ეროტიკული სცენების გამო წაკითხული წიგნები - გზაპრესი

ეროტიკული სცენების გამო წაკითხული წიგნები

ხვიჩა მაღლაკელიძემ ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში სიარულისას დაიწყო, დღეს კი "ბრაზობს" უფროს შვილზე - მისი ნაკითხობა ნერვებს მიშლისო...

- ბავშვობაში, პირველი სიტყვა, რაც წავიკითხე, "ხლებ" (პური - მაღაზიას ეწერა) იყო. მამაჩემი სიხარულისგან ლამის გაგიჟდა - გენიოსი მეზრდებაო! იფიქრა, ამისგან კაი ტიპი გამოვაო. რატომღაც, რუსულ საბავშვო ბაღში "შემაგდეს" - რუსულიც იცოდესო. მაშინ სხვადასხვა ეროვნების ხალხი ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით - თანაცხოვრება არ გვიჭირდა. სკოლაში შესვლამდე, ლიტერატურასთან ჩემი ურთიერთობა პირველად რუსულ ენაზე შედგა. ამაში დიდი წვლილი ჩემმა უფროსმა დამ შეიტანა - არც მეტი, არც ნაკლები, პამელა ტრავერსის "მერი პოპინსი" (რუსულ ენაზე ნათარგმნი) წამაკითხა. დიდად აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ ენას ვეუფლებოდი. ამ ნაწარმოების პერსონაჟების შესახებ როგორი წარმოდგენაც შემექმნა, სწორედ ამ თარგმანის დამსახურებაა, - ძალიან კარგად ნათარგმნი იყო.

- რუსულ ენაზე "მერი პოპინსი" საბავშვო ბაღის ასაკში წაიკითხეთ?

- კი, კი. საზიზღრად ნიჭიერი ვიყავი...

- ქართული ლიტერატურის კითხვა რომელი ნაწარმოებით დაიწყეთ?

- მახსოვს, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლექსები წავიკითხე - საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასწავლო პროგრამაში დიდად არ იყო, მაგრამ მგონი, ვიღაცამ მაჩუქა. ჯერ ბებია მიკითხავდა, შემდეგ თავად დავიწყე კითხვა: "დედიკომ და მამიკომ/ დამიტოვეს ქეთინო./ ასე მითხრეს: - მიხედე,/ არაფერი ეტკინოს..." ლექსიდან - "გოჭები" ამ ფრაზის წაკითხვისას ვკიოდი, ისე ვიცინოდი: "არ გრცხვენიათ, გოჭებო? ღორებივით იქცევით". ნოდარ დუმბაძის იუმორი ჩემს ცნობიერებასთან ისე ახლოს იყო, ისე გასაგებად ეწერა, რომ ვიფიქრე, - ამ მწერალს ისეთი ლექსები აქვს, კიდევ კარგი რაღაცები ექნება დაწერილი-მეთქი. არც მეტი, არც ნაკლები, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" კითხვა დავიწყე. პირველ კლასში ვიყავი. ეს ნაწარმოები ჩემი საოჯახო, სამაგიდო წიგნი, "საბავშვო ბიბლია" გახდა. მის ქება-დიდებას არ დავიწყებ, იმდენჯერ არის ნაქები და ნადიდები... რამდენიმე წლის წინ, ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში ვიყავი. შესასვლელთან დიდი ქვაა, რომელზეც წარწერაა მოთხრობიდან - "ძაღლი": "ეს ოდა არ მიმიტოვო, ბაბუა, და ღადარი არ გამიციო". წავიკითხე და წამსკდა ცრემლები, ავტეხე ბღავილი... ჩემი და რომ არ მყოლოდა, წიგნებთან ჩემი ურთიერთობა "მერი პოპინსითა" და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებით დასრულდებოდა.

- რატომ?

- ჩემთვის არავის ეცალა: დედ-მამა მთელი დღე მუშაობდნენ. ჩემი აღზრდა დამ გააგრძელა.

- წიგნების მიმართ ინტერესი თავად არ გაგიჩნდათ?

- ჰო, მაგრამ კომუნისტების პერიოდი გახლდათ, ბავშვი ვიყავი, წიგნს თავად ვერ მოვიძიებდი. ბიბლიოთეკები იყო, მაგრამ ბავშვს ვიღაც მენტორი მაინც გჭირდება, რომ ინფორმაცია მოგაწოდოს. გურამ დოჩანაშვილი კარგად წერს - კარცერ-ლუქსს გავაკეთებდიო: "ახედავს ჭერს, ჭერზე - ანბანია, და ამ დროს ნებისმიერი კლიმი დაუდევრად ეტყვის - თუ გინდა, გადაფურცლე რამე, აი, იქ, კარადაში, წიგნებია... გამოაღებს, ჯერ საბავშვო წიგნები იქნება, დიდასოებიანი, ნახატებიანი, "თხა და გიგო", "მელია და მწყერჩიტა", ვთქვათ..." ბავშვს ვიღაც გჭირდება, ვინც ინფორმაციას მოგაწვდის, რა წაიკითხო. ჩემთვის ასეთი ჩემი და გახლდათ, რომელმაც - არც მეტი, არც ნაკლები - ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" "მაჯახა". თან, იცი, ყველაზე "პრიკოლი" რა იყო?.. 2 ენაზე - რუსულად და ქართულად - ვკითხულობდი: ჩემს დას აინტერესებდა, როგორ გავაანალიზებდი, გრამატიკულად რა პარალელს გავავლებდი, როგორ იყო ნათარგმნი, რა ფრაზა იყო მორგებული ქართულ ენას და რა - ორიგინალიდან ოდნავ შეცვლილი... მოკლედ, ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ასე მამუშავებდა. "ოსტატი და მარგარიტას" ძველი თარგმანი საოცრება იყო!

