"თქვენ ფიქრობთ, რომ რკინის ვარ, ძლიერი და შეუპოვარი?"
"მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როცა მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე... პანდემიის დროს ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემი გაშავება არჩიეს. არადა, არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც - ფინანსური. მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა", - ეს სიტყვები სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძემ "პრაიმ შოუს" ცნობილი ეთერის შემდეგ დაწერა.
- გიორგი, მაყურებლის დიდმა ნაწილმა ნინო ნადირაძის თქვენდამი დამოკიდებულება თავდასხმად შეაფასა, თავადაც ასე თვლით?
- არ ველოდი, სახეზეც მეტყობა, როგორი გაკვირვებული ვარ; ვერ დავიჯერე ის, რაც ხდებოდა.
- თქვენი რეაქცია როგორი იყო - გაბრაზებული დარჩით, განაწყენებული თუ?..
- გადაცემის ჩაწერიდან ჩვეულებრივად წამოვედი. ანრისთან, ირაკლისთან, ნოესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სხვებს პირადად არ ვიცნობ.
- ნინო ნადირაძესთან მანამდე შეხება არ გქონიათ?
- არა.
- როდესაც საზოგადოების მხრიდან ასეთ დიდ მხარდაჭერას იღებ, ეს რა განცდაა?
- უხერხულობას ვგრძნობ. მადლობის მეტი რა მეთქმის? ვეცდები, მომავალში მეტი და მეტი გავაკეთო. კლინიკის გახსნის არსი და მიზანიც ეს არის: მინდა, პაციენტს ცხოვრების ყველა ეტაპზე მხარში ამოვუდგე. არ მიფიქრია, ხალხი ამ საკითხს ასე გულთან ახლოს თუ მიიტანდა. ვინც ქუჩაში მხვდება, ყველასგან მხარდაჭერას ვგრძნობ.
- როგორ ფიქრობთ, ასეთი დიდი სიყვარული რით დაიმსახურეთ?
- მე არ დამიმსახურებია, არ ვიცი, ალბათ ადამიანები გრძნობენ, რომ მათივე ნაწილი ვარ. ჩემთვის უცხო არ არის ის გაჭირვება, რომელსაც ახლა, სამწუხაროდ, არაერთი ადამიანი განიცდის.
- ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ერთი საფეხურით მაღლა ადიან და მერე საზოგადოებისგან გაუცხოება ემართებათ.
- ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ოჯახში ისე გამზარდეს, მასწავლეს - ქედმაღლობა, ზემოდან ყურება ცუდი საქციელია. ხალხისგან რაც უფრო მეტ დაფასებას ვგრძნობ, ეს მათდამი უფრო დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მაკისრებს. არ მინდა, ვინმეს იმედი გავუცრუო.
- ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეგხვედრიათ?
- საკმაოდ. არავინ იფიქროს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებულია. დღესაც ბევრი წინააღმდეგობა მხვდება, ყველაფერზე ხმამაღლა ხომ ვერ ვისაუბრებ. რომ მცოდნოდა, ხალხი მხარში ასე ამომიდგებოდა, შეიძლება ამ უხერხულობის განცდის გაჩენის გამო, გარკვეულწილად თავიც კი შემეკავებინა.
- ანუ გქონიათ მომენტი, როცა თქვენი აქტივობა გინანიათ?
- მინანია ისეთი აქტივობები, რომელიც ჩემს პროფესიას არ უკავშირდება, მაგალითად - შოუებში მონაწილეობა. მე არც ჟურნალისტი, არც მსახიობი და არც პოლიტიკოსი ვარ, ამის აუცილებლობა არ არის. სამედიცინო კუთხით აქტივობა, სადაც ხდება ჯანმრთელობის პრობლემებზე ლაპარაკი, კონკრეტული დაავადების განხილვა, რჩევების მიცემა, - ეს არასდროს მინანია, პირიქით სულ უკმარისობის შეგრძნება მაქვს, რატომ მეტი არ ვილაპარაკე, რატომ უფრო კარგად არ ავხსენი?!.
- ძლიერი პიროვნება ხართ?
- თქვენ ფიქრობთ, რომ რკინის ვარ, ძლიერი და შეუპოვარი?
- თავად როგორ თვლით?
