როლი, რომლისთვისაც ვახტანგ ფანჩულიძემ 1 თვეში 10 კილოზე მეტი დაიკლო - გზაპრესი

როლი, რომლისთვისაც ვახტანგ ფანჩულიძემ 1 თვეში 10 კილოზე მეტი დაიკლო

მუშთაიდში პირველად რომ მივაკითხე, წინასწარ არ გამიფრთხილებია. მეექვსე წელია ამ ბაღში ატრაქციონის ოპერატორია. იმ დღეს არ დამხვდა. თანამშრომლებმა მითხრეს, მგონი, შვებულებაშია და თან ფილმის გადაღებებზე დადისო. ამ სიახლემ უფრო დამაინტერესა. მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოებამ ის გიორგი შენგელაიას ფილმის - "სიყვარული ყველას უნდა" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გაიცნო და შეიყვარა, არ მინდოდა, აქცენტი მხოლოდ "ბურნუთას" როლზე გაგვეკეთებინა. ვთვლი, რომ მას მანამდეც და შემდეგაც არაერთი საინტერესო პერსონაჟის სახე აქვს შექმნილი...

ვახტანგ ფანჩულიძე:

- ხელოვნებაში ბატონი რეზო ესაძის წყალობით მოვხვდი, ფილმში პირველად მან გადამიღო. ბედის მადლიერი ვარ, რომ ასე მოხდა. ჩემი პროფესიის გამო, მუდმივად ხალხთან მაქვს კონტაქტი, თუმცა მანამდეც, დაბადებიდან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სითბოს გაცემა. უცხოებიდანაც იმავეს რომ ვიღებ, ამაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის არ არსებობს. ადამიანებისგან მიღებული სიყვარული სულიერად ისე მასაზრდოებს, თითქოს მატერიალურადაც ვივსები. აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც ყოველდღიურად ხალხისგან ვიღებ. უბედნიერესი ვარ, რომ დღესაც არ გაფერმკრთალებულა ის სიყვარული, რაც "სიყვარული ყველას უნდას" ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა.

- ბატონო ვახტანგ, 5 ივნისს 65 წლის გახდით. ქუთაისში დაიბადეთ. რა პროფესიის იყვნენ თქვენი მშობლები და იქაური დაბადების დღეებიდან რომელი გახსოვთ გამორჩეულად?

- მამა ავეჯის დამზადებაზე მუშაობდა, ხოლო დედა დიასახლისი იყო. მყავს უფროსი და, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს და ახლა 72 წლისაა. 1956 წელს დავიბადე, 9 წელი ვიცხოვრეთ ქუთაისში. მესამე კლასში ვიყავი, როცა მამა თბილისში ავეჯის ქარხანაში გადმოიყვანეს სამუშაოდ, ბინაც მისცეს და საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოვედით. მახსოვს ქუთაისში ყველა დაბადების დღე, ბაღის ეპიზოდებიც და ჩემი იქაური ჯგუფელი გოგონა ირინაც, რომელიც მომწონდა. მახსოვს ჩემი კლასელი და პირველი შეყვარებული ნონაც. მან ერთ-ერთ დაბადების დღეზე თავის სურათი მაჩუქა. ამას წინათ "ფეისბუკში" ვიღაცამ მეგობრობის მოთხოვნა გამომიგზავნა, რომელიც იმ გოგონას მივამსგავსე, ვინც ძველ ფოტოზეა. მივწერე, მისი ვინაობით დავინტერესდი და მართლაც, ჩემი პირველი შეყვარებული აღმოჩნდა. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კინო და სპექტაკლებზე სიარული, თუმცა მაშინ არ ვფიქრობდი, მსახიობი გავმხდარიყავი.

- არც რომელიმე პერსონაჟის მაგივრად წარმოგედგინათ თავი?

- "შესანიშნავი შვიდეული" ალბათ გახსოვთ. ფილმში გენიალური გმირები არიან, მაგრამ კრისი განსაკუთრებით მომწონდა, ბრიტიც - ასევე. მარჯანიშვილში "ძველი ვოდევილები" რომ ვნახე, ვასო გოძიაშვილის მონაწილეობით, მაშინ შემიყვარდა კომედია და გონებაში გამკრა მსახიობობაზე ფიქრმა. ამ ნატვრამ განვითარება თითქოს ვერ პოვა მანამ, სანამ რეზო ესაძემ ქუჩაში არ აღმომაჩინა. ის არა მხოლოდ გენიალური რეჟისორი, ასეთივე პედაგოგი იყო. ფილმის გადაღებებმა და მასთან ურთიერთობამ აღმიძრა სურვილი, მსახიობი გავმხდარიყავი.

