"რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ადამიანებით თამაშია" - გზაპრესი

"რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ადამიანებით თამაშია"

"მას მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს. დეპრესიული განწყობა ხშირად განმარტოებისკენ უბიძგებს, გარშემო მყოფთა შორის, ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანად ითვლება. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მსახიობ მაკა ძაგანიას ზოდიაქოს ნიშანია.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. რომ გითხრა, ასტროლოგიაზე ძალიან დამოკიდებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება, თუმცა ინტერესი მაქვს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასტროლოგთა რჩევებს დიდ ყურადღებას აქცევენ.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევიან. ასეა?

- ვერ დავეთანხმები, ცვალებადი ხასიათი საერთოდ არ მაქვს. როგორც ჩანს, კურო მაბალანსებს.

- "დეპრესიული განწყობა ხშირად განმარტოებისკენ უბიძგებს, გარშემო მყოფთა შორის, ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანად ითვლება.

- ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან, ძალიან შორს არის. დეპრესიული საერთოდ არ ვარ. მხოლოდ ერთხელ მქონდა ნევროზული ფონი და ეგეც ჩემით დავძლიე, არანაირი ჩარევა არ დამჭირვებია. განმარტოებისა და ჩაკეტვის სურვილიც არასდროს მქონია.

GzaPress

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- არ ვიცი, რამდენად ადვილად, მაგრამ როცა ჩიხში ვექცევი, ყოველთვის ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს, გეგმას უცვლის".

- მართალია, როცა რაიმეს გაკეთება მინდა, სულ ვცდილობ, შედეგი მალე მივიღო, დროში არ გაიწელოს. თუმცა შედეგს თუ ვერ ვიღებ, ეს დეპრესიას არ მმართებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასე არ მოხდეს.

- სულსწრაფი ხარ?

- ნაწილობრივ.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- გაუბედავი არა მგონია ვიყო, რისკზე ხშირად მივდივარ, მაგრამ ყოველთვის ფრთხილად ვმოქმედებ. ბრმად არასდროს ვრისკავ. გადაწყვეტილებებს რთულად ვიღებ.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- ასე არ არის, ასეთ ადამიანებს ვიცნობ, ისინი სხვანაირები არიან. შეიძლება ეს სამივე მცირე დოზით იყოს ჩემს ხასიათში, მაგრამ გამოკვეთილი თვისებები ნამდვილად არ არის.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- მართალია, წყენას გულში ნაკლებად ვიდებ. მახსოვს, რაღაც მეწყინა, გული მეტკინა, მაგრამ რა მეწყინა, ვერ ვიხსენებ. არ ვიცი, ამას რა ჰქვია? მავიწყდება.

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია. ზოგი თვლის, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- არავის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არ მიყვარს, საკუთარი შვილის ცხოვრებაშიც კი არ ვერევი. ჩემი უფროსი შვილი 21 წლის არის, მისი ცხოვრება მისი საქმეა, არც ჩავრეულვარ და არც ჩავერევი.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- ძალიან მინდა ამბიციური ვიყო, მაგრამ არ გამოდის. სულ ამას მსაყვედურობენ, ხშირად მომიწოდებენ, ცოტათი გამოფხიზლდი! ცოტათი მომთხოვნი იყავი! ახლობლებისგან სულ მესმის, რომ ნებისმიერ პროფესიაში ჯანსაღი ამბიცია კარგია.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დეტალებისგან შედგება ურთიერთობა და ზოგადად ჩვენი ცხოვრება.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორც გამოიმუშავებს".

- ფულის ხარჯვაზე ვგიჟდები, დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- თუ არ გაქვს, ეს ხასიათზე მოქმედებს?

- რა დასამალია და, მოქმედებს. საჩუქრების გაკეთება იმდენად მიყვარს, როცა ეს სიამოვნება მაკლდება, დისკომფორტი მექმნება, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ვვარდები.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- კომუნიკაბელური ვარ. არაერთხელ უთქვამთ, რომ ჩემთან ურთიერთობა სიამოვნებთ, უყვართ. ჩემზე მეტად გახსნილი და კომუნიკაბელური ადამიანებიც მინახავს, რომლებიც სულ ყურადღების ცენტრში არიან, ხალხს ამხიარულებენ, მე ასეთი დიდი დოზით არ ვარ.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას".

- მართალია (იცინის).

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ტყუილია, მე ყოველთვის გულწრფელი ვარ, ნებისმიერ ურთიერთობაში და რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს ადამიანებით თამაშია.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. მისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- ჩემთან გულით მოდის და არა - გონებით. რაც შეეხება მოხიბვლის თემას, ამბობენ, რომ რაღაც ფარული შარმი მაქვს. ვფიქრობდი, რომ ეს თვისება კუროს მხრიდან მქონდა. სხვათა შორის, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არაერთხელ ამომიცნია და მიკითხავს, - "კურო ხარ?" შინაგანი ხიბლი აქვთ, რაღაც დაფარული.

