"ამ ტელევიზიიდან გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი არ იქნებოდა"
ახლახან ამიკო ჩოხარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში მყოფ იუმორისტს ტელეფონით დავუკავშირდით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ტელევიზიასთან დაკავშირებულ სიახლეებზეც ვესაუბრეთ...
- გუშინწინ სიცხიანი ვიყავი. ამიტომ ტესტი გავიკეთე - თუ კორონავირუსი მაქვს, სხვასაც არ გადავდო-მეთქი. ტესტზე დადებითი პასუხი მივიღე. სახლში მოვედი და მას შემდეგ შინ ვარ ჩაკეტილი. ვირუსი შედარებით იოლ ფორმებში მაქვს. რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ: ბევრ წყალს ვსვამ, ბევრს დავდივარ (ოთახიდან ოთახში)...
- ვირუსმა საზაფხულო გეგმები ჩაგიშალა?
- კი. 3-4 დღეში ბათუმში, ჩემს სახლში უნდა წავსულიყავი - დასვენება მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, "კოვიდ-19"-მა მომასწრო სტუმრობა, ამიტომ თბილისში დავრჩი.
- პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს იცავდი?
- ვფიქრობ, უფრო მეტად რომ დამეცვა თავი და რაღაცები გამეთვალისწინებინა, შეიძლებოდა, კორონავირუსს ავცდენოდი, მაგრამ გარკვეულ დონეზე ამ საკითხს ცოტათი მაინც იუმორით ვუყურებდი. ცხადია, სოციალურ დისტანციას მაინც ვიცავდი, სამედიცინო ნიღაბს ვატარებდი და ა.შ. საერთოდ, სახლში ვერ ვჩერდები, ხალხთან კონტაქტი მიყვარს. ეტყობა, ვირუსი სადღაც "ავიკიდე".
- ბოლო პერიოდში გათამამდი თუ საერთოდ, კორონავირუსის თემას იუმორით უყურებდი?
- საერთოდ, ასე ვიყავი განწყობილი.
- კორონავირუსის ვაქცინით აცრილი ხარ?
- არა.
- არ აპირებდი თუ ჯერ ვერ მოასწარი?
- არა, არც ვაპირებდი და სიმართლე გითხრა, როდესაც გამოვჯანმრთელდები, ვაქცინას მერეც არ გავიკეთებ.
- რატომ?
- რაღაცნაირად, გული არ მიმიწევს. კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვი, მაგრამ აცრისგან ჯერ თავს შევიკავებ. ვნახოთ, ეტაპობრივად რა როგორ მოხდება და იმის მიხედვით მოვიქცევი. სოციალურ ქსელში ზოგ ცუდ ვიდეოს ვნახულობ, ზოგს კი ისეთს, სადაც მოგვიწოდებენ, რომ ვაქცინირება აუცილებელია და ა.შ. საერთოდ, კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებული ვაქცინით აცრას თავისი უკუჩვენებები აქვს. მაგალითად, 90-იან წლებში რომელიღაც აცრა არ გამიკეთებია. აცრის შემდეგ, მაშინ ბევრ ბავშვს უკუჩვენება გამოუვლინდა - აცრილი ადგილი დაუჩირქდა... დედაჩემმა ამ ყველაფერს ამარიდა. დღემდე ცოცხალი ვარ...
- ახლა, როცა ვირუსი დაგიდასტურდა, ინერვიულე?
- ვიცი, რომ ნებისმიერ დაავადებაზე ადამიანის განწყობა ძალიან მოქმედებს. შესაბამისად, დადებითად განწყობილი, პოზიტიურ ხასიათზე ვარ. სახლში ბიგლის ჯიშის პატარა ლეკვი მყავს, რომელთან ერთადაც ვერთობი. დროს მაქსიმალურად კარგად ვატარებ. ამ 2 კვირის განმავლობაში ჩემს ძაღლს მაქსიმალურად დავუახლოვდები. ცოტათი რთულ სიტუაციაში ვარ, რადგან ვერსად გავდივარ, - ოთახიდან ოთახში სიარულით მთელი სახლი "გასწორებული" მაქვს.
- რადგან თავს მხნედ გრძნობ, "კომედი ჯგუფის" შესახებაც გკითხავ: გუნდის ნაწილი "რუსთავი 2"-დან წავიდა. შენ რომელ გუნდში ხარ?
- კარგი ნამდვილად არ არის, რომ ვიღაცები სადღაც გადავიდ-გადმოვიდნენ და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, მე არსად წავსულვარ, ისევ "რუსთავი 2"-ში ვარ და ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ვემზადები.
- "რუსთავი 2"-ში დარჩენა რამ გადაგაწყვეტინა?
- საერთოდ, თუ გადასვლა-გადმოსვლები გუნდს განვითარებას ჰპირდება, ყოველთვის მომხრე ვარ, მაგრამ როდესაც ცოტათი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ან შეიძლება არც ჰქონდეს, მაგრამ ხალხმა ასე მიიღოს, მიმაჩნია, რომ მსგავს სიტუაციებს მაქსიმალურად უნდა ავარიდო თავი, რადგან შემდეგ, პოლიტიკური განწყობის მქონე ადამიანები შენ მიმართ დამოკიდებულებას იცვლიან, ზოგს აღარ უყვარხარ. მერე შენი გადაცემების ყურებაში "მოიკოჭლებენ"... შევეცადე, მაქსიმალურად ნეიტრალურ სიტუაციაში დავრჩენილიყავი. ამ ეტაპზე, დაბალანსებულ იუმორისტულ გადაცემას "რუსთავი 2"-ზე გავაკეთებ.
- პოლიტიკური განწყობის გამო, საზოგადოებისგან შენ მიმართ დამოკიდებულების შეცვლა საკუთარ თავზე გამოცადე, როცა თავის დროზე "რუსთავი 2"-დან "ჯიდიესზე" გადახვედი, არა?
- კი, რა თქმა უნდა.
- როგორ ფიქრობ, იმ ხალხის სიყვარულის დაბრუნება შეძელი?
- კი, რა თქმა უნდა, შევძელი. "ჯიდიესზე" გადასვლის პერიოდს გავიხსენებ: ის ნაბიჯი ნამდვილად განვითარებისთვის იყო გადადგმული, რადგან არსებობდა ამის ტექნიკური, ფინანსური საშუალება და ა.შ. დღესდღეობით, "რუსთავი 2"-დან სხვა არხზე (რომელიც მაინც ოპოზიციური არხია და ფაქტია, ყოველთვის ნეგატიურ ინფორმაციას გადმოსცემს) გადასვლა განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი არ იქნებოდა. სხვა დატვირთვა უფრო ექნებოდა. ამიტომ "რუსთავი 2"-ზე დავრჩი.
- გუნდის შეკრება შეძელი?
- კი. ჩემს გუნდთან ერთად გადაცემა უკვე "შევკარი", თანხმობაც მივიღეთ... ახალი სეზონიდან "შევუტევთ"...
- სხვა ქართული იუმორისტული გადაცემებისგან განსხვავებული იქნება?
- ფორმატი ცოტათი განსხვავებულია. "კომედი შოუს", "ახალი შაბათის შოუს" და მსგავსი ტიპის გადაცემებისგან განსხვავდება. ახალი სახეები, გუნდის უფრო ახალგაზრდა წევრები გვყავს... მოკლედ, ტელემაყურებლებისთვის ყველაფერი დადებითი და მისაღები იქნება.
- წარმატებას და რაც მთავარია, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!..
- გმადლობთ!
ეთო ყორღანაშვილი