- ესაძესთან შეხვედრის ეპიზოდი უფრო დაწვრილებით გაიხსენეთ...

- მე-4 სკოლაში ვსწავლობდი. გამოსაშვები გამოცდების პერიოდი იყო. ბიჭები ხიდთან ვიკრიბებოდით, ვთამაშობდით, ანეკდოტებს ვყვებოდით, ვერთობოდით. იყო ასეთი თამაში - "ნამიოკობანა", როცა მეწყვილეები ჟესტიკულაციით უხსნიან ერთმანეთს ფილმს. სწორედ იმ დროს, როცა ჩემს პარტნიორს "შესანიშნავ შვიდეულს" ვუხსნიდი, ესაძემ დამინახა. დიდხანს გვიყურებდა დაჟინებით და გვაკვირდებოდა. თურმე ფოტოებსაც გვიღებდა. ჩვენი ყურადღებაც რომ მიიქცია, წამოვიდა. დავიბენით, გაგვიკვირდა, ზოგიერთი გაიქცა კიდეც... მე დაველოდე. ბატონი რეზო მოვიდა და მითხრა, - რეჟისორი ვარ, ახალი ფილმისთვის გმირს ვეძებ და ვფიქრობ, იმ პერსონაჟს შეესაბამები, შენ გგავსო.

- შენსავით თმახუჭუჭა და გრძელწამწამააო?..

- ჰო (იღიმის). მერე მთხოვა, თამაშის დროს ფილმის ახსნის პროცესი გამემეორებინა. გოგონებთან მორიდებული და შებოჭილი ვიყავი, ბიჭების "კამპანიაში" - თამამი და გახსნილი, ამიტომ ბატონ რეზოსთან იმავეს გამეორება არ გამჭირვებია. მოვეწონე, ფოტოები გადაიღო და 1 კვირის შემდეგ სინჯებზე დამიბარეს. ეს იყო "ერთი ნახვით შეყვარება". ამ დროს 18 წლის ვიყავი, ჩემი გმირი კი - 17-ის. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ სერგო ფარაჯანოვი კინოსტუდიის დერეფანში შემხვდა და მითხრა: შენ ქართველი რომეო ხარო. ერთგან ინტერვიუშიც თქვა, - ჩვენ შეგვიძლია შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" გადაღება, რადგან უკვე გვყავს რომეო ვახტანგ ფანჩულიძის სახითო. მოგვიანებით, როცა ის "სურამის ციხეს" იღებდა, თავისი სცენარი მაჩუქა, ყდის შიდა მხარეს რუსული წარწერით: "ახალგაზრდებს შორის, უდიდეს მსახიობს ვახტანგს. მისი საყვარელი მეგობრისგან, სერგო ფარაჯანოვისგან". დღემდე ძვირფასია ეს ნივთი ჩემთვის.

პირველ როლს მოჰყვა ფილმები: "ვალსი მთაწმინდაზე", "სიყვარულო, ძალსა შენსა", "ბოშას კოცნა", "დილის ნისლივით", "სიყვარული ყველას უნდა", "გზა შინისაკენ", "ლომა", "ჯადოსნური ღამე", "ხარება და გოგია" ა.შ. რამდენიმე ფილმი, რომელშიც ვახტანგ ფანჩულიძე მონაწილეობდა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა, რადგან იმხანად ზოგს პოლიტიკური სარჩული დაუდეს, ზოგის იდეოლოგია დაიწუნეს, ქვეტექსტი არ მოეწონათ და "თაროზე შემოიდო". უკვე თეატრალურის სტუდენტი იყო, როცა 1979 წელს მიხეილ ჭიაურელმა (უმცროსმა) და გიორგი შენგელაიამ ფილმში "სიყვარული ყველას უნდა" ბურნუთას როლზე მიიწვიეს და მსახიობის საყოველთაო პოპულარობაც აქედან დაიწყო.

- თუ გახსოვთ, სად გაიმართა "სიყვარული ყველას უნდას" პრემიერა და ვინ მოგმართათ პირველად ამ ფილმის პერსონაჟის სახელით?

- თელავის კინოთეატრში გაიმართა, შემდეგ - თბილისში, კინოს სახლში. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ გიორგიმ მითხრა, - შენი სახელი დაივიწყე, იცოდე, აწი ყველა ფილმის პერსონაჟის სახელით მოგმართავს, წლები გავა და ხალხს მაინც ეხსომებიო. ასეც მოხდა. თბილისში ფილმის პრემიერის შემდეგ, მეორე დღიდან ვიგრძენი ხალხის ყურადღება, ქუჩაში თვალის გაყოლება. ყვავილებიანი პერანგი, რომელიც ფილმში მაცვია, ძალიან მომწონდა, ბატონ გიორგის ვთხოვე და წამოვიღე. ხანდახან მეცვა ხოლმე. ფილმი 1 კვირის გამოსულია, ვდგავარ ეზოში, მოდის ქალი მე-5-6 კლასელ ბიჭთან ერთად. ბავშვმა დამინახა და დედას ჩემზე ანიშნა. მომიახლოვდნენ და შეჩერდნენ. ქალბატონი გამომელაპარაკა და როცა გაიგო, მართლა ის ვიყავი, ვინც მის შვილს ვეგონე, ბავშვს ძალიან გაუხარდა, შემომახტა და ჩამეხუტა. მაშინ ვიგრძენი, რა ბედნიერებაა მსახიობობა.

- განსაკუთრებით მეცინება იმ ეპიზოდზე, როცა ვენახში მღერით: "ჩემთვის დილა აღარ არის, სულ ყოველთვის ბნელია, რა ყოფილა სიყვარული, ო, ღმერთო, რა ძნელია..."

- ჰო (იღიმის), ეს სიმღერა ბესო კალანდაძემ ჩაწერა. სიმღერას პროფესიულად მე ვერ შევასრულებდი... მას შემდეგ ნახევარი საქართველო "ბურნუთას" მეძახის, დიდ სიამოვნებას განვიცდი. ვახტანგი მეხამუშება.

- ამის შემდეგ რა შემოთავაზება მიიღეთ?

- ბაქოში ფილმში "საგზაო თავგადასავალი" მთავარი როლი ვითამაშე. 1981 წელს კი საშა რეხვიაშვილმა მიმიწვია ფილმზე "გზა შინისაკენ". ის მსოფლიოს 3 საუკეთესო ოპერატორს შორის იყო და ასევე - ფენომენალური რეჟისორი. ამ ფილმის შინაარსი ასეთია: მტრის შემოსევების შედეგად მშობლიური მიწიდან განდევნილი საქართველოს მკვიდრნი სხვადასხვა გზით ცდილობენ შინ დაბრუნებას. მათ შორის ანთიმოზ ივერიელიცაა. ბატონმა საშამ მითხრა, რომ ამ როლისთვის 2 თვეში მინიმუმ 10 კილო უნდა დამეკლო. მაშინ 84 კილო ვიყავი. ბევრი არ არის, მაგრამ ანთიმოზ ივერიელი, მისი მძიმე ცხოვრების გამო, გაძვალტყავებული უნდა ყოფილიყო. რაციონიდან ამოვიღე თითქმის ყველაფერი, ვჭამდი მხოლოდ მაწონს, ხაჭოს, ვაშლს და ბოსტნეულს. ყოველდღიურად დავდიოდი ორთქლის აბანოში, მაგრამ მანამდე, რასაკვირველია, კონსულტაცია გავიარე ექიმთან, რადგან ეს ყველასთვის არ არის რეკომენდებული. ბატონი საშა 2 თვის შემდეგ მელოდა, მაგრამ 1 თვეში რომ მივედი, ძალიან გააკვირვა შედეგმა. ფილმში მეტყობა კიდეც, რომ ძალიან გამხდარი ვარ.

- ზღაპარი "ჯადოსნური ღამე" მიყვარს...

- ჰო, თემურ ფალავანდიშვილის უსაყვარლესი ფილმი მეც ძალიან მიყვარს. ძმებს ვთამაშობდით: თამაზ თოლორაია, რეზო იმნაიშვილი და მე. თაზო დურგალია, რეზო მკერავი და მე - მკურნალი, რომელიც უფროსი ძმის მიერ გამოთლილ ქალის ფიგურას სულს შთაბერავს და გააცოცხლებს. სწორედ ბატონ თემურთან ვითამაშე ბოლოს სრულმეტრაჟიან ფილმში "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი". ამას მოჰყვა სატელევიზიო ფილმი "ცეცხლთან თამაში", ხოლო 90-იან წლებში გადაღებები შეწყდა.

GzaPress

- და ამის შემდეგ თქვენ სამუშაოდ საბერძნეთში მიემგზავრებით...