- "ის საქმის კეთების დროს მშვიდი და აუჩქარებელია".

- კი, ეს ჩემი თვისებაა. ერთადერთი, ვისაც წყობიდან გამოვყავარ, ჩემი შვილები არიან, სხვა ვერავინ ახერხებს. უმცროსი 6 წლის არის.

- "თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ, თავი დაანებე და ბედნიერი იქნება".

- კამათი არ მიყვარს. მგონია, რომ აზრი არც აქვს, ყველას თავისი შეხედულება გააჩნია. სხვისი აზრის შეცვლაც არასდროს მიცდია.

GzaPress

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი გაბრაზება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და გზად შემხვედრს ყველაფერს ანადგურებს".

- ძალიან უნდა გამოვიდე მდგომარეობიდან, რომ ასეთი გავხდე. ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ რაღაც მომენტში თუ გადამეკეტა, მერე მართლა სტიქიასავით ვხდები.

- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს, რათა ის შემდეგ თავად ელტვოდეს".

- ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ეს სიამაყის ბრალია.

- ჯიუტი ხარ?

- ჯიუტი ვარ, მაგრამ საღად აზროვნება შემიძლია და თუ საჭიროდ ჩავთვლი, კომპრომისზე წასვლაც არ მიჭირს. თუმცა ამაყი ვარ და მირჩევნია, მართალი აღმოვჩნდე.

- "მას მიდრეკილება აქვს ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მის ცხოვრებას ართულებს".

- პირველი ქორწინება დამენგრა, მას შემდეგ მქონდა ურთიერთობები. ვერ გეტყვი, ეს რამდენად ართულებს ცხოვრებას ან რამდენად არ ართულებს. როცა ქორწინებაში ვარ, ამ დროს ჩემთვის ახალი ურთიერთობის დაწყება წარმოუდგენელია.

- "უყვარს მიწაზე მუშაობა, მისთვის ეს ერთგვარი თერაპიაა".

- ეს ადრე რომ გეკითხა, სხვაგვარად გიპასუხებდი. ახლა აგარაკზე ვცხოვრობ. სანამ აქ გადმოვიდოდი, ყვავილების მომრავლება დავიწყე, მიწასთან ურთიერთობა მომეწონა, ინტერნეტით ნერგების გადარგვა, გადმორგვა, დაფესვიანება ვისწავლე. აგარაკზე საცხოვრებლად რაც გადმოვედი, მიწის დამუშავება, გათოხნა, გამარგვლა დავიწყე და ახლა კარგი ბოსტანი მაქვს. ამ საქმის კეთება იმდენად დიდი ანტიდეპრესანტია, ყველაფერს შველის. აქ რა დეპრესია უნდა გაგახსენდეს? დღესაც ამ საქმით ვარ დაკავებული. შარშან პირველი წელი იყო, როცა მივხვდი, ბუნება თავად გკარნახობს, რით გამოიკვებო. დილით გადიხარ ბოსტანში, გადახედავ, რა არის დამწიფებული და რომელი სადილი შეგიძლია მოამზადო.

- აგარაკი სად გაქვს?

- მარტყოფის აგარაკებზე. ამ ადგილს მზიანეთი ჰქვია, სანამ გომბორის აღმართი დაიწყება, გადასახვევია. თბილისთან ახლოს ვარ. როცა მჭირდება, დედაქალაქში ჩავდივარ, მაგრამ ერთი სული მაქვს, აქ როდის დავბრუნდები. სიმწვანე, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი - აქ ბედნიერებაა.

- პანდემიის პერიოდს შედარებით მსუბუქად გადაიტანდი.

- საერთოდ არ მიგრძნია. რომ ამბობენ, ნევროზი მაქვს, აღარ შემიძლიაო, ეს მე არ შემხებია. როცა თბილისში ჩამოვდივარ, მაშინ ვხვდები, ქვეყანაში რა მდგომარეობაა.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენი პერსონაჟი აქტიურად ჩანს, მის გარშემო საინტერესო ამბები ვითარდება.

- ვერ ვიტყვი, რა მოხდება, ქეთი დევდარიანი ამ პერსონაჟის ცხოვრებაში რას გეგმავს.

- გული რას გიგრძნობს?

- ქეთი საოცრად ამოუცნობი სცენარისტია. ვერ გაიგებ, რა განვითარება შეიძლება მოუძებნოს გმირს. ეს პერსონაჟი პირველივე სერიიდან არსებობს და ახლა მე-17 სეზონია. თინას ხან ვეთანხმები, ხან - არა. მას შვილივით ვზრდი. რაც უფრო მეტი წელი გადის, გმირი მეტად ძვირფასია. ახლა თავადაც დიდი ინტერესით ველოდები, რა მოხდება თინას ცხოვრებაში.

თამუნა კვინიკაძე