ნანა ბუთხუზი: "თითოეული ჩვენგანი პატარა პოლიტიკოსია..." - გზაპრესი

ნანა ბუთხუზი: "თითოეული ჩვენგანი პატარა პოლიტიკოსია..."

მსახიობ ნანა ბუთხუზის მიერ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებულ კომენდანტ მერის ზოგი თეა წულუკიანის პროტოტიპადაც მიიჩნევს. "სტალინივით ქალის" როლის გარდა, ნანა ბუთხუზი კიდევ სხვადასხვა პერსონაჟზე მუშაობს: მსახიობის ხილვა მუსიკისა და დრამის თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ, რომელსაც უკვე ახალი მისამართი და ახალი სახელწოდება - "ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი" - აქვს...

- როგორი ქალია თქვენი პერსონაჟი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"?

- რთულია ამაზე გიპასუხო, რადგან ამ ქალში ერთდროულად ყველაფერია და თან, არაფერი. მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხი მაყურებელმა უნდა გასცეს... როგორი ქალია?.. ალბათ, როგორც "ჩემი" მდივანი იტყოდა, საინტერესო (იცინის).

- მაგრამ მგონი, თქვენი პერსონაჟის მდივანი გულწრფელი არ არის...

- ეგ "მე" ვიცი, რომ გულწრფელი არ არის და ასე ალბათ ამიტომ "ვექცევი" - რომ გულწრფელი "გავხადო". ჩემი პერსონაჟის მეთოდი ცალკე საკამათო თემაა, მაგრამ მსგავსი ფორმებით ალბათ, ადამიანებს ერთგვარად წვრთნის.

- თავის მდივანთან რომანტიკული ურთიერთობის წამოწყებას ცდილობს, არა?

- ასე ჩანს, მაგრამ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ...

GzaPress

- "რთული" ქალის როლის მორგებაც რთული იყო?

- საერთოდ, მსახიობისთვის ამოცანა რაც უფრო რთულია, მით უფრო კარგი და საინტერესო სამუშაოა. ჩემთვის "სირთულე" ცოტათი მარტივი სიტყვაა. ცხოვრებაში ხომ ყველანი რთულები ვართ, არა? იოლი ადამიანი არ არსებობს. ამიტომ, რაც უფრო დიდ სირთულეებს ვეჭიდებით, მით უფრო საინტერესო ხდება ცხოვრებაც, პროცესებიც და გმირებიც უფრო საინტერესოები ხდებიან... როგორც მსახიობი, ამ ქალს შინაგანად თავადაც უფრო ვართულებ: სცენარისტი ისეთ მასალას მაწვდის, რომელიც ფანტაზიას მიხსნის. ერთია, ჩემი პერსონაჟი რას ლაპარაკობს, მეორე - რას ფიქრობს, მოქმედებს, განიცდის და რა მიზანი აქვს. ამ ყველაფერს, სცენარისტთან ერთად, თავადაც ვთხზავ. მგონი, ჯერჯერობით მოვლენები საინტერესოდ ვითარდება.

- რეალურად, ძალაუფლების შეგრძნება გიყვართ?

- სიტუაციაში საკუთარი თავის მართვა მიყვარს, მაგრამ "ძალაუფლება" ძალის და უფლების დემონსტრირებაა, რაც არ მომწონს. როცა საკუთარ თავს სწორად მართავ, სიტუაციაც სწორად ლაგდება და იმართება. ეს ჯანსაღი პროცესი მგონია, მაგრამ როცა უკვე სარგებლობ შენი უნარით, რომ შეგიძლია, სხვაზე ზეგავლენა მოახდინო, ჩემთვის ეს ნეგატიური მოვლენაა... კომენდანტი მერი ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია, ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა. ამიტომაც საინტერესო გახდა უცხო ადამიანის ფსიქოტიპის შესწავლა, თუნდაც ჩემთვის მიუღებელი მისი თვისებების ძიება - რეალურად, რა სჭირს, ასეთი რატომ არის?.. თუკი ჩემი გმირი ვერ გავამართლე, მას ვერ ვითამაშებ. ამიტომ ვცდილობ, მოვეფერო, გავამართლო... ცოტათი შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობ ხოლმე, - რა ცუდად იქცევა, საშინელი ქალია-მეთქი... გმირის ფსიქოტიპიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო და ილაპარაკო. მას სხვა განცდები, ტკივილი, ემოციები, მიზნები აქვს, მე სულ სხვა ადამიანი ვარ. ამიტომ, საკუთარი თავის საფუძველზე, სხვაზე არ უნდა იმსჯელო - ყველას ჩვენი სიმართლე, შეცდომები, სიყალბეები, კარგი და ცუდი თვისებები გვაქვს.