- დიახ, სადაც 5 წელი გავატარე... წასვლა მეგობარმა მირჩია, რომელიც იქ ცხოვრობდა და მუშაობდა. 3 თვე გამიჭირდა, მერე ვიშოვე სამსახური. თავიდან მშენებლობაზე და მერე რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე. ვმუშაობდი მძღოლად, მანქანების სამრეცხაოში, ტურისტების მანქანით მომსახურებაზეც. იყო პერიოდები, როცა ერთი სამსახურიდან მეორის დაწყებამდე არ ვმუშაობდი, მაგრამ იქ ასეთი წესია - ყველა დაუსაქმებელს სახელმწიფო თვეში 300 ევროს უხდის და მათ შორის ვიყავი მეც.

მეუღლე - ირინა კოხტაშვილი მეგობრის ბანკეტზე გაიცნო. ერთად იცეკვეს, მოეწონა და მეორე დღეს შეხვედრა შესთავაზა. ამ დროს "სიყვარული ყველას უნდა" ჯერ არ იყო გადაღებული, თუმცა კინოში პირველი როლი უკვე შესრულებული ჰქონდა. 1978 წელს რეზო ესაძის ფილმთან დაკავშირებით შეხვედრა იმართებოდა კინოს სახლში და იქ მსახიობმა საცოლეც მიიწვია. ბატონ რეზოს უკვე სცოდნია, რომ ვახტანგი შეხვედრაზე საცოლესთან ერთად მივიდოდა და უქია და უქია თავისი მსახიობი... წყვილს ერთი შვილი ჰყავს - ექიმი-სტომატოლოგი თემურ ფანჩულიძე.

- ფარაჯანოვის სცენარი, ბურნუთას პერანგი... თქვენთვის მნიშვნელოვანი კიდევ რა ნივთი გაქვთ კინოგადაღებებიდან?

- საჭე, რომელიც "სიყვარული ყველას უნდადან" დამრჩა. მოგეხსენებათ, ფილმში დიდ "ზილს" ვატარებ. რთული იყო სამართავად და ერთხელ 5-6 დუბლი დამჭირდა ერთი სცენის გადაღებისას. იმ მანქანის "ნამდვილმა" მძღოლმა თავისი სათადარიგო საჭე მაჩუქა და მითხრა, - სახლში რომ წახვალ, იმეცადინეო (იცინის)... ჩემთვის კიდევ ერთი ძვირფასი საჩუქარი თუმანიშვილის თეატრს უკავშირდება. 1981 წელს თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, კინომსახიობთა თეატრში მივედი. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა სიამოვნებით მიმიღო. "ბაკულას ღორებში" შემიყვანეს, ყველა მსახიობმა ერთ ფურცელზე მისალოცის წარწერები გამიკეთა და თეატრში პირველი ნაბიჯები დამილოცა. დიდი სიყვარულით ვინახავ ამ რელიკვიასაც.

- ბოლო წლებში რა შემოთავაზებები გქონდათ?

- ორ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მივიღე მონაწილეობა. ერთია ნიჭიერი, ზნეობრივი, უაღრესად განათლებული ახალგაზრდა რეჟისორის, სანდრო კობერიძის ფილმი "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ", ხოლო მეორეზე მუშაობა ახლახან დავასრულე და ესაა ძალიან საინტერესო ადამიანის, რუსუდან ჭყონიას "ვენეცია". რუსუდანმა მითხრა, ძალიან კარგი სახე შექმენით და მომდევნო ფილმს რომ გადავიღებ, აუცილებლად მოგიწვევთო. ძალიან გამახარა ამ ამბავმა. რუსუდან ჭყონიას ფილმში ია სუხიტაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი და სხვა ახალგაზრდები მონაწილეობენ. ბედნიერი ვარ, რომ ისინი გავიცანი. ფილმი დაუსრულებელ მშენებლობებზეა. დიდი როლი არ მაქვს, მაგრამ გამიხარდა, რომ მიმიწვიეს. ფილმში ვთამაშობ დაუსრულებელი შენობის ანუ ობიექტის დამცველს.

- რა განცდაა, როცა ამდენი წლის შემდეგ გადასაღებ მოედანზე ბრუნდები?

- 90-იანი წლების დასაწყისში გადაღებები კი შეწყდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება და ხელოვნებაში გავლილი გზა მასაზრდოებდა. მგონია, ყველა მსახიობი ასეა. ყოველდღე, ძილის წინ, ერთი საათი ვფიქრობ ხოლმე რომელიმე ფილმზე და მასთან დაკავშირებულ ამბებზე, მეორე დღეს - სხვაზე და ა.შ. ეს პროცესი კარგად "დავამუღამე". სევდა და მონატრება ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის დაღამდებოდა, რომ წარსულის განცდებზე მეფიქრა. ასე რომ, კინოსთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, სულიერი კონტაქტი სულ მქონდა.

ანა კალანდაძე