანაშვილი