"დედაქალაქში არსებული შესაძლებლობები სოფელში რომ იყოს, იქაურობას არ დავტოვებდი" - გზაპრესი

"დედაქალაქში არსებული შესაძლებლობები სოფელში რომ იყოს, იქაურობას არ დავტოვებდი"

სახელი, გვარი: თემო ნიქაბაძე.

ასაკი: 25 წლის.

განათლება: დაამთავრა ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტში.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "კომედი შოუს" მსახიობი და სცენარისტი.

ჰობი: სპორტი.

ცხოვრების დევიზი: "მონდომებით ყველაფრის მიღწევა შეიძლება".

- თემო, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- იმას, ვინც ვარ. ზოგი ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს, სარკეში ჩახედვის დროსაც სხვა ადამიანს ხედავს. ვფიქრობ, საკუთარი თავი კარგად შევისწავლე. იმ პიროვნებით ვამაყობ, ვისაც სარკეში ვხედავ: კეთილი, მხიარულია. ყოველთვის ცდილობს, სხვები ცუდ ხასიათზე არ დააყენოს, გაამხიარულოს...

- შენი საყვარელი იუმორისტული გადაცემა რომელია?

- "კომედი შოუ".

- ქალაქი გირჩევნია თუ სოფელი?

- სოფელი.

- ყავა თუ ჩაი?

- ჩაი.

- "ფეისბუკი" თუ "ინსტაგრამი"?

- ამჟამად - "ინსტაგრამი".

- ზაფხული თუ ზამთარი?

- ზაფხული.

- საკუთარი გვარ-სახელი "დაგიგუგლავს"?

- კი. სხვათა შორის, ინფორმაცია მოვიძიე, რომ სახელი - თემური (თეიმურაზი) სპარსულია და "ძლიერს" ნიშნავს. გვარს რაც შეეხება, ვიცი, რომ ჩემი გვარი ზესტაფონიდან მოდის. "თემო ნიქაბაძის" "დაგუგლვისას" რაღაც ინფორმაციებს, ვიდეოებს "მიგდებს"...

- შენი აზრით, როგორი ონლაინრეპუტაცია გაქვს?

- კარგი. საერთოდ, ძალიან აქტიური ვარ "ტიკტოკზეც", "ინსტაგრამზეც", "ფეისბუკზეც"... ვცდილობ, სოციალურ ქსელში გავმაგრდე. ბევრი "გამომწერი" მყავს.

- საზოგადოებამ შენ შესახებ რა არ იცის?

- შეიძლება ხანდახან მხიარულად გამოვიყურებოდე, მაგრამ შინაგანად კარგ ხასიათზე ვერ ვიყო. არ მიყვარს, როცა ჩემს ცუდ ხასიათს სხვა ადამიანებს გადავდებ. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ცუდი განწყობა დავმალო. ალბათ საზოგადოებამ არ იცის, რომ შეიძლება, ხანდახან კარგ ხასიათზე ყოფნას ვთამაშობდე.

- ცუდ ხასიათზე მყოფი ბოლოს ვინ გნახა?

- ჩემმა თანამშრომელმა - სიკო ჭუმბურიძემ, რომელმაც "ფლეისთეიშენში" მომიგო. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი...

- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდი?

- ვისურვებდი, ადამიანის ფიქრები მესმოდეს. ცოტათი ჭორიკნულია, მაგრამ კარგია.

- როცა გოგონას პირადად ხვდები, მისი გარეგნობიდან პირველად რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- საერთოდ, ასეთი უცნაურობა მჭირს: რატომღაც, კანს ვაქცევ ყურადღებას. ხომ იცი, ზოგი კანი მოწითალო, უხეში, ხორკლიანია. ასეთს "მამალ კანს" უწოდებენ. არ მომწონს... ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ გოგონებს უმეტესად ძალიან კარგი, ულამაზესი კანი აქვთ.

- ბოლოს რა გაჩუქეს?

- აზიური საჭმელი - ატრია. ერთ-ერთმა კომპანიამ გამომიგზავნა და გემრიელად შევჭამე.

- როცა გეფლირტავებიან, როგორ იქცევი?

- მეც ადვილად ავყვები ხოლმე. განსაკუთრებული რეაქცია, ფლირტის ჩემეული ხერხები არ მაქვს.

- იმ შემთხვევაში, თუ არასასურველი ადამიანი გეფლირტავება?..

- ამ საკითხში ძალიან წუნია და "მაჩო" არ ვარ. ყველას პატივს ვცემ და გარკვეულ დონეზე ურთიერთობა ყველასთან შემიძლია. თუ ადამიანი არ მომწონს, მას დიდად არ ვაგრძნობინებ, რადგან ჩემი აზრით, ყველას პატივი უნდა სცე. იმის გამო, რომ მისი თვალის ფერი ან თუნდაც, "მამალი კანი" არ მოგწონს, ცუდად არ უნდა აგრძნობინო თავი, ცუდ სიტუაციაში არ უნდა ჩააგდო...

- ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით გიმუშავია?

- არა, რადგან სწავლა იმ პერიოდში დავასრულე, როცა იუმორის სფეროში უკვე ვმუშაობდი. სიმართლე გითხრა, ეს საინტერესო საქმეა, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა ისე მიყვარს და ამ სფეროში თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ, რომ ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობა ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი მოსალოდნელია...

- იუმორის "კეთების" გარდა, ყველაზე უკეთ რომელი საქმე გამოგდის?

- სამსახურის შემდეგაც, შინ დაბრუნებული იმაზე ვფიქრობ, რა მხიარული პოსტი გამოვაქვეყნო, "სთორიზე" რა "შევაგდო"... სოციალურ ქსელებში აქტიური ვარ... ყველაფერი, რაც კარგად გამომდის, ჩემს სამსახურს უკავშირდება. მაგალითად, კერძების მომზადება არ მეხერხება.

- სოციალური ქსელები შენი შემოსავლის წყაროდაა ქცეული?

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი "გამომწერი" მყავს და ეს მახარებს, - არა. გარკვეული შემოთავაზებები არის, მაგრამ სოციალურ ქსელებს უბრალოდ, გასართობად ვიყენებ. მიხარია, რომ ადამიანები ჩემი პოსტებით მხიარულდებიან. რეკლამებისგან თავს ვიკავებ. მაგალითად, ჭამა ძალიან მიყვარს. კვების ობიექტები თავიანთ პროდუქციას რომ მიგზავნიან, რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი სიყვარულით ვაქვეყნებ და ხალხს ვაჩვენებ ხოლმე.

- შენი საყვარელი კერძი რომელია?

- შემწვარი კარტოფილი. კიდევ, ცეზარი ძალიან მიყვარს. გარკვეულ დონეზე კარტოფილის შეწვა შემიძლია, მაგრამ ცეზარის მომზადება - არა და მინდა ვისწავლო. ჩემი ოცნებაა, როცა ამ კერძის მომზადება მომინდება, მაშინვე მოვამზადო, რა...

GzaPress

- "კომედი შოუში" შენ მიერ განსახიერებული საყვარელი პერსონაჟი რომელია?

- ქეთინო (ქეთუსი) მასწავლებელი. უშნო, მაგრამ საყვარელი ქალია. ძალიან მიყვარს. ალბათ მკაცრი მასწავლებელი ყველას ჰყოლია...

- ვინმე გძულს?

- არავინ. ხანდახან ამაზე ვფიქრობ და მართლა არავინ მძულს. რაღაცნაირი გული მაქვს. შეიძლება, ვიღაც არ მომწონდეს, მაგრამ ნამდვილად არ მძულს.

- წყენას როგორ გამოხატავ?

- წყენას, გაბრაზებას უფრო ხშირად ჩემში ვიტოვებ, მაგრამ თუ ვინმემ ძალიან გამაბრაზა, მასთან ურთიერთობა ძველებურ სახეს ვეღარ დაიბრუნებს.

- დედაქალაქს პირველად როდის ესტუმრე?

- დაახლოებით 2005 წელს. ფარცხანაყანებიდან ულამაზეს დედაქალაქში ექსკურსიით ჩამოვედი. სწრაფი კვების ცნობილ ობიექტში პირველად ვიყავი. ძალიან გამიხარდა. "გემრიელობები" ვჭამე... მაშინ ასეთი ობიექტი ქუთაისში არ გვქონდა, ახლა 2 გვაქვს...

- დედაქალაქში ცხოვრებისას, ყველაზე მეტად რა გენატრება?

- რა თქმა უნდა, ის საჭმელი, რომელსაც მშობელი შვილისთვის განსაკუთრებული მონდომებით ამზადებს, თან, როგორც აღვნიშნე, კერძების მომზადება თავად არ ვიცი და სამსახურის შემდეგ, საჭმლის გამოძახების სერვისით ვსარგებლობ. ნატურალურ საკვებს მოკლებული ვარ... 5 წელია, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ აქაურობას მაინც ვერ შევეჩვიე, გული მაინც ფარცხანაყანებისკენ, ჩემი მხარისკენ მიმიწევს. იქაურობა ისე ძლიერ მიყვარს, რომ დედაქალაქში არსებული სამსახურები და შესაძლებლობები იქ რომ იყოს, სოფელს წამითაც არ დავტოვებდი...

- დღე-ღამეში რამდენი საათი გძინავს?

- 7-8 საათი. გვიან - დაახლოებით დილის 2 საათზე ვიძინებ და 9-ზე ვიღვიძებ.

- რისი კომპლექსი გაქვს?

- არანაირი კომპლექსი არ მაქვს - ჯერჯერობით, არ გამოვლენილა. მაგალითად, ვიღაცას ჩემსავით მოგრძო ცხვირი რომ ჰქონდეს, ამის გამო რაღაც კომპლექსი ექნებოდა, მაგრამ მე პირიქით - ჩემი ცხვირი მომწონს... აი, გამახსენდა, რა კომპლექსიც მაქვს: ქორწილში ცეკვა მეუხერხულება, მაგრამ ესეც გადავლახე - მაინც ვცეკვავ.

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ალბათ - ის, რასაც ვაკეთებ: საქართველოში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს რომ ვამხიარულებ, კარგ ხასიათზე ვაყენებ, ძალიან მიხარია. სასიამოვნოა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და ამით ვიღაცებს აბედნიერებ...

ეთო ყორღანაშვილი