- თქვენი პერსონაჟის შექმნისას ან როცა თქვენი ნამუშევარი უკვე ეკრანზე ნახეთ, ვინმე თუ გაგახსენდათ?

- საერთოდ, როლზე მუშაობისას არასდროს ვფიქრობ, რომ ვინმესგან რაიმე თვისება "ავიღო". ეს უკვე მსახიობის პროფესიული ინსტინქტია: ყოველდღიურობაში ადამიანების ემოციებს, ლაპარაკის მანერას იმახსოვრებ. არ მახსოვს ხოლმე, როდის რა დავიმახსოვრე, ანუ მთელი "გუდაა", სადაც ემოციები, შეგრძნებები, პერსონაჟები ლაგდება. მერე, როცა როლზე მუშაობას ვიწყებ, "გუდიდან" - მეხსიერებიდან საჭირო ემოცია თავისთავად "ამომიხტება" ხოლმე. წინასწარ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს დავაკვირდე და რამე "ავიღო", მაგრამ - ჰო, უნდა წარმოვიდგინო, რომ ჩემი გმირი თანამდებობის პირია საქართველოში. მკაცრი უნდა იყოს, გარშემო არსებული ქაოსი მოაწესრიგოს... ამას როგორ, რა მეთოდებით მოახერხებს, შეიძლება, ერთი შეხედვით მიუღებელი იყოს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში რაღაც შედეგს აღწევს, თუმცა ეს შედეგი სადამდე მივა, მოვლენები როგორ განვითარდება, ვნახოთ... მოკლედ, კომენდანტი მერის შექმნისას არავისზე მიფიქრია, არავის დავკვირვებივარ, თუმცა მისი მსგავსი ადამიანი ბევრია: ხან ვისი ემოცია "ამომიხტება", ხან რა სიტუაციაში ვის წარმოვიდგენ... კონკრეტულად არავინ "მიფოკუსდება". მაგალითად, სოციალურ ქსელში წერენ - მისი პროტოტიპი წულუკიანიაო. წულუკიანზე არასდროს ვფიქრობ, როცა კომენდანტი მერის როლზე ვმუშაობ, თუმცა დღევანდელობაში, წულუკიანი ძლიერ ფიგურასთან ასოცირდება, რომელიც მერის მსგავსად, თავის გარშემო ისეთი ხერხებით, ხასიათით მოქმედებს, რაც ბევრისთვის მიუღებელი და "უჟმურია". როლზე მუშაობისას თავდაპირველად, უფრო ძლიერ ისტორიულ ფიგურებზე ვფიქრობდი, აქცენტი მათზე გავაკეთე...

- მაგალითად - ვისზე?

- მაგალითად - სტალინზე, ოღონდ - სერიოზულად კი არა, მსუბუქად. სტალინს არ ვასახიერებ. უბრალოდ წარმოვიდგინე, მისი მსგავსი მკაცრი ქალი რომ იყოს ჩვენს დროში, ოღონდ - მერი ისეთ ძალაუფლებას როგორ მიაღწევს, რასაც სტალინმა მიაღწია, არ ვიცი... როგორც მსახიობს, ისტორიული ფიგურები უფრო მაინტერესებს. დღევანდელობაში ვინც არიან, ისინიც საინტერესოები გახლავან თავისთავად, მაგრამ წლები გავა, ისტორია თავისას იტყვის და მივხვდებით, ჩვენი თანამედროვეები როგორები იყვნენ, რა... მერის განსახიერებისას მითქვამს, - ოჰ, სტალინივით ქალი უნდა იყოს-მეთქი (იცინის)!.. ყოველ შემთხვევაში, ამ პერსონაჟზე მუშაობისას, დადებით, კეთილგონიერ ადამიანზე არ მიფიქრია.

GzaPress

- პოლიტიკაში მოსვლაზე გიფიქრიათ?

- პოლიტიკაში ჩემი მოსვლა წარმოუდგენელია, თუმცა არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს", ხომ გაგიგონიათ (იცინის)? პოლიტიკოსობაზე არ მიფიქრია, რადგან შემოქმედი ვარ. შეიძლება, ასეთი ხასიათის, ემოციის მქონე ადამიანი ქართულ პოლიტიკას ძალიანაც გამოადგეს, მაგრამ მირჩევნია, საქმე ჩემს პლატფორმაზე - სცენაზე ვაკეთო, ჩემი "ტრიბუნა" გადასაღები მოედანია, თუმცაღა, როგორც რიგით მოქალაქეს, პასუხისმგებლობის შეგრძნება მაქვს და ვცდილობ, ქვეყნის განვითარებისკენ მიმავალ გზაზე ჩემი დადებითი წვლილი შევიტანო, თუნდაც - ჩემი საქმის კეთებით, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, ჩემი აზრის დაფიქსირებით... მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა ყველამ თავად უნდა ვაშენოთ. რიგითი მოქალაქეების გარდა, ყველანი რიგითი ჯარისკაცები ვართ, ჩვენი ქვეყნის დასაცავად და საკეთილდღეოდ; თითოეული ჩვენგანი პატარა პოლიტიკოსია. ჩვენი ქვეყნის მთავარი ძალა ვართ. არაა აუცილებელი, თანამდებობას იკავებდე, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო... თავისუფლების ისეთი არეალი მაქვს, რომ დათმობა არ მინდა, პოლიტიკა კი "ჩარჩოებში გსვამს", რაც ჩემი ფსიქოტიპის ადამიანისთვის არაა განკუთვნილი. მხოლოდ ის შემიძლია, რომ იმ ადამიანებს მაქსიმალურად მხარში ამოვუდგე, ვინც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას კარგად წარმართავენ.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" თქვენი პერსონაჟის გამო, უცნობ ადამიანებს თქვენი დანახვისას უარყოფითი რეაქცია ხომ არ აქვთ?

- არანაირად. მაგალითად, მაღაზიაში შევსულვარ და უცხო ადამიანები გულთბილი ღიმილით დამხვედრიან. დადებით ემოციას, დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ. ხუმრობით უკითხავთ, - კომენდანტის საათი როდის მოიხსნებაო (იცინის)? არავინ მეჩხუბება, ცუდი ქალი ხარო. რეალურად, ჩვენი სერიალის მაყურებელი ძალიან ნიჭიერია. მათ დიდ პატივს ვცემ. ამას გრძნობენ. ხვდებიან და ესმით, რომ მართლა კომენდანტი მერი კი არა, მსახიობი ვარ. შესაბამისად, ჩემ მიმართ პატივისცემით განწყობილები არიან. ისე, ვხუმრობ ხოლმე, - აქცია რომ მომიწყონ, არ გაგიკვირდეთ-მეთქი (იცინის). მგონი, კომენდანტის საათს ხალხი მიეჩვია. ეს საკითხი აღარ აწუხებთ, ჩუმად არიან. ისე, მეც მაინტერესებს, როდის დასრულდება კომენდანტის საათი. მესმის, რომ "კოვიდ 19"-თან დაკავშირებული რეგულაციებია, მაგრამ სწორი, კარგი მენეჯმენტით ამ ყველაფრის ისე მოწესრიგებაა შესაძლებელი, რომ ადამიანებს თავისუფლება არ შევუზღუდოთ. პირადად მე, ნანა ბუთხუზს, ასე მგონია, მაგრამ კომენდანტი მერი, რა თქმა უნდა, შეზღუდვებისა და ამ ფორმით ხალხის მართვის მომხრეა. ალბათ ეს ქალი სადღაც წააგებს და მერე შეგვეცოდება, რადგან სინამდვილეში, მისი მსგავსი ადამიანები, ერთი შეხედვით, საშიშები, მკაცრები და ბოროტები ჩანან, მაგრამ ეს მათი ნიღაბია - ტრავმის შედეგად გამომუშავებული თვითგადარჩენის ინსტინქტი. ასეთი ადამიანი გაშინებს, მკაცრად გ ელაპარაკება, რომ ვერაფერი გაუბედო, მაგრამ აბა, ცოტა ხანს დაივიწყოს, ვინ არის, და ნიღაბი მოიხსნას?.. მინდა, ადამიანებმა საკუთარ პიროვნებაში სიყვარული, სიკეთე და "შინაგანი ბავშვი" გააცოცხლონ...

ეთო ყორღანაშვილი