- ასე არ არის. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დეპრესია ჩემი თანმდევი რეალობაა. მაგრამ ვარ მიზანდასახული. დასაკარგი აღარაფერი მაქვს, მე უკვე დავკარგე დედა. ახლა მხოლოდ იმ დაპირების ასრულებას ვცდილობ, რომელიც მას მივეცი. ესაა ჩემი დიდი მოტივაცია, ეს ძალას მაძლევს.
- მამამ და დამ ცნობილი ეთერის შემდეგ რა გითხრეს?
- შინ მსგავს საკითხებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენთვის პოპულიზმი კატეგორიულად მიუღებელია. საუბრის თემა ყოველთვის შემოიფარგლება ჩვენი ოჯახით. ჩემი ოჯახის წევრები ყოველთვის არიან საქმის კურსში, ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. ოჯახში, როცა ერთად ვართ, ყოველთვის ვლაპარაკობთ ერთმანეთზე.
- ვიდეოების ჩაწერას ისევ გააგრძელებთ?
- რა თქმა უნდა. ხელს რა შემიშლის?
- თემების შერჩევას როგორ ახდენთ? ალბათ ძალიან ბევრ წერილს იღებთ.
- ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა სურთ პაციენტებს, რაზე სურთ ვილაპარაკო. ბევრ წერილს ვიღებ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა ადამიანს, რომელთა მონაწერზეც პასუხის გაცემა დღემდე ვერ მოვახერხე. ჩემი სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება, ნუ გამინაწყენდებით, ეს უყურადღებობის ბრალი არ არის.
- კლინიკის საკითხი რა ეტაპზეა?
- ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მხარში, თანხას არასდროს ავიღებ რიგითი მოქალაქეებისგან. ჩემი ჩანაფიქრია - ამ იდეის ხორცშესხმის სურვილი დიდი ფინანსების მქონე ადამიანს თუ გაუჩნდება ან მთავრობის მხრიდან თუ იქნება რაღაც ფორმით ხელშეწყობის სურვილი, სწორედ ასეთ ადამიანებთან ერთად მინდა ეს იდეა განვახორციელო. კლინიკა მოგებაზე არ იქნება ორიენტირებული. პაციენტს, როგორც ფინანსურად მომგებიანს, არ შეხედავს. კლინიკაში მოსული ადამიანი გარკვეული სახის მომსახურების მიღებაში თუ დაიხარჯება, ის ხარჯი იმად უნდა ღირდეს, რომ კლინიკიდან ძალიან კმაყოფილი გავიდეს, პასუხი მიიღოს ყველა კითხვაზე, რაც მას საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს. მწარედ მახსოვს, ერთხელ დედა მყავდა კლინიკაში მიყვანილი, ბევრი ფული დავხარჯეთ, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. კლინიკის გახსნით ადამიანებისთვის სწორედ ამ პრობლემის მოგვარება მინდა.
თუ გაავრცელებთ, დამეხმარებით: მინდა, ყველამ იცოდეს, სადმე თუ გაჩნდა განცხადება, რომ გიორგი ღოღობერიძეს კლინიკის გასახსნელად სჭირდება თანხა და მოდი შევაგროვოთო, იცოდეთ, ეს იქნება დანაშაული და საკითხი გასარკვევად სამართალდამცავებს აუცილებლად გადაეცემათ, რომ დროზე აღკვეთონ დანაშაული.
- მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში საზოგადოების დიდი მხარდაჭერა მიიღეთ, სოციალურ ქსელში გამონაკლისის სახით იყო კრიტიკული, უფრო სწორად, შეურაცხმყოფელი განცხადებაც - თაღლითი გიწოდეს.
- არ წამიკითხავს. თაღლითი რატომ ვარ? ვინც ამას წერს, იმ ადამიანს ან მცდარი ინფორმაცია აქვს, ან მოატყუეს, რადგან პირადი მიზნები აქვთ.
- ჯანსაღ კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?
- როცა შენიშვნა გულწრფელი და ჯანსაღია, ყოველთვის მივიღებ და გავითვალისწინებ. მადლობა ხალხს მხარდაჭერისთვის და ბოდიში, რომ უნებლიეთ ამდენი ადამიანის ყურადღება მივიქციე.
- დაბოლოს, მინდა გკითხოთ: ექიმის ლიცენზიის მიღებასთან რა დრო გაშორებთ?
- რეზიდენტურა უკვე დავასრულე, რამდენიმე დღე და, ლიცენზირებული ექიმი ვიქნები. ლიცენზია არაფერს მიწყვეტს, მთავარია, ლიცენზიამდე როგორ მივედი.
თამუნა კვინიკაძე