- რა ასაკის იყავით, როცა "ოსტატი და მარგარიტა" წაიკითხეთ?

- მესამე-მეოთხე კლასის მოსწავლე გახლდით.

- ლიტერატურული ნაწარმოების ღირებულება, არსი სწორად აღიქვით?

- გამიჭირდა. ჩემი და მეხმარებოდა. ძალიან რთული ნაწარმოებია: იქ ხომ პარალელია ქრისტეს დროინელ ეპოქასა და მაშინდელ თანამედროვეობას (20-30-იანი წლები) შორის! ჩემი და ყველაფერს კარგად მიხსნიდა და მიყვებოდა. სხვათა შორის, წლების შემდეგ, ბავშვობაში წაკითხულ ნაწარმოებებს კიდევ ერთხელ "ჩამოვუარე" და სულ სხვანაირად აღვიქვი. პარალელურად მივხვდი, რომ იუმორისტული ნაწარმოებები უფრო მიტაცებდა. ბულგაკოვსაც ისეთი ენა აქვს, რომ ბევრ რაღაცას იუმორით გადმოსცემს... შემდეგ მიხაილ ზოშჩენკოს მოთხრობებმა გამიტაცა, დავინტერესდი მარკ ტვენის შემოქმედებით... მხატვრული ლიტერატურით ვსაზრდოობდი, თუმცა ბავშვობაში გივი ალაზნისპირელის წიგნიც წავიკითხე. მაშინ მოდური იყო - ბატონი გივის ეზოტერიკულ კვლევებს, ნარკვევებს ყველა კითხულობდა. პირადად მე, დიდად არ გამიტაცა, ვერ გავიგე... ასე, "ბჰაგავადგიტაც" თავიდან ბოლომდე წაკითხული მაქვს. უშველებელი წიგნია - ვიღაც კრიშნაიდმა მოიტანა სახლში (ადრე სახლებში დადიოდნენ) და ვიყიდე. წავიკითხე, მაგრამ რწმენა არ შემიცვლია - უბრალოდ, დავინტერესდი. სხვათა შორის, ყურანის თარგმანი მაინტერესებს, ოღონდ - ის არა, რომელიც ინტერნეტშია, უფრო ძირფესვიანად ახსნილი მინდა, რადგან ბათუმში, ამ სარწმუნოების მიმდევარი ხალხის გვერდით ვიზრდებოდი და მაინტერესებს, მათ მსოფლმხედველობაში თუ არის ის, რაც ამ წიგნში წერია... კარგა ხანია, არაფერი წამიკითხავს, ვერ ვიცლი. უფრო ახალ ამბებს ვეცნობი, რომელიც, რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურა არაა. ეს არის გარყვნა სულის, გულის, ტვინის...

- ბიბლია წაკითხული გაქვთ?

- ახალი აღთქმის წაკითხვამ მომიწია. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ეპიზოდი იყო: ერთ-ერთ ამერიკელ მისიონერთან (საკუთარ თავს ასე უწოდებდა) თარჯიმნად ვმუშაობდი. ოკლაჰომიდან იყო. ჩამოტანილი ჰქონდა ახალი აღთქმის სტოკჰოლმის გამოცემა (ქართულ ენაზე). ამ წიგნებს ლტოლვილების დასახლებაში არიგებდა. ჩავუჯექი და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მაგრამ ამ წიგნის ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა არ შეიძლება - ყოველდღე უნდა იკითხო, ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენ...

- საკუთარი სურვილით, პირველად წასაკითხად რომელი წიგნი შეარჩიეთ?

