"ამქვეყნიური სამოთხე", სადაც მანანა ნაჭყებია ყველაზე კარგად ისვენებს
"შეუდარებელი გრძნობაა, როცა მიწაში მარცვალს ჩააგდებ და ელოდები, როდის ამოვა, ეს - ნამდვილი საოცრებაა!" - გვითხრა პოლიტიკოსმა მანანა ნაჭყებიამ, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მწვავე პოლიტიკური დებატებიდან იცნობს. ქალბატონ მანანას დღეს სულ სხვა ამპლუაში წარმოგიდგენთ და გაგაცნობთ.
- ქალბატონო მანანა, როგორი განწყობით ატარებთ ზაფხულს?
- ცხადია, ისეთი განწყობა არ მექნება, როგორიც ადრე მქონდა, როცა ქვეყანაში არც პანდემია იყო და არც ასეთი დაძაბული პოლიტიკური ვითარება გვქონდა. მე, როგორც ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ძალიან მაშფოთებს ის სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით. შესაბამისად, ხალისიც ნაკლებია, რომ სადმე შორს წახვიდე, დაისვენო და იმ ყოველდღიურ ორომტრიალს მოსწყდე, რომელიც ქალაქს ახასიათებს. ამიტომ, როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, თეთრიწყაროში, ჩემს აგარაკზე მივდივარ. შაბათ-კვირას ყოველთვის იქ ვატარებ. ეს თითქოს "ამქვეყნიური სამოთხეა", რომელიც ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ანტიდეპრესანტის როლს ასრულებს.
- მოგვიყევით ამ ადგილის შესახებ.
- თეთრიწყაროს რაიონში არის ულამაზესი სოფელი ალექსეევკა, სადაც ჩემი აგარაკი მდებარეობს. იქაურობას საგულდაგულოდ ვუვლი და ეს პროცესი გაზაფხულიდან იწყება: თუ გინდა, კარგი მოსავალი და ლამაზი გარემო გქონდეს, ამას საფუძველი გაზაფხულზე უნდა ჩაუყარო, - ბოსტანს და ყვავილებს თავიდანვე უნდა მიხედო, რადგან მათ აუცილებლად სჭირდება გადარგვა, მორწყვა, სასუქის მიყრა... ეს თითქოს დაუსრულებელი პროცესია, თუმცა, ივლისში ან აგვისტოში დგება პერიოდი, როცა საქმე უკვე მოლეული გაქვს. ამ დროს ჩემს აგარაკზე უფრო დიდი ხნით ჩავდივარ და იქაური ბუნების სილამაზით ვტკბები. ეს ის პერიოდია, როცა გარე სამუშაოები აღარ გაქვს, შეგიძლია ჰამაკში მშვიდად იწვე და წიგნები იკითხო. სამწუხაროდ, თანამედროვე საზოგადოება ინტერნეტით ძალიან გაერთო, წიგნის კითხვის ნაცვლად, უმეტესობა სოციალურ ქსელებში "სქროლავს" და ამით ერთობა. რა თქმა უნდა, ინტერნეტი არაჩვეულებრივი წყაროა ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ წიგნს განუმეორებელი ხიბლი აქვს. ამიტომ, ჩემთვის ზაფხული სწორედ ამ პროცესთან ასოცირდება: ჯერ დაუზარელი შრომა, რომ ირგვლივ ლამაზი გარემო შევიქმნა, მერე კი ამ გარემოთი და საინტერესო წიგნებით დავტკბე.
- ეზოს თავად უვლით?
- დიახ, ძირითადად ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ. მე და ჩემს უახლოეს მეგობარს, ნია ნაცვლიშვილს ალექსეევკაში საკმაოდ ლამაზი ეზოები გვაქვს. განსაკუთრებით, ნიას - მისი ეზო იმდენად მომხიბვლელია, რომ მის სანახავად თბილისიდან და სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან. ჩვენ გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ამ ლამაზ გარემოში დავისვენოთ, საკუთარი ვერანდიდან სოფლის ლამაზი ხედებით დავტკბეთ და ვისკი ან ღვინო ვწრუპოთ. აქაურობა კიდევ ერთი რამით არის განსაკუთრებული: ზაფხულის ცხელი დღეები ალექსეევკაში სულაც არ არის ცხელი. თბილისიდან ჩამოსულებს უკვირთ, როგორ შეიძლება დედაქალაქიდან 60 კილომეტრში ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაბალი იყოსო? აგარაკზე ზაფხულის პაპანაქებას ვერც კი ვგრძნობ.
- ალექსეევკაში სახლი როდის შეიძინეთ?
- 1990-იან წლებში, ჩვენთან ცხოვრება რომ გაჭირდა, სამწუხაროდ, მიგრაცია დაიწყო და ეთნიკურად ოსი ჩვენი მოქალაქეები რუსეთისკენ დაიძრნენ. ამას მოჰყვა მეორე ტალღა, როცა თეთრიწყაროს რაიონში დასახლებული ბერძნები თავიანთ ისტორიულ სამშობლოში წავიდნენ. მაშინ იქ საკმაოდ ხელსაყრელ ფასად იყიდებოდა ძალიან ლამაზი სახლები, რომლებიც თბილისელებმა შეიძინეს. მათ შორის ჩვენი ოჯახიც იყო. ეზო-მიდამოს მივხედეთ, მოვუარეთ, გავაკეთეთ ბოსტნები, ყვავილნარები და ახლა, ყოველ შაბათ-კვირას იქ ვართ - ზაფხულში სიცხეს გავურბივართ, ზამთარში კი იქაურობა თოვლით იფარება და ძალიან ლამაზია. ცოტა მოგვიანებით ჩვენს სოფელში ეკომიგრანტები ჩამოსახლდნენ და ახლა იქ ძირითადად სვანები და აჭარლები ცხოვრობენ. სოფელი სიხარულით და ჟრიამულით აივსო, ყველას ძალიან გვიყვარს ჩვენი თეთრიწყარო და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადგილი მიმზიდველი იყოს არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ უცხოელი სტუმრებისთვისაც. ეს საუკეთესო ადგილია ეკოტურიზმისთვის.
- როგორც ვიცი, თქვენც მასპინძლობდით უცხოელ ტურისტებს. პანდემიის გამო მათი რიცხვი ძალიან შემცირდა?
- რა თქმა უნდა, პანდემიამ ძალიან შეგვიშალა ხელი. ჩემს მეზობლებს საოჯახო მარანი აქვთ, სადაც ჩემი მეგობრის - ნიას მეუღლე, აწ გარდაცვლილი ალექსანდრე კვერნაძე ვისკის ხდიდა. ეს მისი შემუშავებული ტექნოლოგიაა - ქართული ვისკი, რომელიც მხოლოდ ქართულ ქვევრში მზადდება. ამ პროცესის სანახავად ჩვენთან უამრავი უცხოელი ტურისტი და სტუმარი ჩამოდიოდა. ეკოტურიზმი დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ჩვენთანაც, ადამიანები მოდიან და ყველას ვაცნობთ ჩვენს მარანს, რომელიც უნიკალურია. ევროკავშირის დახმარებით იქ საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა შევქმენით. მე და ნია ერთად ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებიც ქართულ ღვინოს, ვისკისა და შარბათს აგემოვნებენ. ამ შარბათის ტექნოლოგიაც ალექსანდრე კვერნაძემ ძველ წიგნებში მოიძია.
- რას ნიშნავს ეს საქმე თქვენთვის?
- ჩემთვის ეს იყო და დარჩება ჰობად, მაგრამ როცა ასაკში შევალ და სამსახურს თავს დავანებებ, გადაწყვეტილი მაქვს, მთელი ჩემი ძალა და ენერგია ამ საქმეს მივუძღვნა: ალექსეევკაში უფრო დიდი ხნით დავრჩები და იქაურობას უფრო მიმზიდველს გავხდი. ძალიან მინდა, თეთრიწყაროში იყოს ადგილი, სადაც უცხოელები მოვლენ და ისე შევხვდებით, რომ აუცილებლად მოუნდებათ საქართველოში დაბრუნება. ეს დიდი სასტუმრო ვერასოდეს გახდება, მაგრამ იქ იქნება სახლი, სადაც უცხოელები მოვლენ და მათ ისე მივიღებთ, როგორც სტუმრებს. მოვუყვებით ადამიანურ ისტორიებს, მოვუყვებით საქართველოზე და მის წარსულზე... ახლაც, ვინც მოდის, მათთან ერთად ვსადილობთ, ვვახშმობთ და ეს ადამიანები დიდი გულისტკივილითა და ჩახუტებით მიდიან ჩვენგან. ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე მეტად ადამიანები და ქართული ხასიათი ხიბლავთ.
- როგორ მასპინძლობას სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?
- დავიწყებ იმით, რომ კერძებს მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით ვუმზადებთ. ჩვენი მეზობელი სვანები და აჭარლები სუფთა რძის პროდუქციით გვამარაგებენ. დღეს ევროპული ეზოთი და აუზით ვერავის გააკვირვებ, ჩვენებური ეზოები კი უფრო ინდივიდუალურია და უფრო ახლოს არის ბუნებასთან. ამიტომ, სულაც არ ვაპირებ, ჩემი ძველი სახლი დავანგრიო. უნდა ნახოთ, როგორ ათვალიერებენ უცხოელი ტურისტები ძველ ჭურჭელს, ძველ ავეჯს, ძველ ნივთებს... სადილის მომზადებაში წვლილი მეც შემაქვს. უფრო მეგრულ კერძებს ვამზადებ - ელარჯს, ხაჭაპურს, ნიგვზიან ხარჩოს და ყველაფერს, რაც საუკეთესო გვაქვს. ნიაც არაჩვეულებრივი დიასახლისია, მაგრამ ის უფრო აღმოსავლურ კერძებს აკეთებს. ჩვენს სუფრაზე საოცარი ნაზავია აღმოსავლური და დასავლური კულინარიისა. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია დარჩეს, საკმარისი რაოდენობის საძინებელი ოთახები გვაქვს. ჩვენი სტუმრები დილით საუზმობენ და მერე საქართველოში მოგზაურობას განაგრძობენ. წელს შედარებით ცოტა სტუმარი გვყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება ის დრო, როცა კვირის განმავლობაში ტურისტების 2-3 ნაკადს ვმასპინძლობდით.
- თქვენს სტუმრებს შორის ყველაზე მეტად, ვინ დაგამახსოვრდათ?
- ჩვენს ერთ-ერთ სტუმარს - ფრანგ ქალბატონს ძალიან მოეწონა მაწონი და გვთხოვა, რეცეპტი გვესწავლებინა. ავუხსენი, რომ მაწონი დედოთი კეთდება და ვერ გავატანდით, რადგან საფრანგეთამდე არ ჩაჰყვებოდა. ამ ცოტა ხნის წინ, "ფეისბუკით" ვიღებ მის წერილს: ვცდილობ და არ გამომდის თქვენებური მაწონი, იქნებ მშრალი მაწვნის დედო გამომიგზავნოთო. ახლა ვცდილობ მოვიძიო, ვიპოვო და გავუგზავნო, მაგრამ მეუბნებიან, რომ ასეთი მაწვნის დედო არ არსებობს. ძალიან კარგად მახსენდება ერთი ვიზიტი: შარშანწინ, "გუგლის" მოწვევით, საქართველოში 12 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ პროფესორები, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ. მათ ჩვენ გავუმასპინძლდით. წასვლისას გვითხრეს, რომ ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი შეხვედრა იმ ერთი თვის განმავლობაში, რაც საქართველოში იმყოფებოდნენ. ცხადია, სტუმრებისგან ასეთი შექება ყოველთვის სასიამოვნოა...
- როგორ ფიქრობთ, ამ მხარეს ტურისტული თვალსაზრისით როგორი პოტენციალი აქვს?
- ძალიან დიდი, და სწორედ ამის გამო მწყდება გული: ქვემო ქართლს სათანადოდ ქართველებიც კი არ იცნობენ. ეს არის ერთ-ერთი უძველესი მხარე საქართველოში, რომელიც ისტორიული ძეგლებითაა დახუნძლული: აქ არის ფიტარეთი და სამშვილდის ნაქალაქარი, აქ არის ისტორიული ფარცხისი, ალექსეევკაშიც გვაქვს მეათე საუკუნის უძველესი ეკლესია, აქვეა დაშბაშის კანიონი, რომელსაც უკვე ოფიციალურად, წალკის კანიონი დაარქვეს. როგორ შეიძლება გქონდეს ასეთი ძეგლები, გქონდეს ფიტარეთი ან სამშვილდე და მათთან მისასვლელი გზა არ გქონდეს?! სამწუხაროდ, არავინ თავს არ იწუხებს, ბალახი მაინც მოთიბოს და მნახველებს ამ უნიკალური ძეგლების ნახვა არ უჭირდეთ. ჩემი აზრით, ამ ძეგლების ტურისტულ რუკაში გამოტოვება ძალიან დიდი დანაშაულია. კიდევ კარგი, ბოლო ხანებში წალკის კანიონით ებრაელი ინვესტორები დაინტერესდნენ და სამუშაოები უკვე მიმდინარეობს: იქ იქნება უნიკალური შუშის კაფე და ყველაფერი ისე მოეწყობა, რომ მნახველებმა ეს მშვენიერი ჩანჩქერი უფრო იოლად ნახონ.
- დაბოლოს, როგორი შეგრძნებაა, როცა თქვენს ეზოში ან ნაკვეთში საქმიანობთ და თქვენი ხელით მოწეულ ნაყოფს კრეფთ?
- ვისაც არ გამოუცდია, უნდა ვუთხრა, რომ საოცარი განცდაა, როცა მიწაში მარცვალს ჩააგდებ და ელოდები, როდის ამოვა. იმის გამო, რომ პატარა ნაკვეთი მაქვს, მარტო კიტრს, ლობიოს, სიმინდსა და მწვანილს ვთესავ. პომიდვრის ჩითილებიც გამომყავს, ახლა ჟოლოს და უეკლო მაყვლის მოშენება დავიწყე, რამაც არაჩვეულებრივი შედეგი მომცა. აქაურ ტყეებში არაჩვეულებრივი მოცვი ხარობს, რომლის გადმორგვასა და გამრავლებასაც ვაპირებ. სულ ეს არის! მიწის სიმცირის გამო სხვა შესაძლებლობა არა მაქვს, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ძალიან დიდი სიყვარულით და გულით ვაკეთებ, - ამას კი ყველა საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხათუნა ჩიგოგიძე