"ჩემთვის სიბრმავეს დაბრკოლება არ შეუქმნია"
ახალგაზრდა მომღერალმა - შაბან მამედოვმა ახლახან უკრაინაში საქართველოს სახელით საერთაშორისო მუსიკალურ კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვა. შაბანისთვის ეს პირველი წარმატება არაა: ბავშვობიდან მუსიკის სფეროშია და აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. მუსიკალური განათლების მიღებისა და კონკურსებზე არაერთი წარმატების გარდა, შაბანმა უსინათლო ბავშვთა თბილისის 202-ე სკოლა-პანსიონი დაამთავრა, ამჟამად კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლავთ...
შაბან მამედოვი:
- საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი - შტარს შკიფტ - უკრაინაში ჩატარდა. ამ კონკურსზე შარშანაც გავიმარჯვე. მაშინ ონლაინ ტარდებოდა. წელს კვლავ მიმიწვიეს.ფესტივალის ფარგლებში ასევე, "საქართველოს კულტურისადმი მიძღვნილი დღეები" იმართებოდა. მარნეულის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, უკრაინაში გავემგზავრე. კონცერტები სხვადასხვა ქალაქში მქონდა. 8 დღის განმავლობაში 10 კონცერტი გავმართეთ, მათგან ერთ-ერთი საკონკურსო იყო. ზოგჯერ 5 სიმღერის შესრულება იყო გათვალისწინებული, მაგრამ შვიდს ვმღეროდი, რადგან ხალხი ითხოვდა - ქართული პოლიფონია მათთვის საოცრება იყო! ძველი ქართული ფოლკლორული სიმღერები შევასრულე: "თუ ასე ტურფა იყავი", "სატრფიალო", "ხოხბის ყელივით ლამაზი", "ჰერიო ბიჭებო" და ა.შ. კონკურსზე წელსაც გრან-პრი ავიღე და ფესტივალის "ოქროს ხმა" გავხდი.
- ალბათ წარმატებას ელოდი, არა?
- საერთოდ, კონკურსზე არასოდეს მივდივარ იმისთვის, რომ აუცილებლად გავიმარჯვო, რადგან ჩემთვის იქ გამოცდილების მიღება და ხალხის მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი. უცხო ადგილას ქართული სიმღერის შესრულება ჩემთვის სასწაულია! თავადვე ძლიერ ემოციებში ვიყავი... კონკურსზე მაღალი კონკურენცია იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე.
- პანდემიის პირობებში კონკურსისთვის როგორ ემზადებოდი?
- როგორც ყველა შემოქმედისთვის, პანდემიის პერიოდი ჩემთვისაც ძალიან რთული იყო. როდესაც გავიგე, რომ ამ ფესტივალზე უნდა წავსულიყავი, ვეძებდი და ვუსმენდი საუკუნეებგამოვლილ ქართულ სიმღერებს და ვცდილობდი, მემღერა. სიმღერებს დამოუკიდებლად ვამუშავებდი... ფესტივალზე საქართველოდან ანსამბლი "ნადურიც" იმყოფებოდა. ერთ-ერთი კონცერტის დროს, როცა "ნადურის" ბიჭები სცენაზე ავიდნენ და თავიანთ სიმღერას ასრულებდნენ, შუქი ჩაქრა (ელექტროენერგია გაითიშა). ბიჭებმა სიმღერა განაგრძეს, არ გაჩერებულან - თითქოს ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი... დარბაზი გადაირია, ანსამბლი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა!.. სწორედ იმ დღეს ბიჭებს სხვა კონცერტიც ჰქონდათ, სხვა ადგილას. სცენაზე რომ ავედი, მეგონა, ისინი უკვე წავიდნენ. ჩემი "სპიჩი" რომ დავასრულე და სიმღერა უნდა დამეწყო, ელექტროენერგია კვლავ გაითიშა. აკაპელა გავაგრძელე... უკვე სიმღერის შუა ნაწილს ვასრულებდი, როცა უკნიდან ფანდურის ხმა გავიგონე. გეგმით გათვალისწინებული არც ეს ყოფილა. თურმე "ნადურის" 2 წევრი, ვინც ფანდურზე უკრავდა, სცენაზე პირდაპირ დარბაზიდან ამოსულა. საჭირო დროს, ანსამბლის თორმეტივე წევრი ჩემ უკან დადგა და ჩემთან ერთად სიმღერა დაიწყო. ეს მხარდაჭერის ისეთი ჟესტი იყო, რომ დარბაზში რა მოხდა, ვერ აღვწერ!..
- როგორც ვიცი, მუსიკით ბავშვობიდანვე დაინტერესებული ხარ...
- დიახ. თავდაპირველად, უბრალოდ, მუსიკის აწყობას ვცდილობდი. არ გამომდიოდა, რადგან მაშინ არანაირი მუსიკალური განათლება არ მქონდა. ჩემში მუსიკალური ნიჭი ჩემმა ოჯახმა, განსაკუთრებით - მამამ აღმოაჩინა. მან პატარა გამოცდასავით მომიწყო: შემპირდა, რომ თუ ერთ სიმღერას ბოლომდე მივიყვანდი, დავამუშავებდი, ცოტათი უფრო დიდკლავიშიან სათამაშოს მიყიდდა, რომელზეც მუსიკის აწყობას შევძლებდი. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. ჩემი სიტყვა შევასრულე, მამამ კი - თავისი... შემდეგ კულტურის ცენტრში, ბატონ ამირანთან (მუსიკის პედაგოგთან) წავედი. ჩემი მუსიკალური კარიერა იმ დღიდან დაიწყო. 2009 წელს პირველად გამოვედი მარნეულის კულტურის ცენტრის სცენაზე, 2013 წელს კი - ბათუმში, პირველ საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე. საქართველოდან ჟიურის წევრი ბატონი ანრი ჯოხაძე გახლდათ, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ. კონკურს-ფესტივალზე პირველი უმაღლესი ქულა, რა თქმა უნდა, ანრიმ დამიწერა. "ფეისბუკშიც" შეამჩნევ, რომ ყოველთვის მხარს მიჭერს... მას შემდეგ, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურს-ფესტივალში ვმონაწილეობ...
- რა მუსიკალური განათლება გაქვს მიღებული?
- ჯაზ-კურსის პროგრამა ცალკე გავიარე, შემდეგ - პოპვოკალი, ასევე - ფორტეპიანოს ექვსწლედი... სულ რაღაც 2 კვირის წინ, ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებელი (კლასიკური ვოკალის ფაკულტეტი) დავამთავრე.
- როგორც ვიცი, მარნეულში ცხოვრობ. განათლების მიღებას როგორ ახერხებდი? თუნდაც, მარნეულიდან დედაქალაქში მგზავრობა არ გიჭირდა?
- ისე გამოვიდა, რომ 12 წელი მამაჩემმა თბილისში მატარა. ორშაბათიდან პარასკევამდე სკოლაში ვრჩებოდი - უსინათლო ბავშვთა თბილისის 202-ე სკოლა-პანსიონი დავამთავრე. ამ სკოლამ საშუალება მომცა, ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც ახლა ვარ. ჩემთვის ქართული ენის სწავლაში დიდი წვლილი ამ სკოლას მიუძღვის. რა თქმა უნდა, ოჯახისთვის რთული გადაწყვეტილება იყო, რომ 7 წლის ბავშვი, რომელმაც ქართულად ერთი სიტყვაც არ იცოდა, სკოლა-პანსიონში დაეტოვებინა. იყო დრო, როცა ჩემი მშობლები მოდიოდნენ, მაძინებდნენ და როცა ვიღვიძებდი, მათკენ გავრბოდი - არ წახვიდეთ-მეთქი. ეს ყველაფერი გადავლახეთ, სკოლაში სწავლა დავასრულე და ახლა "ილიაუნის" სტუდენტი ვარ - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ.
- სწავლისთვის კომფორტული გარემო გაქვს?
- გარემო - არ ვიცი, რადგან რაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, ონლაინლექციები მიტარდება. უნივერსიტეტში მისვლა არ მეღირსა. ლექტორს რომ ვთხოვო, გარემო "ზუმით" მაჩვენოს, მაინც ვერ მაჩვენებს - ვერ დავინახავ. "ილიაუნის" "გახსნილობას", სტუდენტებთან თანამშრომლობას რაც შეეხება, 10-დან 10 ქულით შევაფასებ, რადგან ყველა ლექტორი იმაზეა ორიენტირებული, რომ სტუდენტმა რაღაც გააკეთოს, თავი განმარტოებულად არ იგრძნოს...
- სწავლისთვის დამატებითი მეცადინეობა ხომ არ გჭირდება?
- არა. უბრალოდ, კანონით გათვალისწინებულია, რომ შუალედურ და ფინალურ გამოცდებზე ორმაგი დრო მაქვს. ეროვნულ გამოცდაზეც ასე იყო. რეალურად, ეს ორმაგი დრო მჭირდება.
- აქვე გვითხარი, ეროვნული გამოცდებისთვის ცოდნის საჭირო ბაზა როგორ დააგროვე? მოსწავლეები უმეტესად, რეპეტიტორებთან ემზადებიან ხოლმე...
- სიმართლე გითხრა, სკოლაში სწავლით თავს არ ვიკლავდი. ძალიან პრინციპული გახლდით: რომელი საგანიც მართლა არაფერში დამჭირდებოდა, იმას არ ვსწავლობდი. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ პრინციპს, რომ ესა თუ ის საგანი ოდესმე სადღაც რაღაცაში დაგჭირდება ადამიანს. მაშინ მოდი, მუსიკა ისწავლე - ოდესმე სადღაც დაგჭირდება (იღიმის). შესაბამისად, არ ვსწავლობდი ბიოლოგიას, ფიზიკას, მათემატიკას, ქიმიას... ისტორია ძალიან მიყვარს, მაგრამ იმასაც არ ვსწავლობდი, რადგან საქართველოში სკოლებში სწავლების სისტემა რადიკალურად უნდა შეიცვალოს. წარმოიდგინე, მასწავლებელი გვიხსნიდა გაკვეთილს, შემდეგ უაზრო ტერმინებით გადაჭედილი ისტორია უნდა დაგვეზეპირებინა და მოგვეყოლა. ეს არ შემეძლო, რადგან ძალიან მეზარებოდა. დოკუმენტურ ფილმებს სულ ვუსმენდი, ინფორმაციის დამატებით წყაროს ვეძებდი - რისი გაგება შემეძლო. ზოგჯერ მასწავლებელს იმას ვუყვებოდი, რაც წიგნში არ ეწერა და ნიშანს ასე ვიღებდი. დამატებით არც ერთ საგანში არ მოვმზადებულვარ - ეროვნულ გამოცდებზე იმ ცოდნით გავედი, რაც მქონდა. ვერ ვიტყვი, უმაღლესი ქულები მივიღე-მეთქი. საერთოდ, მირჩევნია, გამოცდაზე "ჩავიჭრა", ვიდრე ერთი დღისთვის მოსამზადებლად დრო დავხარჯო და ის ვისწავლო, რაც მხოლოდ გამოცდისთვის მემახსოვრება.
- შაბან, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული გყავს?
- ვფიქრობ, ადამიანს თუ უნდა, რომ სულიერი თავისუფლება დაკარგოს და მუდმივად ჯაჭვში იყოს ჩაბმული, აუცილებლად შეყვარებული უნდა გაიჩინოს, ხოლო თუ შეყვარებულს გაიჩენს და თავისუფლებას არ დაკარგავს, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი ერთმანეთს კარგად იცნობს, ძირძველ კულტურას მოშორებულია და ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს, ერთმანეთი ნამდვილად უყვართ და დაშორების შემდეგ ერთმანეთის მტრები არ გახდებიან. შეყვარებულობის გამოცდილება არ მქონია - მცირე ასაკში ვინმეთი გატაცებას სიყვარულად არ მივიჩნევ, რა თქმა უნდა. საერთოდ, ვერ ვხვდები - როცა ვინმე შემიყვარდება, ამისთვის ოფიციალური დოკუმენტაცია რა საჭიროა? რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ ერთად ვიცხოვროთ, მერე კი, თუ ვერ შევეწყობით ერთმანეთს, დავშორდეთ?..
- ამ საკითხში ოჯახის წევრებს შენი ესმით?
- არა (იცინის). უკვე მეუბნებიან, - ოჯახი უნდა გყავდესო.
- ცხოვრებაში რა მიზნები გაქვს?
- ჩემი ერთადერთი მიზანი საკუთარი თავის განვითარება და საზოგადოებაში ისეთ დონეზე დამკვიდრებაა, რომ მას კეთილდღეობისთვის გამოვადგე.
- უსინათლობას შენთვის დაბრკოლება შეუქმნია?
- საერთოდ, სიტყვა "უსინათლო" არ მიყვარს. სიტყვა "ბრმა" ყველას არ მოსწონს, მაგრამ რეალურად, სიბრმავესთან გვაქვს საქმე, არა? "უსინათლო" შეიძლება ვიღაცას უწოდო, ვინც "სინათლეს" ვერ ხედავს, მაგრამ სხვა დანარჩენის დანახვა შეუძლია. შეიძლება "ბრმა" უხეშად ჟღერს, მაგრამ სწორი სიტყვა ესაა, სულ ამ სიტყვას ვიყენებ. ჩემთვის სიბრმავეს დაბრკოლება არ შეუქმნია. უბრალოდ, საზოგადოება შშმ პირების მიმართ სტერეოტიპულად აზროვნებს. ამის გამო არ უნდა გავბრაზდეთ, არ უნდა ავყვეთ, იუმორით შევხედოთ... ხალხი ჩვენ მიმართ თანაგრძნობას, სიბრალულს თუ გამოხატავს, ეს ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. ადამიანებს რომ დაუმეგობრდები, ხვდებიან, რომ ნასას მიერ კოსმოსში გაშვებული რობოტი არ ხარ - ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ოდესმე სტერეოტიპები დაიმსხვრევა თუ არა, ვერ გეტყვი, მაგრამ პირადად მე ამას ღიმილით ვუყურებ...
ეთო ყორღანაშვილი