- "დეკამერონი" . ეროტიკული სცენები კარგად იყო აღწერილი, ფურცლებს თვალებით ვჭამდი... ბავშვობაში, გურამ ფანჯიკიძის "სპირალი" "გადაღეჭილი" მაქვს, რადგან ეროტიკული სცენებია აღწერილი... იმ პერიოდში ზოგი ვიდეოკასეტებს ქირაობდა - გერმანულ პორნოგრაფიას, რომელშიც 70 წელს გადაცილებული ქალების სექსი იყო ნაჩვენები, მე კი ამ ინფორმაციას ასე ვიღებდი... პრინციპში, "დეკამერონში" "ისეთი" არაფერი ეწერა, რომ ამ წიგნთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა ატეხილიყო. შეიძლება, "ჯაყოს ხიზნები" "უარესია"... უბრალოდ, მაშინ ინფორმაციული ვაკუუმი იყო. სკოლაში ანატომიის წიგნებიდან შიშველი ქალების სურათები ამოხეული გახლდათ - ვიღაცებს წაღებული ჰქონდათ. ახლა, გენაცვალე, "იუთუბს" ჩართავ, ყველაფერია...

- წიგნი ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებში დაგხმარებიათ?

- როცა დამოუკიდებელ ცხოვრებას (რასაც ოჯახის რჩენა ჰქვია) ვიწყებდი, ჩარლი ჩაპლინის წიგნი ჩამივარდა ხელში. კულისებიდან მიკროფონამდე გზა როგორი მოკლეა, მაგრამ კულისებამდე რომ მიხვიდე, რამდენი უნდა იწვალო?!. ეს ყველაფერი, პატარა რჩევების სახით, ამ წიგნში ამოვიკითხე. ბევრ დეტალში საკუთარი თავიც დავინახე... საერთოდ, ყველაფერს ვკითხულობდი, სისულელეებიც წამიკითხავს. კიდევ კარგი, ადვილად ვივიწყებ, რისი დამახსოვრებაც არ მინდა. ადამიანებთან დაკავშირებითაც ასე ვარ: ვინც არ მინდა, ისე დავივიწყებ, რომ არასოდეს გამახსენდეს...

GzaPress

- შვილებისთვს წიგნის კითხვის დაძალება გჭირდებათ?

- უფროსი - ირაკლი 20 წლის არის. ზედმეტად ნაკითხია. მისი ნაკითხობა ნერვებს მიშლის. თემა არ არსებობს, რომ ამომწურავი პასუხი არ გამცეს. ნამდვილად თავს გამალახვინებს. ხომ შეიძლება, ერთხელ მამას რაღაც მკითხოს? პირიქით, ყველაფერს თავად მიყვება ეს მამაძაღლი!.. სხვათა შორის, კარგი პედაგოგები ჰყავდა. არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს... ყურებში ყურსასმენები აქვს გარჭობილი. გგონია, მუსიკას უსმენს? არა, აუდიოწიგნს უსმენს! ზედმეტად განათლებულია... ყველაფერი ისე დეტალურად იცის, ვეკითხები, - როგორ იმახსოვრებ, რამდენჯერმე კითხულობ-მეთქი? - არაო... უმცროს შვილს რაც შეეხება, წიგნის კითხვასთან დაკავშირებით ცოტათი ხვეწნა-მუდარა სჭირდება: ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებს ვთავაზობთ - იქნებ, ნელ-ნელა დაინტერესდეს... ინტერნეტში ყველაფერს იოლად პოულობს. ურჩევნია, მოქმედებას უყუროს, ვიდრე წაიკითხოს...

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებზე რას გვეტყვით, თქვენთვის შთამბეჭდავი რომელია?

- ყველაზე მეტად რამაც შემზარა, ფიქრებში ჩამაგდო და ღამით არ დამაძინა, ოლეგ ბასილაშვილის განსახიერებული ვოლანდია "ოსტატი და მარგარიტადან"...

- თავად რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდათ?

- ეკრანზე რაც განმისახიერებია, სირცხვილად ისიც მეყოფა: ხან ქურდის როლი შევასრულე, ხან - აფერისტის, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანის, "ბრადიაგას", "ბომჟის"... მეყოფა სირცხვილად... ლუი დე ფიუნესი ჰამლეტის როლის თამაშზე ოცნებობდა. ჭკუა ეკეტებოდა, ისე უნდოდა, მაგრამ ვინ ათამაშებდა (იცინის)?! თუმცა, ვლადიმერ ვისოცკიმ ჰამლეტი რომ განასახიერა, მსოფლიოში ისე ბევრს არ უთამაშია!..

- დაბოლოს, ჟურნალ "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- ალბათ ჯობია, "დედა ენიდან" დაიწყონ, რადგან მასში ბევრი სიბრძნე, სიღრმე და სიყვარულია. "დედა ენა" აღარ გვაქვს - "ესემესებს" ლათინური ასოებით ვწერთ ერთმანეთს; იმდენი ბარბარიზმია შემოსული, რომ ქართული ენა გვიკვდება. "დედა ენით" დავიწყოთ, მერე კი ნელ-ნელა მივაყოლოთ: აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟას შემოქმედება... ცოტათი ამოვავლოთ ტვინი ქართულ ლიტერატურაში, უცხოურს კი - მერე მივყვეთ... უფრო მეტად ეს პრეტენზია ტელეჟურნალისტებთან მაქვს: "ვსვავ", "ვიზავ" - ამას ამბობენ ისეთი ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, როგორიც მავანნი არიან (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი