"იმ გოგოს ვემალებოდი, მისი დანახვისას გავრბოდი"
"ადამიანები ქუჩაში მცნობენ, ზოგიერთი მაჩერებს და მეკითხება, - შენ თინას ძმა ხარ?" - ამბობს მსახიობი ირაკლი ხოშტარია... როგორ მოხვდა "ჩემი ცოლის დაქალებში", ვინ არის მისი "ბედნიერების საზომი", რა დროს იტყუება, რას არ გააკეთებს არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ და რას მიიჩნევს თავის ყველაზე დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1988 წლის 2 ოქტომბერი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდანვე ანსამბლ "მართვეში" ვმღეროდი. გვერდით თეატრალური სტუდია იყო, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი (ახლა დავბრძენდი), მინდოდა, ამ სტუდიაშიც მევლო, მაგრამ არ მატარებდნენ. მშობლების გადაწყვეტილებით, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე ვაბარებდი. იმ წელს ეროვნული გამოცდები შემოვიდა. ოჯახში განვაცხადე, ამ ფაკულტეტზე თუ ვერ მოვხვდები, მერე იმას ვისწავლი, რაც მე მაინტერესებს-მეთქი. ბოლოს მაინც თეატრალურში ჩავაბარე. მეთოჯინე ვარ, ეს არის ჩემი ძირითადი პროფესია. ბაკალავრიატის შემდეგ მაგისტრატურაც დავასრულე. მერე მე და ჩემმა მეგობრებმა "ჩვენი თეატრი" დავაარსეთ. 10 წელია, მოძრაობის თეატრში ვთამაშობთ. იურიდიული სტატუსით დირექტორი ვარ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...სულ სხვადასხვა თვისებაზე ამახვილებენ ყურადღებას. სახლში ამბობენ, ბუზღუნააო, სამსახურში - ზედმეტად მომთხოვნიო, თეატრში მეუბნებიან, ზარმაცი ხარო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...საერთოდ არაფერს შევცვლიდი. (ფიქრობს) რაც გავიარე, ალბათ საჭირო იყო გამევლო. შესაძლოა შეცდომებიც დავუშვი, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე.
- პირველი წარმატება იყო...
- ...ჩემი სადებიუტო სპექტაკლი "პარადისო". მას დიდი წარმატება ხვდა. ედინბურგში, თეატრალურ ფესტივალზე მოვხვდით, სადაც საერთაშორისო გამოცემებმა 3800 სპექტაკლიდან გამოარჩია. "პარადისო" 50 რჩეულ სპექტაკლს შორის მოხვდა. მანამდეც იყო პატარა წარმატებები, რომელიც კარგად მახსენდება.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც საყვარელ საქმეს ვემსახურები.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილი, ნიკო 3 წლის არის. პანდემიის დროს სულ სახლში ვიყავი, ბავშვის მოვლა, დაძინება, გამოკვება - ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მქონდა აღებული და იმდენად მივეჩვიე, ახლა დასასვენებლად გავუშვი და უკვე ვეღარ ვძლებ, ძალიან მაკლია. ეს ბიჭი ჩემი ბედნიერების საზომია.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...მუშაობის. უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია, ვერ ვისვენებ. ეს მდგომარეობა არ ვიცი, რა არის, მუდმივად სამუშაო რეჟიმში ვარ ჩართული.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ძალიან მომთმენი ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ესეც თმენის "გაგრძელებაა". არსებობს წითელი ხაზი, არსებობს რაღაც ლიმიტი, რომელსაც არავინ არ უნდა გადავიდეს. მერე შეიძლება ვინმეს მიმართ აგრესიაც გამოვხატო.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...არ ვნანობ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ყველაფერი. წლების წინ ერთი თოჯინის შექმნას 6 თვეს ვანდომებდი; იმდენ ვერსიას განვიხილავდი, იმდენჯერ ვცვლიდი, რომ... საბოლოოდ ამ დაშვებული შეცდომებით სწორ აზრამდე მივდიოდი; ვხვდებოდი, რა და როგორ უნდა ყოფილიყო. ცხოვრებაშიც ასეა.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ხშირად არ ვფიქრობ, მომავალში რა შეიძლება იყოს. მაქსიმალურად რეალისტი ვარ, მიზნებს ვისახავ და მერე ჩემი ყოველდღიურობა ამ მიზნისკენ მიმავალი გზაა.
- ვიბნევი...
- ...არც ისე ხშირად, ზოგჯერ დაბნეულობას ვთამაშობ, ასეა საჭირო.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...ბათუმში, ჩემს შვილთან ერთად.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლიათ...
- ...უპასუხისმგებლო ადამიანებს.
- მეზარება...
- ...თითქმის არაფერი.
- სიყვარული ეს...
- ...შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე, რა არის. ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც უდიდეს მოტივაციას გაძლევს ცხოვრებაში ყველა მიმართულებით.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- აი, მაშინ ძალიან დაბნეული ვიყავი. მერიდებოდა და იმ გოგოს ვემალებოდი; რომ დავინახავდი, გავრბოდი (იცინის).
- ჩემი მეუღლე...
- გახლავთ მსახიობი ხატია მანჯავიძე, ისიც მეთოჯინეა. ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით, ერთ ენაზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს ადვილად ვუგებთ.
- მაკვირვებენ...
- ...ადამიანები თავიანთი სიჭრელით, აზროვნებით, ემოციებით, დამოკიდებულებებით.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ჩემს შვილს და კიდევ არის ერთი მომენტი: სანამ სცენაზე გავალ, მანამდე პატარა, 20-წამიანი რიტუალი მაქვს. ამ დროს ჩემს ფიქრებს, გეგმებს, ოცნებებს, ყოველდღიურობას, დარდებს და სიხარულსაც ვტოვებ, "ვიხსნი". ეს ის მომენტია, როცა ვთავისუფლდები.
- ვრისკავ...
- ...ყოველდღე. აზარტული ვარ, მაგრამ არა - თამაშებში, არამედ ჩემი საქმის მიმართ. რისკზე უაზროდ, დაუფიქრებლად არასდროს მივდივარ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...გაბრაზება არ შემიძლია; აი, ისე გაბრაზება, რომ ადამიანს დავშორდე. თუმცა, ასეთი შემთხვევებიც მქონია, დამიკარგავს და დღეს ისინი ძალიან მენატრებიან. გული მწყდება, რომ ჩემ გვერდით აღარ არიან. ადამიანებს შეცდომებს იოლად ვპატიობ, ეს ერთგვარად სისუსტეც არის და სიძლიერეც.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...მერიდება, მაგრამ გულის სიღრმეში მიხარია.
- შიში მაქვს...
- ...გველების. ადრე არ მეშინოდა, ეს შიში ამ ბოლო დროს დამეწყო, ზიზღიც მაქვს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...უყურადღებობის გამო. ამ საყვედურს უმეტესად მეგობრებისგან ვიღებ. თითოეული მათგანი სულ მახსოვს, მიყვარს, მაგრამ მოუცლელობის გამო, მოკითხვას ხშირად ვერ ვახერხებ.
- ვუფრთხილდები...
- ...იმ ყველაფერს, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა ამ 10 წლის განმავლობაში შევქმენით. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. "ჩვენი თეატრი" ჩვენი შვილივითაა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას პატარა ბავშვივით ვუვლით, ვზრუნავთ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...რაც მსურდა, ყველაფერი ვისწავლე. ისეთი არაფერი მახსენდება, მომენდომებინა და ვერ მესწავლა.
- ვიტყუები...
- ...ხშირად, მაგრამ ავ ტყუილს არასდროს ვამბობ.
- თავისუფლება არის...
- ...ყველაზე დიდი ღირებულება. თავისუფლება მორალური საყრდენიდან მესმის. მე მაქვს ჩემი რწმენა, რომელიც საყრდენია, ასევე - კონსტიტუცია და ამ ორი მოცემულობიდან გამოვდივარ, ვმოქმედებ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ....აუცილებლად მექნებოდა საკუთარი შენობა თეატრისთვის.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...ვერ ვუღალატებ სამშობლოს. საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ არასდროს, არანაირი თანხის სანაცვლოდ არ წავალ.
- ვაგროვებ...
- ...მეორად ნივთებს, მათთვის ერთი ოთახი მაქვს დათმობილი. მგონია, ოდესღაც დამჭირდება და რეკვიზიტად ვაქცევ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ამ დროს საუკეთესო წამალი - საქმე და მუშაობაა. იმის გარდა, რომ მეთოჯინე ვარ, ამავდროულად ივენთმენეჯერიც გახლავარ, ყოველდღიურად მიწევს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. სტრესული სამუშაოა, მაგრამ ეს მდგომარეობა მომწონს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...წლების წინ, როცა ენთუზიაზმზე ვმუშაობდი და ხელფასი არ მქონდა, ერთმა მოხუცმა კაცმა მკითხა, - შემოსავალი რამდენი გინდა, რომ გქონდესო? სტუდენტობის პერიოდი იყო, კონკრეტული თანხა დავუსახელე. - დავუშვათ, ორი მაგდენი დაგინიშნეს, რას იზამ, როგორ გამოიყენებო? ცოტათი დავიბენი, ალბათ იმ თანხასაც ავითვისებ-მეთქი. - არასწორად ფიქრობ, შენ თუ თვლი, რომ 300 ლარი საკმარისია, დამატებული 300 ლარი ჩათვალე, არ გაქვს და შეინახე, ამ შემთხვევაში იქნები წარმატებულიო. მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. დამეთანხმები, ამ შემთხვევაში მხოლოდ ციფრები არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი საკითხისადმი მიდგომაა.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მომატებული აგრესია დამთრგუნველია, ვეცადოთ და ვიყოთ მეტად პოზიტიურები, ყველაფერში კარგი ვეძებოთ, ლაღად ვიცხოვროთ, ასე უფრო გაგვიადვილდება, ერთმანეთი მეტად გვეყვარება!
თამუნა კვინიკაძე